ვინ მოკლა მოსკოველი პროფესორი პელცერი, ბერიას ბრძანებით, „ჩეკაში“ #10
კომუნისტებისა და კომუნისტთა ლიდერების უღმერთოება ახალი ამბავი არაა, მაგრამ იყო კი ყველა კომუნისტი მაღალჩინოსანი უღმერთო და მათ შორის, ლავრენტი ბერიაც? ისტორიკოსი ანატოლი პრუდსკი წერს: „ცნობილი ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას დედა, მართა, უაღრესად მორწმუნე ქალი გახლდათ და ეკლესიურად ცხოვრობდა. რაც შეეხება მის მაღალჩინოსან შვილს, ლავრენტის, ოფიციალურად ის არასდროს აღიარებდა ღმერთს. თუმცა, ფარულად სანთელსაც ანთებდა, პირჯვარსაც იწერდა და ლოცულობდა კიდეც. ლოცვები რომ კარგად იცოდა და მართლმადიდებლობაშიც საუცხოოდ ერკვეოდა, ამაზე ბერიას სასკოლო ატესტატიც მეტყველებს. სკოლა სოხუმში დაამთავრა და ნიშნების გრაფებში, მათ შორის ღვთისმეტყველებაში, მხოლოდ ფრიადები ეწერა.
ბერიას წინააღმდეგ შეთითხნილ, ფალსიფიცირებულ ბრალდებათა ნუსხაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი მიხეილ პელცერის საქმეს უკავია. მასში წერია, რომ ფილოსოფიის დოქტორი პელცერი, „უღმერთოთა საზოგადოების“ თანათავმჯდომარე, 1937 წელს ბერიას დავალებით მოკლეს თბილისის „ჩეკას“ ციხის საკანში. ოფიციალური დასკვნით, 61 წლის პელცერს საკანში გული გაუსკდა. თუმცა, ხრუშჩოვის პროკურატურა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე პელცერის სიკვდილში მაშინდელი საქართველოს ცეკას პირველ მდივანს, ლავრენტი ბერიას ადანაშაულებს.
მიხეილ პელცერი მოსკოვის „უღმერთოთა საზოგადოების“ თანათავმჯდომარე, ფილოსოფიის დოქტორი და სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ათეიზმისა და რელიგიის განყოფილების უფროსი გახლდათ. 1937 წლის მარტში, ის თბილისში საგანგებო მისიით ჩამოვიდა. უღმერთო ფილოსოფოსს თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში რელიგიური წიგნები და ნაწერები უნდა შეერჩია და მოსკოვში წაეღო. საამისოდ კი, მას ცენტრალური საკავშირო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ნებართვა გააჩნდა, რომელსაც მაშინ საჯარო ბიბლიოთეკა ექვემდებარებოდა. პელცერი საცავში შეუშვეს. ორი კვირის განმავლობაში მოსკოველმა სტუმარმა 6 ათასზე მეტი უნიკალური წიგნი და ხელნაწერი შეარჩია. შემდეგ მათი შეფუთვა მოითხოვა, რომ პირადად წაეღო მოსკოვში.
„პირველს“ (ბერიას) პელცერის მოთხოვნის შესახებ პროფესორმა გივი გოგოლაძემ აცნობა, რომელიც შოკირებული იყო უღმერთო პროფესორის თავხედობითა და ცინიზმით. გენერალი სერგო გოგლიძე ბერიას პროცესზე ამბობდა: „ლავრენტი ბერიას თავდაპირველად მხოლოდ მოლაპარაკება უნდოდა პელცერთან იმ მიზნით, რომ მოსკოველ პროფესორს ქართული ბიბლიოთეკიდან ხელნაწერები არ გაეტანა. თუმცა, ეს რომ არ გამოვიდა, მაშინ ლავრენტი პავლოვიჩმა მისი (პელცერის) წინააღმდეგ საგანგებო ზომების გატარება დაგვავალა...“
საგანგებო ზომები კი იმაში გამოიხატა, რომ ლავრენტი ბერიას დავალებით ქართველმა ჩეკისტებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. 1937 წლის 21 მარტს, ავლაბარში, ოქრომჭედელი ავაქ სარქისოვი დანით მოკლეს თავის სახელოსნოში. იქიდან უნიკალური, სომხური ეკლესიის საკულტო ოქროს ნივთები გაიტაცეს, რომლებიც სარქისოვთან შესაკეთებლად იყო მიტანილი, რადგან ეკლესიაში იყენებდნენ. მეორე დილას, ბინიდან, სადაც პელცერი ცხოვრობდა, მოკლული სარქისოვის სახელოსნოდან გატაცებული ნივთები ამოიღეს. ოქრომჭედლის გულში ჩარჭობილ დანაზე კი პელცერის თითების ანაბეჭდები აღმოაჩინეს. გამოჩნდა აგრეთვე სამი მოწმეც, რომლებიც პელცერს ადებდნენ ხელს და ამბობდნენ, რომ სარქისოვის სახლიდან გამოსვლისას დაინახეს. სისხლის სამართლის საქმეში ეწერა, რომ პელცერი თავგამოდებული კოლექციონერი იყო, აგროვებდა რელიგიის საკულტო ნივთებს და მკვლელობაც მათი დაუფლების მიზნით ჩაიდინაო. საგულისხმოა ისიც, რომ ბრალდებულზე არავის არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ განუხორციელებია. მართალია, პროფესორი არ აღიარებდა დანაშაულს, მაგრამ საქმე ისე დამაჯერებლად იყო ჩამოყალიბებული და სამხილებით გამყარებული, რომ მოსკოვიდან ჩამოსულმა გამომძიებელმაც დაადასტურა პელცერის ბრალეულობა და მოსკოვში დაბრუნდა. 19 აპრილს პელცერი „ჩეკას“ საკანში, ნარზე მკვდარი აღმოაჩინეს და გაკვეთამ დაადასტურა, რომ მან ინფარქტი მიიღო. თუმცა, 16 წლის მერე, 1953 წელს, საბჭოეთის გენერალური პროკურორი, რომან რუდენკო ამბობდა, პელცერი ბერიას დავალებით მოწამლესო, რასაც ვერ ამტკიცებდა.
„ბერიას საქმეზე“ ბრალდებული, გენერალი ბოგდან ქობულოვი სასამართლოზე ამბობდა: „ოქრომჭედელი ავაქ სარქისოვი ჩეკისტებს არ მოუკლავთ და ის ავაზაკებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. ჩვენ კი ეს შემთხვევა თავხედი პელცერის საწინააღმდეგოდ გამოვიყენეთ, რომ მისთვის უნიკალური, ისტორიულ-კულტურული ფასეულობების, წიგნების გატანის საშუალება არ მიგვეცა. ბერია მას საკუთარ კაბინეტშიც კი ესაუბრა და სთხოვა, რომ წიგნების გატანაზე ხელი აეღო. პროფესორმა პელცერმა კი ლავრენტი პავლოვიჩი მასხრად აიგდო და უთხრა: ნებართვა მოსკოვიდან მაქვს მიღებული და წიგნების გატანაში თქვენც კი ვერ დამაბრკოლებთო. ამის მერე ბერიამ პელცერის განეიტრალება დაგვავალა...“
პელცერთან დაკავშირებული ისტორია იმისი ნათელი დასტურია, რომ ბერია ნამდვილად უფრთხილდებოდა ეროვნულ მონაპოვარს. მართალია, ამას ზოგჯერ ძალიან დაუნდობლადაც კი აკეთებდა, მაგრამ იმ ეპოქაში ასეთ საქციელს თავისი გამართლება ჰქონდა – შენ თუ არ შეჭამდი, მაშინ შენ შეგჭამდნენ. სერგო გოგლიძე თავის ჩვენებებში წერდა: „პელცერის განეიტრალება რომ დავიწყეთ მე და ქობულოვმა, ბერიამ ასეთი კითხვა დამისვა:
– როგორ ფიქრობ, სერგო, არაადამიანურად ვიქცევი, ასეთ რამეს რომ გავალებთ?
– არა, რას ამბობთ, ლავრენტი პავლოვიჩ, – მივუგე ბერიას, – პელცერი თავხედი, უზრდელი და ჩვენი ქვეყნის მტერია. მტრებს კი დაუნდობლად უნდა გავუსწორდეთ-მეთქი.
– ჰოდა, წადით და გაუსწორდითო, – გვითხრა ბერიამ და ხელით გვანიშნა, წადითო.
იმავე ღამეს მოკლეს სარქისოვი და ეს შემთხვევა ჩვენს გეგმაში ჩავსვით...“
მიუხედავად იმისა, რომ 1937 წელს ბერიამ 6 ათასზე უნიკალური ქართული წიგნი გადაარჩინა მოსკოვში გატანას, 1953 წლის მიწურულს, მაშინ, როცა ბერიას ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესი იმართებოდა, ეს უნიკალური წიგნები მაინც გაიტანეს მოსკოვში. ბერიამ, როგორც ინტელექტუალმა და ანალიტიკოსმა, კარგად იცოდა, რომ მოსკოვში გატანილი ქონება აღარასდროს დაბრუნდებოდა უკან და მან მაშინ ეს აღკვეთა“.
ნიკა ლაშაური