მამაკაცმა ცოლის შეცდენისთვის ბიძაშვილს ყელი გამოსჭრა #11
32 წლის ბესიკ ბ-ია გარდაცვლილი სახლში დედამ, 52 წლის მანანა ს-შვილმა აღმოაჩინა. ახალგაზრდა მამაკაცს ყელის არეში დანით მიყენებული ორი ჭრილობა აღენიშნებოდა. მოგვიანებით, ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ორივე ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუსაბამო იყო. გარდაცვლილის დედის, მანანა ს-შვილის ჩვენებით, გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი სასტუმრო ოთახში, მაგიდაზე დამხობილი აღმოაჩინა. თავი საკუთარ სისხლში ჰქონდა ჩარგული. შოკურ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა დასახმარებლად მეზობლებს მიმართა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, მომხდართან დაკავშირებით პირველი ინფორმაცია გარდაცვლილი მამაკაცის დედამ, მანანა ს-შვილმა მიაწოდა. მისი ჩვენების მიხედვით, ის სახლში, სადაც შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა, სამსახურიდან დილის ცხრა საათზე დაბრუნდა. სახლში კი შვილის ცხედარი აღმოაჩინა. ამონაწერი მანანა ს-შვილის ჩვენებიდან: „ღამის ცვლაში ძიძად ვმუშაობ. ღამეს სამსახურში ვატარებ და სახლში დილით ვბრუნდები. კარს საკუთარი გასაღებით ვაღებ, რადგან ამ დროს ჩემს შვილს ყოველთვის სძინავს. იმ დღეს სახლში მისვლა ცოტა შემაგვიანდა, რადგან დილით საყიდლებზე გავიარე. კარი ღია დამხვდა. ვიფიქრე, ბესიკი მეზობელთან იყო გასული და მისი ასე ადრე ადგომა გამიკვირდა. სახლში შესული ჯერ სამზარეულოსკენ წავედი, სასტუმრო ოთახისკენ არც გამიხედავს. დერეფნიდან ინსტინქტურად გავიხედე ოთახისკენ და უცებ დავინახე სისხლის გუბე იატაკზე. ოთახში შევვარდი და დავინახე, ჩემი შვილი იჯდა, სანახევროდ ჩამოცურებული და თავი პატარა მაგიდაზე ჰქონდა დამხობილი. ირგვლივ სისხლი იყო, ასევე, იდო ჭიქა და ბოთლი. შვილს მივვარდი. ყელში გვერდიდან დანა ჰქონდა გარჭობილი. კივილი ავტეხე, მერე გული წამივიდა, მეზობლებმა მომიყვანეს გონზე. მათ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია.”
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა, გამოძიების შედეგად, კვალი ვერ აღმოაჩინეს – დამნაშავეს, იმის მიუხედავად, რომ დანა გარდაცვლილის სხეულში დაეტოვებინა, ყველა კვალი საგულდაგულოდ წაეშალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, გარდაცვლილის სახლის სადარბაზოსთან ახლოს, ნაგვის ბუნკერში აღმოაჩინეს სისხლიანი ფეხსაცმელი, რომელიც სავარაუდოდ, დამნაშავეს ეკუთვნოდა. შემთხვევის ადგილზე, სასტუმრო ოთახში, პატარა მაგიდაზე სუფრის კვალი ჩანდა, თუმცა კვალი ამ შემთხვევაშიც წაეშალათ – მაგიდაზე იდო თეფში, ჭიქა, ვისკის ბოთლი. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სუფრა ორ ადამიანზე იყო გაშლილი და მოგვიანებით, ერთი ადამიანის კვალი წაშალეს. სავარაუდო დამნაშავე გარდაცვლილის ნაცნობი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ბესიკ ბ-იამ კარი გაუხსნა და მაგიდაც გაუშალა. მკვლელმა მაგიდასთან მისი არსებობის ფაქტი გააქრო – ნაგვის ვედროში ჩააგდო ჭიქა, რომელზეც, ვისკის კვალი იყო დარჩენილი.
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ბესიკ ბ-ია, რომელიც მანანა ს-შვილის ერთადერთი შვილი იყო, პროფესიით იურისტი გახლდათ და წარსულში ტურისტული ბიზნესი ჰქონდა. მაგრამ, ბოლო ორი წელი არსად არ უმუშავია, რის გამოც, ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მეზობლების ჩვენების მიხედვით, ახალგაზრდა კაცი უკონფლიქტო ადამიანი იყო, ბევრ ხალხთან არ ჰქონდა ურთიერთობა და დღეების უმეტესობას სახლში ატარებდა. როგორც დედამისი ამბობდა, სახლიდან გაუსვლელად ახერხებდა მუშაობას სააგენტოსთვის სარეკლამო აგენტად. ძალიან მწირი იყო ინფორმაცია გარდაცვლილი მამაკაცის პირად ცხოვრებაზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობა გახდა მამაკაცის მკვლელობის მიზეზი. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა – ის წარსულში ორჯერ ნასამართლევი მამუკა ნ-ძე იყო, რომელიც გამოძიებამ მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავა. აღსანიშნავია, რომ მამუკა ნ-ძე გარდაცვლილის გარე ბიძაშვილი იყო. მის წინააღმდეგ მოპოვებულ მტკიცებულებებს შორის, მთავარი სუპერმარკეტის ვიდეოკამერით გადაღებული კადრი იყო, რომელშიც მამუკა ნ-ძე მკვლელობის ღამეს გარდაცვლილის სახლის სიახლოვეს დაფიქსირდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბესიკ ბ-იას ურთიერთობა ჰქონდა შორეულ ნათესავთან, მზია ბ-შვილთან, რომელიც მისი გარე ბიძაშვილის ყოფილი ცოლი გახლდათ. ქალს ყოფილ მეუღლესთან ორი შვილი ჰყავდა. პატიმრობაში მყოფ ქმარს ცოლმა შეუთვალა, რომ მას დაშორდა. ცოლ-ქმრის საქმის გარჩევაში ბესიკ ბ-იაც მონაწილეობდა, რომელიც მზია ბ-შვილთან მეგობრობდა. მოგვიანებით, მათი ახლო მეგობრობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა, რაც მათ გარდა მხოლოდ ორი ადამიანისთვის იყო ცნობილი. გამოძიების მასალების მიხედვით, მზია და ბესიკი ერთი წელი მაინც ხვდებოდნენ ერთმანეთს საიდუმლოდ. როგორც აღმოჩნდა, ქალის ყოფილი ქმრისთვისაც გახდა ეს ცნობილი. სწორედ ეს გახდა მამუკა ნ-ძისა და ბესიკ ბ-იას ფარული დაპირისპირების მიზეზი, რაზეც სხვებთან არცერთი არ საუბრობდა.
გამოძიების მასალების მიხედვით, მამუკა ნ-ძემ მკვლელობის დღეს, ბესიკ ბ-იას სახლში სტუმრობამდე დაურეკა და უთხრა, რომ მასთან შეხვედრა სურდა. ის გვიან ღამით ესტუმრა ბესიკ ბ-იას, რომელიც სახლში მარტო იყო. მასპინძელი გარე ბიძაშვილს ვისკით გაუმასპინძლდა. ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი წარმოიშვა, მამუკა ნ-ძემ ბესიკ ბ-ია მზია ბ-შვილთან ინტიმურ ურთიერთობაში დაადანაშაულა. ამონაწერი მამუკა ნ-ძის ჩვენებიდან: „როცა მზიამ მითხრა, რომ ერთ წლის განმავლობაში ბესიკს ხვდებოდა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ბესიკი ჩემი ახლობელია და ამას ვერ ვაპატიებდი. ამ თემაზე ბესიკს სასაუბროდ, საერთო ახლობლის ოჯახში შევხვდი. ბესიკმა ჩემს ყოფილ ცოლთან ინტიმური კავშირი უარყო, თუმცა მაშინვე მივხვდი, მატყუებდა. მზიას უფრო დავუჯერე, ვიდრე – მას. იმ დღეს ჩვენ შორის კონფლიქტი არ მომხადრა, საერთო ახლობელს ვეცი პატივი, მაგრამ ეს ფაქტი ვერ გადავხარშე. სულ ვფიქრობდი შურისძიებაზე, შელახულ ღირსებაზე. იმ დღეს, როცა ბესიკთან მივედი, გადაწყვეტილი მქონდა, ეს ამბავი სამუდამოდ გამერკვია. ბესიკი სახლში იყო. სასტუმრო ოთახში დავსხედით, ვისკის ვსვამდით და ვსაუბრობდით. ალბათ, 15 წუთში, ჩვენ შორის სიტყვიერი კონფლიქტი დაიწყო. მე ბესიკი კვლავ იმ მიზეზით დავადანაშაულე, რამაც მოსვენება დამაკარგვინა. ბესიკმა ეს ფაქტი ისევ იუარა. აღელვებულმა დანა ამოვიღე და ორჯერ თუ სამჯერ დავარტყი ყელში, საძილე არტერიაში. ბესიკი მაშინვე გარდაიცვალა. ყველაფერი სისხლმა მოსვარა. მე მაგიდიდან ჩემი ჭიქა ავიღე და ნაგვის ურნაში ჩავაგდე. ამის შემდეგ დანა ჩემივე პერანგით გავწმინდე. ფეხი სისხლში ჩავდგი და ფეხსაცმელიც სისხლიანი მქონდა. მივხვდი, რომ სახლში კვალს ვტოვებდი. ფეხსაცმელი გავიხადე, იატაკზე კვალი მოვწმინდე და სახლიდან რომ გამოვედი, იქვე, სადარბაზოსთან ჩავყარე ნაგვის ურნაში. მანქანა იქვე მეყენა, ფეხშიშველი ჩავჯექი და შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ სახლში წავედი“.
სასამართლომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებისა და ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, მამუკა ნ-ძე დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებაში და მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.