რომელი შინაგანი ორგანოების პათოლოგიებით გამოწვეული დაავადებები განაპირობებს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს და რაზე მიგვანიშნებს ენაზე არსებული მოყვითალო ნადები #10
ჰალიტოზი, ანუ უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ბევრისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა, რაც ხშირად პიროვნების დაბალი თვითშეფასების, სოციალური, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი ხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ პირიდან ცუდი სუნის მიზეზი მარტო სტომატოლოგიური პათოლოგიები არ არის და პირის ღრუს სათანადო ჰიგიენით ყოველთვის ვერ მოვახერხებთ მისგან თავის დაღწევას. რა იწვევს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში და რომელი შინაგანი ორგანოების პათოლოგიებით გამოწვეულ დაავადებებზე მიუთითებს მისი არსებობა, – ამ თემაზე ექიმი, რუსიკო მახარაძე გვესაუბრება: ჰალიტოზის, უსიამოვნო სუნის, წყარო შეიძლება იყოს როგორც პირის ღრუში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჰალიტოზი ხშირად თან ახლავს დიაბეტის, ღვიძლის, თირკმლისა და ფილტვების დაავადებებს. ასევე, შეიძლება, გამოწვეული იყოს ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, რომელიც ამცირებს ნერწყვის გამოყოფას, როგორიცაა: ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები, ფსიქოტროპული, ნარკოტიკული, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები. უმრავლეს შემთხვევაში კი, პირის ღრუდან ცუდი სუნის მიზეზი თვით პირის ღრუა. კერძოდ, ის მიკროორგანიზმები ანუ ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ბუდობენ. პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმების უმრავლესობა ენის ზურგის უკანა ნაწილშია ლოკალიზებული. ენის ეს ნაწილი შედარებით მშრალია და ცუდად იწმინდება, რაც ბაქტერიებისთვის საუკეთესო გარემოა. ენის ამ ნაწილზე ბინადრობს დიდი რაოდენობით გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიები, რომლებიც შლიან გოგირდის შემცველ ამინომჟავეებს და წარმოქმნიან სფეციფიკური სუნის მქონე აქროლად გოგირდოვან ნაერთებს. ბაქტერიების მიერ გამოყენებულ ამონომჟავების წყაროს შეიძლება, წარმოადგენდეს ქრონიკული სინუსიტებისთვის (ფრონტიტი, ჰაიმორიტი) დამახასიათებელი გამონადენი, რომელიც ცხვირ-ხახიდან ადვილად ხვდება ენის უკანა ნაწილზე. ჰალიტოზის მიზეზის ძიებისას საჭიროა ჰაიმორისა და შუბლის წიაღის გამოკვლევა. ასევე, ხშირი მიზეზია ქრონიკული ტონზილიტი, როდესაც ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში წარმოიქმნება, ეგრეთ წოდებული, ჩირქოვანი საცობები. პირიდან ცუდი სუნის შემთხვევაში, უპირველესად, ადამიანმა უნდა მიმართოს სტომატოლოგს, რათა გამორიცხოს პარადონტოზი და პირის ღრუს სხვა დაავადებები. თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, მაშინ დააკვირდით ენას. სქელი თეთრი ან მოყვითალო ნადები მიგვანიშნებს, რომ პირიდან ცუდი სუნის მიზეზი შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის არასწორი მუშაობა იყოს. აღსანიშნავია, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებები ხშირად აირების გაძლიერებული წარმოქმნით მიმდინარეობს, რაც უფრო ამძაფრებს პირიდან უსიამოვნო სუნს.
– ხშირად პირში უსიამოვნო სუნის მიზეზად მშრალ პირის ღრუს ასახელებენ, რას ნიშნავს მშრალი პირის ღრუ და რეალურად არის თუ არა ეს პირში ცუდი სუნის მიზეზი?
– ძილის დროს ორგანიზმი მცირე ოდენობით ნერწვს გამოიმუშავებს და დილით პირი „გამომშრალია’“. ზოგ ადამიანს აწუხებს პირის ღრუს ქრონიკული სიმშრალე, რასაც ქსეროსტომია ეწოდება და ის ნერწყვის შემცირებით არის განპირობებული. ნერწყვი აქტიურად მონაწილეობს პირის ღრუს სანაციასა და იმ ნაწილაკების მოცილებაში, ცუდ სუნს რომ განაპირობებს. ნერწყვი შეიცავს განსაკუთრებულ კომპონენტებს, რაც კლავს ბაქტერიებს და მათი ცხოველმოქმედების პროდუქტებს. სპეციფიკური სუნი პირიდან ხშირად ამოსდით მასწავლებლებს, ლექტორებს და სხვა იმ პროფესიათა წარმომადგენლებს, რომლთაც ხანგრძლივი საუბარი უხდებათ. ამ დროს, ცხადია, პირის ღრუ შრება და ნერწყვი ვეღარ ახერხებს მის სრულფასოვან სანაციას. ხშირია უსიამოვნო სუნი დილაობით, განსაკუთრებით მათთან, ვისაც პირღიას სძინავს. ასეთი სუნი პათოლოგიად არ მიიჩნევა და პირის ღრუს დატენიანებისთანავე ქრება. ვისაც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებს პირის სიმშრალე, ადვილად ემართება ღრძილების დაავადება, რაც, ხშირად პირში სუნის მიზეზია. პირიდან არასასიამოვნო სუნი აღინიშნება პრემენსტრუალური სინდრომის დროს. ესტროგენების დონის მატება იწვევს პირის სიმშრალეს და იქმნება მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები. პირის სიმშრალეს იწვევს ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. მაგალითად, ამის გამოწვევა შეუძლია ანტიჰისტამინური, ალერგიის საწინააღმდეგო წამლებს, ანტიდეპრესიულ, სისხლის წნევის მარეგულირებელ პრეპარატებს, ასევე ტრანკვილიზატორებს, ნარკოტიკულ საშუალებებს.
– ალკოჰოლი, თამბაქო რამდენად ამძაფრებს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს?
– მოწევით განპირობებულ ცუდ სუნზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი, მაგრამ მათგან მთავარია ნიკოტინი, კუპრი და ცუდი სუნის მქონე სხვა ნივთიერებები, რომელსაც თუთუნის კვამლი შეიცავს. ეს ნივთიერებები ილექება კბილებზე და პირის ღრუს რბილ ქსოვილებზე, როგორიცაა: ღრძილები, ლოყა, ენა. მოწევა პირის ღრუს ქსოვილების სიცოცხლისუნარიანობას აქვეითებს, რის გამოც ნერწყვის მადეზინფექცირებელი მოქმედება ქვეითდება. აღარ ხდება პირის ღრუში არსებული ბაქტერიების „ჩარეცხვა“ და მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტების გაუვნებელყოფა. მწეველებს ხშირად აქვთ ღრძილების პრობლემები, რაც პირიდან ცუდი სუნის მიზეზია. ნაბახუსევს ბევრს აღენიშნება პირის ღრუდან ცუდი სუნი. ამის მიზეზი სისხლში გადასული ალკოჰოლის მოლეკულებია, რომლებიც ხვდება ფილტვებში და იქიდან ამონასუნთქ ჰაერს ამოყვება. ალკოჰოლი პირის ღრუს სიმშრალეს იწვევს და მიკროორგანიზმების აქტიური გამრავლებისთვის ოპტიმალურ გარემოს ქმნის. პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება ზოგიერთი საკვებიც იყოს. საკვების გადამუშავების შემდეგ ორგანიზმი მის შემადგენელ მოლეკულებს ითვისებს, რაც სისხლის ნაკადში გადადის. ზოგიერთი ასეთი არასასიამოვნო სუნის მქონე მოლეკულა ხვდება ფილტვებში, საიდანაც, ამოსუნთქვის დროს, ჰაერთან ერთად ამოდის.
– ბევრი მშობელი უჩივის, რომ ბავშვს აქვს პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი. გარდა იმ მიზეზებისა, რაზეც ისაუბრეთ, გლანდების როლი რამდენად დიდია ამ პრობლემაში?
– თუ ბავშვს გლანდები აწუხებს, შესაძლებელია, ეს იყოს პირიდან ცუდი სუნის მიზეზი, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ჰალიტოზის მიზეზია ანაერობული ბაქტერიები+ამინომჟავები. ანაერობული ბაქტერიები არ მოიხმარენ ჟანგბადს და დიდი ოდენობითაა ნუშურა ჯირკვლის ლაკუნებში, ხოლო ამინომჟავეების წყაროა ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებში წარმოქმნილი ჩირქოვანი „საცობები“.
– შინაგანი ორგანოების პათოლოგიები რა შემთხვევაში ხდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზი?
– შინაგანი ორგანოების პათოლოგიები იშვიათად ხდება პირიდან ცუდი სუნის მიზეზი. თუმცა, ზოგიერთი დაავადების დროს პირიდან მეტად სპეციფიკური სუნი შეიძლება შევიგრძნოთ. ასეთი დაავადებებია: რესპირატორული, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებები, კუჭის დაავადებები, ღვიძლის დაავადებები, ანუ ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი.