კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეაგროვა ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანმა მოხუცი კაცების სამასზე მეტი ქანდაკება და როგორ მოხვდა ის წვეულებაზე საფრანგეთში, მეფე ალბერტის კარზე #10

83 წლის მწერალი, ჟურნალისტი და საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანი უნიკალურ კოლექციას ფლობს, რომელიც 330 მოხუცის ფიგურისგან შედგება. ყოველ მათგანს თავისი ისტორია აქვს, რომელსაც ქალბატონი ჟუჟუნა სიამოვნებით იხსენებს და  გვიამბობს.
ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანი: ჩემი კოლექციის ყველაზე ძველი ნიმუშია კაცის ქანდაკება, რომელიც ბაბუაჩემს ჩამოუტანია იტალიიდან. ჩემს  ბავშვობაში, მახსოვს, ბებიაჩემის ოჯახში იყო ეს ფიგურა, რომელიც ძალიან მომწონდა. ბებიაჩემთან რომ მივდიოდი, სულ ვნატრობდი, ნეტავ, ეს ქანდაკება ჩემი იყოს-მეთქი. ის ახლა მართლაც ჩემია. ჩვენს ოჯახში ბევრი ხელოვანი იყრიდა თავს: გურამ საღარაძე, მედეა ჯაფარიძე, ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე... იშლებოდა სუფრა, იმართებოდა ლოტოს თამაში. ნამდვილი ქალაქური ცხოვრება დუღდა. დიდედას სახლი საჯარო ბიბლიოთეკის წინ მდებარეობდა. ამ წვეულებებს არასდროს აკლდებოდა ბიძაჩემი – ლევან ყარანგოზიშვილი. ის არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე. თავდაპირველად, მუნჯური კინო რომ შემოვიდა, ბიძაჩემის აკომპანემენტის ქვეშ მიმდინარეობდა ხოლმე ჩვენებები. ბიძია ლევანი გახლავთ ავტორი სიმღერისა – „სირაჯხანა სირაჯების ბუდეა”. ეს დიდედასეული ფიგურა მის ოჯახში გატარებულ ბავშვობის დღეებს მახსენებს. ნახეთ, როგორი კეთილი სახე აქვს! ჰოდა, ამ სიკეთით გაგრძელდა შემდგომში ჩემი ცხოვრებაც, რომელსაც თან ახლდა მოგზაურობებიც. ოთხ კონტინენტზე ვარ ნამყოფი, სადაც მივდიოდი, ყველა ქალაქსა და მიყრუებულ სოფლებშიც კი დავდიოდი. ამერიკიდან ჩამოვიტანე მოხუცის ქანდაკება, რომელიც მოქანდაკეა და ნაპოლეონის თავს გამოკვეთს. მაქვს ჩამოტანილი ინდოეთიდან, ეგვიპტიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. მოხუცების კოლექციაშია:  ნაპოლეონი, შოპენი, ჩარლი ჩაპლინი, პუშკინი, ტოლსტოი, ფიროსმანის მეეზოვე, ედუარდ შევარდნაძე და ასე შემდეგ. ფული არასდროს მენანებოდა ქანდაკებების შესაძენად... ჩვენს ქუჩაზე იტალიური მაღაზიაა, სადაც სხვადასხვა სუვენირთან ერთად, მოხუცებიც იყიდება. ერთ მოხუცში 80 ლარიც კი გადავიხადე. ბევრჯერ შემხვედრია ძალიან ძვირად ღირებული ქანდაკება და სამწუხაროდ, ვერ მიყიდია. ერთხელ ავად ვიყავი, ფილტვების ანთება მქონდა და რომ ავდექი, ვთქვი: გავალ, რამეს ვიყიდი, იმის ნიშნად, ისევ ცოცხალი რომ ვარ-მეთქი. გავედი, ისევ ორი მოხუცი ვიყიდე და შინ ბედნიერი დავბრუნდი. პირველი მოხუცი უფრო ადრე მაჩუქა ჩემმა დამ, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. ეს, ცნობილი პოპოვის ქარხნის წარმოების ნაკეთობა იყო, რომელიც დღესაც დაცულია ამ კოლექციაში.
– რატომ მოგინდათ მაინცდამაინც მოხუცი კაცების ფიგურების შეგროვება?
– მოხუცები ბავშვობიდან მიყვარდა და განსაკუთრებული ყურადღება ამიტომ მივაქციე მოხუცთა ქანდაკებებს. ჩემი მეუღლე იყო ცნობილი ტრავმატოლოგი და ორთოპედი მერაბ მაჭავარიანი, რომელიც 1966 წელს მუშაობდა ჩინეთში, სადაც რასაკვირველია, მეც გავყევი. ვცხოვრობდით ჩინეთში ერთი წელი. ერთხელ მივედი ჩემს მეუღლესთან სამსახურში. რომ დამინახეს, მეც ექიმი ვეგონე, ჩამაცვეს ხალათი და შემიყვანეს საოპერაციოში. შევედი და ვხედავ, ჩემი ქმარი ოპერაციას აკეთებს. ეს რომ დავინახე, გული წამივიდა. უცებ გამომიყვანეს. მერაბმა მითხრა, კიდევ კარგი, არ გნახე, თორემ ხელს შემიშლიდიო. ამიტომ, გადავწყვიტე და დავდიოდი სახელოსნოებში, სადაც მუშაობდნენ ქვებზე, ფაიფურზე. ვუყურებდი, როგორ მუშაობდნენ ჩინელები სპილოს ძვალზე, ნეფრიტსა და სხვადასხვა ქვაზე... ერთხელ სტუმრად ვიყავი კოლექციონერთან, რომელმაც მკითხა, რისი ნახვა გაინტერესებსო. ვუთხარი, მოხუცი კაცების-მეთქი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მითხრა, რამდენიმე ცალი მაქვსო. მაჩვენა ყუთები, სადაც ყველა ნამუშევარი ბამბაში გახლდათ შეფუთული. ნამუშევრები რძის ფაიფურისგან იყო შექმნილი და ამიტომაც ძალიან უფრთხილდებოდა. ჩინეთში ჩასვლამდე მანჯურიაში ვცხოვრობდი, სადაც გავოცდი, როცა ვნახე უზარმაზარი პანოები, სტალინისა და მაო ძე დუნის გამოსახულებით. ისინი შეხმატკბილებული საუბრობენ ერთმანეთთან. პეკინის მაღაზიაში ვიყიდე გობელენი, რომელზეც სტალინი იყო ამოქარგული და ახლაც ჩემს საძინებელში მიკიდია. პეკინში, სადაც გობელენი შევიძინე, იყიდებოდა მოხუცი ბუდების პატარა ქანდაკებები და რამდენიმე მათგანი შევიძინე. რადგან ასე დაინტერესებული ვიყავი ბუდებით, ერთმა ჩინელმა მითხრა, წაგიყვან და ბუდას უამრავ ქანდაკებას გაჩვენებო. ავედით სადღაც, მთაზე, შევედით დიდ დარბაზში, სადაც ბუდას 500 ქანდაკება დაგვხვდა. თვალებს არ ვუჯერებდი, ისეთი სანახაობა იყო. სხვათა შორის, წელს შევხვდი თბილისში ჩინეთის ელჩს და მითხრა, ჩინეთში უნდა მიგიწვიოო. ვუთხარი, უკვე ვიყავი და ბუდას 500 ქანდაკებაც მაქვს ნანახი-მეთქი. გაეცინა – ეგ მე არ მინახავსო. საქართველოში რომ ჩამოვედით, გავშალე სუფრა და ჩემი მეუღლის მეგობრები მეწვივნენ. დათიკო გამრეკელმა მკითხა, ამდენი მოხუცის ქანდაკება რად გინდაო? ვუპასუხე, ახალგაზრდებზე ქმარმა რომ არ იეჭვიანოს-მეთქი. ბევრი იცინეს.
– კოლექციონერობა როდის გადაწყვიტეთ თუ თავისთავად მოვიდა?
– კოლექციონერობას თავიდან არ ვფიქრობდი. უბრალოდ,  მომწონდა და ვყიდულობდი. პეკინიდან მოსკოვში ჩამოვედით. მოსკოვში, გორკის ქუჩაზე, საკომისიო მაღაზიაში შევედი და იქ ვნახე მოხუცების ქანდაკებები. გახარებულმა 8 მოხუცი შევიძინე. უზარმაზარ რიგში დავდექი. როდესაც რიგმა მომიწია, ისე მოხდა, რომ მე ვყიდულობდი, ჩემს შემდეგ მდგომს კი აღარ ხვდებოდა. იმ ქალბატონმა მთხოვა, დამითმეო. იცით რა, მე კოლექციონერი ვარ-მეთქი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სიტყვა „კოლექციონერი“ ვახსენე თავის დასაცავად. შემდეგ გაირკვა, რომ ქალბატონი, რომელსაც რიგი არ დავუთმე, გადამყიდველი ყოფილა.
– ალბათ, საჩუქრადაც მოაქვთ ქანდაკებები...
– კი, უამრავი ნაჩუქარი ქანადაკება მაქვს. ჯემალ ბაღაშვილმა ჩამომიტანა მოხუცი კაცის ქანდაკება, რომელსაც თავი ეხსნება და შეგიძლია, ღვინო ჩაასხა. ლევან უჩანეიშვილი და ჩემი შვილი ერთად გაიზარდნენ და ლევანმა ჩამომიტანა ფრანგი კარატისტი მოხუცის ქანდაკება. მაჩუქა მაშინდელმა ქალაქის მერმა გურამ ჭოღოშვილმა. ჩემი ქალიშვილი იყო გერმანიაში და იქ წასულა ქუჩის ბაზრობაზე, სადაც მსუქანი მოხუცი კაცის ქანდაკება შეიძინა და ჩამომიტანა... ხელოვნების მუზეუმის დირექტორი იყო მურმან ურუშაძე, რომელმაც 6 მოხუცი მომიტანა, როდესაც ჩემი ერთ-ერთი წიგნი გამოვეცი. თბილისის ოპერის ამჟამინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა – ბადრი მაისურაძემ დაბადების დღეზე მაჩუქა მოხუცი კაცი... ვინც მოდიოდა ან სტუმრად, სადაც მივდიოდი, უმეტესობა ამ საჩუქრით მახარებდა...
– უამრავ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, საინტერესო თავგადასავლებიც გექნებათ...
– ჩემი პირველი გასვლა ქვეყნიდან იყო ირანში, სადაც 1956 წელს ჩატარდა აზიის ქვეყნების ქალთა ყრილობა და მეც ვიყავი მიწვეული დელეგატად. მახსოვს, ჩემი პირველი ემოციები, როცა სიტყვით უნდა გამოვსულიყავი და დარბაზს გადავხედე, ჩადრიანი ქალებით იყო სავსე, ლამის ტირილი დავიწყე. 22 წლის ვიყავი და ამან დამაბნია. ჩემმა სიტყვამ იქ დამსწრე საზოგადოებაზე ისეთი გავლენა მოახდინა, დარბაზის დიდი ოვაციები დავიმსახურე. პატივისცემის ნიშნად, აზიური კაბითა და ხალიჩა-ხურჯინით დამასაჩუქრეს. როცა თბილისში ჩამოვედი, მამაჩემმა მითხრა: ეს შენ არ გეკუთვნის, წაიღე და „ცეკაში” ჩააბარეო. მეც წავედი და ჩავაბარე, მარტო კაბა დავიტოვე. მერე აღმოჩნდა, რომ ვიღაცას წაუღია ის ნივთები. ირანს მოჰყვა ჩემი გასვლა როგორც ევროპულ, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნებშიც. ძალიან კარგად მახსენდება, როცა მე და ჩემი მეუღლე – მერაბი ვიეტნამში გაგვიშვეს დასასვენებლად ხონგაის სანაპიროზე. ძალიან ფეშენებელურ, პრინცის სასახლეში ვისვენებდით. ჩვენ გარშემო სულ ელჩები ისვენებდნენ. მათ ძალიან შევუყვარდით. ჩვენ მათთვის საღამოობით „სულიკოს” ვასრულებდით ხოლმე. იქაც ოკეანის მიქცევის დროს, შევყვებოდი  და უზარმაზარ ნიჟარებს ვაგროვებდი, რომლებიც ახლაც მაქვს. ჩემი მეუღლის ბიძა – პეტრე მაჭავარიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მეფე ალბერტის კარზე მიღებული გახლდათ. პეტრე მაჭავარიანის წყალობით, მეფესთან გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე მეც კი მოვხვდი. ცოტა მოგვიანებით, ამერიკაში, ნიაგარას ჩანჩქერზე გრეგორი პეკსაც შევხვდი. მე ხელში მეჭირა იქვე, მინდორში დაკრეფილი ყვავილები, რომელიც გრეგორი პეკს თავზე გადავაყარე. აფრიკაში გავიცანი ერთი შავკანიანი, რომელმაც მკითხა, საიდან ხართო? როცა ვუთხარი, რომ საქართველოდან ვიყავი, ძალიან შეიცხადა და მითხრა: მეც ქართველი ვარო. გადავირიე, დგას ჩემს წინ შავკანიანი და მეუბნება, გურული ჭანუყვაძე ვარ, აფრიკაში სოფელი ჭანუყვარი გვაქვსო. თურმე, ჩვენი მოხერხებული გურულები აფრიკაში დადიოდნენ, რომ იქიდან მონები წამოეყვანათ, როგორც მუშახელი. ამ მიმოსვლაში თავადაც რჩებოდნენ აფრიკაში და მათი შთამომავლები, დღემდე ცხოვრობენ იქ.

скачать dle 11.3