ბიძინა ნაკაიძე – ქირურგი, რომლის „ოქროს ხელებს“ ხუთი ათასზე მეტი პაციენტი ჰყავს გადარჩენილი #11
ჩვენ გარშემო ცხოვრობენ პიროვნებები, ყოველდღიურად რომ აკეთებენ საქმეს, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვითაა ჩვეულებრივი. მისი განსაკუთრებულობა კი პროფესიულ თავდადებაში გამოიხატება, ასე რომ სჭირდებათ დანარჩენ ადამიანებს.
იყო ექიმი, ნიშნავს გქონდეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მუდმივად ზრუნავდე სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ქირურგის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე სტრესულადაა მიჩნეული. მაგრამ პაციენტის გადმოსახედიდან ეს არ ჩანს – მისთვის არსებობს მხოლოდ ქირურგი, რომელმაც ზოგჯერ შეუძლებელი უნდა შეძლოს, სასწაული მოახდინოს.
სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს დაამთავრა. შორეული ცურვის ხომალდზე ექიმი სჭირდებოდათ და მასაც ბევრი არ უფიქრია, გამოცდილების შესაძენად და საკუთარი თავის გამოსაცდელად, ტანკერზე დაიწყო მუშაობა და პირველი გმირობაც იქ ჩაიდინა. პანამის გემზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული მეზღვაურები გადაარჩინა. ეს მისი პირველი პროფესიული გმირობა გახლდათ. მას შემდეგ კი საოპერაციო მის მეორე სახლად იქცა.
ბატონ ბიძინა ნაკაიძეს თავის გამარჯვებებზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ მისთვის საოპერაციოა მთავარი ასპარეზი, პაციენტი კი – მთავარი ორიენტირი. თითოეული გადარჩენილი სიცოცხლე ბედნიერებაა. ასეთი შემთხვევები კი მის ანგარიშზე ძალიან ბევრია.
ბიძინა ნაკაიძე (წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ქირურგი): რას ნიშნავს ჩემთვის ჩემი პროფესია. ალბათ, ყველაფერს – ორმოცდახუთი წელია, ქირურგი ვარ და ერთი დღე არ გამიტარებია საოპერაციოს გარეთ. საოპერაციოს გარეშე ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია.
არჩევნის საშუალება რომ მქონოდა? – რა თქმა უნდა, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი, ქირურგი ვიქნებოდი. მართლია, მძიმე შრომაა და უდიდესი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ჩვენთვის, ზოგადი ქირურგებისთვის. ყველაზე მძიმე პაციენტები, ყველანაირი პათოლოგიებით ხვდებიან ჩვენთან. ხშირია გადაუდებელი ოპერაციები, როცა პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით შემოდის და შენ უნდა უშველო.
– ზოგჯერ სასწაულიც მოახდინო.
– ძალიან რთული საქმეა. იმ მომენტში პაციენტისთვის ყოვლისშემძლე ხარ და იმედი არ უნდა გაუცრუო, უფლება არ გაქვს (იღიმის). წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში ოცდაათი წელია, ვმუშაობ. ვიყავი მთავარი ექიმი, კლინიკური დირექტორი, ქირურგიული განყოფილების გამგე. თუმცა, მე მაინც ქირურგი ვარ და დღესაც ვაკეთებ ოპერაციებს. ხუთი ათასზე მეტი ქირურგიული ოპერაცია მაქვს გაკეთებული – რასაც დიდი ოპერაციები ჰქვია და მინდა გითხრათ, იოლი ოპერაცია არ არსებობს. ყველა შემთხვევა განსაკუთრებული და განსხვავებულია. ისევე, როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი პაციენტი.
იყო ალჟირი... ქალაქ ანაბის ცენტრალური ჰოსპიტალი, სადაც მთავარ ქირურგად მუშაობდა... ბიძინა ექიმთან მოსახვედრად რამდენიმე თვით ადრე ეწერებოდნენ რიგში, რომ ოპერაცია გაეკეთებინათ. უმძიმესი პაციენტები დაუყენებია გამოჯანმრთელების გზაზე. შექმნა ექინოკოკის ოპერაციული გზით მკურნალობის საკუთარი, ნაკლებად ინვაზიური და პაციენტის დამზოგველი მეთოდი. დაჯილდოებულია გრიგოლ მუხაძის სამახსოვრო მედლით „სამამულო ქირურგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის”; ასევე, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამახსოვრო მედლით, „სამამულო მედიცინის განვითარების საქმეში დამსახურებისთვის.”
– რა სჭირდება ქირურგს წარმატებისთვის?
– ქირურგი კლინიკაში, საოპერაციოში უნდა გაიზარდოს. მინიმუმ ათი წელი მანც არის საჭირო, რომ მან აუცილებელი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეიძინოს. მე გამიმართლა ამ მხრივ. ჩემი პრაქტიკა შორეული ცურვის გემებზე დაიწყო, სადაც ერთადერთი ექიმი ვიყავი და ფაქტობრივად, შიშველი ხელებით მიწევდა მუშაობა. იყო შემთხვევბი, როცა უცხო ქვეყნის გემებზე მყოფი პაციენტებისთვისაც აღმომიჩენია დახმარება. ქირურგმა ყველანაირ სიტუაციაში, თუნდაც ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი, უნდა შეძლოს მუშაობა. იმიტომ, რომ მას ადამიანის სიცოცხლე აბარია და არ არსებობს მარტივი ოპერაცია. აპენდიქსზე რომ ამბობენ, ადვილი ოპერაციააო, მე თუ მკითხავთ, ყველაზე ძნელი ეგ არის. თუ დროულად არ გაკეთდება ოპერაცია, პაციენტი მოკვდება. დროული დიაგნოზი და დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ მდგომარეობა არ გართულდეს. ქირურგმა ისიც უნდა იცოდეს, როდის გაკეთდეს ოპერაცია და როდის – არა. დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის მიმართ როგორი დამოკიდებულება ექნება პაციენტს. თუ პაციენტი მე არ მენდობა, ვერ მოვარჩენ. უნდა სჯეროდეს ჩემი. დღეს აპარატურა გაცილებით დახვეწილია და ჩვენი კლინიკა ამ მხრივ, საუკეთესოდაა აღჭურვილი. მაგრამ, მიმაჩნია, რომ მკურნალი ექიმის, ამ შემთხვევაში, ქირურგისა და პაციენტის კონტაქტს, ანუ ანამნეზს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი გეხმარება სრული სურათის შექმნაში, რომელმაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიგაღებინოს. ქირურგს არა აქვს შეცდომის უფლება. ყველა აპარატულ, თუ ლაბორატორიულ კვლევას თავისი რესურსი აქვს. ბოლომდე მხოლოდ საკუთარ თვალებსა და ინტუიციას უნდა ენდო. ყველაზე კარგი ქირურგია ის, ვინც იცის, როდის არ გააკეთოს ოპერაცია (იღიმის).
– ალბათ, ყველა, ვინც ქირურგის პროფესიას ირჩევს, შეგუებულია, რომ მარცხი გარდაუვალი იქნება. ანუ, ყველა პაციენტს ვერ გადაარჩენ...
– ეს არის ის, რასაც კარგი ქირურგი ვერასდროს შეეგუები. „გავაკეთე ოპერაცია და წავედი სახლში“ – ასე არ ხდება. საოპრაციოდან გამოსვლით არ მთავრდება ყველაფერი. ღამე არ მძინავს, სულ პაციენტზე ვფიქრობ. ცოლ-ქმარს გავუკეთე კუჭზე ოპერაცია, ახლა ამერიკაში ცხოვრობენ. ექვსი თვის მერე დამირეკა: ექიმო, ღომი ვჭამოო? ჩემმა ყველა პაციენტმა იცის, რომ მათ გვერდით ვარ, სადაც უნდა იყვნენ. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ მარცხი უფრო ხშირად გვერდს მივლიდა.
– რას ნიშნავს პროფესიული გმირობა?
– ქირურგისთვის პროფესიული გმირობა გადარჩენილი და კმაყოფილი პაციენტია. ყოველთვის, როცა საოპერაციოში შევდივარ, მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი სტაჟისა და გამოცდილებისა, კიდევ ერთხელ განვიხილავ პაციენტის ისტორიას. ვფიქრობ ყველაფერზე. ვარჩევ მისთვის ყველაზე ეფექტურ ვარიანტს. ვცდილობ, ოპერაცია პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმული იყოს.
P.S. ქირურგი ოქროს ხელებით. ასე ეძახიან ბიძინა ნაკაიძეს პაციენტები. მისი ტელეფონი მუდმივად ჩართულია და ეს საოცრად გულისხმიერი პროესიონალი ნებისმიერ წუთს მზადაა, კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინოს გასაჭირში მყოფთ.
ტელ.: 599 56 74 94.
კლინიკის მისამართი:
ლუბლიანას #21.