რის გამო მოუწია საუკეთესო წლების ცხოვრებიდან „ამოჭრა“ თემო გვალიას და რა ურთიერთობა აქვს მას შვილთან, მომღერალ ნუკა კვალიაშვილთან #11
„მარტო წიგნები, უნივერსიტეტი და თეატრი როდი აყალიბებს ადამიანს, არამედ უშუალო შეხლა ცხოვრებასთან, რომელიც თავადაც უდიდესი უნივერსიტეტია,“ – კონსტანტინე გამსახურდიას, ეს სიტყვები გამახსენდა, როცა მიშა თუმანიშვილის თეატრის მსახიობ, თემო გვალიას ვესაუბრებოდი. მისი ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა – იყო სიხარული, წარმატება, ნარკოტიკები, ციხე, პირადი პრობლემები. თუმცა, მებრძოლი სულისკვეთებით, შეძლო ცხოვრების თავიდან დაწყება და გამოუვიდა კიდეც. როგორც თავად ამბობს, დღეს ბედნიერია, თუმცა, თავისი ცხოვრების საუკეთესო წლების დაკარგვა ენანება.
თემო გვალია: იღბლიანი ვარ, რომ დღეს ცოცხალი ვარ. თუმცა, თავადაც უნდა იბრძოლო, რომ რაღაცას მიაღწიო, მხოლოდ იღბლის იმედზე არ იყო. ადვილი ცხოვრება ნამდვილად არ გამივლია. ერთადერთი, აგური არ დამცემია თავში, თორემ დანარჩენი, ყველა დარტყმა გადავიტანე. ბევრჯერ რისკზეც წავსულვარ, დამჭრეს, არაერთხელ დამიჭირეს, მაგრამ დღეს, მაინც ბედნიერი ვარ. სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი, არასწორად ვიცხოვრე და დიდი შანსი იყო, დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი.
– არასწორად ცხოვრებაში რას გულისხმობთ?
– ჩემი ცხოვრებიდან 22 წელი დაკარგული მაქვს, ყველაზე საუკეთესო წლები, ფაქტობრივად, ამოვჭერი და არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი. თუმცა, რადგან მკითხეთ, გიპასუხებთ – ეს იყო ნარკოტიკები, საშინელი სენი, რომელიც რაღაცნაირად დავამარცხე. გამოვძვერი, მაგრამ რამდენი დაიღუპა და იღუპება დღესაც? ჩემი სურვილით, ახალგაზრდობაში შევცდი. თავში ამივარდა და ჩემი საუკეთესო წლები, მეგობრები და ახლობლები, ნარკოტიკების გამო, დავკარგე, ციხეშიც რამდენჯერმე მოვხვდი. დღეს ვნანობ, ბევრი რამ დავკარგე – სამსახური, ურთიერთობები, მაგრამ შევძელი ცხოვრების თავიდან დაწყება. ურთიეთობებიც დავალაგე, პირადიც, მეგობრულიც და თეატრშიც ვთამაშობ. ფაქტობრივად, 22 წელი სცენაზე ფეხი არ დამიდგამს და დღეს დაკავებული ვარ სპექტაკლებში. მყავს არაჩვეულებრივი შვილები, შვილიშვილები, ცოლი, მეგობრები – ამაში ნამდვილად გამიმართლა.
– შვილები ახსენეთ. პირადულზე საუბარი არ გიყვართ, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხოთ. ვიცი, წლების განმავლობაში ქალიშვილთან, ნუკა კვალიაშვილთან ურთიერთობა არ გქონდათ. დღეს, თუ ნახულობთ მას და როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– სამი შვილი მყავს და ნელ-ნელა დავალაგე მათთან ურთიერთობა. ნუკა მესამე შვილია და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. თუ ადრე მისთვის კარგი მამა ვერ ვიყავი, ამას ჩემს თავს ვაბრალებ. ნუკაც, იმ ჩემს საშინელ 22 წელში მოჰყვა, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდი იყო და საერთოდ ამოვშალე. დღეს, საკმაოდ კარგი დამოკიდებულება გვაქვს, არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს.
– ის, რომ შვილი თქვენს გვარს არ ატარებს, თქვენთვის მტკივნეულია?
– ამაზე საუბარი არ მინდა. ის ჩემთვის გვალიაა და თუ მას აწყობს, იყოს კვალიაშვილი, იყოს, არ ვარ წინააღმდეგი. რაღაც მომენტში, საწყენია, მაგრამ იმედია, დროთა განმავლობაში, ეს საკითხიც დალაგდება. ვამაყობ, ასეთი ნიჭიერი რომ არის და ის, რომ ნუკას მამა ვარ, ეს ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის.
– ამბობენ, ნუკა ხასიათებით გგავთ. ასეა?
– ნუკას ძალიან ვიმსგავსებ, ჩემსავით არაორდინარულია, უცბად იღებს გადაწყვეტილებებს. მეორე გოგოც მგავს, ბიჭი კი ძალიან განსხვავდება. სამივე და-ძმა, რადიკალურად განსხვავებულები არიან. ბიჭი მხატვარია, მეორე გოგო შვილს უვლის, ნუკა კი ძალიან ნიჭიერი მომღერალია. ჩვენ ერთნი ვართ და ახლა ვცდილობ, ურთიერთიბები უფრო დავათბო, დავალაგო. ნუკასგან უდიდესი სითბო მოდის. ბევრი ცუდი დაწერეს ჩემსა და ნუკას ურთიერთობაზე და ამიტომ, არავის ვაძლევ ამ თემაზე ინტერვიუს. უბრალოდ, ყველას ვთხოვ, ნებისმიერი პირადი გადაამოწმონ და ისე დაწერონ. სხვათა შორის, „ფეისბუქი“ მაქვს იმისთვის, რომ ავფეთქდე და დავიცალო. ცუდია ბილწსიტყვაობა, მაგრამ გვიან საღამოს რომ ჩავუჯდები სოციალურ ქსელს, ისეთები ხდება, თავს ვერ ვიკავებ. თუმცა, ბილწსიტყვაობასაც, თავისი კულტურა აქვს.
– ესე იგი, თქვენი ბილწსიტყვაობა, ძილის წინ „იავნანასავით“ უნდა გვესმოდეს?
– დიახ, ასეა, მაგრამ რომ ვიგინები, ჩემი ძუძუები არ გლოცავენ (იცინის).
– მოდი, წლების უკან დავბრუნდეთ და ახლაგაზრდობა გაიხსენეთ. თქვენ და გია ფერაძე მეგობრები იყავით. ალბათ, ბევრი საინტერესო ამბავი გექნებათ გასახსენებელი. მართალია, რომ გია 8 მარტს ქალთა დღეს გილოცავდათ?
– მაშინ, სულ სხვა ურთიერთობები იყო. მე და გიას ყვავილებიც დაგვიგლეჯია და თავ-ყბაც, ქალის გამო. ბევრჯერ, იმიტომ გვიჩხუბია, ქუჩაში ქალისთვის შეურაცხყოფა რომ მიუყენებიათ. ერთხელ, ნაცნობ გოგოს შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭმა, მე და გიამ, ისე ვცემეთ, თავ-ყბა გავუერთიანეთ. ორივე დაგვიჭირეს და ლესელიძეზე, მილიციის განყოფილებაში ამოვყავით თავი. ორ საათში გამოგვიშვეს. მოკლედ, ქალისა და ძმაკაცების გამო, სულ მუშტი-კრივი გვიწევდა და ჩალურჯებულები დავდიოდით. გია ჩემზე უფროსი იყო და ბევრი კაცური რამ ვისწავლე მისგან. ბევრი კარგი თვისება ჰქონდა. გიამ გამიხსნა იუმორის „მუღამი“. სასწაული იუმორი ჰქონდა. ერთხელ, ვდგავართ რუსთაველზე, მექაჩება, მეორე მხარეს გადავიდეთ, რამე ვჭამოთო. შუაში ხაზი იყო და სულ იდგა ინსპექტორი. ამ ინსპექტორს ოცჯერ ვყავდი დაჯარიმებული, მამაჩემსაც კი მიუვიდა წერილი – თქვენმა შვილმა გადაკვეთა სამანქანო გზაო. ამისთვის კომკავშირიდანაც კი მრიცხავდნენ, მაგრამ როდის მიმიღეს, ეგეც არ ვიცოდი. მოკლედ, მექაჩება გია და მე იქით ვექაჩები, ვერ გადმოვალ, ინსპექტორი დგას-მეთქი. მითხრა, რა გინდა, გამომყევი და რასაც მე გავაკეთებ, ის გააკეთე, „ატვეჩაი“ ვარ, არ დაგაჯარიმებსო. მომკიდა ხელი და შუა გზამდე მივედით, შემოტრიალდა და მეუბნება – შენც შემოტრიალდიო. შემოვტრიალდი, გავიხედე, ინსპექტორი მორბის ყვირილით – სად მიდიხართ, შეტრიალდით და გადადით ახლავე უკანო. ჩვენც მივტრიალდით და ზოზინით გადავედით (იცინის). რვა მარტს კი, რესტორან „თბილისში“ ვიჯექით. გავიდა გია, იყიდა მისალოცი ბარათი, იქვე რაღაც მიაწერა, თვალი ჩამიკრა და მომაწოდა. დავხედე და წერია: „რვა მარტი მოდის აურ-ზაურით, თემური შეხვდი ტყ... ტყ....ით!“ და ბოლოში თავისი ხელმოწერა. ამ ბარათს დღემდე ვინახავ. ეს პატარა ქაღალდი შეუფასებელი საჩუქარი, განძია, რაც გიასგან დამრჩა. მაშინ, რას წარმოვიდგენდი, რომ გია აღარ იქნებოდა. მასთან გადაღებული ფოტოც კი არ დამრჩა.