კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეშმაკის ბილიკი #11

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-10(845)

 კვირიკაშვილმა მხრები აიჩეჩა და მიპასუხა:
– სახის ოპერაცია არასდროს გამიკეთებია და არც დამხმარე ვყოფილვარ, არც ნაოპერაციების რეაბილიტაციაში მიმიღია მონაწილეობა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ სამი-ოთხი კვირა მაინც უნდა ამ პროცესს.
– ესე იგი, ერთი თვე? – ვთქვი მე.
– დიახ. ერთი თვე, – დამიდასტურა კვირიკაშვილმა.
– ვარლამ კოვზირიძე სახის შეცვლის ოპერაციის გაკეთებას შეძლებდა? – ვკითხე კვირიკაშვილს, რომელმაც გაოცებულმა შემომხედა და მითხრა:
– დიახ. ის ხომ უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი იყო და შესძლებდა. მაგრამ, რატომ მეკითხებით?
– ბატონო გივი, თქვენ და ვარლამ კოვზირიძე ძალიან ახლო მეგობრები იყავით?
– დიახ. ხომ გითხარით უკვე. რატომ მეკითხებით?
– ვარლამს შეეძლო, თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ დაემალა?
– არა მგონია. მაინც, რა უნდა დაემალა?
– აი, მაგალითად, ვინმესთვის რომ მალულად, სახის პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა.
– არა. არ მგონია.
– რატომ არ გგონიათ?
– იმიტომ რომ, ასეთი რამ სისხლის სამართლის დანაშაულია, ორგანოებთან შეუთანხმებლად. ვარლამი კი კანონს იცავდა და ამას არ იზამდა.
– რომ დაეშინებინათ ან დიდი ფული შეეძლიათ, არც მაშინ?
– ვარლამის შეშინება არ გახლდათ იოლი. უფრო სწორად კი, შეუძლებელი იყო. ფულს კი არასდროს დახარბებია. არა, არ მგონია.
– დარწმუნებული ხართ?
– დიახ. მტკიცედ ვარ ამაში დარწმუნებული, – მითხრა კვირიკაშვილმა და დააყოლა, – მაინც,  რაშია საქმე, რატომ მეკითხებით ამას?
– ბატონო გივი, გიმეორებთ, რომ ჩვენი საუბრის შინაარსი საიდუმლოდ უნდა დარჩეს.
– დიახ. ასეც იქნება. მაინც, რაშია საქმე?
– რაშია და ეჭვი გვაქვს, რომ თქვენმა მეგობარმა ვარლამმა ჯერჯერობით დაუდგენელ ადამიანს გარეგნობა შეუცვალა. შემდეგ კი ვარლამ კოვზირიძე მოკლეს და მისი ცხედარი გააქრეს, – ვუთხარი კვირიკაშვილს.
– ეს რა მითხარით?! – შეიცხადა კვირიკაშვილმა და პაპიროსი გააბოლა. შემდეგ სახე წამოეჭარხლა. ქუსლებზე ჩაიცუცქა და ჩაფიქრდა.
წამოსვლის წინ მე კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ ჩვენი საუბრის შინაარსი არავისთვის გაემხილა და წამოვედი.
***
გენერალ-მაიორმა სიგარეტი გააბოლა და კაბინეტში დინჯად გაიარ-გამოიარა. შემდეგ გიგაურის წინ შეჩერდა და უთხრა:
– მაიორო, დიდი სამუშაო გაგიწევია და ქების ღირსი ხარ, მაგრამ ჯაჭვი გაწყვეტილია. ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს და ვფიქრობ, ჩიხში ვართ.
ზურაბ გიგაურს გაეღიმა და პავლოვს უთხრა:
– მე ასე არ ვიტყოდი, ამხანაგო გენერალო. პირიქით. ვფიქრობ, რომ რგოლი არ გამწყდარა და სწორედ გივი კვირიკაშვილია ხელჩასაჭიდი.
– ეგ როგორ? – გაუკვირდა გენერალს.
– როგორ და გივი კვირიკაშვილმა ყველაფერი სწორად მიამბო, გარდა ერთისა.
– მაინც, რა მოგატყუა?
– რა, ამხანაგო გენერალო და ის, რომ მან მართლაც ცხრა მარტს შეიტანა მილიციაში ვარლამ კოვზირიძის გაუჩინარების განცხადება. მაგრამ, იმავე დღეს, ანუ ცხრა მარტის საღამოს ვარლამი და კვირიკაშვილი ერთად ნახეს თბილისის ვაგზალზე. იმ დროს, როცა კვირიკაშვილი თავის მეგობარს თბილისი-მოსკოვის მატარებელზე აცილებდა.
– ეს საიდანღა შეიტყვე? – გაუკვირდა გენერალს.
– ვარლამ კოვზირიძის მეზობელმა, კოტე გაგნიძემ მითხრა.
– საიდან მიაგენი მას?
– გაგნიძე ახლა ოცდაცხრა წლისაა. მაშინ კი, ცხრა წლის იყო, პატარა ბავშვი და ვაგზალზე ცხელ ღვეზელებს ყიდდა. მან დაინახა კვირიკაშვილი, რომელსაც იცნობდა და ვარლამი, რომელიც მისი მეზობელი იყო.
– ესე იგი. შენ მარტო კვირიკაშვილი არ დაგიკითხავს?
– რა თქმა უნდა, არა, ამხანაგო გენერალო. კოტე გაგნიძის გარდა, კოვზირიძის ყველა მეზობელს ველაპარაკე. გივი კვირიკაშვილი ახლა ოცდაოთხსაათიანი თვალთვალის ქვეშ  ჰყავთ ჩემებს. მეც იქ უნდა ვიყო, მაგრამ თქვენთან, მოსკოვში მოხსენების გამო ჩამოვედი და ამ საღამოსვე უნდა დავბრუნდე თბილისში.
– კარგი. დაბრუნდი და აბა, შენ იცი! შენი იმედი მაქვს. თუ რამე სასწრაფო იქნა, მაშინვე დამიკავშირდი და შეგიძლია, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დამირეკო, – უთხრა გენერალ-მაიორმა პავლოვმა ზურაბ გიგაურს და კაბინეტიდან გაისტუმრა.
***
მაიორი გიგაური ღამის ორ საათზე ჩაფრინდა თბილისში და დაღლილობის მიუხედავად, ოპერაციის სამეთაურო შტაბში მივიდა, რომელიც ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში მდებარეობდა და თავის თანაშემწეს ჰკითხა:
– ახალი ხომ არაფერია?
– არაფერი, ამხანაგო მაიორო. გივი კვირიკაშვილი ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს და მის ყველა გადაადგილებას ვაკონტროლებთ. მის ტელეფონს ვუსმენთ, ბინაში კი „ჟუკებია“ ჩამონტაჟებული. საეჭვო არაფერია, – მიუგო მაიორს მისმა თანაშემწემ.
– კეთილი. ცოტა არ იყოს, დაღლილი ვარ და მცირე ხნით დასვენება მჭირდება. წავალ, მაგრამ თუ რამე სიახლე გამოჩნდა, მაშინვე დამირეკეთ. გასაგებია? – უთხრა გიგაურმა თანაშემწეს, რომელმაც მაიორს თავი დაუქნია და ზურაბი სახლში შევიდა დასაძინებლად.
ერთკვირიანმა ტოტალურმა თვალთვალმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. გივი კვირიკაშვილი ჩვეული რეჟიმით ცხოვრობდა და საეჭვოს არაფერს აკეთებდა. ამიტომ, ზურაბ გიგაურმა მასთან პირისპირ გასაუბრება გადაწყვეტა. ექიმს სამსახურის შემდეგ, მის სახლთან მანქანით დახვდა და სანამ, სადარბაზოში შევიდოდა, მანქანიდან დაუძახა:
– გამარჯობა, ბატონო გივი!
კვირიკაშვილი შეტრიალდა და გიგაური რომ დაინახა, უმალვე იცნო. შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია და მიუგო:
– გაგიმარჯოს, მაიორო. აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ?
– თქვენთან საქმე მაქვს, – უთხრა გიგაურმა ექიმს.
– გისმენთ.
– აქ არ გამოვა. უნდა დაგელაპარაკოთ.
– სტუმრად მეწვიეთ, – კვირიკაშვილმა სადარბაზოსკენ გაიშვირა ხელი, – „ხალასტოი“ ვარ, არავინ მელოდება სახლში და ხელს არ შეგვიშლიან.
– კეთილი. მხოლოდ მანქანას გავაჩერებ – თქვა გიგაურმა. „ვოლგა“ გადააყენა და მისი მომლოდინე ექიმისკენ გაემართა.
წყვილმა მდუმარედ აიარა კიბეები და მას მერე, რაც ექიმის სასტუმრო ოთახში შევიდნენ და მაიორი სავარძელში მოკალათდა, მასპინძელმა გიგაურს ჰკითხა:
– გისმენთ, ზურაბ, რა საქმე გაქვთ ჩემთან?
– შეიძლება, მოვწიო? – იკითხა ზურაბმა.
– რა თქმა უნდა, – კვირიკაშვილმა სტუმარს საფერფლე დაუდგა წინ. ზურაბმა სიგარეტი გააბოლა და ექიმს უთხრა:
– ბატონო გივი, აქ იმიტომ გეწვიეთ, რომ არ მინდა, ჩვენმა საუბარმა ოფიციალური ხასიათი მიიღოს. ყოველ შემთხვევაში, ახლა და თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– ბრძანეთ.
– მოდი, ნურაფერს მომატყუებთ და ჩემს კითხვებზე სწორი პასუხები გამეცით.
– რა უნდა მოგატყუოთ. მკითხეთ, რაც გნებავთ, – მხრები აიჩეჩა მასპინძელმა.
– ბატონო გივი. ადრე რომ ვარლამ კოვზირიძეზე გესაუბრეთ, ალბათ, გახსოვთ.
– დიახ. მახსოვს.
– მოდი, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, როდის ნახეთ ის უკანასკნელად?
– როდის და, 1946 წლის 2 მარტს. ერთი კვირით ადრე იმ დღემდე, როცა მილიციაში მისი დაკარგვის განცხადება შევიტანე.
– ზუსტად გახსოვთ? – ჰკითხა გიგაურმა მასპინძელს.
– აბსოლუტურად ზუსტად, – თავდაჯერებულად მიუგო გიგაურს ექიმმა.
– ესე იგი, თქვენი მეგობარი და კოლეგა ვარლამ კოვზირიძე თქვენ უკანასკნელად 1946 წლის ორ მარტს ნახეთ და მას მერე მასზე არაფერი იცით, ხომ? – გაიმეორა გიგაურმა, რაზეც კვირიკაშვილმა მიუგო:
– დიახ. სწორედ მასეა.
მაიორს ჩაეცინა და ექიმს უთხრა:
– ბატონო გივი, რატომ მატყუებთ. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ სიმართლეს მეტყოდით?
– სიმართლეს გეუბნებით, – თქვა კვირიკაშვილმა. მაიორმა კი თავი გააქნია და მასპინძელს უთხრა:
– მატყუებთ. ვარლამ კოვზირიძე თქვენ ცხრა მარტს ნახეთ. ანუ, იმ დღეს, როცა თქვენ მილიციაში მისი გაუჩინარების განცხადება შეიტანეთ. ჯერ მილიციაში შეიტანეთ განცხადება და მას მერე, კოვზირიძეს შეხვდით.
– რას ბრძანებთ? გეშლებათ.
– არაფერი მეშლება. თქვენი გაუჩინარებული მეგობარი – გაუჩინარებული, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, თქვენ იმავე საღამოს თბილისი-მოსკოვის მატარებელში ჩასვით, – უთხრა გიგაურმა კვირიკაშვილს და მწველი მზერა მიაპყრო.
ექიმს სახე წამოეჭარხლა. ოფლმა დაასხა და ენა ჩაუვარდა. შემდეგ აკანკალებული ხელით წყალი დაისხა, დალია, სიგარეტი გააბოლა, ოდნავ დამშვიდდა და გიგაურს ჰკითხა:
– საიდან იცით ეს?
მაიორს ჩაეცინა და მიუგო:
– ამას რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ ის თქვით, ხომ მართალს ვამბობ?
– დიახ. მართალს ბრძანებთ, მაგრამ საიდან იცით?
– მოვიკვლიე, – მოკლედ მიუგო მაიორმა, – ესაა ჩემი პროფესია. ესე იგი, ადასტურებთ, რომ ცხა მარტს თქვენ, ვარლამ კოვზირიძე მატარებლით მოსკოვში გააცილეთ.
– დიახ. ვადასტურებ.
– მოდი, იცით, რა ვქნათ?
– რა? – სიტყვა გააწყვეტინა შემკრთალმა მასპინძელმა მაიორს.
– რა და, ჩვენს საუბარს რომ დაკითხვის ფორმა არ ჰქონდეს, ყველაფერი თვითონვე მიამბეთ დაწვრილებით. ხოლო, კითხვები თუ გამიჩნდება, ბოლოს შეგეკითხებით.
– მაინც, რის მოყოლას მთხოვთ?
– ყველაფრის.
– ყველაფერში რას გულისხმობთ?
გიგაურს სიბრაზემ გაჰკრა, მაგრამ თავი შეიკავა და კვირიკაშვილს უთხრა:
– რატომ დამიმალეთ ის ფაქტი, რომ ვარლამ კოვზირიძე მოსკოვში ფარულად გაემგზავრა?
გივი კვირიკაშვილმა სახეზე მომსკდარი ოფლი ცხვირსახოცით მოიწმინდა. სიგარეტი გააბოლა და გიგაურს უთხრა:
– იცით, იმ ისტორიაში ჩემთვისაც არაერთი კითხვის ნიშანია. რაც ვიცი, მოგიყვებით და კითხვები ბოლოს იყოს. კარგი?
– ეს არ შემოგთავაზეთ თავიდან? – მხრები აიჩეჩა მაიორმა, – ოღონდ, არც არაფერი მომატყუოთ და არც არაფერი გამოტოვოთ. შევთანხმდით?
– შევთანხმდით.
– მაშინ, ბრძანეთ.
 კვირიკაშვილმა სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და თქვა.
– მაიორო, ჩემი მეგობარი და კოლეგა ვარლამ კოვზირიძე ბოლოს 1946 წლის ცხრა მარტს ვნახე და მოსკოვში გავაცილე. მანამდე, სამი დღით ადრე კი, როცა მე სოფლიდან ჩამოვედი, ღამით ვარლამი სახლში მესტუმრა. აღელვებული ჩანდა და მითხრა:
– გივი, ძმაო, შენთან ერთი თხოვნა მაქვს. თუ გამიგებ და დამეხმარები, ხომ კარგი, თუ არადა, ეს საუბარი სამუდამოდ დაივიწყეო.
ჩემი მეგობრის სიტყვებმა გამაკვირვა.
– როდის არ გამიგია შენთვის. თქვი, რაშია საქმე და რით დაგეხმარო-მეთქი, – ვუთხარი  ვარლამს. მან კი გააბოლა და თქვა:
– გივი, ძმაო, ჩემმა ნათესავმა ცოლ-ქმარმა, რომლებსაც ეს მთავრობა დევნის და თუ მოიხელთეს, სულს გააძრობენ – არა და, ძალიან პატიოსანი ადამიანები არიან, მთხოვეს, რომ პლასტიკური ოპერაცია გავუკეთო. ასეთი რამ კი, როგორც იცი, კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ იმდენად მჯერა მათი, რომ მზად ვარ, კანონსაც კი გადავაბიჯო. მარტო, ასისტენტის გარეშე კი, ასეთ რამეს ვერ გავაკეთებ. გთხოვ, დამეხმარო და ასისტენტობა გამიწიო.
– სახის შეცვლას გულისხმობ? – ვკითხე ვარლამს.
– კი. სახის პლასტიკურ ოპერაციას, – მითხრა ვარლამმა, – გარწმუნებ, პატიოსანი ხალხია. მათ ტყუილად დევნიან და ოპერაცია მათი ერთადერთი ხსნაა.
ერთი სიტყვით, ვარლამმა ასისტენტობაზე დამითანხმა და ასე დავშორდით ერთმანეთს. მეორე დღეს კი, დილაუთენია მოვიდა ჩემთან და მითხრა:
– გივი, ძმაო, ვითარება ოდნავ შეიცვალა და ისევ შენი დახმარება მჭირდება.
– რაშია საქმე? – ვკითხე მეგობარს.
– მარტო ოპერაცია აღარ კმარა. ოპერაციის მერე მათ საბჭოეთი უნდა დატოვონ და მეც მათ უნდა გავყვე, – მითხრა ვარლამმა.
– როგორ უნდა გაჰყვე, ესე იგი, ქვეყნიდან უნდა გაიქცე და მოღალატე გახდე? – ვკითხე მე.
– არა, რა სისულელეა, – ჩაეცინა ვარლამს,  – ჩემს შვილებთან მივდივარ.
– ვინ შენს შვილებთან, რას როშავ? შენ ხომ არასდროს გყოლია ცოლ-შვილი, – ვუთხარი ვარლამს.
– ცოლი არა, მაგრამ შვილი თურმე მყოლია და ეს ჩემმა ნათესავებმა მითხრეს. იმათ, ვისაც ოპერაცია უნდა გავუკეთო. ომამდე ერთი გოგო მიყვარდა. ის გოგო შემდეგ მშობლებთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა და იქ დარჩა. რამდენიმე თვეში კი ტყუპი ქალ-ვაჟი – ჩემი შვილები გააჩინა. ახლა ისინი ხუთი წლისანი არიან. აი, სწორედ მათთან მივემგზავრები. მათ აქ არავინ ჩამოუშვებს და არც მე გამიშვებენ მათთან. ამიტომ, არალეგალურად უნდა ვიმოქმედო და ამაში ჩემი ნათესავი ცოლ-ქმარი მეხმარება.
– შვილების ამბავიც, ალბათ, მაგათ გითხრეს, ხომ?
– კი.
– იქნებ, გატყუებენ და შენი გამოყენება უნდათ, ამიტომ მოიგონეს ეს ყველაფერი?
– არა, რას ამბობ. მათ ჩემი შვილების სურათებიც მიჩვენეს და ზედგამოჭრილად მგვანან, – მითხრა ვარლამმა.
ერთი სიტყვით, საიდან არ მოვუარე, მაგრამ ჯორზე შეჯდა, – თუ არ დამეხმარები, თვითონ ვიმოქმედებ, მაგრამ, რომ დამაბეზღო, პატიოსან ხალხს დაგვღუპავ და შვილებს გამიუბედურებო... მოკლედ, იმაზე დამითანხმა, რომ მილიციაში განცხადება შემეტანა მისი გაუჩინარების შესახებ და რომ ვკითხე, რაში გჭირდება-მეთქი, მიპასუხა:
– ჩემი დაღუპვის ინსცენირებას მოვაწყობ და საფრანგეთში რომ გავიპარები, უცხოეთში ძებნას აღარ დამიწყებენო.
– როგორ მოაწყობ ინსცენირებას? – ვკითხე მე. მას კი გაეცინა და მიპასუხა:
– მოვაწყობ. მაგრამ ეს – მოგვიანებით. ახლა კი, კიდევ ერთი თხოვნა მაქვს შენთან.
– რა თხოვნა?
– რა და ცხრაში მოსკოვში მივემგზავრები მატარებლით და სწორედ იმ დღეს უნდა შეიტანო მილიციაში განცხადება. ერთი კვირის შემდეგ კი შენც უნდა ჩამოხვიდე იქ ერთი კვირით და ოპერაციაში დამეხმაროო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3