„ვარ გაკოჭილი მე ევროპელი“ #11
ანუ ამირანის სიხარული
ევროკავშირმა იმდენად გაგვახარა, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების თარიღიც დაგვითქვა: 28 მარტი. ამის პარალელურად კი, საბერძნეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობაც გადაწყვიტეს (საბერძნეთი-მეთქი, ვინაიდან ფაქტია, რომ ევროპული ცივილიზაციის დედაც და მამაც საბერძნეთია).
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს სასიხარულო ამბავი (ორივენიცა) თბილისში მოგვილოცა (ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა) და ცოდნის გაზიარებასაც დაგვპირდა და გამოცდილებისაც.
დიპლომატს არც იმის აღნიშვნა გამორჩენია, რომ ჩვენგანაც აპირებს, ცოდნა და გამოცდილება მიიღოს (მომყავს ციტატა: „ღრმად მწამს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ეკუთვნის ევროპას“).
რაც მთავარია, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შენიშნა (აუცილებლად უნდა მოვიხმო ციტატა): „ხუმრობითაც ვთქვით – როდესაც კავკასიიდან ვიპარავდით ცეცხლს, მაშინ არც ვიზა მოუთხოვია არავის და არც სასაზღვრო კონტროლი“.
ჩვენ არ ვიცით, აწი რაღას მივცემთ ისეთს საბერძნეთს (ოქროს საწმისისა და ამირანის პროტოტიპის გარდა) ან ის რას მოგვცემს ჩვენ, მაგრამ ის კი ცხადია, კავკასიონს მიჯაჭვულ ამირანს ეს აღიარება ძალიანაც მოეწონებოდა და პრომეთეს თავშიც წაუთაქებდა. –