კარი გაიხურა #10
მისის სემროსინგტონმა ფანჯარაში გაიხედა და აყვავებული ალუბლის ტოტი დაინახა. იმ დღეს მისი დაბადების დღე იყო. ამოიოხრა. არ უხაროდა. ეს დღე უკვე იმას ახსენებდა, რომ სრულიად მარტო დარჩა და გვერდით არავინ ჰყავდა, ვინც ამ დღეს მიულოცავდა. რამდენიმე მეგობარი კი შემორჩა, მაგრამ მათი ყალბი ღიმილის დანახვა არ უნდოდა. ისინი ხომ მასთან მხოლოდ ძვირფასი ტკბილეულის საჭმელად დადიოდნენ. გულზე სევდა შემოაწვა. საშინელ გუნებაზე იყო. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მისი სახელი – აგატა, სიყვარულით წარმოთქვეს. აღარც ცოლი იყო, აღარ საყვარელი და აღარც მეგობარი. როცა ცოლად სემროსინგტონს გაჰყვა, სხვათა შორის, კომფორტისა და ფულის გამო, ფიქრობდა, რომ გაცნობიერებული გარიგება სინდისს არ დაუმძიმებდა. სულ უფრო ხშირად ახსენდებოდა კაცი, რომელსაც სიხარულით მიუძღვნიდა დარჩენილ სიცოცხლეს და რომელზეც უარი თქვა. მას შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა. ჯოზეფი... სად გაქრა იმ დღის შემდეგ... 41 წელი. ბევრი ფული, სერიოზული უძრავი ქონება. „ლიმუზინი“ და აუტანელი სიცარიელე. არადა, შეიძლებოდა, ბედნიერი ყოფილიყო, ძალიან ბედნიერი.
ოთახში მოახლე შევიდა. ქალბატონს ცხელი შოკოლადი შეუტანა და სავარძელთან, პატარა მაგიდაზე დადგა.
– ჯულიეტ, რატომ არ მომილოცე დაბადების დღე?
– ქალბატონო, მომიტევეთ, ვაპირებდი, – უხერხულად შეიშმუშნა ჯულიეტი – ოცდაორიოდე წლის, ჯანმრთელი გარეგნობის გოგო, – მართლა ვაპირებდი.
– არა უშავს. იცი, რა, ჯულიეტ, მირჩიე რამე. ჩემს ადგილას რომ იყო, რას გააკეთებდი საკუთარ დაბადების დღეზე?
მოახლემ გაოცებით დაახამხამა წამწამები.
– ქალბატონი, ალბათ, ხუმრობს.
– არა, ჯულიეტ, საერთოდ არ ვხუმრობ. როგორ ვხვდები ჩემი დაბადების დღეებს მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი მოკვდა? ვმასპინძლობ ოთხ ქალს, რომლებიც აქედან გასვლისთანავე ჩემზე ჭორაობას იწყებენ. არა, ეს აღარ მინდა. ოთხივეს დაურეკე და უთხარი, რომ არ მოვიდნენ. ახლა კი მირჩიე, რა გავაკეთო?
მოახლე დაფიქრდა.
– მე სიხარულს მივანიჭებდი იმ ადამიანებს, ვისაც ოცნებაც კი არ შეუძლიათ ამაზე.
აგატა შეიჭმუხნა.
– უფრო კონკრეტულად, შეგიძლია, მითხრა?
– დიახ, ქალბატონო. ახლავე ყველაფერს აგიხსნით...
ერთი საათის შემდეგ ძვირფას ბეწვეულში შეფუთული აგატა „ლიმუზინში“ იჯდა და სახეზე მსუბუქი ღიმილი გადაჰკრავდა. ფიქრობდა ჯოზეფზე, კაცზე, რომელიც უყვარდა იმ სიყვარულით, როგორიც მან იცოდა და შეეძლო. ქმარი ათი წლის წინ მოუკვდა. რამდენიმე დღეში ჯოზეფმაც დატოვა და გაუჩინარდა. ერთდროულად დაკარგა ქმარიც და საყვარელიც. ქმარი ისე ძალიან არ უდარდია, როგორც ჯოზეფი. დიდი ხანი ცდილობდა, არ ეფიქრა მასზე და შეგუებოდა მდიდარი ქვრივის პოზიციას, რომელიც თავიდან საკმაოდ სახარბიელოც ჩანდა. ჯოზეფი ძალიან უცნაურად გაუჩინარდა. უცნაურად გაუჩინარდა ქმარიც.
რიგი ქუჩის კუთხემდე აღწევდა. რაღაცის მომლოდინე ადამიანები მოუსვენრად ცქმუტავდნენ. „ლიმუზინიდან“ ჯერ ჯულიეტი გადავიდა და იქვე მდგარ პოლიციელს, რომელიც რიგს აწესრიგებდა, რაღაც უთხრა. მან მოუსმინა და თავი დაუქნია. მერე რიგისკენ შებრუნდა.
– მომისმინეთ, – დაიყვირა ხმამაღლა, – ერთი ქალბატონი ახლა ფულს დაგირიგებთ. ეს მისი დაბადების დღის საჩუქარი იქნება. მშვიდად იდექით და საშუალება მიეცით, თითოეულ თქვენგანთან მოვიდეს. ყველა მიიღებთ თანხას...
„ლიმუზინის“ მძღოლი ქალბატონს მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა. აგატამ შეხედა მადლიერებით გაბრწყინებულ ამ ადამიანების სახეებს და სიხარული იგრძნო. თავი თითქმის ღმერთად წარმოიდგინა. იმ არსებად, რომელსაც სხვისი ბედის განკარგვა შეეძლო. ნელა ინაცვლებდა ერთი ადამიანიდან მეორესთან და უცებ... ჯოზეფი! ღმერთო, ნამდვილად ის იყო შეცვლილი, გატეხილი, გახუნებულ, ძველ (თუმცა სუფთა) ტანსაცმელში, მაგრამ ჯოზეფი. მისი გამოხედვა, როგორ შეიძლებოდა სხვაში არეოდა. მაგრამ, კაცმა ვერ იცნო, ან თავი ისე მოაჩვენა, რომ ვერ იცნო. აგატას გული შეეკუმშა.
– ჯოზეფ, ეს შენ ხარ? ვერ მიცანი? აგატა ვარ... როგორ გეძებდი. წამოდი ჩემთან, ჩემს სახლში. ჩვენ იმდენ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ...
– წადი და მოვალ, – პირქუშად წარმოთქვა კაცმა.
– მოხვალ? ჩემი სახლი იცი?
– ვიცი, ისიც ვიცი, რომ დღეს შენი დაბადების დღეა.
– ჯოზეფ! იცოდი ყველაფერი და მაინც არ მოდიოდი?
– ჰო. მაგრამ, ახლა წადი და მოვალ, საჩუქარსაც მოგიტან.
აგატა ბედნიერი იყო, ბეწვეულში შეფუთული და მოლოდინით გაბრწყინებული. თავისი ყველაზე ძვირფასი კაბა ჩაიცვა, თმა საგანგებოდ დაივარცხნა. ათი წელი სიმარტოვეში... და ეს, დღეს დასრულდებოდა.
კარის ხმა გაიგონა. მერე მძიმე ნაბიჯების. ჯოზეფი კარის ზღურბლზე შეჩერდა.
– შემოდი.
– მოვედი, რომ რაღაც გითხრა. ამის გაკეთებას არ ვაპირებდი, მაგრამ დღეს ხომ შენი დაბადების დღეა. შენი ქმარი მე მოვკალი. ვიცი, ეს გინდოდა და ალბათ, მიხვდი კიდეც, მაგრამ არ შეიმჩნიე. ჰო, მოვწამლე. ეს სიმართლეა.
– და წახვედი? მიმატოვე? კი მაგრამ, რატომ? გამათავისუფლე და მიმატოვე? შეგვეძლო, ბედნიერები ვყოფილიყავით.
– რატომ უნდა ვყოფილიყავით ბედნიერები? ჩვენ შორის გრძნობა არ ყოფილა. ყველაზე გადარეული ძუკნა იყავი ყოველთვის და ფულთან პირისპირ დაგტოვე. ახლა მეუბნები, რომ მეძებდი. რისთვის? მე მკვლელი ვარ, შენი ქმრის მკვლელი. ახლა კი კარგად ბრძანდებოდე. მირჩევნია, უფასო სადილის მოლოდინში, გრძელ რიგში ამომხდეს სული.
კარი ხმაურით გაიჯახუნა. ქალმა თვალები დახუჭა. ახლა სიმართლე იცოდა, მაგრამ ის უკვე აღარაფერში სჭირდებოდა. რადგან მას თავისი სიმართლე ჰქონდა – საწამლავი, რომელიც ქმარს ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანში ჩაუყარა – თავისუფალი და მდიდარი ჯოზეფს უნდა ჩავარდნოდა მკლავებში, მაგრამ... მკვლელმა კარი გაიხურა.