როგორ დგება ქალი ღალატის ცდუნების წინაშე და რით არის საშიში მეზობელთან ზედმეტი სიახლოვე #
ქალის ღალატის თემა ყოველთვის უფრო მტკივნეული და რეზონანსულია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალს გაცილებით მეტი მოეთხოვება და მან მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს თავი. ჩვეულებრივი ურთიერთობაც კი შესაძლოა, სახიფათო გახდეს. პრობლემა ისაა, რომ, როცა ქალი ცდილობს, აჯობოს საკუთარ თავს, გრძნობას და ემოციას, აუცილებლად მარცხდება ამ ბრძოლაში. აკრძალვებს ყოველთვის უკუშედეგი აქვს და დგება დღე, როცა ქალი ამის სავალალო ნაყოფს იმკის.
მარიკა (38 წლის): საკუთარი თავი მეცოდება. რატომ უნდა დამმართვნოდა ასეთი რაღაც. რადიკალურად სხვანაირად უნდა მეცხოვრა და ბედნიერი ვყოფილიყავი. ბუნებაში არ მიზის ის, რაც შემემთხვა. ერთი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, საყვარელი თუ მეყოლებოდა. რაც აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნდა, იმას ვაკეთებ ახლა და ვწუხვარ, თუმცა, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.
– წუხხართ, მაგრამ კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრების ამ წესით?
– ვწუხვარ და ჩემი ცხოვრების წესით კმაყოფილი არ ვარ. მაგრამ, მომხდარს ვერაფერს ვუხერხებ. მარტო იმაში გამიმართლა, რომ ქალი ვარ – მოგეხსენებათ, ქალები კარგად ვახერხებთ ღალატის დაფარვას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წესიერად ვიქცევი. პირიქით, საშინელი ადამიანი გამოვდივარ. შეიძლება, ჩემს ქმარსაც უღალატია ჩემთვის, არ ვიცი! ახლა უკვე ნაკლებად მაინტერესებს მისი ჩემდამი ერთგულების ხარისხი.
– იმიტომ, რომ ქმარი აღარ გიყვართ?
– პირიქით, ძალიან მიყვარს და ამიტომ არ მინდა, ჩემი ღალატის შესახებ გაიგოს. ვშიშობ, საამისოდ ბინის გაყიდვა მომიწევს, რადგან „ის კაცი“ ჩემი კარის მეზობელია. დიდი ცდუნების წინაშე ვდგავარ. თუ მისგან შორს არ ვიქნები, საკუთარ საქციელზე პასუხს ვეღარ ვაგებ.
– რას გულისხმობთ?
– საქმე ისაა, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს ფიზიკური სიახლოვე.
– ხომ თქვით, საყვარელი მყავსო.
– მიმაჩნია, რომ მყავს, რადგან მომწონს და მინდა მასთან სიახლოვე. როგორ აგიხსნათ უკეთ? – გულახდილად მოგიყვებით ჩემს ამბავს. ქმარი მყავს უკვე თოთხმეტი წელია. ნორმალურად ვცხოვრობთ, მაგრამ ურთიერთობაში ის ცეცხლი აღარ არის, როგორიც უწინ იყო. შეიძლება, ამან განაპირობა ჩემი მოთხოვნილება, როგორმე შემევსო ეს დეფიციტი. გავიცანი შემთხვევით. სამეული შევიძინეთ და ისეთ დროს მომიტანეს, ქმარი სახლში არ იყო. გაიგონა, როგორ ვწვალობდი, გამოვიდა და დამეხმარა. პირველად იმ დღეს ვნახე. ახალი გადასულები ვიყავით და არ ვიცნობდი მეზობლებს. ისედაც არ ვარ ძალიან კომუნიკაბელური. ჩაიზე დავპატიჟე, სრულიად ბუნებრივად და ადამიანურად.
– მეზობლურად...
– გეღიმებათ, მაგრამ მართლაც მეგობრული იყო ჩვენი ურთიერთობა თავიდან. არაფერი ზედმეტი. როგორ მოვიდა თბილი და სხვანაირი გრძნობა, არ ვიცი. მართლა ვერ ვხვდები. ღალატის მცდელობა იცით, რა არის? საშინელი განცდა, რომელიც ისეთი საქციელის ჩადენისკენ გიბიძგებს, რომელიც შენთვის მიუღებელია.
– როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი. ქმართან ურთიერთობაში რამე დაგაკლდათ?
– როგორც ჩანს, დამაკლდა. ჩემი ქმარი არ არის ისეთი ყურადღებიანი და „გულის მესაიდუმლე“, როგორიც ეს ადამიანია. ჩემს ფიქრებსა და სურვილებს ისე იგებს – უთქმელად, თვალის დაუხამხამებლად. ვიგრძენი, რომ მყავს ადამიანი, რომელსაც ბოლომდე შემიძლია, ვენდო. ლტოლვაც მაქვს მის მიმართ. როგორ აგიხსნათ... თავისთავად მიჩნდება მასთან ჩახუტების, ალერსის, მოფერების სურვილი. ყველანაირ სიახლოვეს ვგრძნობ.
– ალბათ, მეუღლე არ გიყვართ.
– როგორ არ მიყვარს. პატივსაც ვცემ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ ნორმალური ოჯახი გვაქვს. მაგრამ, მის მიმართ ასეთი სითბოსა და სინაზის გრძნობა არ მაქვს. ვერ ვერევი საკუთარ თავს, რადგან ის ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ხმის ამოუღებლად ხვდება, რა მინდა.
– ვერ მიხვდით, რომ მეზობელს ზედმეტად დაუახლოვდით?
– მივხვდი, მაგრამ ვერ გავაცნობიერე, ეს როდის და როგორ მოხდა. თავს კი არ ვიმართლებ, იმის თქმა მინდა, რომ ზღვარი ძალიან მყიფეა. ისე შეიძლება გადალახო, ვერც კი შენიშნო. მე რეალურად დავდექი ამ საშიშროების წინაშე და ზღვარი ვერ დავიცავი. ძალიან ვდარდობ და ვნერვიულობ. იმიტომ ვთქვი, ლამის სახლის გაყიდვაზე ვიფიქრო-მეთქი, მაგრამ როგორ ავუხსნა ეს ჩემს ქმარს? რა ტყუილი მოვიფიქრო, როგორ ვიმსახიობო. ტყუილს ხომ მოკლე ფეხები აქვს. აუცილებლად გაჟონავს სიმართლე.
– ყველაფერი ისე რომ დარჩეს, როგორც არის, ანუ ვგულისხმობ თქვენს ურთიერთობას მეზობელ მამაკაცთან, როგორ ფიქრობთ, სიმართლე არ გაჟონავს?
– მაგაზე რომ ვფიქრობ და ვნერვიულობ, იმიტომაც მივიჩნიე გამოსავლად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მაგრამ კარგი იდეა არ არის. უკვე ისე ვარ მასზე მიჯაჭვული, შეიძლება, ამანაც არ მიშველოს. მეშინია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ასე გაგრძელდა და ამ მიჯაჭვულობამ არ გამიარა, ერთ დღეს კისერზე ჩამოვეკიდები. ეს კატასტროფა იქნება ჩემი ოჯახისთვის.
– მას არ ჰყავს ოჯახი?
– მხოლოდ დედა ჰყავს, მეუღლე – არა. თქვენ გულისხმობთ, რომ ჩემკენ შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამს და ოჯახის დანგრევისკენ მიბიძგებს? ამისი შანსი არსებობს, თუმცა ნაკლები. რაში ვჭირდები გათხოვილი, შვილიანი ქალი? მას ჩემთან სიახლოვე მოსწონს ვალდებულებების გარეშე. გგონიათ, ვერ ვხვდები?! მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. ვერც მოღალატე ცოლის სტატუსს ვეგუები. რა გავაკეთო, აღარ ვიცი.