როგორ განახორციელა ქართული ღვინის ექსპორტი ევროპაში ლავრენტი ბერიამ #11
ბერიას საზრიანობასა და მოხერხებულობაზე არაერთხელ დაწერილა და ფაქტია, რომ ბერია ხშირად ისეთ კომბინაციებს იგონებდა, ერთი გასროლით რამდენიმე მიზანს ერთდროულად ახვედრებდა. საბჭოთა უშიშროების ვეტერანი, დაზვერვის ექსპერტი და ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი, საველი მამაკონოვი წერს: „არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს სტალინმა ბერიაზე თქვა: ლავრენტი ბერია დაბადებიდანვე ჩეკისტიაო. შეესაბამება თუ არა ეს თქმულება სინამდვილეს, ძნელი სათქმელია... მაგრამ ის ფაქტია, რომ ლავრენტი ბერია ჩეკისტის ყველა კრიტერიუმს ასი პროცენტით აკმაყოფილებდა და სწორედ ისეთი უშიშროების მუშაკი იყო, როგორიც იმ პერიოდსა და პირადად სტალინს სჭირდებოდა. ბერია იყო ეშმაკი, საზრიანი, ერუდირებული და დაუნდობელი, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებდი და თუკი მტრად მოეკიდებოდი, აუცილებლად წააგებდი თავს. სწორედ ასე დააყრევინა თავები ლავრენტი ბერიამ ქართველ ბოლშევიკთა ძველ თაობას, მათ, ვინც საქართველოს ცეკას პირველი მდივნის გვერდით მუშაობა არ ისურვეს. მისი აბუჩად აგდება სცადეს და გაფიცვა მოუწყვეს. ბერიამ კი „გაფიცულები“ ჯერ „შავ სიაში“ შეიყვანა, შემდეგ კი ეს „შავი სია“ ისეთ ჯოჯოხეთურ ცეცხლში დაწვა, რომ სხვებისთვის თვალსაჩინო მაგალითად გადაიქცა და „პირველის“ (ბერიას) გაბიაბრუება უკვე აღარავის უცდია. ამის მერე, ბერიამ უფრო ფართოდ გაშალა ფრთები და მისი მოღვაწეობა საქართველოს პარტიული ლიდერის პოსტზე, ძალიან ეფექტური და შრომატევადი იყო მთელი მისი კარიერის განმავლობაში. მოსკოვში გადასვლამდე ბერიამ საქართველოში უამრავი სასიკეთო რამ გააკეთა და ის საბჭოთა კავშირის მოწინავე რესპუბლიკად გადააქცია. იმავდროულად, საერთაშორისო ასპარეზზეც გაუკაფა გზა და პატარა საქართველო დიდ ევროპაშიც კარგად გაიცნეს. ეს კი, ძირითადად, ქართული ღვინის წყალობით მოხდა. საგულისხმო ფაქტია, რომ გასული საუკუნის ოცდაათიან წლებსა და ორმოციანების დასაწყისში, ქართული ღვინო გერმანიასა და საფრანგეთში იყიდებოდა. ეს კი ერთადერთი ადამიანის, ლავრენტი ბერიას დამსახურება გახლდათ. ბერიასთან ერთად გასამართლებული გენერალი, სერგო გოგლიძე 1953 წლის დეკემბერში ასეთ ჩვენებას იძლეოდა დახურულ სასამართლო სხდომაზე: „მიუხედავად იმისა, რომ „ჩეკას“ ცენტრალური მმართველობა მოსკოვში იყო და ყველა საერთაშორისო-საიდუმლო ოპერაციის წარმოების ბრძანება იქიდან გაიცემოდა, იყო გამონაკლისი შემთხვევებიც. ანუ, ზოგიერთ ოპერაციას საქართველოს უშიშროება ავტონომიურ რეჟიმში, ცენტრთან შეუთანხმებლად ატარებდა და ასეთი ოპერაცია იყო კოდური სახელწოდებით „ბახუსი“...
ოპერაცია „ბახუსი“ საბჭოთა უშიშროების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული აღმოჩნდა. „ბახუსის“ მიზანი გახლდათ, ზოგადად ევროპაში და კონკრეტულად კი, გერმანიაში საიდუმლო სამალავების მოწყობა და ამ სამალავებში დიდი რაოდენობით იარაღის შენახვა „დღე იქსისთვის“. ეს ოპერაცია ბერიამ სტალინის პირადი მითითებით განახორციელა და 1935 წელს დაიწყო. თავის აპოთეოზს კი, დიდი სამამულო ომის დროს მიაღწია. „ბახუსის“ მიხედვით, ევროპაში ექსპორტირებულ ქართულ ღვინოსთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანასა და რაც მთავარია, ჰიტლერულ გერმანიაში დიდძალი, კარგად შენიღბული საბრძოლო იარაღი შედიოდა. უკვე მოგვიანებით კი, როცა ევროპის ოკუპირებულ ქვეყნებში ანტიჰიტლერულმა აჯანყებებმა იფეთქა, სწორედ ბერიას მიერ ქართულ ღვინოსთან ერთად შეტანილი იარაღი გამოიყენეს. თადარიგის გენერალი, ვასილი ანცოვი წერს: „საარქივო დოკუმენტების გაცნობისას ვიგებთ, რომ „ბახუსი“ თავიდან ბოლომდე ბერიას პირმშო გახლდათ. 1935 წელს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი – ლავრენტი ბერია მოსკოვში სტალინს შეხვდა და როცა ორმა ქართველმა უახლოესი ათი წლის განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკური პროგნოზები გააკეთა, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საბჭოეთ-გერმანიის შეტაკება გარდაუვალი ფაქტი იყო. სწორედ ამ დროს შესთავაზა ბერიამ სტალინს წინასწარი თადარიგის დაჭერა და პოტენციური მტრების ქვეყანაში იარაღის მალულად შეტანა, შემდგომში მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით. სტალინმაც თანხმობა განაცხადა“.
ეშმაკმა ბერიამ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. ერთია, რომ იარაღის შეზიდვა განხორციელდა, რამაც საბჭოეთს წლების შემდეგ, გერმანული ფაშიზმის დამარცხება გაუადვილა. მეორე კი ის, რომ ქართულ ღვინოს დიდი რეკლამა გაუკეთა და ბიუჯეტში ექსპორტიდან დიდი თანხები შევიდა.
საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სახალხო კომისარიატის ღვინის ტექნოლოგიის მთავარი ინჟინერი, დოქტორი ვიტალი ბობრინი წერდა: „ბერიამ რომ სტალინთან შეთანხმებით, ქართული ღვინის ექსპორტს ჩაუყარა საფუძველი უცხოეთში, საკავშირო კვების მრეწველობის კომისარიატში ვმუშაობდი და ცენტრიდან თბილისში ექსპერტად მიმავლინეს. ბერია კატეგორიულად ილაშქრებდა ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ და ყველა კანონდამრღვევს სასტიკად სჯიდა. სამაგიეროდ, პროფესიონალებს ახალისებდა და აჯილდოებდა. სულ რაღაც ორ წელიწადში ქართული ღვინის ხარისხმა მსოფლიო დონეს მიაღწია.“
ალბათ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბერია სტალინის კეთილგანწყობით სარგებლობდა და საბჭოთა ბელადი თავის თანამემამულეს ზოგჯერ ავტონომიური მოქმედების ექსკლუზიურ უფლებასაც აძლევდა. თუმცა, ეს ექსკლუზიურობა არა სტალინის მიკერძოებულობიდან გამომდინარეობდა, არამედ ბერიას არგუმენტებული, დასაბუთებული შეთავაზებებიდან, რომლებიც ყოველთვის ზუსტად ხვდებოდა მიზანში. ასე იყო „ბახუსის“ შემთხვევაშიც, ანუ, ღვინის ექსპორტი მხოლოდ სპეცოპერაციის შეფუთვა იყო, სინამდვილეში კი, მთელ ამ გეგმაში მთავარი ევროპაში იარაღის შეტანა გახლდათ და სწორედ ასეთი აქცენტებით წარუდგინა ბერიამ სტალინს „ბახუსის“ გეგმა. საგულისხმოა ისიც, რომ ქართული ღვინოების ბოლო პარტია გერმანიაში 1941 წლის 21 ივნისს, ანუ ომის დაწყების წინა დღეს შევიდა. ქართული ღვინოები კი ბერლინის კაფე-რესტორნებში, მთელი 1941 წლის განმავლობაში იყიდებოდა, ანუ გაგანია ომის დროს და მას „ესესის“ ოფიცრები განსაკუთრებით ეტანებოდნენ. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ „ბახუსის“ ყველა ძირითადი მონაწილე საქართველოს უშიშროების ოფიცერი იყო და პირადად ლავრენტი ბერიას ემორჩილებოდა და როცა მეორე მსოფლიო ომის დროს გარდატეხა მოხდა, ფაშისტებმა უკან დაიხიეს და დღის წესრიგში ფართო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაშლა დადგა, მათ ქართველი ოფიცრები უწევდნენ კოორდინაციას, რა თქმა უნდა, ბერიას ხელმძღვანელობით. ეს კი, სწორედ 1935 წელს, ბერიას მიერ დაწყებული სპეცოპერაცია „ბახუსის“ დამსახურება იყო, რომლის ჩატარებითაც ბერიამ რამდენიმე მიზანს ერთდროულად მიაღწია.“