როგორ იყო გატაცებული სპირიტუალიზმით ნინო მდივანი, არტურ კონან დოილის შვილთან ერთად და როგორ მოიპოვა მან უფლება ამერიკელი, დეტექტივი მწერლის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე #10
მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში ევროპისა და ამერიკული პრესის, საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა გენერალ ზაქარია მდივნის ხუთი შვილი - სერგო, დავითი, ალექსი, რუსუდანი და ნინო. მათი სახელები შეგხვდებათ გახმაურებულ ისტორიებში, ჰოლივუდის ვარსკვლავთა და ცნობილ პიროვნებათა მაღალი წრის ქრონიკებში, მხატვრულ ლიტერატურასა და ფილმებში. ნინო მდივანი არტურ კონან დოილის რძალი გახლდათ და ამერიკელი მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობა მთლიანად მას ებარა. მდივნების ოჯახის საინტერესო ისტორიების შესახებ კინორეჟისორი და რამდენიმე წიგნის ავტორი, ირაკლი მახარაძე გვესაუბრება, რომლის ერთ-ერთ წიგნში, „ქართველები ამერიკაში“ მოთხრობილია მდივნების ოჯახის შესახებ.
ირაკლი მახარაძე: ისინი ცნობილნი იყვნენ, როგორც „მექორწინე მდივნები“. სიმონ სიდამონ-ერისთავი მათ შესახებ წერდა: „იმ დროს ასი ათასი ამერიკელიდან ერთმა იცოდა რაიმე საქართველოს შესახებ. შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ყველა ამერიკული გაზეთი ძმები მდივნების და მათი ქორწინების შესახებ წერდა. ასე რომ, ახლა ასი ათასმა ამერიკელმა იცოდა მდივნების შესახებ და შესაბამისად, ქართველების შესახებ“ და შენიშნავდა: საერთო ჯამში, ძმებმა (ასევე დებმაც) ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარზე იქორწინესო.
– ვინ იყვნენ მდივნები, რა არის მათი ოჯახის შესახებ ცნობილი და როგორ მოახერხეს საკუთარი სახელების ამგვარად აფიშირება?
– ზაქარია მდივანი ნიკოლოზ მეორის ამალის გენერალ-მაიორი, კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი იყო. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ის ქალიშვილებთან ერთად პარიზში დასახლდა, ძმები კი ამერიკაში გადავიდნენ. სასიამოვნო გარეგნობის უცხოელმა ძმებმა „პრინცე“, თავადის ტიტულით გააცნეს თავი საზოგადოებას. ცნობილია, რომ ალექსი მდივანმა ნოე ჟორდანიას მიმართა თხოვნით, მას მიეცა ცნობა, რომ მდივნები თავადები არიან. ჟორდანიამ, თურმე, უარი განუცხადა. მდივნებმა ამერიკაში მალევე მიიქციეს მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენელთა ყურადღება. უფროსმა ძმამ – სერჟმა ცოლად შეირთო მუნჯი კინოს ცნობილი ვარსკვლავი, ქალი „ვამპირი“, როგორც მას ეძახდნენ, პოლა ნეგრი. მსახიობი გაკოტრდა და სერგომ ის მიატოვა. შემდეგ ოპერის მომღერალ, მერი მაკკორმიკზე დაქორწინდა, მაგრამ მალევე მიატოვა. ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ მთელი ქორწინების პერიოდში სერჟი მას შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ მან ყოფილი რძალი, გარდაცვლილი ძმის, ალექსის ცოლი, უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი – ლუიზა ვან ასტორი შეირთო. ქორწინების ერთი თვის თავზე კი, ცხენიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. მომდევნო ძმამ, დავითმა, ცნობილი კინოვარსკვლავი 28 წლით უფროსი, მეი მერეი შეირთო ცოლად. მათ ერთი შვილი შეეძინათ, მაგრამ ეს ქორწინებაც სკანდალით დასრულდა. მსახიობი აცხადებდა, რომ დავითი საშინლად ეჭვიანობდა, მას მუშტებით სცემდა, იარაღით დასდევდა და საკუთარ ბავშვსაც არ ინდობდა. ერთხელ ნაცემი ცოლი სააბაზანოში გამოკეტა. მეორე მსოფლიო ომის დროს დავითმა ამერიკულ ჯარში დაიწყო სამსახური და 44 წლის ასაკში „სინკლერ ოილის“ პრეზიდენტის, ჰენრი სინკლერის ქალიშვილ, ვირჯინიაზე დაქორწინდა. სინკლერმა მას შვილი გაუჩინა. თუმცა, ეს ქორწინებაც დასრულდა. ძმებში ყველაზე უმცროსმა, ალექსი მდივანმა დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი და მუშაობდა ნიუ-იორკის ბანკის პარიზულ ფილიალში. 1931 წელს დაქორწინდა ამერიკული ბეწვეულის კომპანიის შემქმნელის შთამომავალზე, 21 წლის ლუიზა ასტორ ვან ალენზე. მათმა ქორწინებამ სულ რამდენიმე თვე გასტანა. მისი შემდეგი პარტნიორი ბარბარა ვულვორტ პატონი გახდა. მათი ჯვრისწერა მართმადიდებლური წესით ჩატარდა და მედიის ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ქორწილი ერთი მილიონი დოლარი დაუჯდათ. ორი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ალექსი სალვადორ დალის ახლო მეგობარი გახლდათ. 1935 წლის ზაფხულში, ის, დალის საყვარელთან ერთად, ესპანეთში, თავისი სიძის, ესპანელი მხატვრის, ხოსე მარია სერტის ვილაზე ისვენებდა. მალევე ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა. ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ალექსი მდივანი ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ქართულ კოლონიას ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც „ლტოლვილთა ოფისის“ დირექტორის მოადგილემ ევროპაში მოსწავლე 15 ქართველ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა. ის შანხაიშიც ჩავიდა, ქუჩაში დარჩენილ ქართველებს სახლი უყიდა და იქაურ სტუდენტებსაც დაეხმარა. ძმებს არც დები ჩამორჩნენ, მათ უამრავი თაყვანისმცემელი ეტრფოდა და ოჯახიც არაერთხელ შექმნეს წარჩინებულ ადამიანებთან.
– ნინო მდივანი არტურ კონან დოილის შვილს გაჰყვა ცოლად. მათი ქორწინება დიდხანს გაგრძელდა?
– მშვენიერ ნინო მდივანს პარიზშივე ჰყავდა უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი. პირველად ჩარლზ ჰუბერიხზე გათხოვდა. 1936 წელს კი ცოლად გაჰყვა არტურ კონან დოილის შვილს, ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს, დენის კონან დოილს. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 1936 წელს, ბრისტოლის ავია შოუზე. დენისს პირველი შეხვედრიდანვე შეუყვარდა თურმე ნინო, რომელიც გარეგნული მომხიბვლელობის გარდა, ავიაციის ღრმა ცოდნითაც გამოირჩეოდა. იმავე წლის 19 მაისს, ნინო გაშორდა ჰუბერიხს და დენის კონან დოილზე დაქორწინდა. დენის კონან დოილის სიკვდილის შემდეგ, ნინო ცოლად გაჰყვა მის თანაშემწეს, ენტონი ჰერვუდს. ნინოს შვილები არ ჰყოლია.
– ცნობილია, რომ არტურ კონან დოილის ლიტერატურულ არქივს ნინო ხელმძღვანელობდა...
– ქმრის გარდაცვალების შემდეგ, უფლებები არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე ნინო მდივანს ერგო. როგორც ამბობენ, მისი ხელმძღვანელობით გაყიდვებმა უზარმაზარ რაოდენობას მიაღწია და არტურ კონან დოილის პოპულარობამ ბევრად უფრო გაიმაგრა პოზიციები – ეს კი ნინო მდივანის დამსახურება გახლდათ.
– მართალია, რომ სპირიტუალიზმით იყო გატაცებული?
– დენისი სპირიტუალიზმით იყო გატაცებული და ნინოც ჩაითრია. ქორწინების შემდეგ ნინომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის გარდაცვლილ მამას ესაუბრებოდა და ის ყოველთვის გონივრულ რჩევებს აძლევდა. ერთხელ, როცა არ დავუჯერე, კინაღამ დავიღუპეო, – თქვა მან. ცნობილია მისი სიყვარული ძვირფასი სამკაულებისადმი. მას დიდი კოლექცია ჰქონდა, რომელთა შორის გამორჩეული გახლდათ კარტიეს პალმის რტოს ფორმის გულსაბნევი. ის ახლა ქლაივ ქენდელის კერძო კოლექციაში ინახება.
– არანაკლებ პოპულარული იყო მეორე და – რუსუდანი. ამბობენ, ავადმყოფობის დროს კოკო შანელი უვლიდაო...
– რუსუდან მდივანი მოქანდაკე გახლდათ. რუსი, როგორც მას შემოკლებით ეძახდნენ, ჰოლივუდის მსახიობების ბიუსტებს ძერწავდა. 1928 წელს გათხოვდა საკუთარ მასწავლებელზე, ხოსე მარია სერტზე, ვისთვისაც მოდელის როლს ასრულებდა. სერტს მეუღლედ ცნობილი მოდელი და რამდენიმე მხატვრის, მათ შორის, ტულუზ ლოტრეკის მუზა, პოლონელი მიზია გოდებსკა ჰყავდა. მაგრამ, რუსუდანთან შეხვედრამ მას ყველაფერი დაავიწყა და სერტმა ცოლს თავი დაანება. ამბობენ, თურმე, როცა სერტი საკუთარ მეუღლესთან ერთად საწოლში ნებივრობდა, რუსუდანი მათ საძინებელში შეპარულა და ლამის საბნის ქვეშ შემძვრალა. თუმცა, მომავალში ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია მიზიას, სერტისა და რუსუდანის ურთიერთობაზე. ისინი მეგობრებად დარჩნენ და ეს უცნაური სამთა კავშირი მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. უფრო მეტიც: მიზიამ რუსუდანს ქორწილისთვის სახელგანთქმულ კოკო შანელთან შეაკერინა კაბა. ძმების გარდაცვალება რუსუდანმა ძალიან განიცადა და ჭლექით დაავადდა. მიზია რუსუდანზე ბოლომდე ზრუნავდა. ჭლექით დაავადებული ქალი მიზიამ და კოკო შანელმა შვეიცარიაში წაიყვანეს სამკურნალოდ. ზრუნვის მიუხედავად, დარდისგან ლოგინად ჩავარდნილი რუსუდანი, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსუდანის გარდაცვალებამ ისე იმოქმედა მიზიაზე, რომ თვალს დააკლდა. სიკვდილის წინ მან თავის მეგობარს გულის ფორმის მედალიონი აჩუქა. როცა მედალიონი გახსნეს, შიგ რუსუდან მდივანის ფოტო აღმოჩნდა.