ვინ გადაარჩინა ნოდარ დუმბაძე ციხეში დახვრეტას და რისი უფლება არ აქვთ მანანა და ქეთინო დუმბაძეებს, როგორც მწერლის შვილებს #10
ერთ წელზე მეტია, ნოდარ დუმბაძის უფროსი ქალიშვილი, მანანა დუმბაძე, ისრაელში მოღვაწეობს, სადაც საქართველოს საელჩოს მრჩეველია. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ლიტერატურის სიყვარული არასდროს განელებია და არაერთი შესანიშნავი წიგნისა და თარგმანის ავტორიც გახლავთ. როგორც თავად აღნიშნავს, ღმერთმა დააჯილდოვა იმით, რომ მზით სავსე მწერლის შვილობა ხვდა წილად. განგებამ მისი ცხოვრება ასევე შესანიშნავ მწერალს, ჯემალ თოფურიძეს დაუკავშირა. გულწრფელი რესპონდენტი საკუთარ ოქროს მოგონებებს გვიზიარებს – რთულ ეტაპებსა და იმ ოჯახური ტრაგედიებით გამოწვეულ ტკივილზე გვიყვება, რომელიც შავ-თეთრ ზოლებად გასდევს ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
მანანა დუმბაძე: ნახევარი წელია, რაც ისრაელში ვარ. მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და წილად მხვდა პატივი, მუშაობა ისრაელში, საქართველოს საელჩოში გამეგრძელებინა მრჩევლის პოზიციაზე. ვერ ვიტყვი, აქ მარტო ვარ-მეთქი. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, როცა თავისუფალი დრო აქვთ, ჩემი ოჯახის წევრები ჩამოდიან ჩემთან. აი ახლა, სულ მალე, დედას ჩამოსვლას ველოდები.
– მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, თქვენი ძველი პროფესიით, როგორც მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე, თუ აგრძელებთ მუშაობას?
– პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი და მთარგმნელი გახლავართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე. თავიდან პატარ-პატრა მოთხრობებს ვთარგმნიდი ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან. პირველად ქართულ ენაზე ვთარგმნე ირლანდიელი კლასიკოსის, სემუელ ბეკეტის რადიოპიესა „ნაკვერჩხლები“. შემდეგ ვმუშაობდი მარკ ტვენის ნაწარმოებებზე. ვთარგმნე „ტომ სოიერის თავგადასავალი,” მაგრამ არ გამომიქვეყნებია. 20 წელზე მეტი ლიტერატურის ინსტიტუტში ვიმუშავე უცხოური ლიტერატურული ურთიერთობის განყოფილებაში, ამერიკული ლიტერატურის განხრით. დისერტაციაც ამ სფეროში – შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში – დავიცავი. შარშან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ლადო ასათიანის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მისი ლექსების სხვადასხვა ენაზე თარგმანის კონკურსი გამოაცხადა. იქ ლადო ასათიანის ინგლისურად თარგმნილი 4 ლექსი წარვადგინე, რომელთაგანაც ერთმა პრემია დაიმსახურა. ამჟამად, ისრაელის ერთ-ერთი ცნობილი პოეტის, ამირ ორის ლექსებს ვთარგმნი ქართულად და ასევე, ცნობილი ქართველი პოეტის, ბათუ დანელიას არაჩვეულებრივ ლექსებს – ინგლისურად.
– ლიტერატურის წინაშე ბედმა დიდი პასუხისმგებლობა დაგაკისრათ თქვენ და თქვენს დას, ქეთინოს. ალბათ, არ არის მარტივი ნოდარ დუმბაძის შვილის სტატუსით ცხოვრება და თუნდაც ის, რომ თქვენი ქმრის, მწერალ ჯემალ თოფურიძის გარდაცვალების შემდეგ, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა თქვენ დაგრჩათ საპატრონოდ...
– ნოდარ დუმბაძის შვილობა, ძალიან დიდ ბედნიერებასთან ერთად, მართლაც, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი თავად თავისუფალი ადამიანი იყო და მეც იმას მეუბნებოდა, შვილი თავისუფალ პიროვნებად უნდა გაზარდოო, თავისუფალი ნამდვილად არა ვარ. ზუსტად იმის გამო, რომ ნოდარ დუმბაძის შვილი ვარ, ყოველთვის მიწევს რაღაცეებზე უკან დახევა. მე და ჩემს დას ბევრი რამის უფლება არა გვაქვს. მამამ საკუთარი არქივი ჩემს დას, ქეთინოს ჩააბარა, რადგან მიაჩნდა, რომ მე ჯემალის შემოქმედებისთვის უნდა მეპატრონა. ქეთინოს უთხრა: ჯემალის არქივს კარგი პატრონი ჰყავს და შენ ჩემს დანატოვარზე იმუშავეო. ჩემი მეუღლე, ჯემალ თოფურიძე, ძალიან ადრე გარდაიცვალა. მას სიცოცხლეში წიგნიც არ ჰქონდა გამოქვეყნებული, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი მოთხრობების ავტორი იყო და თავის განსაკუთრებულ ადგილს ნამდვილად იმსახურებდა ქართულ პროზაში. გარდაცვალების შემდეგ, რამდენჯერმე გამოვეცი მისი მოთხრობები: ჯერ 10 მოთხრობა, მერე – მეტი და ბოლოს – სრული კრებული, 20 მოთხრობა.
– მწერალი სიძის შემოქმედებას როგორ აფასებდა ნოდარ დუმბაძე? როგორც ვიცი, თქვენი გათხოვება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა მისთვის?
– ბედნიერი ვარ იმით, რომ პირველი შვილი ვარ და მამაჩემი მახსოვს, როცა ის ჯერ მხოლოდ 23 წლის ბიჭი იყო. ხშირად მიხუმრია, მამაჩემი ჩემს ხელში გაიზარდა-მეთქი. მართლა ერთად გავიზარდეთ, იმდენი რამ გვინახავს და გამოგვივლია ერთად. რატომ ეგონა, რომ არ გავთხოვდებოდი, არ ვიცი. მეხვეწებოდა, არ გათხოვდეო. როცა ჩემი მალულად გათხოვების, უფრო სწორედ, გაპარვის ამბავი გაიგო, ძალიან განიცადა. საბოლოოდ კი, საკუთარი შვილივით შეიყვარა სიძე. ხუთი წლის იყო ჩემი ძმა, ზაზა, როცა გარდაიცვალა და მამაჩემმა ჯემალი ვაჟიშვილივით მიიღო. ჯემოს მოთხრობა „გოგია“ შუაღამეს წაიკითხა. მთელი ღამე ითმინა და დილაუთენია, 6 საათზე დაგვირეკა. ტელეფონის ზარის ხმაზე თავზარი დამეცა. ავადმყოფი მშობლები რომ გყავს, რა უნდა იფიქრო კაცმა, დილაადრიან როცა გირეკავენ?! ტელეფონთან ჯემალი მივუშვი. სამარისებული სიჩუმე იდგა. მერე ჯემალმა ყურმილი დადო და თავისთვის ხმამაღლა თქვა: ასე მითხრა, ნეტა, ეს პატარა შედევრი მე დამეწერაო. 27 წლის დავქვრივდი, ჯემალის გარდაცვალება მამაჩემისთვის ძალიან მძიმე იყო. ჩემს შვილს, ნოდარს, მამის მაგივრობას უწევდა, გვერდიდან არ იშორებდა. ნოდარსაც ძალიან ბევრი მოგონება აქვს მამაჩემზე. ქეთინოს უმცროს შვილს, პატარა ნოდარს, არ მოსწრებია. უფროსი, ლევანიც, ამ დროს სულ პატარა იყო, მაგრამ ისე გაიზარდა ბაბუას სიყვარულში, რომ შესანიშნავი ფილმი გადაიღო – ,,მე, ბაბუა, ილიკო და ილარიონი“. მეც და ჩემს დასაც ტკივილებისა და კრიზისების გადატანაში სწორედ მამას ხასიათი გვეხმარება.
– ნოდარ დუმბაძეს არ ჰყავდა გვარის გამგრძელებელი...
– ამ თემაზე არ უყვარდა ლაპარაკი. ჰყავდა და მოუკვდა. იმ სიკვდილმა დიდად განაპირობა მისი სამი, საბედისწერო ინფარქტი. არც ბავშვობა ჰქონდა დალხენილი და ამას თავის ნაწარმოებებით სულ სიცილ-ტირილში გვიყვება. ჩვენი ოჯახი, მამას მხარე, თითქმის მთლიანად 30-იანი წლების რეპრესიების წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. რვა წლის იყო, მამა რომ დაუპატიმრეს და დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს. „ის ბერიამ დახვრიტა... ეს ბერიამ დახვრიტა... ის ბერიამ გადაასახლა... ეს ბერიამ წაართვა...“ – სულ ასეთი ფრაზები მესმოდა ნათესავებისგან და ერთხელაც, მამას საჩუქრად თეთრი, წინ დაჩხვლეტილი ფეხსაცმელები მოუტანეს. მე, ოთხი წლის ბავშვმა, აღტაცებით შევყვირე: ეს ფეხსაცმელები ბერიამ დახვრიტა-მეთქი? მახსოვს, როგორ ამაფარეს პირზე ხელი და სიცილისგან კინაღამ გაიგუდნენ ჩემი შეშინებული მშობლები. მანამდე კი იყო ციხე – ერთ-ერთ გახმაურებულ მკვლელობაში დასდეს მამას ბრალი. შვიდი თვე იჯდა ციხეში, დახვრეტის მუხლით. მაშინ მე ორ-წლინახევრის ვიყავი. დედამ მამასთან პაემანზე მიმიყვანა. იქ, გისოსების წინ, ისტერიკა დამემართა – მამა მაგ „კლეტკიდან“ ვერ გამოეტევა-მეთქი, ვკიოდი. ეს იმდენად მკაფიოდ მახსოვს, რომ დღესაც ყურში ჩამესმის მამაჩემის ხმა, როგორ ყვიროდა გისოსებს იქიდან, ახლავე წაიყვანეთ აქედანო. ამაზე მოთხრობა მაქვს დაწერილი, ასე ჰქვია: „გისოსებს მიღმა დარჩენილი მამა“. მაშინ, თურმე, მოსკოვიდან ჩამოსულა კომისია, პატიმართა საქმეების შესასწავლად და კომისიის თავმჯდომარეს უთქვამს, ეს კაცი დამნაშავე არ არის და რატომ ზისო. ასე გადაურჩა მაშინ ნოდარ დუმბაძე დახვრეტას.
– ლექსი, „მანანა და ლალი“ თითქმის ყველამ იცოდა, რომ მწერალმა თქვენ მოგიძღვნათ, რაზეც ბოდიშიც კი გაქვთ მოხდილი... ალბათ, კიდევ ბევრ საინტერესო ისტორიას ინახავს ძვირფასი მოგონებების სახით თქვენი არქივი...
– დიდხანს მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე იყო – ეს ლექსი მე მეძღვნებოდა და ამას, რა თქმა უნდა, არ ვმალავდი. ერთხელაც დამირეკა მამას საუკეთესო მეგობრის შვილმა, მანანა გოშაძემ და გულისტკივილით მითხრა – კარგი რა, ხელნაწერი მაქვს, რომელზეც მამაშენის ხელით აწერია, ჩემს საყვარელ მანანას ნოდარ ბიძიასგანო. ამის მერე „მანანასა და ლალიზე“ პრეტენზია აღარ გამიცხადებია. აი, პოემა „მანანას წერილი“ კი, ნამდვილად მე მომიძღვნა და ცხოვრებაში პირველი ლიტერატურული პრემიაც იმ პოემაში აიღო. ხშირად ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას: აბა, სად არის მსოფლიოში ბავშვი, რომელსაც მამამ პოემა დაუწერა-მეთქი. ნამდვილად ძალიან საინტერესო მოგონებები მაქვს და ეს მილამაზებს ცხოვრებას. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ისაა, რომ ისეთ ადამიანებთან მომიწია ცხოვრება, ურთიერთობა, მეგობრობა, მეზობლობა, რომელთა უმეტესობა დღეს ლეგენდებადაა ქცეული. მათ შექმნეს და ქმნიან შესანიშნავ ქართულ კულტურას. ამ ადამიანებთან ვარ დღესაც. დღესაც მაქვს ბედნიერება, უბრალოდ, დავჯდე მათთან ფინჯან ჩაიზე და ლიტერატურასა და მსოფლიო სევდაზე კი არა, ძალიან ყოფით, ყოველდღიურ საქმეებზე ვილაპარაკო. ეს არის ჩემი მოგონებაც, ბედიც და ცხოვრებაც.