№11 ჩემმა ყოფილმა ცოლმა და შვილმა ცხოვრება გამიმწარეს
ინტიმური საუბრები
უკვე იმ ასაკში ვარ, მეგონა, ვერაფერი გამაოცებდა და ვერც წყობიდან გამომიყვანდა, მაგრამ შევცდი. ჩემმა ყოფილმა ცოლმა სისხლი გამიშრო – მაშანტაჟებს, მემუქრება და ცდილობს, ისე მომექცეს, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიო. მას რომ დავშორდი, 28 წლის ვიყავი, თავად – 26 წლის. მართალია, სიყვარულით შევქმენით ოჯახი, მაგრამ მივხვდით, რომ ერთმანეთს ვერ ვუგებდით. მერე მისი ყოფილი შეყვარებულიც გამოჩნდა და მშვიდად, აყალმაყალის გარეშე დავშორდით ერთმანეთს. ნინო, ანუ ჩემი ყოფილი მეუღლე, მალევე გაჰყვა ცოლად მის ყოფილ შეყვარებულს. მასთან ერთი შვილი მყავს – ბიჭი და ისიც ისე გადარია, ჩემი დანახვაც არ უნდა. ბინა ხომ გამიყვეს, რაც მქონდა ფული ხომ შემიჭამეს და მორალურად თუ ფსიქოლოგიურად დამცეს კაცი. ახლა ჩემს ახლანდელ ცოლს ემუქრებიან, აშანტაჟებენ და ცხოვრებას უწამლავენ. კარგა ხანს უცოლო ვიყავი. იმხელა სტრესი მივიღე პირველი ქორწინებიდან, ვიფიქრე, აღარასდროს დავოჯახდები-მეთქი, მაგრამ თეა სხვა შემთხვევაა. ის არის ადამიანი, ვინც ყველაფერში მიგებს, გვერდით მიდგას და ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს გამამხნევოს. მასთან, სამწუხაროდ, შვილი არ მყავს. თეას აქვს პრობლემა და ამის გამო, ნამდვილად, არც კი მიფიქრია, რაიმე შემეცვალა ურთიერთობაში. იმდენად თბილი, კეთილი და მზრუნველია, მას გულს ვერ ვატკენ. ადრე, ჩემი შვილი მომყავდა და თეა საკუთარი შვილივით უვლიდა. ახლა კი, რომ წამოიზარდა, უხეშობა დაუწყო, სამკაულებიც კი მოჰპარა. თეამ ეს დამიმალა და ახლახან გავიგე. რომ დავურეკე, მაგინა. დედამისსაც შევეხმიანე და ვუთხარი, შენი შვილი ცუდად იქცევა, იმის მაგივრად, რომ თეას პატივი სცეს, იქურდა-მეთქი. იმანაც ისეთები მითხრა, კინაღამ სისხლი ჩამექცა ტვინში. თურმე, რადგან მის მეტი შვილი არ მყავს, რასაც ვშოულობ, მას უნდა მივცე, მანქანაც ვუყიდო, სახლიც და კარიც. კი ბატონო, შვილია და აბა, რას ვიზამ? რაც შესაძლებლობა მაქვს, გავუკეთებ და არც დავამადლი. მაგრამ, ელემენტარულ პატივისცემას ხომ ვიმსახურებ? ყოველთვე ვაძლევ ყოფილ ცოლს ფულს და ის, იმის მაგივრად, ჩემს შვილს მოახმაროს, თავის უსაქმურ ქმარს აფოფინებს, ცივ ნიავს არ აკარებს. გამოდის, რომ შვილის გამო, ჩემი ყოფილი ცოლის ქამრიც მე უნდა ვარჩინო. გიორგის, ჩემს შვილს, შევთავაზე, გადმოდი ჩემთან, ერთად ვიცხოვროთ და ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენ გსურს-მეთქი. მაგრამ, იცით, რა მიპასუხა? მეტი საქმე არ მაქვს, მამაჩემის საყვარელს ვუგორო კოჭიო. არადა, თეასთან ხელიც მაქვს მოწერილი და ჯვარიც დაწერილი. დედამისთან ხელი მაშინ გავაწერე, როცა გამშორდა და ეს მისი ინიციატივა იყო. ერთი სიტყვით, ისე ქოქავს ჩემს შვილს ყოფილი ცოლი, ფიზიკურადაც კი შემეხო. მოვიდა და მითხრა, სასწრაფოდ მჭირდება 2 ათასი ლარი და მომეციო. რომ ვუთხარი, რაში გჭირდება-მეთქი, ხელი მკრა და მომაძახა, რას კითხულობ, რად მინდა, ეგ შენ საყვარელ ცოლს ჰკითხე, სად მიაქვს შენი ფულებიო. ერთი სიტყვით, ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია ყოფილა ცოლმა და შვილმა. არც მშვიდად ცხოვრების უფლებას მაძლევენ და ვერც მათი მუცელი გავაძღე – სულ უფრო მეტს მთხოვენ. არადა, ღმერთია მოწამე, ჩემი შვილისთვის არაფერი დამნანებია, მაგრამ მეც ხომ ჩემი ცხოვრება მაქვს?!
მამუკა, 48 წლის.