კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაული მოუვლინა ქეთევან ყუბანეიშვილს ღმერთმა ცხრამეტი წლის ასაკში #10

22 თებერვალს თბილისის საკრებულოს შენობაში ახალბედა მხატვრის – ქეთევან ყუბანეიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც შემოქმედის ოცდაათი ნახატი იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე უამრავი დამთვალიერებელი მოვიდა, რაც მხატვრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ქეთევან ყუბანეიშვილი განსაკუთრებით მადლიერია საყვარელი მხატვრების – გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის, რომელთა მხარდაჭერითაც გაიმართა მისი პირველი გამოფენა. თავად მხატვრები კი, ქეთევან ყუბანეიშვილის შემოქმედებას ასე აფასებენ. გია გუგუშვილი: „ქეთი ძალიან ნიჭიერია, ვაფასებ მის შემოქმედებას. მის ნამუშევრებში ძალიან საინტერესო კონტურები იკვეთება – არ დახატო ზედმეტი რამ და ისე შექმნა საუკეთესო ნამუშევარი ეს ძალიან რთულია და ის ამას ახერხებს.” ქეთი მატაბელი: „ძალიან გემოვნებიანია, იცის რისკენ მიისწრაფვის, აქვს შესანიშნავი ფერთა გამა, საოცრად ორიგინალურია.” წლების განმავლობაში მწიფდებოდა მასში დაგროვილი უამრავი ემოცია და ერთ მშვენიერ დღეს იფეთქა და გამოიხატა მის არაჩვეულებრივ ნამუშევრებში. როგორ დაიწყო ხატვა 50 წლის ასაკში და რა ურთულესი პერიოდების გამოვლა მოუწია, ამის შესახებ თავად ქეთევან ყუბანეიშვილი გვესაუბრა.
ქეთევან ყუბანეიშვილი: ექიმების ოჯახში დავიბადე და მშობლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, სამედიცინოზე ჩამებარებინა. მართლაც, ვემზადებოდი სამედიცინო ფაკულტეტზე ჩასაბარებლად, მაგრამ იმ პერიოდში გავთხოვდი და წელი რომ არ დამეკარგა, ქიმიის ფაკულტეტზე მოვხვდი, რომელიც არც თუ ისე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. მოსაბეზრებელი ლექციების დროს ხშირად ვჯღაბნიდი ჩემთვის რაღაცეებს. ახალგაზრდა, უცოლო ლექტორი გვყავდა. ერთ დღეს ის დაფასთან ქიმიის ფორმულებს წერდა და მე ჩემთვის ვხატავდი ამ ლექტორს. დავასრულე ნახატი და თავთან გავუკეთე ფიქრის ღრუბელი, სადაც ან ფორმულები უნდა ჩამეწერა, ან შიშველი ქალი ჩამეხატა. ბოლოს მაინც ფორმულები ჩავწერე. ერთი ერთში ჰგავდა ნახატი მას. აღმოჩნდა, რომ ისე გავერთე ხატვაში, ლექტორი თავზე დამდგომია და ვერც კი შევამჩნიე.  ჩემი ნახატი რომ ნახა, გაგიჟდა, ისე მოეწონა. გამოცდაზე აღარ გამიყვანა და ისე დამიწერა ნიშანი. ვფიქრობდი, კიდევ კარგი, შიშველი ქალი არ დავუხატე-მეთქი (იცინის). ხატვით სერიოზულად არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, თუმცა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე ვფიქრობდი.
– აკადემიაში ჩაბარებაში ხელი ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგიშალათ?
– ის პერიოდი დაემთხვა თბილისის ომს და ქვეყანაშიც რთული ვითარება იყო, პარალელურად, 19 წლის ასაკში გადავიტანე ძალიან მძიმე მშობიარობა, რის შედეგადაც, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩემი გადარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ექიმებმა ჩემი მდგომარეობიდან გამოსვლა ღმერთის მიერ მოვლენილ სასწაულს მიაწერეს. საბედნიეროდ,  გადავრჩი, მაგრამ ძალიან დამაკლდა სმენა. 25 წლის ასაკში სახლში გამოვიკეტე და მეგონა, ჩემთვის ცხოვრება დამთავრდა. კითხვა ყოველთვის მიყვარდა და იმ პერიოდში განსაკუთრებით ბევრს ვკითხულობდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით. ჩვენ ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და დღემდე ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს მასთან, მის ნათესავებთან. მოკლედ, ძალიან რთული ეტაპი გადავლახე და დაიწყო კარგი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში – გავიკეთე სასმენი აპარატი, რისი წყალობითაც აბსოლუტურად ჩვეულებრივად მესმის ყველაფერი. ქვეყანაშიც დალაგდა სიტუაცია და ვიშოვე ძალიან კარგი სამსახური. ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა უკეთესობისკენ.
– თუმცა, კიდევ ერთხელ აღმოჩნდით რთულ სიტუაციაში და ფაქტობრივად, ათწლიანი პაუზა გქონდათ ცხოვრებაში. ეს პერიოდი როგორ გადალახეთ?
– ვარდების რევოლუციის შემდეგ, გარკვეული რეორგანიზაციის შედეგად, დავრჩი უმუშევარი. მქონდა პერიოდი, როცა გამეხსნა პანდორას ყუთი და რომ იტყვიან, ძალიან ცუდ, ცხოვრებისეულ „პალასაზე“ აღმოვჩნდი. ყველა მხრიდან პრობლემები მქონდა. მე რომ მეგონა, საუკეთესო მეგობრები მყავდა და ამით ყოველთვის ვამაყობდი, აღმოჩნდა, ასე არ იყო, ბევრი მათგანი შემომეცალა. ალბათ, იფიქრეს, რომ დავნებდებოდი და ვეღარასდროს წამოვდგებოდი ფეხზე. სახლში დავჯექი, მაგრამ უქმად მაინც არ ვყოფილვარ, მუდმივად ვკითხულობდი და ეს მეხმარებოდა ბევრ რამეში. ვთარგმნიდი ლექსებს ქართულიდან რუსულად და პირიქით. ერთი პერიოდი დავიწყე „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად სწავლა და ისე პოზიტიურად განვეწყვე, თუკი რამე პრობლემა და უსიამოვნება მქონდა, ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდა. ჩემი გარშემო მყოფები ამბობდნენ: ვერ გავიგეთ, უნდა გვიხაროდეს თუ გვეშინოდეს, ხომ არ გააფრინაო (იცინის). გავაცნობიერე, რომ 40 წლის ასაკში ვარ და ვიფიქრე, რა ვქნა-მეთქი. ფრანგული სკოლა მაქვს დამთავრებული და ინგლისურის არცერთი ასო არ ვიცოდი. თუმცა, კარგად მქონდა გააზრებული, რომ ისეთი დრო მოდიოდა, ინგლისური საჭირო ენა იყო. იმ ასაკში დავიწყე ინგლისურის და პარალელურად, თურქულის სწავლა, რადგან ვფიქრობდი, ინგლისური უკვე ყველამ იცის, ამიტომ ვერავის გავაკვირვებ-მეთქი. ჩემი ინგლისური ძალიან გამომადგა, სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ და ორენოვანი გიდის ფუნქციას ვასრულებ. ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი, ვიცოდი, რომ ეს არ იყო დასასრული. თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ წინ კარგი რამეები მელოდა, შინაგანად ამაში დარწმუნებული ვიყავი. გიდად რომ დავიწყე მუშაობა, ვიფიქრე, ალბათ, ეს არის ის კარგი რამ, რაც უნდა მომხდარიყო-მეთქი, მაგრამ მას მერე უფრო კარგი რაღაცეები ხდება.
– ორმოცდაათი წლის ასაკში როგორ დაიწყეთ ხატვა და ელოდით ამხელა წარმატებას პირველივე გამოფენაზე?
– სახლში ერთ-ერთი სურათის ჩარჩო აღარ მომწონდა და დავურეკე ჩემს ბიძაშვილს, მანანა კოროშინაძეს, რომელიც მხატვარია და ვკითხე, სად შეიძლებოდა გამომეცვალა ჩარჩო. მან და მისმა მეუღლემ მოქანდაკე გოგი ჟღენტმა, ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემ მხატვრად ჩამოყალიბებაში. მანანამ მიმასწავლა თბილისის ერთ-ერთი სამხატვრო სახელოსნო. მახსოვს, იქ რომ შევედი, შემოქმედებითი ქაოსი დამხვდა. მე გაოგნებული ვიდექი და ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებოდი. მას მერე სულ მიზეზს ვეძებდი იქ მოსახვედრად. ერთხელაც ჩემი შვილიშვილის ფუნჯი ავიღე, დავხატე და გამოვიდა ულამაზესი ყვავილები. მერე კიდევ რაღაც დავხატე, რაც არანაკლებ საინტერესო გამოვიდა. შემდეგ შვილმა დამაფინანსა და ვიყიდე ყველაფერი, რაც ხატვისთვის მჭირდებოდა. რამდენიმე სურათი ავტვირთე „ფეისბუქზე“ და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მკითხეს, თუ ყიდი შენს ნამუშევრებსო. გაოცებული ვიყავი. ძალიან ცნობილმა პიროვნებამ, ბიზნესმენმა მერაბ ადეიშვილმა და მისმა მეუღლემ, მარიკა დარჩიამ შემთხვევით ნახეს ჩემი ნამუშევრები და გადამამისამართეს სამხატვრო აკადემიის რექტორთან, ბატონ გია გუგუშვილთან, რომლის ნამუშევრებზეც ვგიჟდებოდი. ეს ადამიანი ჩემი კერპია. მერაბ ადეიშვილმა მითხრა, ვაჩვენოთ შენი ნამუშევრები გია გუგუშვილსო და მასთან გამიშვა. მე ძალიან მერიდებოდა, რადგან მხატვრობის არანაირი წესი არ ვიცოდი და მეგონა, არ მოეწონებოდა. მან რომ დაიწყო ჩემი ნახატების დათვალიერება და მაქებდა, არ ვიჯერებდი. მეგონა, ქალბატონს სხვანაირად ვერ მოექცევა-მეთქი. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ბატონ გიას ნამდვილად მოეწონა ჩემი ნამუშევრები. შემდეგ დავუმეგობრდი ქალბატონ ქეთი მატაბელს, რომელიც ჩემი მეორე ფავორიტია და დავიწყე გამოფენაზე ფიქრი, რაშიც ეს ადამიანები ძალიან დამეხმარნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი მქონდა აბსტრაქციული ნახატები. თხუთმეტი წელი ვმუშაობდი საკრებულოში და ეს შენობა ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდთან ასოცირდება. საოცრად ვღელავდი, იმდენი ადამიანი მოვიდა, რომ გაოგნებული დავრჩი. მერე მთელი თბილისი მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან კარგი ნამუშევრები მაქვს. სრულიად უცხო ადამიანები მაქებდნენ, შოკში ვიყავი. დაახლოებით სამი დღე ვერ ვხვდებოდი, ჩემს თავს რა მოხდა.
– წარმეტებულ ქალებს ხშირად არ უმართლებთ პირად ცხოვრებაში. თქვენთან რა ხდება ამ მხრივ?
– მე მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც ვიპოვე და ალბათ, არასდროს შევეშვები. მყავს შვილი და შვილიშვილი – ესაა ჩემი ცხოვრება. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მუდმივად მებრძვის ცხოვრება, მაგრამ არასდროს ვნებდები და  ყოველთვის გაორმაგებული ძალით ვუტევ.

скачать dle 11.3