როგორ უნდა ამოვიცნოთ ვენერიული დაავადებები და რა შემთხვევაშია ის სიცოცხლისთვის საშიში #6
ვენერიული დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცლებულია. მართალია, მისი მალევე აღმოჩენისა და მკურნალობის შემთხვევაში, ყველაფერი მარტივად გვარდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს ნაკლებად მიაქვთ ეჭვი მსგავს დაავადებებზე, რის გამოც მათი ექიმთან ვიზიტი დაგვიანებულია ხოლმე. ყველაზე რთულ ფორმებს კი, შესაძლოა, მოჰყვეს იმპოტენცია, უშვილობა, ფეხმძიმეებში ნაყოფის პათოლოგია. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, დაავადებულის გარდაცვალებაც კია მოსალოდნელი.
მანანა შველიძე (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატო-ვენეროლოგი): ვენერიული დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია. თუმცა, ბოლო პერიოდში ახალგაზრდებში შედარებით იკლო, რადგან მეტად უფრთხილდებიან თავს და სექსუალური ურთიერთობის დროს დამცავ საშუალებებს იყენებენ. ასევე, ხშირად დადიან ექიმებთან და თუ ადრე მამაკაცი და ქალი ცალ-ცალკე მკურნალობდა, ახლა წყვილი ერთად მოდის, რაც მათ გამოკვლევასა და მკურნალობას აადვილებს. დაავადებულთა ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ გავრცელებულია. თან, ეს ისეთი დაავადებებია, რომელთა შესამოწმებლადაც ნაკლებად შეიძლება, მიმართონ ექიმს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული ვითარება წლების წინ იყო. ბოლო დროს, საყოველთაო დაზღვევამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მდგომარეობის გამოსწორებაში. ადამიანებს საშუალება მიეცათ, ხშირად მიმართონ ექიმს და საჭიროების შემთხვევაში, ოპერაცია გაიკეთონ. მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის ქირურგიული ჩარევა იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპერაციის დროს ჩატარებული გამოკვლევებით, ძალიან ბევრ რამეს იგებენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. ერთ ქალს ოპერაცია სჭირდებოდა და გამოკვლევისას დაუდგინეს ათაშანგის (იგივე სიფილისი) დაავადება, რომელიც ახალგაზრდებში ნაკლებად, თუმცა უფროს თაობაში, საკმაოდ გავრცელებულია. რა თქმა უნდა, გამოვიკვლიეთ მისი მეუღლეც, რომელიც ასევე, დაავადებული იყო და ამ დაავადების წარმოშობას რომ ვიკვლევდით, წარმოიდგინეთ, დავადგინეთ, რომ მამაკაცს წლების წინ ჰქონია თავის ტვინის ოპერაცია გაკეთებული. სისხლის გადასხმა დასჭირვებია და სწორედ ამ გზით დაავადდა. წლების შემდეგ კი, მისმა მეუღლემ გაიკეთა ოპერაცია და შემთხვევით გაიგეს, რომ ათაშანგით იყვნენ დაავადებულები, თორემ შეიძლება, საკუთარი დაავადების შესახებ კიდევ დიდხანს არაფერი სცოდნოდათ, რაც მძიმე შედეგებამდე მიიყვანდა მათ. სამწუხაროდ, უმეტესწილად ფიქრადაც კი არ მოსდით მსგავს დაავადებებზე გამოკვლევები ჩაიტარონ და ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა უკვე სერიოზული, ძალიან მძიმე პრობლემა იჩენს თავს. ანუ, მკურნალობა უკვე დაგვიანებულია.
– შესაძლოა, ათაშანგის დაავადებამ ყველაზე მძიმე შემთხვევაში, ადამიანის გარდაცვალებაც გამოიწვიოს?
– მკურნალობის შემთხვევაში არ იწვევს გარდაცვალებას. თუ სწორ მკურნალობას ჩაიტარებენ, მაშინ ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ იქნება.
– თუ ათაშანგით ორსულია დაავადებული, შესაძლოა ბავშვი გარკვეული სიმახინჯეებით ან სულაც გარდაცვლილი დაიბადოს?
– თუ ორსული ათაშანგითაა დაავადებული, იმ შემთხვევაში, თუ მას მკურნალობა არ ჩაუტარდება, შესაძლოა, ბავშვი დაიბადოს თანდაყოლილი ათაშანგით და მისთვის დამახასიათებელი სიმახინჯეებით, რაც მრავალგვარია. ასევე, შესაძლოა მკვდრადშობადობაც.
– როგორ ამოვიცნოთ ეს დაავადება, რა სიმპტომები აქვს?
– ეს ერთ-ერთი, ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მას რამდენიმე ძირითადი სიმპტომი გააჩნია. ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც აუცილებლად ვუსვამთ პაციენტს, არის – ჰქონდათ თუ არა მათ გამონაყარი ტანზე. შესაძლოა, გამონაყარი სასქესო ორგანოზეც, მაგრამ ეს დაავადების პირველი ეტაპია, რომელიც აბსოლუტურად უმტკივნეულოა და მალე გადის. როცა ჩვენთან მოდიან, ეს ეტაპი უკვე გავლილი აქვთ. მაგრამ, როცა ვეკითხებით, ჰქონდათ თუ არა გამონაყარი ტანზეც, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში გაუქრათ, თითქმის ყველა იხსენებს, რომ ასეთი რამ იყო, მაგრამ ალერგიული გამონაყარი ეგონათ. საწყის ეტაპზე ამ დაავადებას ასევე, ახასიათებს ტემპერატურა, მაგრამ ესეც ისეთი სიმპტომია, რომელიც შეიძლება, სხვა დაავადებას დაუკავშიროთ. ამიტომაც უჭირთ ამ დაავადებებზე ეჭვის მიტანა.
– გავრცელებული ჩივილებია: ტკივილი, გამონაყარი, მათ შორის ჩირქოვანი, სიწითლე. ეს ყველაფერი, რომელ დაავადებაზე მიუთითებს?
– ტკივილი და გამონაყარი უფრო ჰერპესს ახასიათებს. ათაშანგს ტკივილი ნამდვილად არ ახლავს. ჰერპესი და სხვა ვირუსული დაავადებები კი, პირიქით, საშინელ ტკივილს იწვევს. ისე ძლიერს, რომ ძლივს დადიან ხოლმე. მეორადი ინფიცირება კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას, როცა ხდება დაზიანებული კერის ინფიცირება და მიდის ჩირქოვანი პროცესი.
რაც შეეხება სქესობრივი გზით გადამდებ ვენერიულ დაავადებებს, ესენია: ტრიხომონია, ქლამიდიოზი, გარდნერელოზი... სიმპტომების თვალსაზრისით, გარდნერელოზს გამოვყოფდი, რადგან ის მკვეთრად სპეციფიკური სუნით ხასიათდება და პირდაპირ თევზის სუნს უწოდებენ. სხვა დაავადებას ასეთი სუნი არ აქვს. ამ შემთხვევაში კი, ეს სუნი იმდენად დამახასიათებელია, რომ გამოკვლევის გარეშეც ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. მამაკაცთან შედარებით, ქალის ანატომია იძლევა უფრო მარტივად დიაგნოსტირების საშუალებას. ამიტომაც ვთქვი დასაწყისში, რომ კარგია, როცა წყვილი ერთად მოგვმართავს. კიდეც რომ არ აღმოჩნდეს მამაკაცთან რომელიმე დაავადება, თუ მის პარტნიორთან დაფიქსირდა, მაშინ მასაც აუცილებლად უტარდება მკურნალობა. რადგან პარტნიორს აღმოაჩნდა, როგორ შეიძლება მასთანაც არ იყოს?!
– სქესობრივი გზით გადამდები ვირუსები შეიძლება, გახდეს თუ არა ქალის ან მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
– კი. სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია. მკურნალობის გარეშე სქესობრივი დაავადებები არის უშვილობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი. მაგრამ, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ეს პრობლემა მოგვარებადია. უშვილობის პრობლემის არსებობისას სასურველია, უპირველესად, სწორედ ეს დაავადებები გამოირიცხოს.
– თუ წყვილიდან ერთ-ერთი დაინფიცირებულია მსგავსი ტიპის დაავადებით, მაგრამ იყენებენ დამცავ საშუალებას, დაზღვეულები მაინც არ არიან?
– თავის დაცვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასი პროცენტით დაზღვეული არავინაა. შესაძლოა, თავდაცვის საშუალება დაზიანდეს ან რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდეს. ამიტომ, სრულ გარანტიას ვერაფერი მოგცემთ. როცა არ იცით, თქვენი სექსუალური პარტნიორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ასპროცენტიანი გარანტია.
– მინდა, იმ მძიმე შედეგებზე ვისაუბროთ, რისი საფრთხეც დაავადებულებს ემუქრებათ. კიდევ რა შეიძლება, დაემართოთ მათ უყურადღებობის შემთხვევაში?
– მამაკაცების შემთხვევაში, თუ ისინი არ იმკურნალებენ, ხდება პროსტატის ჯირკვლის დაზიანება, რაც ცუდად მოქმედებს პოტენციაზე და საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ამან პოტენციის დაკარგვა გამოიწვიოს. ბუნებრივია, იმპოტენციის საკითხი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ხშირ შემთხვევაში, ისეც ხდება, რომ ერთმანეთის რჩევით, თვითმკურნალობას მიმართავენ, რასაც საბოლოოდ, უარეს შედეგამდე მივყავართ.
– მართალია, რომ მსგავსი ტიპის დაავადებები რამდენიმე თაობაზე გადადის?
– არა, ასე არ არის. თუ ფეხმძიმობისას აღმოჩნდა ვენერიული დაავადება, მკურნალობის შემთხვევაში, ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადება. არსებობს თანდაყოლილი ათაშანგიც, მაგრამ ყველაფრის მკურნალობა შეიძლება. მშობიარობამდე ერთი კვირით ადრეც დაუწყიათ მკურნალობა და მშობიარობის შემდეგ, გამოკვლევებს დაუდასტურებია, რომ დედაც და შვილიც ჯანმრთელია.
ვენერიული დაავადება შეიძლება, ძალიან სახიფათო გახდეს და მძიმე, ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გამოიწვიოს. ასეთ დროს განკურნება, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. უბრალოდ, ვცდილობთ, პროცესი უფრო შორს არ წავიდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი. თუმცა 50-55 წლის ქალს ნამდვილად არ მოუვა თავში აზრად, რომ შეიძლება, ვენერიული დაავადება ჰქონდეს. ამიტომ, ძალიან მისასალმებელია, რომ ახალგაზრდებში უკვე სხვა ტენდენციაა. ბევრი სქესობრივი ცხოვრების დაწყების წინ იტარებს გამოკვლევებს, რომ ერთმანეთი დაიცვან და საკუთარ ჯანმრთელობასაც მიხედონ. მით უმეტეს, გამოკვლევა სჭირდება მათ, ვისაც აქტიური სქესობრივი ცხოვრება აქვს. გადამოწმება ხელს არაფერში შეუშლით, ამით პარტნიორს სცემს პატივს და ჯანმრთელობასაც შეუწყობს ხელს.