როდის უჭირს თავის გაკონტროლება მაიკო ჭაფოძეს და რას გრძნობს ის საყვარელი მამაკაცის გვერდით #11
ის მუდმივად ენერგიული, ხალისიანი და პოზიტიურია. მისი ჩართვები „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა, საქართველო“ მაყურებელზე დადებითად მოქმედებს. სიყვარულმა კი უფრო მეტად ლაღი და ბედნიერი გახადა, რაც მშვენიერი მაიკო ჭაფოძის თვალებიდან, ღიმილიდან ნამდვილად იგრძნობა. მაიკოს რჩეული დათო ბახტურიძეა, რომელთანაც ის თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობს.
მაიკო ჭაფოძე: ჩემთვის წარმატებული ქალი არის ძლიერი და შემდგარი ადამიანი – თვითდაჯერებული, აქვს ინტელექტი, არ ეშინია დაბრკოლებების გადალახვის. ამ ყველაფერთან ერთად, უნდა გქონდეს შენი საყვარელი საქმე, რომელსაც აკეთებ და უკან არ იხევ ნორმის, ეთიკის ფარგლებში. ასევე, აუცილებელია სიყვარული, ოჯახი, ის ადამიანები, ვისთანაც ყველაზე ბედნიერად გრძნობ თავს.
– შენ თუ აკმაყოფილებ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს?
– ასე, პირდაპირ ვერ ვიტყვი. როგორ ცუდადაც არ უნდა ვიყო, რა პრობლემებიც არ უნდა მქონდეს, სარკეში ვიხედები, თუ სარკე არ მაქვს, ტელეფონში და საკუთარ თავს ვეუბნები: მაიკო, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ; აბა, ახლა მოიცადე, ასე ვქნათ, ასე... საკუთარ თავს ვუწევ კონსულტაციას. ყველა ქალს აქვს სისუსტე და ასეთ დროს, თუ საკუთარ თავს არ შევუძახეთ, ჩვენი საყვარელი ადამიანები თუ არ დაგვეხმარებიან, მაშინ არაფერი გამოვა. ამიტომ, ტვინში სულ მაქვს გამჯდარი: აბა, მაიკო, არ შეგეშინდეს. ეს ჭრის, რადგან საკუთარ თავს აძლიერებ და მერე ვერავის ვერაფერს დააბრალებ.
– რა არის შენი ყველაზე დიდი სისუსტე?
– ძალიან მარტივად ვიცი აღელვება და აფორიაქება. მიჭირს საკუთარი თავის გაკონტროლება კრიტიკულ სიტუაციებში. სიხარული იქნება ეს თუ სხვა რამ, ყველაფერზე ვტირი – მტირალა ვარ. ნერვები მეშლება, ვფორიაქობ, არ ვიცი, რა გავაკეთო. 15-20 წუთი მჭირდება და მერე საკუთარ თავს ვეუბნები: აბა, მაიკო, რა გავაკეთოთ?! მარტივად რომ შემიძლია რაღაცეებზე აფორიაქება, ეს ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა. მაგრამ, მალევე ვმშვიდდები.
– ასეთ დროს გჭირდება ვინმე, ვინც დაგამშვიდებს, მოგისმენს.
– ამ დროს მირჩევნია, თვითონვე დავმშვიდდე, დავწყნარდე. რამდენჯერაც ვიღაცისთვის გამიზიარებია ჩემი მდგომარეობა, იმდენჯერვე მინანია. ცხელ გულზე შეიძლება, ათასი სისულელე თქვა და მერე მიხვდე, რომ ეს ასე არ იყო. უბრალოდ, ნაწყენი ვიყავი და იმიტომ ვთქვი ეს ყველაფერი. თან, ამ დროს ყველა ცდილობს, შენ კარგი გამოჩნდე და ის ცუდი, პიროვნება იქნება თუ საქმე. თითქოს იმით გამშვიდებენ, რომ შენ მართალი ხარ და მერე ხვდები, რომ არ ყოფილა ასე. ორი ადამიანი მყავს: ჩემი მეგობარი ნინი და დათო – ჩემი შეყვარებული, რომლებსაც ვეტყვი და ზუსტად ვიცი, რა პასუხიც იქნება: მოიცადე, დამშვიდდი, დაწყნარდი, შევხედოთ. არც ამყვებიან, არც თემას გააბუქებენ.
– როცა შენ და დათო კამათობთ, მაშინ როგორ ხდება?
– ძირითადად, ვჩხუბობთ, ვკამათობთ ესემესებით, რადგან, როცა ერთად ვართ, არაფერი გვაქვს საკამათო – გვიხარია ცხოვრება, ბედნიერები ვართ, დავდივართ აქეთ-იქით. რამე თუ არ მომეწონება, ან მას არ მოეწონება, გამოხედვით ვხვდებით: ეს არ უნდა გეთქვა. ვერ იტანს, როცა ვღეჭავ საღეჭ რეზინს და რომ შემომხედავს, ვიცი, უნდა გავჩერდე. თუ ესემესებით ვკამათობთ – მომწერს, მივწერ: კარგი, ძილი ნებისა და 15 წუთში ისევ მივწერთ ერთმანეთს. სერიოზულად არ გვიჩხუბია და იმედია, არც ვიჩხუბებთ. როცა მომწერს: მაია – ვხვდები, რომ გაბრაზებულია და მე თუ მივწერე: გასაგებია, დათო – ესე იგი, ნაწყენები ვართ.
– სიყვარული ადამიანში რაღაცეებს ცვლის. შენში რა შეცვალა?
– სიყვარული ყველაფერს უხდება, საქმესაც. უფრო ამასწრაფა, მინდა, მალე მოვრჩე მუშაობას. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდად ვაკეთებ რაღაცეებს. მანამდე თუ შემეძლო, გოგონებთან ერთი საათი მელაპარაკა, სანამ მონტაჟს დავიწყებდი, ახლა ვცდილობ, ეს დრო უფრო ნაყოფიერად გამოვიყენო და იმ დროსაც ვიმუშაო. ასევე, შეცვალა ის, რომ მინდა, სულ ფორმაში, სულ ლამაზად ვიყო. სასურველი და მიმზიდველი ვიყო იმ ერთისთვის. კვებასაც უფრო მეტად ვაკონტროლებ და ბევრ ისეთ დეტალსაც, რომ ერთფეროვანი არ ვიყო. უფრო ლაღი გავხდი, თან გაზაფხულიც მოვიდა, დათბება, ასმაგად გახარებული ვარ.
– ყოველთვის ამჩნევს ცვლილებებს?
– ყოველთვის ამჩნევს და თუ ვერ შემამჩნევს, ჩამომტირის ცხვირ-პირი. ახალი რამ თუ მაცვია, აუცილებლად აღნიშნავს. თუ ვარცხნილობა არ მოსწონს, ყოველთვის მეუბნება. მეც რაღაც კუთხით ვითვალისწინებ – თუ არ მოსწონს, როცა მას ვნახულობ, ისე არ ვიკეთებ. მოკლედ, ვართ ასე. მე არ მიყვარს, როცა ადამიანს ეჯინებიან. ცივილიზებული ადამიანები ვართ, მითხარი და მეც გეტყვი, რა პრობლემაა. მომინდა, გავაკეთებ, არ მომინდება – არ გავაკეთებ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ გეჯინები. შენთან არ გავიკეთებ ასე თმას, ჩემს დაქალთან გავიკეთებ.
– ვფიქრობ, ორი ადამიანის ურთიერთობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემაა.
– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა პატივისცემას გრძნობ, გაფასებენ, ძვირფასი ხარ მისთვის. აუცილებელია, იგრძნო, რომ ძვირფასი ხარ მისთვის, თორემ დაკარგვას არაფერი უნდა. ბევრი კომპონენტია: პატივისცემა, ნდობა, ურთიერთგაგება. მე ისეთი სამსახური მაქვს, შეიძლება, მივლინებაში წავიდე და 2 დღეში დავბრუნდე. თუ ნდობა, სიამტკბილობა არ იქნება, მაშინ ყოველდღე უნდა ვიჩხუბოთ, თუნდაც იმაზე: დილის 5 საათზე რატომ მივდივარ, როცა ეთერი 8-ის ნახევარზე იწყება. ხვდება ამ ყველაფერს, გააზრებული აქვს. იმასაც სამსახური აქვს. დღის განმავლობაში შეიძლება, ათას ადამიანთან მოუწიოს ურთიერთობა, მაგრამ მე ვიცი, ვინ ვარ, როგორი ძვირფასი ვარ მისთვის და მან იცის, რას ნიშნავს ის ჩემთვის. ეს თემა დალაგებული გვაქვს. ეს კი იმან გამოიწვია, რომ ჯერ ნაცნობები ვიყავით, მერე კარგი მეგობრები გავხდით და მერე გაღრმავდა ეს ყველაფერი. ყველა საფეხური თანმიმდევრულად, მშვიდად გავიარეთ, არსად გვეჩქარებოდა – რაღაცეებს მივაღწიეთ, ნდობა, პატივისცემა მოვიპოვეთ.
– და ახლა ახალ ეტაპზე აპირებთ გადასვლას?
– ჯერ არ ვლაპარაკობთ ამ თემაზე. ეს ზაფხული გვაქვს ერთად, კარგად გასატარებელი. მზე, ზღვა გვინდა, კარგად შევირგოთ, გავირუჯოთ, გავერთოთ ერთად და მერე ვნახოთ.
– გენდერული ბალანსიც დაცული გექნებათ.
– ძირითად გადაწყვეტილებებს მარტო დათო არ იღებს, ერთად ვფიქრობთ და მერე ვირჩევთ საშუალოს. არ მიყვარს, როცა რაღაცას მიჩიჩინებენ, გამუდმებით მიმეორებენ – მერე აგრესია მიჩნდება ხოლმე. ასევე, მგონია, რომ არცერთ კაცს არ უნდა უთხრა: ასე, ასე, ასე... რაც შეიძლება, ტკბილად, ნაზად უნდა უთხრა შენი აზრი და მისი – მოისმინო. თუ შენსას ვერ „გაიტან“, ოქროს შუალედი მაინც უნდა გამონახოთ. როცა ვმსჯელობთ, თუ ჩემი უკეთესია, მე ვარ „გამარჯვებული.“ თუ ის არის მართალი, შეიძლება, მე დამიყოლიოს და სხვა კუთხით დამანახვოს რაღაცეები. ერთპიროვნულად არ ვწყვეტთ და ეს არც მომეწონებოდა. ვფიქრობ, ჩვენს ურთიერთობაში, ზოგადადაც, რაღაც მეთქმის, არ ვარ შტერი, ცანცარა, ქარაფშუტა. ვერ ვიქნებოდი ისეთ ადამიანთან, ვისაც ენდომებოდა, ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება. არ მომწონს, მამაკაცები ვითომ რომ ძლიერები არიან. ძლიერები არიან კუნთებით და უნდა იყვნენ კიდეც.
– რამდენად ყურადღებიანია შენ მიმართ და სიურპიზებსაც თუ გიწყობს?
– ძალიან ყურადღებიანია – დარეკვა, მოწერა... ნერვიულობს, რამე ხომ არ გინდაო. მეც ყურადღებიანი ვარ, ოღონდ არა – ზედმეტად, შემაწუხებლად. როცა ზედმეტად შეიჭრები მის ცხოვრებაში და ცდილობ, წაართვა ის, რაც მას სიამოვნებას ანიჭებს, ასეთ დროს ურთიერთობა ვერ იქნება იდეალური. რაც შეეხება სიურპრიზებს, დეკემბერში მქონდა დაბადების დღე და ფოიერვერკი მომიწყო. სულ მინდოდა, ვიღაცას ჩემთვის დიდი, გრანდიოზული ფოიერვერკი მოეწყო, მაგრამ ეს მისთვის არასდროს მითქვამს. გამოიცნო და ღამის 12 საათზე მომიწყო ფოიერვერკი. ისეთი გახარებული ვიყავი... ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. დათო დამხვდა მეგობრებთან ერთად ბუშტებით, ყვავილებით. ის სიხარული და ადრენალინი, ალბათ, არასდროს დამავიწყდება.