კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბზრიალა #11

დიდ და მზიან ოთახში გაშლილი თმები ცეცხლისფრად ელვარებდა. გოგონას თავი გადაეწია და თითის წვერებზე შემდგარი, ბზრიალის ამოუცნობ მაგიაში გადაშვებულიყო. ნეტარი ღიმილი დასთამაშებდა ბავშვის მეოცნებე სახეს. თმები კი მზეს ეჯიბრებოდა სხივთა თამაშში. შეღებული კარიდან ასაკოვანი ქალი უყურებდა და გული უცნაურად უცემდა. თვალები უბრწყინავდა. ეტყობოდა, ოცნებებსა და მოგონებებში ჩაფლულიყო.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მამამ სახლში დიდი, ხისფერი, წითელღილაკებიანი ყუთი მოიტანა და „ტელევიზორი“ უწოდა. საოცარი რამ იყო ეს ტელევიზორი, წინიდან კვადრატის ფორმის ნივთი უცნაურ კუდად ბოლოვდებოდა, წინ უზარმაზარი რუხი მინა ჰქონდა აკრული და მის მიღმა ხედავდი, რა ხდებოდა ყუთში. ყუთში კი ძალიან საინტერესო და საოცარი ამბები ხდებოდა...
 პატარა ანუკის ზღაპრული „სარკევ, სარკევ“ მოაგონდა, როცა სახლიდან გაუსვლელად შეძლო ქალაქის ერთი ბოლოდან მეორის დანახვა. საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა მისახვედრად, რომ ყუთში მყოფი ადამიანები მას სულაც არ უყურებდნენ და მთელი შემდგომი ცხოვრება ვერ გაარჩია, ტელევიზორში ნანახიდან რა იყო სიმართლე და რა ტყუილი. თუმცა, ამაზე ფიქრით მაშინ დიდად არ დაუტანჯავს თავი. ასეთ საკითხზე ჩაფიქრებისთვის ნახევარ დღეს მაინც ხომ უნდა ატარებდე ამ მოწყობილობის წინ? აბა, სად ჰქონდა ანუკის მაგის დრო? დილას სკოლა, შუადღეს მეცადინეობა, საღამოს ოთახების დაგვა - ოჯახში გადანაწილებული საქმიდან ცოცხი ერგო წილად. მხოლოდ ამის მერე, ძილის წინ ერთი საათით ადრე, ჩართავდნენ ხოლმე ტელევიზორს, ცოტა ხანს მთელი ოჯახი ერთად შესცქეროდა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ პორტალს, მერე კი - აბა, ბავშვებო, ძილის დროა! - გამოაცხადებდა ხმამაღლა დედა და ანუკი და მისი უფროსი და თავჩაქინდრულნი, უსიტყვოდ მიემართებოდნენ საძინებლისკენ. დედა მკაცრი ჰყავდათ.
 თავისი სამყარო მაინც ყველაფერს ერჩია. წიგნში წაკითხული თავგადასავლებიდან ყველაფერი საკუთარ თავზე ჰქონდა გადახდენილი. წითელქუდაც თვითონ იყო და ბოროტ მგელს გაურბოდა; კონკიაც, რომელიც დაკარგულ ბროლის ქოშს მისტიროდა და დევების მიერ ცხრაკლიტულში გამომწყვდეული მზეთუნახავიც, საქონლის ტვინის და პურის გულის მეტს რომ ვერაფერს ჭამდა. ღამ-ღამობით წაიფარებდა საბანს თავზე და თავისსავე გამოგონილ ზღაპრებში მშვიდად ეფლობოდა. და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ ღამესაც, ახალჩაძინებული, წყურვილმა არ გააღვიძა. ფეხაკრეფით გამოიპარა საძინებლიდან და სამზარეულოსკენ წავიდა. მშობლები მისკენ ზურგით ისხდნენ და ჯადოსნურ ყუთს შესცქეროდნენ, ფეხის ხმა არ გაუგონიათ. ანუკიმ თვითონაც არ იცოდა, რატომ არ უნდოდა მათ დანახვებოდა, რომელი დედა აუკრძალავდა შვილს წყლის დალევას. მაინც, თითქოს ასე უფრო მეტ მნიშვნელობას სძენდა თავის მისიას, კედელ-კედელ, ლანდივით მიიპარა კარამდე და სამზარეულოში უხმაუროდ შესხლტა. დაბრუნებისას კი... დაბრუნებისას საოცარმა მელოდიამ მიიპყრო მისი ყურადღება და აიძულა, ეკრანისკენ გაეხედა.  გამოსახულება შავ-თეთრი იყო, მაგრამ სათითაოდ შეიგრძნო ფერთა ის პალიტრა, რასაც პირველყოფილი „სარკევ, სარკევ“ ვერ სთავაზობდა. თეთრ, გაშლილ კაბაზე მიმაგრებული თითოეული თვლის ბრჭყვიალმა თვალიც კი მოსჭრა. კაბა კი ჰაერში ლივლივებდა. გოგონა, როგორც ნიავში მოფარფატე პეპელა, მსუბუქად ეშვებოდა მიწაზე და ორიოდ წამში ისევ გასაფრენად გამზადებული შლიდა ფრთებს, აიჭრებოდა, ძლიერ ქარში მოხვედრილი შემოდგომის ფოთოლივით დაბზრიალდებოდა და ასე ბზრიალით, ცერით ფრთხილად ეხებოდა ხის მოპრიალებულ იატაკს. იყო მის მოძრაობებში რაღაც, რაც ყველა ფიზიკურ კანონს არღვევდა და გადაჰყავდი იმ ზღაპრულ სამყაროში, სადაც ფრენა, უწონადობა, დაუბრკოლებლობა გამოიხატებოდა ერთ სიტყვაში – თავისუფლება. ეს იყო თავბრუდამხვევი ბზრიალის სამყარო, ეს იყო ლამაზი კაბების სამყარო, ეს იყო ბალეტი.
 „ამ ეშმაკის მანქანაში სისულელეების მეტს არაფერს ანახვებენ“ - რეალობაში დედის ხმამ დააბრუნა და ეკრანიც ხმაურით გაითიშა. ანუკიმ საძინებლისკენ ისევ უჩუმრად გასწია. იმ ღამეს კი, უფლისწულის მომლოდინე პრინცესების მაგივრად, ჰაერში მოფარფატე გოგონა ესიზმრა.
***
მეორე დღემ თითქმის ჩვეულებრივ ჩაიარა. დილას რძიან კაკაოს კარაქიანი პური მიაყოლა, სკოლაში მამამ წაიყვანა. გაკვეთილებს ყურადღებით უსმენდა, დასვენებებზე კი თავისი თოჯინისთვის შესაკერი კაბის დიზაინს ხატავდა, რომელიც, რატომღაც, ძალიან ჰგავდა წინა ღამეს ნანახ, ბრჭყვიალათვლებიან თეთრ საოცრებას. სახლში მოსული მაშინვე დავალებებს მიუჯდა. გვერდითა ოთახიდან მუსიკის მასწავლებლის მკაცრი ხმა ისმოდა: „გამა სოლ მაჟორი. ფა დიეზი, ფა! არპეჯიო დამიკარი და ნუ უტყაპუნებ თითებს კლავიშებს! წარმოიდგინე, რომ ბალერინა ხარ, შენი ერთადერთი საყრდენი კი თითის წვერებია. მსუბუქად და ნაზად! დაუკარი!“ - მეცადინეობაში ხელი შეეშალა. წიგნები გადადო და წამოდგა. გაიარ-გამოიარა, რა ეკეთებინა? საკერავს ვერ ჩართავდა. ეთოს, თავის დას, დაკვრაში ხელს უარესად ვერ შეუშლიდა. „თითის წვერებზე, ბალერინასავით!“ - მაინც როგორ იდგა ის გოგო თითის წვერებზე? ანუკი წამოდგა, წელში გაიმართა და სცადა, ქუსლები იატაკისთვის მოეშორებინა. აიწია, ცოტაც, ცოტაც.... არ გამოუვიდა. კიდევ სცადა, ამჯერად თითქმის შეძლო ტერფების ორი მესამედის ჰაერში აწევა, საბოლოოდ, წონასწორობამ უმტყუნა და ძირს დავარდა. „პიანინოს კლავიშებზე ხელის თითის წვერებით შედგომაც თუ ასეთი რთულია, სულაც აღარ მიკვირს, ეთოს დაკვრა რომ არ გამოსდის“ – გაიფიქრა მან და უცებ, გულით შეეცოდა უფროსი დაიკო. დღეში ოთხ საათს უმელოდიო ეტიუდებს რომ აბრახუნებდა და ნოტებად წოდებულ გამოუცნობ იეროგლიფებს ჩასჩერებოდა.
ღამით მორჩილად წავიდა დასაძინებლად. გული სწყდებოდა დედის გუშინდელ სიტყვებზე. რა უწოდა? სისულელე! ანუკის იმედი არ ჰქონდა, რომ ამჯერადაც ექნებოდა შესაძლებლობა, ეს „სისულელე“ ენახა ტელევიზორში. თავზე საბანი წაიფარა  და დაძინებას შეეცადა, როცა მის ყურამდე რაღაც ახალმა მელოდიამ მიაღწია. სიფრთხილე სულ დაავიწყდა, ისე ეცა კარებს და ისევ ის გაშლილი კაბა დაინახა. გოგონა ამჯერად თავდავიწყებით ბზრიალებდა. თავი უკან გადაეხარა, ხელები თავს ზემოთ ჰქონდა აწეული და ცალი ფეხის მხოლოდ ერთ თითზე თავბრუდამხვევად ტრიალებდა. ეკრანიდან რამდენიმე მუსიკალური ინსტრუმენტის ჰარმონიულად შერწყმული ხმა იღვრებოდა და ანუკი მიხვდა, თუ რატომ არავინ რთავდა ტელევიზორს. მობზრიალე გოგონას წინ, მშობლებს სავარძლებში ღრმად ეძინათ.
მსგავსს შემთხვევას ხელიდან ვერაფრით გაუშებდა, სასწრაფოდ მაგიდის ქვეშ შეძვრა და მონუსხული მიაჩერდა გამოსახულებას. მალე სხვა ბალერინებიც გამოჩნდნენ. სინქრონში ერთმანეთისკენ იხრებოდნენ, თითქოს მოწიწებით უკრავდნენ თავს მისალმების ნიშნად. ფრთხილად ცვლიდნენ ადგილებს და მსუბუქი მოძრაობებით გადმოსცემდნენ სცენის ღრმა აზრს. რა ტკბილი წუთები იყო. თითოეული ბალერინა მხოლოდ მისთვის ცეკვავდა. სათითაოდ იწვევდნენ თავიანთ სამყაროში, თავიანთ ტრაგედიასა თუ ბედნიერებაში. რეალობა კი გაშეშებულიყო, დრო გამქრალი. და ანუკის, ცხოვრებაში პირველად,  სასაცილოდ მოეჩვენა გრძელკაბიანი და ოქროსგვირგვინოსანი მეფის ასულები. აქამდე თუ ოცნებებით არსებობდა, ახლა ერთი, კონკრეტული მიზანი გამოიკვეთა მის ახლად დაწყებულ ცხოვრებაში და ის მიხვდა, რომ მზად იყო, მთელი დარჩენილი სიცოცხლე თითის წვერებზე შემდგარს, ბზრიალში გაეტარებინა.
მთელი ღამე და შემდგომი დღის ნახევარი იმაზე ფიქრში გაატარა, როგორ ეცნობებინა დედისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ. სულაც არ ეგონა, რომ იოლად დაითანხმებდა. გაკვეთილზეც და დასვენებებზეც თავში ათას გეგმას აწყობდა და რვეულში თოჯინის კაბის დიზაინის ნაცვლად, მშობლისთვის სათქმელ ტექსტს წერდა. ცდილობდა, დამაჯერებელი არგუმენტებით გაემყარებინა, თუმცა თავში ღირებული არაფერი მოსდიოდა. იმას ხომ ვერ ეტყოდა, თითის წვერებზე სიარული და ბზრიალი მომწონსო. საბოლოოდ, ამაზე უკეთესი მაინც ვერაფერი მოიფიქრა. დედისგან კი დაცინვა ერგო: „ფეხის წვერებზე სიარული თუ მოგწონს, მაშინ იარე, შენი და რომ სოლფეჯიოს მეცადინეობს. ბზრიალი კი, რომ გათხოვდები, ოჯახშიც გეყოფა.“ აქ დასრულდა ანუკის პრიმა ბალერინობისკენ სწრაფვა. ბალეტმა კი მის ზღაპრულ ოცნებებში მთავარი ადგილი დაიკავა.
***
დღე დღეს მისდევდა. ცხოვრებაც ჩვეული რიტმით გაგრძელდა. ანუკის მონოტონური ცხოვრების წესში დიდი ცვლილება არ მომხდარა. სკოლა, გაკვეთილები, საოჯახო საქმეები - კვლავაც მის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა. მხოლოდ ღამღამობით, სასტუმრო ოთახის შუაგულში მდგარი მაგიდა მის საიდუმლო თავშესაფრად გადაიქცეოდა ხოლმე, საიდანაც თავის წარმოსახვაში თავით ეშვებოდა. ახლა უკვე თვითონ იყო გედად გადაქცეული პრინცესა ოდეტი, მთვარის შუქზე სხვა ქალწულებთან ერთად თავდავიწყებით მოცეკვავე ჟიზელი და ქარის წისქვილებთან მებრძოლი დონ კიხოტის რაინდულ გონებაში წარმოსახული დულსინეა ტობოსელი. სკოლიდან მოსული კი გულმოდგინედ ცდილობდა, თითის წვერებზე მდგარს სხვადასხვა ილეთი შეესრულებინა. ეთუნას ტანჯვისა და მუსიკის მასწავლებლის სახაზავის ტყლაშუნის ფონზე საათობით შეეძლო, ეტრიალა. გადაიხრებოდა უკან, ხელებს თავს ზემოთ დაიკავებდა და თავბრუდამხვევი სისწრაფით აღტაცების მორევში იძირებოდა.
***
დედა ღიმილით ათვალიერებდა პიანინოს თავზე შემოდებულ თოჯინებს. თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფერის ქვედა ბოლო ეცვა, მაგრამ, რატომღაც, ბოლო დროს ანუკის შეკერილი ტანსაცმელი ფორმით და ზომით ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. აღარსად იყო ჯიბეებიანი ჩითის სარაფნები, ვეღარც დაპლესილ უჯრულა კაბას ნახავდით სადმე. ყველა თოჯინას გაშლილი, ფუშფუშა მოკლე ქვედაბოლოები ემოსა, ტანს კი მჭიდროდ მომდგარი, მძივებიანი კორსეტი უმშვენებდა. „მაინც, რა მოსწონს ამ გოგოს ბალეტში. გამოდიან ხალხის წინ. უსირცხვილოდ დახტუნაობენ. ხალხი კი ტაშს უკრავს. გადაგვარდა ყველაფერი,“ - ფიქრობდა დედა და ხელში შერჩენილ თოჯინას დაჰყურებდა.
***
ანუკი კარგი მოსწავლე იყო. არცერთ საგანში უმაღლესზე დაბალი ნიშანი არ ჰყავდა. ამ ბოლო დროს ხაზვა შეუყვარდა ძალიან. დაიჭერდა ფარგალს და იქამდე აბზრიალებდა, სანამ ფანქარს წვერს არ მოატეხდა. თვითონ იცოდა მიზეზი, აი, მასწავლებელი ვერასდროს ხვდებოდა, რატომ იყო მის მიერ დახაზული წრეწირი სხვა ფიგურებთან შედარებით მუქი. შეკითხვის დასმით კი თავი არავის შეუწუხებია. გოგონა მხოლოდ საკუთარ თავს უსვამდა გამუდმებით ერთ შეკითხვას: რატომ ეჯდა დედა ეთოს მთელი დღე პიანინოსთან და სხვადასხვა ნაწარმოების შესრულებას ოც-ოცჯერ აიძულებდა მაშინ, როცა ერთხელაც არავინ დაინტერესებულა, მას სკოლაში რა საგანი მოსწონდა ყველაზე მეტად.
იმ დღესაც, სკოლიდან ბრუნდებოდა და თავდახრილი, საკუთარ ნაბიჯებს ჩაჩერებული ფიქრობდა. ხაზვასა და ფიზიკაში ისევ უმაღლესი მიიღო. მასწავლებელმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ მასზე ნიჭიერი მოსწავლე აქამდე არ ჰყოლია. მთელი დარჩენილი დრო თავჩაქინდრულმა და სიამაყით აწითლებულმა გაატარა. ნეტავ, ასეთსავე წარმატებას თუ მიაღწევდა, ბალერინა რომ გამოსულიყო? რა თქმა უნდა! ყველა მონაცემი ხელს უწყობდა. სუსტი იყო, თხელი. ისეთი მსუბუქი ნაბიჯები ჰქონდა, მის ფეხის ხმას თითქმის ვერავინ იგებდა. არც შრომისმოყვარეობა აკლდა, ბალეტი კი ამქვეყნად ყველაფერს ერჩია.
თავის  სადარბაზოს ისე მოადგა, ვერც კი მიხვდა, ამხელა მანძილი ასე უცებ როგორ განვლო. სახლში შესულს პირველი თვალში თავისი თოჯინები მოხვდა: უმეტეს მათგანს სხვადასხვა ფორმისა და ზომის კაბა ემოსა, მხოლოდ ერთს ჰქონდა დატოვებული ბალერინის პაჩკა. „ანზორაანთ ხატიას ვაჩუქე, ყველას ერთნაირი ტანსაცმელი რაში სჭირდებოდა, როცა ამდენი ლამაზი კაბა უჯრაში ტყუილად გიყრია“ - მოკლედ განუმარტა დედამ და მაგიდასთან მიიხმო, რომელსაც მის გარდა, თვალებჩაწითლებული ეთუნა ეჯდა, მამა კი თავზე ხელს მზრუნველად უსვამდა - ჩანდა, დაიკო მუსიკის გამოცდაში ისევ ჩაიჭრა. „დროა, შენი მომავალი პროფესია განვიხილოთ. ვიცი, რომ ცეკვა-თამაში გიტაცებს, მაგრამ საუბედუროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რაც თავში მოგვივა, ყველა სისულელე ვაკეთოთ. ჩვენი უპირველესი ამოცანა გარანტირებული, უზრუნველი ცხოვრებაა. ნათელა თავის გოგოს დაელაპარაკა და ხვალიდან უცხო ენაში მოგამზადებს! ლექტორი თუ ვერ გამოხვალ, ბავშვებს მაინც ამეცადინებ სახლში.“ – დედის სიტყვა მტკიცედ ჟღერდა. ბავშვს სახეში არ შეუხედავს, ისე დაუქნია თავი და სამეცადინოდ გასწია. მის კითხვებს სულ ახლახან პასუხი გაეცა - მისი, ისევე როგორც ეთოს მომავალი, დიდი ხნის წინ გადაწყვეტილიყო. ამ ხნის განმავლობაში პირველად, ანუკის ბზრიალის სურვილი აღარ გასჩენია.
***
უნივერსიტეტში პირველსავე წელს ჩაირიცხა. უმაღლეს ქულებს ეპოტინებოდა, საბოლოოდ, ერთ საგანში მაინც საშუალოზე მაღალი მიიღო, რის გამოც იცოდა, მშობლების გულისწყრომას ვერ ასცდებოდა. ყოველთვის უკვირდა, რატომ იყო ეთოს წვალებით ჩაბარებული გამოცდა ოჯახური ზეიმის მიზეზი, მას კი ერთი ქულის დაკლებას არავინ აპატიებდა? ბოლოს, - რაც უფრო მეტი შეგიძლია, მით მეტს გთხოვენო - დაასკვნა და ამით მის გაკვირვებასაც ბოლო მოეღო.
გულის ფანცქალით ელოდა სასწავლო წლის პირველ დღეს. იმდენი რამ სმენოდა სტუდენტურ ცხოვრებაზე, თავგადასავლებზე. მთელი არსებით მიისწრაფვოდა იმ თავისუფლებისკენ, რაც უფროსი თაობისგან ჰქონდა გაგონილი. „ახალი მეგობრები, თაყვანისმცემლები, ექსკურსიები, სადაც მშობელი და მასწავლებელი არ გჭირდება მეთვალყურედ. ლექციების შემდეგ ჯგუფელებთან ერთად კინოთეატრში წასვლა, რომელიმე კურსელის სახლში შეკრებები და გამოცდებისთვის ერთობლივი მზადება, სხვადასხვა სახეობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები...“ ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად აინტერესებდა ახალგამომცხვარ სტუდენტს. წარმოიდგენდა, როგორ ანახვებდა ბალეტის მასწავლებელს წლების განმავლობაში გავარჯიშებულ ილეთებს. აღტაცებული მასწავლებელი კი თვითნასწავლ ბალერინად შერაცხავდა და პროფესიონალთა გუნდში ჩაწერდა...
პირველი იმედგაცრუება ჯერ კიდევ მაშინ იგრძნო, აუდიტორიაში შესულს ზედ რომ არავინ შეხედა. უზარმაზარ საკლასო ოთახში ასამდე მისი ასაკის, ან მასზე ცოტა უფროსი სტუდენტი ეჯდა მერხს. ბევრ მათგანს უკვე მოესწრო საერთო ენის გამონახვა ერთმანეთთან. დანარჩენები ან წიგნს კითხულობდნენ, ან რვეულში რაღაცას წერდნენ. არავის გაჰკვირვებია, არავის გახარებია და არც არავის სწყენია მისი გამოჩენა. ერთი სტუდენტით მეტი იქნებოდა თუ ნაკლები, დიდად არ აღელვებდათ. ანუკი არ იყო იმდენად კომუნიკაბელური, მოჭორავე გოგონებს შეერთებოდა. ბიჭებთან გამოსალაპარაკებლად კი ზედმეტად ამაყი იყო. წიგნსა და რვეულში თავჩარგული ახალგაზრდები დაკავებულებად გამოიყურებოდნენ, მხოლოდ თვითონ ჩანდა ყველასგან და ყველაფრისგან გარიყული. ჩვეულებისამებრ, თავი დახარა და კუთხეში განმარტოებით მდგარ მერხს მიუჯდა.
მეორე იმედგაცრუება მაშინ იგემა, როცა აღმოაჩინა, რომ არავითარი სხვადასხვა სახეობის ცეკვის, მათ შორის, ბალეტის ანსამბლი არ არსებობდა. ეს იყო სამოყვარულო ქართული ცეკვის ჯგუფი, რომელიც რომელიღაც მოცეკვავე სტუდენტს თავისი ინიციატივით ჩამოეყალიბებინა. ანუკის არც კი უცდია, ჩაწერილიყო.
მესამე იმედგაცრუებამ კი საბოლოოდ დაანარცხა მიწაზე. მის წარმოსახვით სტუდენტურ თავისუფლებას წერტილი მაშინ დაესვა, როცა უნივერსიტეტის კორპუსიდან გამოსულმა სკამზე მჯდომი მომლოდინე მამა დალანდა.
***
ამ დღის მერე საკმაო ხანმა განვლო. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, სამუშაო სტაჟირება დამამთავრებელ კურსზე ერთ-ერთი სკოლაში გაიარა. შტატშიც ჩასვეს და მცირე ხელფასიც დაუნიშნეს. ყოველ წელს ბავშვების ახალ-ახალ სახეებს ხედავდა. კოლეგებთანაც ცუდი დამოკიდებულება ნამდვილად არ ჰქონია. ახლო მეგობარიც შეიძინა ქართულის მასწავლებლის სახით. ლალი 39 წლის გაუთხოვარი, მარტოხელა ქალი იყო, რომელთანაც საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია ანუკის. როცა გაკვეთილები არ ჰქონდათ, ერთად ჩამოსხდებოდნენ, ყავას მოიდუღებდნენ და ჭორაობდნენ. უფრო სწორად, ლელა ჭორაობდა სხვა მასწავლებლებსა თუ მეზობლებზე, ანუკი კი ღიმილით უსმენდა. საჭორაო თემა რატომღაც ყოველთვის მათი ახლობლების ქმრები იყვნენ. ვინ ვისთან უღალატა და ვინ როგორ დაამცირა ცოლი. ჭორი, ჩვეულებრივ, ერთი და იმავე ფრაზით მთავრდებოდა „ეჰ, ყველა კაცი ერთნაირია!“ – მერე ანუკის გადახედავდა და „ერთი მე და შენ ვართ ჭკვიანები, გათხოვებაზე ფიქრით თავს რომ არ ვიწუხებთო“ – ხუმრობით დაამატებდა.
გათხოვებასა და ოჯახის შექმნაზე ფიქრით კი თავს მართლაც არ იტკიებდა. თუმცა, იმასაც კარგად გრძნობდა, რომ ერთფეროვანმა ცხოვრების წესმა დაღალა. ახლაც, როგორც ბავშვობაში, სკოლა, მეორე დღისთვის გაკვეთილებისთვის მომზადება, საოჯახო საქმეები – დღის მთავარ თემად მყარად იდგა. მშობლები დიდად აღარ ზღუდავდნენ, ნერვიულობდნენ კიდეც, 24 წლის ასაკში კვლავაც მარტო რომ დაიარებოდა, მაგრამ მიეჩვია ასეთ ცხოვრებას და სიახლეების შეტანის არც ხალისი ჰქონდა და არც გამოცდილება.
მხოლოდ ხანდახან, როცა ვერავინ ხედავდა, გაიხსენებდა ხოლმე ბავშვობის ოცნებას. გადასწევდა თავს უკან, აიწეოდა თითის წვერებზე, ხელებს თავს ზემოთ დაიჭერდა და იწყებდა ბზრიალს. ბზრიალებდა თავბრუდამხვევი სისწრაფით და გული სიხარულით ევსებოდა, რომ იყო რაღაც, რაც მხოლოდ მას ეკუთვნოდა, ის, რაც არავის უკარნახია მისთვის და ის, რასაც ვერავინ წაართმევდა. ბზრიალებდა ყველგან და ყოველთვის, როცა იცოდა, რომ მარტო იყო. და ამ დროს ის, მხოლოდ ამ დროს, გრძნობდა რომ საკუთარ თავს ეკუთვნოდა, ნამდვილად თავისუფალი იყო, თავისი თავის უფალი.
***
ლალის უყურადღებოდ არ დარჩენია ხაზვის მასწავლებლად ახალგაზრდა ბიჭის დანიშვნა. პირველსავე შესვენებაზე აქოშინებული შევარდა სამასწავლებლოში, ანუკი ძალით დასვა მაგიდასთან და ყავის მოდუღება თავში აზრად არ მოსვლია, ისე დაიწყო ახალმოსულის აღწერა. გოგონას დიდად არ აინტერესებდა მოცემული თემა, მაგრამ სახეგაბრწყინებულმა ქალმა მანამ არ დაასრულა ლაპარაკი, სანამ თავიდან ბოლომდე არ მოყვა, რა ინფორმაციაც შეაგროვა მასზე. როგორც აღმოჩნდა, აკაკი პროფესიით არქიტექტორი ყოფილა. რამდენიმე წელი რაიონში უმუშავია საკუთარი პროფესიით. მშობლები რომ მოხუცდნენ, ქალაქში ჩამოვიდა და სკოლის მასწავლებლობას დასჯერდა. მის გარდა შვილი არ ჰყოლიათ მშობლებს. ის კი, 30 წელს მიტანებული, ჯერ კიდევ უცოლშვილოდ დაიარებოდა. და, რაც მთავარია, მთელ სკოლაში ერთადერთს მას ჰყავდა მანქანა. გოგონას ლალის მთელი ლაყბობის განმავლობაში მხოლოდ ორი კითხვა დაებადა: საიდან მოაგროვა ამდენი ინფორმაცია ერთი საათის მოსულ ადამიანზე, და რაში აინტერესებდა ეს ყოველივე ქალს, რაზეც მეგობარმა თვალი ჩაუკრა და „რა იცი, რა ხდებაო“ - გაუცინა.
დასასრული შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3