კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეუბნებიან ონისე ონიანს ნათელმხილველები წინასწარმეტყველებაზე უარს #10

მსახიობ ონისე ონიანს საკმაოდ აქტიური და დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება აქვს. მან კარგად მოირგო ტელეწამყვანობაც, სადაც სტუმრად ნათელმხილველები და ცნობილი ადამიანები ჰყავს. სჯერა თუ არა მათი წინასწარმეტყველების, რამდენჯერ გადაურჩა სიკვდილს და როგორ უხდება სიზმრები, ამის შესახებ, თავად მსახიობი გვესაუბრა. 
ონისე ონიანი: სპექტაკლებსა და როლებს არ ვუჩივი, საბედნიეროდ, ყოველ სეზონზე 2-3 პრემიერაში ვარ. გარდა ძალიან დატვირთული თეატრალური ცხოვრებისა, ასევე, ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლი სასცენო ხელოვნებას, „მარაოზე” ვარ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, ახლახან მიმიწვიეს სერიალ „შუა ქალაქში”. ასევე, ხშირად ვუწევ ორგანიზებას და ვუძღვები სხვადასხვა ღონისძიებას. საერთო ჯამში, ხუთი სამსახური მაქვს, ამიტომ მუდმივად გადარბენაზე ვარ და ყოველი საათი გაწერილი მაქვს. მომწონს ჩემი ცხოვრება, სხვანაირად, არ შემიძლია. მახსოვს, ერთხელ ვთქვი, დავიღალე-მეთქი და ბაიკო დვალიშვილმა მითხრა: არ დაიღალო, ვიდრე ვინმეს ვჭირდებით, ყველას დაძახილზე წავიდეთ, რადგან დადგება დრო, როცა აღარავის დავჭირდებითო. ალბათ, მართლა ასეა და მე ვცდილობ, ყველა შანსი გამოვიყენო.
– გადაცემის წამყვანობას ადვილად აუღეთ ალღო?
– როდესაც მაია ასათიანმა დამირეკა და შემომთავაზა გადაცემის წაყვანა, სერიოზულად დავფიქრდი, შევძლებდი თუ არა. შევხვდით, ყველაფერზე ვისაუბრეთ და როცა უკვე დავთანხმდი, იქვე ვუთხარი: თუ მე ვერ ვივარგე როგორც წამყვანმა, მაშინვე პირდაპირ მითხარით და წავალ, გული არ დამწყდება-მეთქი, რადგან თვითონვე არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული. მას შემდეგ, რაც რამდენიმე გადაცემა გავიდა ეთერში, ვიკითხე: ხალხო, ან რეიტინგი თუ გვაქვს, ვინ გვიყურებს, ან თუ მოსწონთ ჩვენი გადაცემა-მეთქი და მაშინ მითხრეს: თურმე, რეიტინგის მიხედვით, რამდენიმე არხის საღამოს 9-საათიან პროგრამას ვუსწრებდით. შემდეგ უკვე ქუჩაშიც ბევრი მეუბნებოდა, რომ კარგად და ხალისიანად ვუძღვები გადაცემას.
– თქვენ თუ გჯერათ ნათელმხილველების?
– მე მართლმადიდებელი ვარ, დავდივარ ეკლესიაში და მყავს მოძღვარი. როცა ამ გადაცემის წაყვანა გადავწყვიტე, ვკითხე ჩემს მოძღვარს: ამ ტიპის გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს და რა ვქნა, წავიდე თუ არ წავიდე– მეთქი. მოძღვარმა მითხრა: მთავარია, შენ არ გახდე ამ ყველაფერზე დამოკიდებული და რა პრობლემაა, გადაცემა რომ  წაიყვანო და ამით, კიდევ ერთი, დამატებითი შემოსავლის წყარო გაგიჩნდესო.  გადაცემაში ერთმანეთს ვახვედრებ ორ მხარეს –  ნათელმხილველსა და ცნობილ ადამიანს. ხშირად იქმნება სახალისო მომენტებიც, როცა ნათელმხილველები ვერ იცნობენ, ვინ არის კედლის მიღმა. ამ დროს ვტუქსავ მათ –  ხომ ხედავ, ვერ გამოიცანი, არაფერი შენ არ იცი და რატომ იბრალებ, რომ ნათელმხილველი ხარ-მეთქი. ოღონდ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ხშირად ნათელმხილველები პროდიუსერს ეუბნებიან, ხანდახან ისე ,,გვტისკავს,” უთხარი ახლა არაფერი გვითხრასო და მერე მაფრთხილებენ, ამას ნამეტანი ნუ დაჩაგრავო.
– თქვენ თუ გიწინასწარმეტყველებენ რამეს?
– ყველა გავაფრთხილე, მე არ მჯერა თქვენი ნათელმხილველობის-მეთქი, მაგრამ ხშირად, ჩემდა უნებურად, ვეკითხები ხოლმე: აბა, მე რა მელის, ახლა ასეთ მდგომარეობაში ვარ და მერე რა იქნება-მეთქი. ისინი მეუბნებიან, შენ ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ, არ გჯერა ასეთი რამეებისო.  მაყურებლებიც გვწერენ თავიანთ შესახებ და ჩვენ ვპასუხობთ. ერთი გვწერდა –  ძალიან ვუყვარდი ბიძაჩემს და რომ გარდაიცვალა, ბიცოლაჩემმა ჩემი ფოტო ჩააყოლა საფლავში და რა ვქნაო? ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე და დავამშვიდე –  ამით ვერავინ ვერაფერს დაგაკლებს-მეთქი. ერთი მწერდა, ძალიან მიყვარხარ და რა გავაკეთო ისეთი რომ შენი გავხდეო. მე ვუთხარი, უკვე გავხდი ჩემი ცოლის და ვერაფერს გირჩევთ-მეთქი. ბევრი სახალისო წერილი მოდის.
– სიზმრების თუ გჯერათ და ხშირად გიხდებათ სიზმრები?
– რაც უფრო მეტს იფიქრებ სიზმარზე, მით უფრო ვერ დააღწევ ამ ყველაფერს თავს. რაც დამესიზმრებოდა, ყველაფერი ზუსტად ისევე მიხდებოდა და ვთქვი, სისულელეა-მეთქი და გადავწყვიტე, აღარ მავაქციო ამას ყურადღება.  დამესიზმრა, ხელზე „შრამი” მქონდა. მეორე დილით, ფანჯარას ვღებავდი და როგორც კი მივხურე, შუშა ჩატყდა, ხელი გამეჭრა და ზუსტად ის „შრამი” გამიჩნდა ხელზე, რომელიც დღემდე მაქვს. ჯარში ყოფნისას შვებულებით წამოსვლამდე სამი დღით ადრე, დამესიზმრა ასეთი რამ: – მივდიოდი ხეივნიან ქუჩაზე, სადაც დიდი სატვირთო მანქანა იდგა. იქვე ორი ბავშვი თამაშობდა ბურთს, რომელიც მანქანის ქვეშ შეგორდა. ერთ-ერთი ბურთის გამოსატანად შეძვრა. ამ დროს კი მანქანა დაიძრა და ბავშვს თავზე გადაუარა. ბავშვი გარდაიცვალა, მე მივვარდი მძღოლს და ვუთხარი, თქვენ არაფერ შუაში ხართ, მე წავიყვან ბავშვს და მის მშობლებს ავუხსნი, რომ თქვენ არ ხართ დამნაშავე-მეთქი. ავიყვანე ბავშვი ხელში და მივიყვანე სახლში, საიდანაც  დედამისი ფქვილიანი ხელებით გამოვიდა. ბავშვი მივაწოდე და ავუხსენი სიტუაცია. მან მითხრა, არა უშავსო და გამომართვა შვილი. მე უკან გავბრუნდი და გზად შემხვდა ძველისძველი ქვის საყდარი, სადაც ჩემი სოფლის გარდაცვლილი ბებიები ისხდნენ. მათ შორის იყო ბაბუაჩემის და, რომელსაც ჩემი დანახვა გაუხარდა, მაგრამ მითხრა, წადიო. მე ვეუბნებოდი, დავრჩები-მეთქი. მან ჯოხი მომიქნია და ახლაც მაქვს შეგრძნება, კოჭებში როგორ მომხვდა ის ჯოხი. მეორე დღეს ჯარის ტერიტორიაზე ვიყავი. ჩვენ ვმუშაობდით  ერთ– ერთ ქარხანაში, გრეიდერებს ვაწყობდით. მოყინული იყო და გრეიდერი რომ მოდიოდა, ვიფიქრე, გავატარებ-მეთქი. ცოტა აღმართზე შევდექი. ამ  დროს ფეხი დამიცურდა და გრეიდერის უზარმაზარი ბორბალი გაჩერდა ზუსტად ჩემს თავთან. ამ დროს გონებაში კადრებად გაიარა იმ სიზმარმა, რომელიც წინა ღამეს ვნახე. საბედნიეროდ, გადავრჩი და აბსოლუტურად არაფერი მიტკენია. მესამე დღეს წამოვედი სახლში და დამხვდა დედაჩემი ფქვილიანი ხელებით, რომელიც ხაჭაპურს აცხობდა. მისმა ხელებმა კიდევ ერთხელ გამახსენა ჩემი სიზმარი. სიზმრის ჩემეული ახსნა ასეთია –  ეს არის ის ფიქრები, ძილშიც რომ მიდის კინოკადრებად და შენ დააფიქსირებ. ასევე შეიძლება, დღის განმავლობაში ფიქრობდე რამეზე, ის ჩაგყვეს ძილში და ფრთები შეისხას სიზმრის სახით.
– ბებიათქვენის გარდაცვალებაზე მოგვიყევით, რომელიც როგორც ამბობდნენ თქვენ ,,ჩაგენაცვლათ”.
– რაჭაში მეზობელთან გადავედი. ახალგაზრდები ვიყავით შეკრებილები და უცებ, შუქი ჩაქრა. მე ვთქვი, მეხერხება და გავაკეთებ-მეთქი. იზოლირება კარგად არ იყო გაკეთებული და როდესაც ბრტყელტუჩით კონტაქტი უნდა დამემყარებინა, დენი გადმოვიდა ჩემზე და გადავრჩი, რომ აივნიდან დაბლა კი არ გადავვარდი, პირიქით, უკან გადმოვვარდი. დავხტი აივანზე და არაფერი მიტკენია. არც გვიკივლია, რომ ვინმეს გაეგო, მაგრამ უცებ, მოვიდა ბებიაჩემი და გვკითხა, რა მოხდაო. ჩვენ ვუთხარით, არაფერიო და ერთმანეთს ვეკითხებოდით, ამან საიდან გაიგოო. ზუსტად მეორე დილას ბებიაჩემს დაემართა ინსულტი და სამ დღეში გარდაიცვალა. ამის მერე იყო ლაპარაკი, რომ ვიღაც უნდა წასულიყო და წავიდა ბებიაჩემი, რომელიც, ალბათ, მე ,,ჩამენაცვლა”.
– ბევრი სახიფათო სიტუაცია გაქვთ გამოვლილი, კიდევ რას გაიხსენებდით?
– 2008 წელს, ომის პერიოდში ვიყავი რაჭაში. საშინელება გადავიტანეთ, როგორც იქნა ცოტა ჩაწყნარდა სიტუაცია, გაიხსნა გზა და წამოვედით თბილისში. მანქანაში წინ, დედაჩემი მეჯდა გვერდით, უკან –  ბავშვები და ძაღლი. გზაში ძაღლმა დაიწყო ჩემკენ გადმოსვლა. ცალი ხელით საჭე მეჭირა და მეორე ხელით ძაღლს ვაკავებდი. უცებ, დავინახე, რომ საპირისპირო მხრიდან მოდიოდა მანქანა. საჭეს ხელი ავკარი, ვიფიქრე, ამ მანქანას ავაცილებ-მეთქი და ამ დროს, გადავეშვით ძალიან დიდ ხრამში. სულ, ალბათ, მაჯისხელა ხემ დაგვაკავა, რომ ბოლომდე არ გადავარდნილიყავით. როგორც იქნა, ამოვედი გზაზე და მანქანებს ვუქნევდი ხელს, რომ ვინმეს გაეჩერებინა და დამხმარებოდა. მანქანების კოლონა მიდიოდა და გაჩერებას ვერ ახერხებდნენ ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო, რომ ყველა ჩქარობდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა გააჩერა, რომელსაც ფეხმძიმე ცოლი ეჯდა გვერდით, მან ამომაყვანინა მანქანა. მადლობის გადახდაც კი ვერ მოვახერხე ნორმალურად და ძალიან მინდა, ეს სტატია წაიკითხოს და გამომეხმაუროს. ახლა მათი შვილი, ალბათ, უკვე რვა წლის იქნება.

скачать dle 11.3