რატომ ჯდება პიანინოსთან გულის შეტევის დროს ზურა დოიჯაშვილი და როგორ განიცადა მან კლინიკური სიკვდილი ფილარმონიის სცენაზე #11
ამბობენ, ცხოვრება ბეწვის ხიდია, მასზე ფრთხილად უნდა იარო, თუ გინდა, ხიფათს ასცდეო. თუმცა, ბედისწერას ვერავინ გაექცევა. მომღერალი ზურა დოიჯაშვილიც სწორედ ბედისწრის წყალობითაა დღეს ცოცხალი. ცხოვრებამ ბევრჯერ დაუგო მას მახე, სიკვდილსაც ჩახედა თვალებში და ერთ წამში კადრებივით ჩაუარა თვალწინ წარსულმა, თუმცა გვირაბის ბოლოს, შუქი არ დაუნახავს. ახალახან გულის შეტევით საავადმყოფოშიც მოხვდა, თუმცა ღმერთისა და ექიმების წყალობით, დღეს თავს კარგად გრძნობს.
ზურა დოიჯაშვილი: ცხოვრებამ ბევრჯერ დამიგო მახე, მაგრამ რაღაცნაირად, თავი დავაღწიე. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ბევრი რამის გაკეთება ვერ მოვასწარი და გული მწყდება. ბევრ რამეზე ვოცნებობდი, ვფიქრობდი, მაგრამ უმეტესობის გაკეთება ვერ მოვასწარი. სულ პრობლემები მაქვს, მაგრამ ღმერთის წყალობით, ცოცხალი ვარ და მაინც რაღაცას ვაკეთებ. ოჯახსა და მეგობრებში გამიმართლა და მათი დახმარებით, ბევრ განსაცდელს ავცდი.
– ახლახან საავადმყოფოში მოხვდი. რა დაგემართა და ახლა როგორ ხარ?
– ემოციური ვარ, ვინერვიულე, გულმა შემიტია და საავადმყოფოში მოვხვდი. ძალიან განვიცადე მაია ასათიანის შვილის გარდაცვალება, ჩემი ძმაკაცის, ზურა ვადაჭკორიას ამბავი და გულს მეტი რა უნდა? წნევამ ამიწია, გამოვიძახე სასწრაფო და ჩათვალეს საჭიროდ ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა. ექიმები რომ მხედავენ, უხარიათ: ვა, ზურაო (იცინის). მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. მართალია, საავადმყოფოში არ მემღერება, მაგრამ ექიმები რომ თავს მევლებიან, წავუღიღინებ ხოლმე (იცინის). ძალიან ოპტიმისტი ვარ და სულ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული და ჩემთვის ნერვიულობა, სიგარეტი და სასმელი არ შეიძლება, მაგრამ ვეპარები. ჯერჯერობით, ცოცხალი ვარ (იცინის).
– ყველაზე რთული პერიოდი, როდის იდგა შენს ცხოვრებაში, როცა არ გემღერებოდა?
– აფხაზეთის ომი, სამაჩაბლო, სამოქალაქო ომი, ცხინვალი, ბოლო ათი წელის განმავლობაში გაყოფილი საზოგადოება... რამდენი ჩამოვთვალო? იმდენი რთული პერიოდი იდგა ჩემს ცხოვრებაში, იმდენი მეგობარი დავკარგე, იმდენი საყვარელი ადამიანი, მიკვირს, აქამდე როგორ გაუძლო ჩემმა გულმა. თან, რაც ასაკში შევედი, სულ პანაშვიდებზე დავდივარ და ამას ძალიან განვიცდი. არ მიყვარს, როცა „ახალი გამოჩეკილი“ მარიგებს ჭკუას: როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო. მე ვინ მასწავლის ცხოვრებას? იმდენი ვნახე და გამოვიარე, სხვისი დასარიგებელი რა მჭირს? ვერ ვიტან ორპირ და მატყუარა ხალხს.
– ზურა, ამბობენ, რომ გულის ოპერაციის დროს კლინიკური სიკვდილი განიცადე...
– ოპერაციის დროს, გვირაბი არ გამივლია და არც ასტრალში გავსულვარ. მგონი, ეს ადრეა ჯერ ჩემთვის (იცინის), მაგრამ, უცნაური ის იყო, რომ საკუთარ თავს ზემოდან ვუყურებდი. რეანიმაციაში, როცა ელექტროშოკს გულზე მადებდნენ, ზემოდან ვხედავდი ჩემს სხეულს და ტკივილს არ განვიცდიდი. უფრო სწორად, აპარატზე რომ შემაერთეს, გულის ტკივილს უნდა გაევლო 2-3 წუთში, არ გაიარა და აი, მაშინ მოხდა ის, რომ ზემოდან დავინახე ჩემი სხეული. საოცარი განცდა იყო. ასე მეგონა ფილმ „მოჩვენების“ მთავარი გმირი ვიყავი (იცინის). ზუსტად ისე დამემართა, როგორც იქ არის.
– მოვლენებს, მართლა წინასწარ ხვდები? წინაწარმეტყველური განცდები გაქვს?
– კი, ხშირად მემართება, რომ წინასწარ ვხვდები, რა მოხდება. არ დამავიწყდება, ბავშვობაში, ჩემს მეგობარს ავადმყოფი და ჰყავდა. არასდროს მინახავს ის, რადგან არ აჩენდნენ. არც მის სახლში ვყოფილვარ. დამესიზმრა, ვითომ მის სახლში ვქეიფობდით, პიანინოზე ვუკრავდი. მისი და კი მაგიდასთან იჯდა და მისმენდა. დილით, უბანში რომ გამოვედი, ბიჭებმა მითხრეს, ის გოგო გარდაიცვალაო. მოკლედ, პანაშვიდზე რომ ავედით, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს იქ უკვე ნამყოფი ვიყავი. პიანინოს გადაფარებული ჰქონდა. დამაინტერესა, ავხადე და ზუსტად ისეთი იყო, როგორიც სიზმარში ვნახე – შანდლებიანი. გარდაცვლილის ფოტოს რომ შევხედე, ვიცანი – ეს ის გოგო იყო, სიზმარში რომ ვნახე. ვანგა არ ვარ, მაგრამ რაღაც წინასწარმეტყველური განცდები ნამდვილად მაქვს. ზოგჯერ ისეთ პროგნოზებს ვაკეთებ, თვითონვე მიკვირს (იცინის). მაგალითად, ფეხბურთის მატჩების შედეგს წინასწარ ვხვდები. სხვათა შორის, მეგობრებისთვის ეს არასდროს მითქვამს. ერთხელ წამომცდა, ჩემპიონატზე მატჩის შედეგები გამოვიცანი-მეთქი და მეგობარმა მისაყვედურა: შე, კაი ადამიანო, გეთქვა თუ წინასწარ იცოდი, ტოტალიზატორში ათას დოლარს დავდებდი და მოვიგებდიო (იცინის). რამდენჯერმე, მართლა ისე „გავარტყი“ ფეხბურთის თამაშის შედეგებს, კი გავიფიქრე: ვა, ვანგა ხომ არ ვარ-მეთქი (იცინის).
– ისეთ სიტუაციაში თუ მოხვედრილხარ, როცა ცხოვრებამ კადრებივით ჩაგიარა და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩი?
– კი, როგორ არა! არ დამავიწყდება, ფილარმონიაში მქონდა გამოსვლა. გამომაცხადეს, სცენაზე გავედი, ორივე ხელი მოვკიდე მიკროფონს და ისე დამარტყა დენმა, ფეხის ფრჩხილიდან, თმის ღერამდე დამიარა. ვერც დავიყვირე, ვიფიქრე, ხალხი არ გადავრიო-მეთქი და სიმწრით, ენა ჩამივარდა. აი, ამ დროს, მართლა კადრებივით ჩაიარა მთელმა ცხოვრებამ. მთელი ჩემი საახლობლო და სამეგობრო ვნახე და ფაქტობრივად, ერთ წამში კლინიკური სიკვდილი განვიცადე. მოკლედ, ასანიძე მაშინ არ იყო ოლიმპიური ჩემპიონი და კულისებიდან გამოვარდა. დამავლო ხელი და სცენიდან გამიყვანა. მერე „ვეკაიფებოდი“: რა დაგმუხტე, ბიჭო, ეგეთი, რა ძალა გადმოგეცი და რა ივარჯიშე ჩემზე, ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდი-მეთქი (იცინის).
– ბედისწერის გჯერა?
– რასაკვირველია, ბედისწერის მჯერა და დღეს რომ ცოცხალი ვარ, ესეც მისი დამსახურებაა. ყველას თავისი ბედისწერა და დრო აქვს ამქვეყნად, შემდეგ დგება გარდაცვალება და ის არავის აგვცდება. არ ვფიქრობ სიკვდილზე და არც შიში მაქვს, უბრალოდ, არ მინდა. რაც იქნება, ის იქნება! კი არ მეშინია, უბრალოდ, ახლა რომ გარდაცვალებაზე ვიფიქრო, „დავიგრუზები“ და არ მინდა! მე მუსიკოსი ვარ – გული მტკივა თუ ცუდად ვარ, არ უნდა შევიმჩნიო და ჩემი საქმე უნდა ვაკეთო. როცა ცუდ განწყობაზე ვარ და გული ტკივილს მიწყებს, პიანინოსთან ვჯდები, ვუკრავ და ამით გამოვდივარ მდგომარეობიდან.