რატომ აჩენენ აფრიკელი ქალები ქორწინებამდე სხვადასხვა მამაკაცისგან შვილებს და რის გამო გადაწყვიტა ამ ქვეყანაში ცხოვრება სალომე გურგენიძემ #10
ექიმი სალომე გურგენიძე უკვე წლებია, სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მას პაციენტები სიყვარულით „პატარა ლედის” ეძახიან და ხშირად აყოლინებენ იმ ქვეყანაზე, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად სალომე ამბობს, საკმაოდ უცნაური ხალხია აფრიკელები, ქართველებისგან რადიკალურად განსხვავებული. თუმცა, ჩვენსავით აფექტური, ტრადიციების დამცველი და მომლხენი.
სალომე გურგენიძე: ჩემი მეუღლე 90-იან წლებში სამხრეთ აფრიკაში წამოვიდა სამუშაოდ. უკვე 22 წელია, იოჰანესბურგში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. აქ, სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობს და თავიანთ თავს ცისარტყელას ეძახიან. დროშაც ამიტომ აქვთ მრავალფეროვანი. ქვეყანა, მოგეხსენებათ, ემიგრანტების აშენებულია. ამიტომ, კეთილგანწყობილად შეგვხვდნენ. აქ ხშირად ხუმრობენ: ჩვენ ყველანი ემიგრანტები ვართ, განსხვავება მხოლოდ დროშია, ვინ ადრე ჩამოვიდა და ვინ მოგვიანებითო. რა თქმა უნდა, არის აფრიკელი, ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი, ურთიერთობაში საკმაოდ თბილი და მოსიყვარულეები არიან. 1994 წლის დემოკრატიული არჩევნების შემდეგ, სწორედ, შავი აფრიკელები მოვიდნენ სახელწიფოს სათავეში და თეთრკანიანი კლერკებიც მათ შეცვალეს. სწორედ, ეს შავი აფრიკელები საემიგრაციო სამსახურებში მაინცდამაინც კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდნენ თეთრი ემიგრანტების მიმართ.
– ალბათ, უამრავ კითხვას გისვამენ და აინტერესებთ, როგორ მოხვდი მათ ქვეყანაში შორეული საქართველოდან?
– ძალიან უცნაურ კითხვებს მისვამენ, განსაკუთრებით პაციენტები, ყველაფერი აინტერესებთ. მაოცებს, რა დაწვრილებით უნდათ, რომ იცოდნენ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. მაგალითად, ვინ არის ჩემი მეუღლე, ან ეს წინასწარ გამოძიებული აქვთ; სად ვცხოვრობ, შვილები რომელ სკოლაში დადიან, ვინ მიმზადებს ვახშამს და ასე შემდეგ. თავადაც, გაოცებული ვარ აფრიკელი ხალხის საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, პროფესიონალიზმით, მოწესრიგებულობით, პუნქტუალობით. წარმოიდგინეთ, არასდროს აგვიანდებათ, ან, თუ აგვიანდებათ, დარეკავენ და მოიბოდიშებენ. ქუჩაში პიკის საათის დროსაც კი, ქაოსი არასდროსაა. მძღოლები საგზაო წესებს თითქმის არ არღვევენ. ერთმანეთს ხშირად უთმობენ. უწესოდ მოქცევა, უზრდელობად ითვლება. ამიტომ, ერიდებიან. საოცრად უყვართ ბუნება. განსაკუთებით, ლოიალურად ექცევიან ცხოველებს.
– ამბობენ, აფრიკელებს საოცარი ტრადიციები აქვთ და განსაკუთრებით ეს ოჯახის შექმნას ეხებაო...
– აქ მცხოვრები ბერძნების, იტალიელების, პორტუგალიელების, ებრაელების ტრადიციები, რაღაცით ჰგავს ჩვენს, ქართულ ტრადიციებს. ადგილობრივი, შავი აფრიკელების ტრადიციები კი, საოცრად განსხვავდება. მაგალითად, ქალმა ჯერ შვილი უნდა გააჩინოს მამაკაცისგან, ანუ დაუმტკიცოს, რომ დედობა შეუძლია და მხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება, პარტნიორმა ცოლად შეირთოს. ჰოდა, ასე, აჩენენ ეს ქალები შვილებს სხვადასხვა მამაკაცისგან. ქალს მშობლები ყიდიან. სასიძომ მომავალ სიდედრ-სიმამრს ლობოლა უნდა გადაუხადოს, ასე ჰქვია საპატარძლოს გამოსასყიდს.
– ვიცი, როგორც ექიმს, დიდ პატივს გცემენ. ყველაზე უცნაური საჩუქარი რა მიგიღია პაციენტისგან?
– ჩემმა ერთ-ერთმა პაციენტმა საკუთარი ხელით დახატული ჩემი პორტრეტი მაჩუქა. ძალიან მიყვარს და უძვირფასეს, შეუფასებელ საჩუქრად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დილეტანტის შესრულებულია. ერთმა აფრიკელმა პაციენტმა კი, მწერალმა და ჟურნალისტმა, თავისი საწერი კალამი მაჩუქა. ის კალამი რომლითაც წერდა ბოლო დროს. სათუთად ვუფრთხილდები – პატარა არწივი ახატია და სახარებიდან ამონარიდი, აფრიკანულად აწერია. ქართულად ასე იკითხება: „ისინი, ვინც ღმერთს მიენდობიან, ახალ ძალას შეიძენენ და არწივის ფრთებით იფრენენ”. ეს წარწერა თავისთვის შეუკვეთავს საწერ კალამზე. მითხრა, ბევრჯერ გამჭირვებია და რომ დავხედავდი, იმედი მომეცემოდა, შენთვისაც იმედის მომტანი იქნებაო. მაშინ, ახალგაზრდა ემიგრანტი ბევრი პრობლემის წინაშე ვიდექი. ამ თბილი და ბრძენი ბერიკაცის კეთილი სურვილი და კალამზე ამოტვიფრული სიტყვები, დღემდე ტკბილ დალოცვად გამომყვა. წერეო, მითხრა. ძალიან დაკვირვებული ხარ და შენგან კარგი მწერალი დადგებაო. იქნებ, მართლაც დავიწყო მემუარების წერა ამ კალმით, სიბერეში (იცინის).
– სამშობლოდან საკმაოდ შორს, ყველაზე მეტად რა გენატრება?
– ,,რუსთაველის პროსპექტზე ხეტიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა”, – ხომ გახსოვთ? როგორ მენატრება, რომ იცოდეთ, ქუჩაში ხეტიალი. აქ, ეს კრიმინალის გამო გამორიცხულია. სექტემბრის თბილი ნიავი მენატრება, ჭადრების შრიალი რუსთაველის პროსპექტზე და შეყვითლებული ფოთლების ცვენა. ბავშვები, ზაფხულის არდადეგებიდან ახალჩამოსულები ერთმანეთს რუსთაველზე ვხვდებოდით. ათას სახალისო ისტორიას ვუყვებოდით ერთმანეთს. დღეს აღარც ის ჭადრებია და ახალგაზრდობის დღეებიც იმ ყვითელი ფოთლებივით გაქრა. ორი-სამი წლის წამოსული ვიყავი, ჩემს დეიდაშვილს ვთხოვე, რუსთაველზე ჭადრების ფოთლები დამიკრიფე და გამომიგზავნე-მეთქი. მართლაც, გამომიგზავნა. ახლაც შენახული მაქვს. ბევრს, ალბათ, არაფრად მიაჩნია ეს ჩემი გამხმარი ჭადრის ფოთლები, ჩემთვის კი შეუფასებელი განძია, რაც კი საქართველოდან აფრიკაში გამომიგზავნეს. უკვე ოცი წელია, ასე სათუთად ვინახავ. რომ იცოდეთ, რამდენ მოგონებას ინახავს ეს ჭადრის ფოთლები – უდარდელ ბავშვობას და ყმაწვილქალობას, ჩემი მეგობრების მომხიბვლელ ღიმილს, 90-იანებისა და 2000-ის დასაწყისის სისხლიანი წლების ქარბუქმა რომ იმსხვერპლა მათი სიცოცხლე და ისტორიას ჩააბარა.
– მანდ იციან რაიმე ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ?
– წლების წინ უფრო ნაკლები იცოდნენ საქართველოზე, თითქმის არაფერი. ახლა, რა თქმა უნდა, ინფორმაცია მეტი აქვთ. ვუხსნი, რომ ჩემი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის ნაწილია. ვუყვები ჩვენს ისტორიაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე. ყველაფერი აინტერესებთ. აქ საოცრად მოვლილი ბაღები აქვთ. ძირითადად, კერძო სახლებში ცხოვრობენ – საშუალო ფენაც და მდიდრებზე ხომ არაფერს ვამბობ. ენით აუწერელი სილამაზეა აქაური ბაღები. ამდენნაირი ყვავილი თუ არსებობდა დედამიწაზე, ნამდვილად არ მეგონა. ეს, რაც უცებ გამახსენდა, ისე ბევრი რამის სწავლა შეიძლება სამხრეთ აფრიკელებისგან. აქაურები, ძირითადად, ქართულ სამზარეულოზე მეკითხებიან და ვასწავლი ხოლმე, ესა თუ ის კერძი როგორ მზადდება. კიდევ იმასაც ვუყვები, რომ ჩემს ქვეყანაში ქალი მეფე, ინგლისელებისგან განსხვავებით, მე-12 საუკუნეში იყო. რომ ქალბატონებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიხედვით. განსაკუთრებით, ის ფაქტი მოსწონთ, რომ ქართველი ქალები გათხოვებისას გვარს არ იცვლიან. როცა იმასაც ვეუბნები, რომ 23 წელია დედამთილ-მამამთილთან ერთად ვცხოვრობ-მეთქი. აი, მაშინ უფართოვდებათ თვალები და როგორც ისტორიულ, სამუზეუმო ექსპონატს, ისე მიყურებენ (იცინის). ქეიფი და დროსტარება აქაც ზუსტად ისე უყვართ, როგორც საქართველოში. რამდენიმე თვით ადრე იწყებენ მზადებას. ქორწილები განსაკუთრებით დიდი ზარ-ზეიმით იმართება. ვყოფილვარ აქაურ ქორწილებში, დაბადების დღეებზეც, სახლის დალოცვაზეც, ნათლობებშიც. საოცრად მოწესრიგებული და იმავდროულად, მხიარული სუფრები აქვთ, კარგი მოლხენაც იციან.
სამხრეთ აფრიკაში, ყოველი კუთხე ძალიან საინტერესოა. თუნდაც, კრუგერ ნაციონალური პარკი, რომელიც ტერიტორიულად საფრანგეთზე დიდია. აქ ნამდვილ, ბუნებრივ პირობებში შეგიძლიათ, ახლოს მიხვიდეთ, დააკვირდეთ და დატკბეთ იშვიათი ცხოველებით, სან-სიტი და ლოსტ-სიტი – მზის ქალაქი და დაკარგული ქალაქი, იოჰანესბურგიდან 2 საათის სავალზეა და ულამაზესი სასტუმროების, გასართობი ცენტრების, სპორტული კომპლექსების, გოლფის მინდვრების, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი, ნაჯერი, გაშენებული ქალაქია, სადაც არაჩვეულებრივად შეიძლება დასვენება. კეიპტაუნი საოცარი სანახავია – ულამაზესი მთის, ტეიბლმოუნტენის ქვეშაა გაშენებული. მთა, მართლაც წააგავს მაგიდას. კეიპტაუნი არაჩვეულებრივი არქიტექტურით გამოირჩევა. მის ცნობილ სანაპიროზე – კლიფტონბიჩზე, საკმაოდ ხშირად შეგიძლიათ, წააწყდეთ მსოფლიოში ცნობილ სახეებს. კეიპტაუნი ცნობილია მისი კოლორიტული პორტითაც. აქ არის კუნძული, სადაც ციხეში მანდელამ 27 წელი გაატარა. კეიპპოინტი, ყველაზე სამხრეთი წერტილია დედამიწაზე, საიდანაც არჩვეულებრივი ხედი იშლება ერთდროულად ორ ოკეანეზე – ინდოეთისა და ატლანტის ოკეანე აქ უერთდება ერთმანეთს. აქაური ღვინის ფერმები ხომ ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველია. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
– ამბობენ, საკმაოდ კარგი ურთიერთობები გაქვს ცნობილ აფრიკელ მსახიობებთან, პოლიტიკურ ფიგურებთან და მომღერლებთან. ასეა?
– სიმართლე გითხრათ, მთავრობის წარმომადგენლებს არ ვიცნობ, მაგრამ დამერწმუნეთ, გაცილებით მეტი, საინტერესო ადამიანი ცხოვრობს სამხრეთ აფრიკაში, ვიდრე სამთავრობო პირები არიან. მით უმეტეს, როგორც სხვაგან, აქაც მთავრობა ხშირად იცვლება. მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს საქმიანი წრის წარმომადგენლებთან, მსახიობებთან, მუსიკოსებთან, ჟურნალისტებთან. დიდ პატივს მცემენ და მაღიარებენ, როგორც ექიმს. თუ ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში, ან რადიო-ტელევიზიაში ჩემს ინტერვიუებსაც გავითვალისწინებთ, აღიარებასაც და პატივისცემასაც ნამდვილად არ ვუჩივი. ღვთის მადლით, ყველაფერი კარგადაა, სახელს კი დიდი გაფრთხილება სჭირდება.
– ის თუ არის მართალი, რომ „პატარა ლედის” გიწოდებენ?
– თავად, არ მიყვარს ზედმეტსახელები, თუნდაც სიყვარულით შერქმეული. სხვათა შორის, აქ, ეს არ არის მიღებული. საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სელის მეძახიან. ჩემი პაციენტები კი, რომლებიც ძალიან მემეგობრებიან, სიყვარულით „პატარა ლედით“ მომიხსენიებენ.