როგორ ცხოვრობს ღალატის შემდეგ გათხოვილი ქალი და რისი აღიარება უჭირს მას #10
ყველაზე წესიერ ადამიანსაც კი, ცხოვრებაში შეიძლება, ჰქონდეს მომენტი და სრულიად წარმოუდგენელი რაღაც მოიმოქმედოს, ანუ იმის თქმა: – კონკრეტულად ამას არასდროს გავაკეთებო. შეიძლება, სასაცილოც კი აღმოჩნდეს – იმ მარტივი მიზეზით, რომ ადამიანი შეუცნობელი არსებაა, არაპროგნოზირებადი და ინდივიდუალური. შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა, ალბათ, ყველა შეცდომა უნდა განვიხილოთ მისი სიმძიმისა და შედეგების მიხედვით. საიდუმლოთი ცხოვრება კი, მარტივი ნამდვილი არ არის.
დიანა (34 წლის): როცა ადამიანი სასოწარკვეთილია, ადვილად სჩადის სისულელეს. მისი ქმედებები ხშირად ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული. ბევრი წავიკითხე იმ მდგომარეობის შესახებ, რომელშიც მე ვიყავი და ძალიან ბევრი რამ ნათელიც გახდა ჩემთვის. თუმცა, დანაშაულის სიმძიმეს მაინც ვგრძნობ. ვერაფრით გავიმართლებ თავს.
– ვის წინაშე გნებავთ თავის გამართლება?
– უპირველესად, საკუთარი თავის წინაშე. ადამიანი ხომ ჯერ საკუთარი თავის წინაშე უნდა იყო მართალი, რომ ცხოვრება არ გაგირთულდეს. ღალატიც საკუთარი თავისა და პრინციპების ღალატია. ღალატის მერე, სულ რომ არავინ გაიგოს ამის შესახებ, მაინც ცუდად ხარ. მით უმეტეს, თუ ფიქრობ, რომ ეს დანაშაულია.
– ქმარს თქვენ უღალატეთ?
– დიახ. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ ჩემი ოცნება ყოველთვის იყო მტკიცე, მყარი, ერთგულებაზე აგებული ოჯახი. საერთოდ, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ მძიმე პრობლემას შევიქმნიდი. მრცხვენია იმის, რასაც ახლა ვლაპარაკობ. ვერასდროს გამოვუტყდები მეუღლეს. ის კაცი აბსოლუტურად უცხოა ჩემთვის.
– თქვენი საყვარელი?
– რა საყვარელი? ერთადერთხელ გადაიკვეთა ჩვენი გზები. მოსახდენი მოხდა და დასრულდა კიდეც – როგორ მინდა, ის დღე საერთოდ წავშალო მეხსიერებიდან. არ გამომდის. ვუმეორებ საკუთარ თავს, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, მაგრამ ესეც ტყუილია. ვიცი, გაინტერესებთ, რატომ დამემართა ეს? რატომ ვუღალატე ქმარს, რომელიც მართლა ერთადერთი მამაკაცია ჩემთვის – ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი... მის გარდა, მართლა არავინ მინდა. რა გადამიტრიალდა მაშინ ტვინში, არ ვიცი. არ ვიტყუები – მართლა არ მაქვს წარმოდგენა.
– ცოტა უცნაურია, ამას რომ ამბობთ.
– დიახ, მესმის. მეც მიკვირს და პასუხიც არ მაქვს. როგორ შეიძლება, უღალატოს პატიოსანმა, გათხოვილმა ქალმა ქმარს? მხოლოდ ფაქტს ვხედავ – ჩემი, როგორც მოღალატე ცოლის სახით. ეს კი პასუხი არ არის. საცობში გავიცანი. დიახ, მეც მანქანით ვიდექი წვიმაში და ისიც. ძალიან ახლოს ვხედავდი, იმიტომ რომ, მის მანქანას საჭე საპირისპირო მხარეს ჰქონდა. ფაქტობრივად, გვერდიგვერდ ვიყავით. ძალიან სასიამოვნო მუსიკა ისმოდა მისი მანქანიდან. მიხვდა, რომ ვუსმენდი და მომეწონა. მაგნიტოფონს აუწია და ფანჯრის მინა ჩამოსწია. ძალიან რომანტიკული ატმოსფერო შეიქმნა. დაღლილი ვიყავი და ერთბაშად მოვეშვი. თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. არ ვიცი, ჩემი მაშინდელი მდგომარეობა რა სიტყვებით ავხსნა. ნელა ვმოძრაობდით. შესამჩნევად მომყვებოდა ისე, რომ სიახლოვის ძაფი არ გაწყვეტილიყო. საბურავი დამეშვა. ძალიან არ მინდა, ეს ვაღიარო, მაგრამ, მგონი, ბედისწერა იყო. რა თქმა უნდა, გადმოვიდა. იმ წვიმაში, მანქანა გადააყენა და მიპატრონა. თითქოს დიდი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი. ახლა მისი სახის გახსენებაც კი მიჭირს. არადა, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩავუვარდი მკლავებში. როგორც კი ყველაფერი დასრულდა, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი.
– უხერხული შეკითხვაა, მაგრამ არ გაიცანით ერთმანეთი?
– არა. მთხოვა, სახელი მაინც მითხარი და ტელეფონის ნომერი მომეციო, მაგრამ უარი ვუთხარი. კიდევ ნახვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ვნერვიულობ, როგორც კი ამას ვიხსენებ. ოთხი თვე იყო გასული, რომ დამირეკა. მანქანის ნომრით მომძებნა თუ რა ქნა, არ ვიცი. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – შოკიდან ჯერაც არ ვიყავი გამოსული. საკუთარ თავს, მეხსიერებას ვებრძოდი და უცებ – უცხო მამაკაცის ხმა. მუხლები მომეკვეთა.
– რა გითხრათ.
– წვიმს დღეს და საბურავი არ დაგეშვასო. ლამის ენა ჩამივარდა. წარსულის საშინელი აჩრდილი რომ გამოგეცხადება. წარმოვიდგინე, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა. ჩემი დიდი საიდუმლო გამჟღავნდა. ძალიან მიჭირს იმის აღიარება, რომ ჩემი საიდუმლო სიცოცხლის ბოლომდე მძიმე ტვირთად მექნება. ამას უკვე აღარაფერი ეშველება. ქმარმა რომ გაიგოს, საერთოდ თავს მოვიკლავ.
– ფიქრობთ, რომ არ გაპატიებთ?
– საკუთარ თავს თვითონ ვერ ვაპატიებ და ქმრისგან რა მოვითხოვო. ან, რა ვუთხრა, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გიღალატე-მეთქი? ხომ აბსურდია. მაგრამ რეალურად, მართლა ასეა. მიჭირს, ძალიან მიჭირს და ალბათ, ამის წამალი არ არსებობს.