რა ინტერესები ჰქონდა დარეჯან დედოფალს და რატომ არ უნდოდა მას ქართლ-კახეთისა და იმერეთის გაერთიანება #10
1784 წელს გარდაიცვალა იმერეთის დიდი ხელმწიფე, წმიდა სოლომონ პირველი. ტახტის მემკვიდრეობის გამო ატყდა შიდა დაპირისპირება იმერეთში. სოლომონ პირველს მემკვიდრედ უნდოდა თავისი ძმის, არჩილის ვაჟი – დავითი, რომლის დედა – ელენე გახლდათ ერეკლე მეორისა და მისი ცოლის, დარეჯანის ასული. მაგრამ იმერეთის ზოგიერთი დიდებულის დახმარებით, ტახტზე ავიდა სოლომონ პირველის ბიძაშვილი, დავით გიორგის ძე.
1789 წლის დასაწყისში ერეკლე მეორესთან ჩამოვიდა იმერეთის სამეფოს დელეგაცია: ეფთვიმე გაენათელი, დოსითეოს ქუთათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, პაატა მიქელაძე, სახლთხუცესი ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაძე და ფიცისკაცები - ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვები.
იმერელთა დელეგაცია მეფე ერეკლესგან, რომელსაც არ სურდა, იმერეთის მეფე გამხდარიყო ტახტის მიმტაცებელი დავით გიორგის ძე, ითხოვდა ქართლ-კახეთის სამეფოსთვის შეეერთებინა იმერეთის სამეფოც, როგორც ადრე იყო, ერთმეფობის ხანაში.
იმერთა წარმომადგენლები არწმუნებდნენ მეფე ერეკლეს, რომ მთელი იმერეთის სამეფო, დიდი და პატარა, თავადები და გლეხები დიდი სიხარულით ელოდებოდნენ მეფის დადებით პასუხს. მათი თქმით, გურიისა და ოდიშის მთავრებსაც უნდოდათ ქართლ-კახეთისა და იმერეთის გაერთიანება.
ერეკლე მეორემ მოისმინა იმერთა წინადადება, პასუხი არ გაუცია და დანიშნა დარბაზობა, სადაც უნდა ემსჯელათ ამ საკითხზე. დანიშნულ დღეს სასახლეში შეიკრიბნენ კათალიკოსი, მღვდელმთავრები, სარდლები, სახლთუხუცესები, მდივანბეგები ქართლ-კახეთისა და დაიწყეს განსჯა.
გაერთიანების განსაკუთრებული მომხრე იყო ერეკლე მეფის მდივანბეგი, პოეტი და მწიგნობარი ჭაბუა (მზეჭაბუკ) ორბელიანი. ასევე, კათალიკოსი ანტონ მეორე, სარდალი დავით ყაფლანიშვილი, სოლომონ ლიონიძე, ქიზიყის მოურავი ზაქარია ანდრონიკაშვილი, ჯარდან ჩოლოყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და სხვები.
მეფე დუმდა, ჭაბუა ორბელიანი მჭერმეტყველი კაცი გახლდათ და ემოციურად საუბრობდა გაერთიანების სიკეთეზე.
მიმართა მეფეს ჭაბუამ: ნუ ჰყოვნი, მეფეო! მეფე ერისათვის და არა ერი მეფისათვის, იმერლები ითხოვენ გაერთიანებას, და როგორ ეტყვის მეფე უარს? ვიცი და მესმის თქვენი, მეფეო: ფიქრობ, როგორ წავართვაო მეფობა შვილიშვილს? ასეთი მიდგომა არის გაუმართლებელი იმერთათვის, დამღუპველი ქვეყნისათვისო.
ჭაბუას თქმით, ქართლის მეფეებმაც დაკარგეს ტახტი, როდესაც ერეკლე მეფემ და მამამისმა, მეფე თეიმურაზმა გააერთიანეს ქართლ-კახეთი, მაგრამ, ეს სასარგებლო აღმოჩნდა, და ამით საქართველოს არაფერი დაკლებია.
შემდეგ სიტყვა აიღო ქაიხოსრო წერეთელმა: „ბატონო მეფევ, სცადეთ მეფეო, თუ ვერ ივარგებს და საზიანო იქნება ქართლის და თქვენი მეფობისთვის ჩვენი ერთობა, მაშინ მიატოვეთ იმერეთის მეფობა და მიეცით იმერლებს ნება, იყოლიონ თავისი მეფე. ამით არა დაშავდება რა. მიიღეთ იმერეთის გვირგვინიც, გაძლიერდით ჩვენით და გაგვაძლიერეთ თქვენით. ირწმუნეთ, მეფევ ბატონო, რომ სცნობს ამას მტერი და მიეცემა შიშსა და მორიდებას“.
მეფე ერეკლე ისევ დუმდა.
მეფის დუმილი, ალბათ, ნიშნად მიიღო ივანე (იოანე) მუხრანბატონმა და მოახსენა კრებას:
„იმერეთის შემოერთება ძალიან ძნელია. ჩვენთვის ვერ მოგვივლია და როგორ მოვუაროთ იმერეთს? როგორ უნდა დავეპატრონოთ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს თავისი პატრონი, მეფის შვილიშვილი, დავით არჩილის ძე?“
მუხრანბატონის სიტყვებმა აღაშფოთა დავით სარდალი, ორბელიანი და განრისხებულმა წამოიძახა:
მართალს ამბობს მუხრანბატონი, ვერ მოუვლის ის ქვეყანას თავისი ხმლითა და დროშით, მაგრამ, მოვა დრო და ეყოლება ქვეყანას სხვა მუხრანბატონი, რომლის ხმალიც უფრო მჭრელი იქნებაო.
დავით სარდლის სიტყვებმა იოანე მუხრანბატონი აღაშფოთა და ეტყობა, რაღაც მიაძახა სარდალს. სხვებიც აჰყვნენ და ახმაურდნენ. იქნებ გაიწიეს კიდეც ერთმანეთისკენ. ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო მეფის კარზე. მეფეს ეწყინა და დარბაზი დატოვა. ასე დაიშალა პირველი შეკრება.
დარეჯან დედოფალმა ყველაფერი ზედმიწევნით გაიგო. მას სურდა, იმერეთში გამეფებულიყო მისი ღვიძლი შვილიშვილი დავით არჩილის ძე. ერეკლე მეფის მემკვიდრე, გიორგი ბატონიშვილი არ იყო დარეჯანის ღვიძლი შვილი და ქართლ-კახეთისა და იმერეთის გაერთიანების შემხვევაში, ერეკლე მეორის მერე, გიორგი გახდებოდა გაერთიანებული სამეფოს მეფე. დარეჯანის პირადი შთამომავლობა კი ტახტის გარეშე დარჩებოდა. ეს არ უნდოდა ძალიან გავლენიან, პატივმოყვარე დედოფალს. შემდეგში მან ერეკლე მეფეს ტახტის მემკვიდრეობის კანონიც კი შეაცვლევინა, და მამიდან შვილზე გადასვლის მაგიერ, დარეჯანის ინიციატივით, მეფობა მომდევნო ძმებზე უნდა გადასულიყო. ამგვარად, დარეჯანის შვილები მიიღებდნენ ტახტის მემკვიდრეობას.
დარეჯანმა იეჭვა, რომ დავით სარდლის სიტყვების უკან შეიძლება, მდგარიყო გიორგი ბატონიშვილი. დაიბარა ჭაბუა ორბელიანი და მრისხანედ უსაყვედურა.
ჭაბუამ უკან არ დაიხია, ის პირდაპირი კაცი იყო და ამის გამო მრავალი უსიამოვნებაც შემთხვევია. „არა, დედოფალო ბატონო, ვერ გავხდები მეფის ორგული, აზრს არ შევიცვლი. სიკვდილამდე ვუერთგულებ ერთიანობის იდეას და საფლავშიც ჩავიტან. რად მიბრძანებთ მეფის ერთგული არ ვიყო? რამე არასწორად მიმაჩნდეს და ის ვურჩიო მეფეს? ვარ მეფის მრჩეველი და რამე ბოროტი ვურჩიო? ვატყობ, კეთდება ბოროტი საქმე, ბოროტი კაცისგან და ქვეყნის მტრისგან. ამიტომ, გავბედავ და უშიშრად მოვახსენებ მეფეს და თქვენც პირდაპირ გეტყვით, დედოფალო, რასაც ვფიქრობ“.
ტახტის მემკვიდრე, გიორგი უფლისწული ერიდებოდა მამას და დედინაცვალს, არც იმერეთის დესპანებს შეხვდა და არც კარისკაცებს, რათა არ გახმაურებულიყო რაიმე ამბავი და არ მისულიყო ისედაც დაეჭვებულ მეფესა და დედოფალთან.
იმერლები მიხვდნენ, დარეჯან დედოფლის სიტყვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ ქუთათელი და გაენათელი, წმიდა მღვდელმთავრები, რომლებიც მერე აწამეს რუსებმა, აბაშიძე და სხვები უამბობდნენ დედოფალს იმერეთის ამბებს. მათი თქმით, იმერეთი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და დაიღუპებოდა, თუ არ მოხდებოდა გაერთიანება საქართველოსი. მაგრამ, დედოფალი უარზე იყო და აცხადებდა, ვერ გამოვტაცებ იმერეთის გვირგვინს ჩემს შვილიშვილსო.
მესამე დღეს, კვლავ შეიკრიბა ქართლ-კახეთის დარბაზი, რომელსაც ისევ დაესწრნენ იმერეთის დიდებულები. ჭაბუა ისევ გაერთიანების მომხრე იყო, კათალიკოსი ანტონ მეორეც გაერთიანებას ითხოვდა. მაშინ მეფე ერეკლემ თავის მემკვიდრეს ჰკითხა აზრი.
„ხელმწიფეო ჩემო! სიტყვა ჩემი, როგორც ვხედავ, იქნება ზოგიერთისთვის მიუღებელი, მაგრამ მაინც გავბედავ მოგახსენო: შეერთება იმერეთისა ქართლისათვის იქნება სიმტკიცე მეფობისა; თუ გნებავს ჩვენი ქვეყნის უძლეველობა ჩვენი მტრებისგან, უნდა გადავწყვიტოთ ერთობა. რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე ძმათა ერთობა. სამეფო ისრაელისა დაეცა მაშინ, როცა ორად გაიყო სოლომონის ძველი სამეფო. დაეცა საბერძნეთი, როცა გაიყო ორად და სამად. გაყოფილი სამეფო ვერ გადარჩება, ბრძანებს მაცხოვარი“.
ტახტის მემკვიდრის სიტყვები მოიწონეს დამსწრეებმა. ჭაბუამ კვლავ აღიმაღლა ხმა და თავმდაბლად მოსთხოვა მეფეს, დათანხმებოდა ერთიანობის იდეას და აღესრულებინა იმერთა თხოვნა...
ფეხზე წამოდგა მეფე ერეკლე მეორე და განაცხადა: „ამ თხოვნას ვერ მივიღებ. მტერი მადგას კარს, ვერ გავიჩენ ახალ მტერს, რომელიც შეიძლება, გახდეს ჩემი შვილიშვილი, ტახტის მემკვიდრეობისთვის გამზადებული. დესპანნო, წადით და იმერლებს გამოუცხადეთ, რომ იმერეთის ტახტზე დავსვამ ჩემს შვილიშვილს და ამგვარი კავშირით თავისთავად იქნება ერთობა იმერეთსა და ქართლს შორის.
ასე უშედეგოდ დამთავრდა საქართველოს გაერთიანების ცდა 1789 წელს.