როგორ მკურნალობდა სტალინი რუზველტს საიდუმლოდ #10
უდავო ფაქტია, რომ სტალინის ძლევამოსილების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მისი დიპლომატიური ნიჭი იყო – საბჭოთა ბელადს იმის დიდი უნარი შესწევდა, თავისი ტოლ-სწორი მმართველები საკუთარ ნებაზე ეტარებინა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სტალინის მკვლევარ-ბიოგრაფი, იური კრაუზე წერს: „ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბოდვები სტალინის ფსიქიკური აშლილობის შესახებ, რბილად რომ ვთქვა, არ შეესაბამება სინამდვილეს. სტალინის პარანოიზმი საბჭოთა ბელადის სიდიადის დასაკნინებლად მოიფიქრეს ეგრეთ წოდებულმა „შავმა პიარშჩიკებმა“ და დიდი აღმშენებელი სტალინი შეშლილად გამოაცხადეს. ახლა კი სტალინის თემას სერიოზულ რელსებზე დავაბრუნებ და ვიტყვი, რომ სტალინი დიპლომატიის გამორჩეული და განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. თავისი დიდი ქვეყნის, საბჭოეთის საკეთილდღეოდ არც საკუთარ თავს ინდობდა და არც სხვებს. ის (სტალინი) ყოველმხრივ ცდილობდა, რომ „ძლიერნი ამა ქვეყნისა“ თავისი ანკესის კაუჭზე წამოეგო და საამისოდ, ყველა ღონეს მიმართავდა. როგორც ცნობილია, დიდი სამამულო ომის დროს, ანგლო-ამერიკელების მიერ, 1943 წლის ნოემბერში, თეირანის კონფერენციაზე შეპირებული მეორე ფრონტის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო, ჭიანურდებოდა და სტრატეგიული უპირატესობის მიუხედავად, საბჭოეთს მაინც უჭირდა ფაშისტების გააფთრებული წინააღმდეგობის დაძლევა. ამასთანავე, სტალინმა ისიც კარგად იცოდა, რომ არსებობდა შანსი, ფაშისტებთან ბრძოლაში შეთხელებულ წითელ არმიას, გაძლიერებული ბრიტანულ-ამერიკული ძალები დასხმოდა თავს, რაც დამღუპველი აღმოჩნდებოდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებს: „1944 წლის 20 იანვარს სტალინმა კუნცევოში დამიბარა და მითხრა:
– ეჭვი მაქვს, რომ მელა ჩერჩილი, როგორც ყოველთვის, ინტრიგებს ხლართავს ჩვენ წინააღმდეგ. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მეორე ფრონტის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. ვფიქრობ, დროა, აქტიურად, პირადად ჩავერთო ამ პრობლემის გადაწყვეტაში და რას იტყვი, შენი აზრი მაინტერესებს.
– რას გულისხმობ პირად ჩართვაში? – ვკითხე სტალინს.
– რუზველტთან პირად, საიდუმლო მოლაპარაკებას. ვფიქრობ, რომ თუკი ამერიკელის გადმობირებას შევძლებ, ბრიტანელი მელა თავისით მოცუნცულდება ჩემთან. გასაგებია?
– სტრატეგია – კი. მაგრამ მისი შესრულების ხერხებია ბუნდოვანი. სად და რა მიზეზით დაიმარტოხელებ რუზველტს ჩერჩილის გარეშე?
– აქ და შენი მეშვეობით, – მტკიცედ მითხრა სტალინმა, – ხვალ ვაშინგტონში გაფრინდები და ჩემი სახელით პრეზიდენტ რუზველტს მაცესტაში მოიწვევ სამკურნალოდ. იქ კი მე ვიცი.
შტატებში მეორე დღესვე გადავფრინდი. თვითმფრინავში კი ვფიქრობდი, რომ რუზველტი უარს მეტყოდა...“
მოლოტოვის ვარაუდი არ გამართლდა და ფრანკლინ დელანო რუზველტი, 1944 წლის 29 იანვარს, მოლოტოვთან ერთად, მოსკოვში ფარულად ჩამოფრინდა. შემდეგ ის სტალინს შეხვდა და მეორე დილით, ორივე ქვეყნის ლიდერი უკვე შავიზღვისპირეთში, კურორტ მაცესტაში ჩაფრინდა. მათ იქ ცხრა დღე დაჰყვეს – 30 იანვრიდან 7 თებერვლამდე და 8 თებერვალს, რუზველტი სამშობლოში დაბრუნდა. საგულისხმოა, რომ საბჭოური ვოიაჟის შემდეგ, „ლენდ ლიზის“ პროგრამით გათვალისწინებული დახმარება საბჭოეთისთვის გაასმაგდა. მეორე ფრონტი ევროპაში კი 6 ივნისს გაიხსნა, რაც უდავოდ პროგრესი იყო, რადგან საიდუმლო მოლაპარაკებების შედეგად, ეს პროცესი დეკემბრის მიწურულს უნდა განხორციელებულიყო. სტალინმა მაცესტაში რუზველტს წინასწარ შეთანხმებული გეგმა შეაცვლევინა. იგივე მოლოტოვი იხსენებდა: „პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს პოლიომიელიტი სჭირდა, რომელიც 39 წლის ასაკში შეეყარა და დაინვალიდდა. ძალისხმევის მიუხედავად, ამერიკელი ექიმები ვერაფერს უხერხებდნენ ამ სენს და პრეზიდენტს მხოლოდ უმნიშვნელოდ უმსუბუქებდნენ ავადმყოფობას. სტალინმა ეს კარგად იცოდა და დაზვერვას ჯერ რუზველტის პირადი ანკეტა მოაპოვებინა ავადმყოფობის შესახებ, რომელიც გასაიდუმლოებული იყო. შემდეგ კი ეს ანკეტა საბჭოთა ექიმებს გააანალიზებინა და დაინტერესდა, თუ რა უშველიდა რუზველტს. სწორედ მათ ურჩიეს მაცესტის აბაზანების მიღება, რომელსაც სტალინიც იღებდა, რადგან რევმატიზმი აწუხებდა.“
როგორც განსაჯაროებული საბუთებიდან და თვითმხილველების მოგონებებიდან გახდა ცნობილი, სტალინი და რუზველტი მთელი ცხრა დღის განმავლობაში ერთად მკურნალობდნენ მინერალური წყლით და ტალახით მაცესტაში. იმავდროულად, ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. უფრო სწორად კი, სტალინი „ამუშავებდა“ ამერიკის პრეზიდენტს და ისეთი გარემო შეუქმნა, რომ თავის ნებაზე დაიყოლია უზარმაზარი ქვეყნის მმართველი. როგორც ირკვევა, ფრანკლინ რუზველტი სამშობლოში ძალიან მხნედ დაბრუნდა, რადგან მაცესტაში მკურნალობდა და ამერიკელი ექიმების პროგნოზების მიუხედავად, რომ პრეზიდენტი 1944 წლის აპრილ-მაისში გარდაიცვლებოდა, კიდევ 14 თვე იცოცხლა. ამაში მას მაცესტურმა ცხრადღიანმა აბაზანებმა შეუწყო ხელი. საბჭოთა უშიშროების თვალსაჩინო მოღვაწე, გენერალი პავლე სუდოპლოტოვი წერდა: „სტალინს ჩემმა ბიჭებმა რუზველტის ანკეტა რომ მიუტანეს, სადაც ეწერა, პრეზიდენტი აპრილ-მაისში გარდაიცვლებაო, ბელადმა საბჭოთა ექიმებს გააანალიზებინა ანკეტა და სთხოვა, რაიმე მოეფიქრებინათ მისი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ჩვენმა პროფესორებმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს და რუზველტმა კიდევ 14 თვე იცოცხლა...“
სტალინს რუზველტი სჭირდებოდა, როგორც ძლიერი მოკავშირე და მოლოტოვს ასეთი ფრაზა უთხრა: მიუხედავად ჩვენი უპირატესობისა, ჰიტლერი მაინც ძალიან ძლიერია და ამერიკის მხარდაჭერა აუცილებლად გვჭირდება. რუზველტის გარეშე ამერიკა კი შეიძლება, ჩვენ წინააღმდეგ შემოტრიალდეს. მით უმეტეს, თუ ახალ პრეზიდენტს ჩერჩილი, ის ბებერი მელა დაამუშავებსო. პარადოქსია, მაგრამ ისტორიული ფაქტია, ამერიკის პრეზიდენტის ჯანმრთელობაში საბჭოეთის მმართველს უფრო მეტი წვლილი მიუძღვოდა, ვიდრე ამერიკელ ექიმებს. სტალინმა ყველაფერი ზუსტად გათვალა და იმიტომ იბრძოდა რუზველტის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, რომ ამერიკელი კოლეგის კეთილგონიერების ამბავი იცოდა და დრო მოიგო...
მოგვიანებით, როცა ახალმა პრეზიდენტმა, ტრუმენმა „ლენდ ლიზი“ გაუუქმა საბჭოეთს და „ცივი ომიც“ წამოიწყო, საბჭოთა ბელადმა პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე ნახევრად ხუმრობით თქვა: „რუზველტს თუ მაცესტის აბაზანები მივაღებინეთ, ტრუმენს კამჩატკის ვულკანებში ვაბანავებდიო“.