რა რიტუალს ატარებს ყოველი ძილის წინ ხატია სიჭინავა და ვინ აჩუქა მას საოცნებო, ძვირად ღირებული ახალი მანქანა #10
ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ოჯახზე, ურთიერთობებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. თუმცა, წყვილი ამას ყურადღებას არ აქცევს. ფაქტია, ისინი ერთად თავს კარგად გრძნობენ. ახლახან რამაზმა ცოლს საკმაოდ ძვირად ღირებული სიურპრიზი გაუკეთა და საჩუქრით გააოგნა. როდის გააჩენს წყვილი მეოთხე შვილს – ბიჭს და რატომ აღარ აქცევენ საზოგადოების აზრს ყურადღებას, ამაზე თავად ხატია გვესაუბრება.
ხატია სიჭინავა: რამაზმა ყოველი შვილის გაჩენისას მანქანა მიყიდა, მაგრამ ახლა, ბიჭი არ გამიჩენია და შესაბამისად, არც ახალ მანქანას ველოდი (იცინის). დაახლოებით, ერთი თვის წინ, მანქანით მივდიოდით, დამანახვა „რენჯის ევოუქი“ და მკითხა: აი, ასეთი მანქანა მოგწონსო? ვუთხარი, არა, ასეთი ბევრი დადის ქალაქში და არ მომწონს-მეთქი. აბა, რა გინდაო და მაშინ ვთქვი, თუ ოდესმე გამოვცვლი მანქანას, „პორშე“ მინდა-მეთქი. თუმცა, მანქანის გამოცვლა გეგმაში არ მქონია. „კია სპორტიჯს“ ისე ვიყავი მორგებული, ნამდვილად არ მიფიქრია მისი შეცვლა. მოკლედ, ბავშვები დავაძინე, საძინებელში ავედი, რომ მეც დავწოლილიყავი და რამაზმა დამირეკა, ჩაიცვი და გამოდი, სადმე წავიდეთ, ვჭამოთო. ხშირად იცის მსგავსი რაღაცეები და სხვა სიურპრიზის ეჭვიც არ გამჩენია, ისე ჩავიცვი და გავყევი. რესტორნიდან რომ გამოვედით, რამაზის მანქანისკენ წავედი. მან ხელი გადამხვია და მკითხა, სად მიდიხარო. ვიფიქრე, ახლა ამას ამ სიცივეში ფეხით გასეირნება უნდა და ვუთხარი, მანქანით გავისეირნოთ-მეთქი. ჰოდა, რაღა ჩემი მანქანით, შენი ახალი მანქანით გავიდეთო. ეს მანქანა მოშორებით ეყენა. მიმიყვანა, დააწკაპუნა პულტი და... ნამდვილი შოკი მივიღე. იმდენი ვიხტუნავე სიხარულით, რაც ჯიბეში მქონდა, ყველაფერი დავკარგე (იცინის). მართლა გამაოგნებელი სიურპრიზი გამიკეთა. 2015 წლის „პორშეს“ ამ ეტაპზე, ნამდვილად არ ველოდი. არც კი მიკითხავს, რა მისცა. თუმცა, ფაქტია, ეს ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარია, რომელიც ქმარმა გამიკეთა. არადა, მოლაპარაკებულები ვიყავით, მანქანას მაშინ შევცვლიდი, როცა ბიჭს გავაჩენდი (იცინის). პირველ შვილზე მანქანა მაჩუქა, მეორეზეც – იგივე. მესამე კი ისე სწრაფად გავაჩინე, ვეღარ მოასწრო და შემპირდა: აი, მეოთხე შვილი – ბიჭი რომ გვეყოლება, მანქანას გიყიდიო. სხვათა შორის, ასტროლოგმა გამოგვითვალა და გვითხრა, გოგოების ციკლი დამთავრდა და ახლა, 2018 წელიდან, ბიჭები გეყოლებათო. მართლა იმდენი საფიქრალი მაქვს ამხელა ოჯახის გამო, ნაკლებად ვფიქრობ მატერიალურ, ფუფუნების საგნებზე. მირჩევნია, საკუთარი სახლი ვიყიდო და გავფართოვდეთ. ამიტომ, ამ ეტაპზე ჩემი ქმარი მანქანას მაჩუქებს თუ ბრილიანტებს, მეასეხარისხოვანია. თუმცა, სულ ცდილობს, გამაოცოს და გამახაროს. ნამდვილად არ ველოდი ამ მანქანას, გეგმაშიც არ მქონდა და მართლა გამაოცა. გავშეშდი, რომ მითხრა, შენიაო და მერე კი დავიწყე ჰაერში, სიხარულით ხტუნვა (იცინის). აუცილებლად ვაკურთხებინებ მანქანას და დავკიდებ ჯვარს, რომ ავი თვალისგან დამიცვას. ფაქტია, ყველა გახარებული ვერ მიყურებს, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არავისი არაფერი მშურს. ჩვენთან ისეთი ტენდენციაა, იმის მაგივრად, საკუთარ ცხოვრებას მიხედონ, ყველა სხვის ცხოვრებაში ჰყოფს ცხვირს.
– და ამ სიხარულის დროს, ხტუნაობაში რა დაკარგე?
– ჯიბეში მედო 300 ლარი და დავკარგე. არ არის პრობლემა. მე რომ მიხაროდა, იმის მპოვნელმაც ისე გაიხაროს. ნამდვილად არ ვარ ისეთი მდიდარი, ყოველდღე სამასი ლარი მედოს ჯიბეში, მაგრამ, როცა ფული მითავდება, ასეთი რიტუალი მაქვს – დილით, პირველივე შემხვედრ მათხოვარს, ვაძლევ ხუთ ლარს და არ არსებებს, ფული არ შემომივიდეს. ეს დაცდილი მაქვს (იცინის). ცალმხრივად სამყარო არ მუშაობს, რასაც გასცემ – ფულია ეს თუ სიყვარული, იგივე დაგიბრუნდება უკან. ღმერთი რასაც გაძლევს, ყველაფერი რომ მარტომ შეირგო, ეს არასწორია. შენც უნდა გასცე და ის აუცილებლად გაასმაგებული დაგიბრუნდება. სულაც არ ვფიქრობ, იმის ღირსი ვარ, რაც გამაჩნია, ამიტომ შეიძლება, ასლარიანებს ვერ ვარიგებ, მაგრამ, რაც შემიძლია, იმდენს გავცემ. ნამდვილად არ მქონია მთელი ცხოვრება ასეთი აწყობილი, როგორიც ახლა მაქვს, მაგრამ არც მაშინ ვყოფილვარ გაბოროტებული – არ მდომებია სხვისთვის ცუდი და არც ახლა. თუმცა, ძალიან ბევრია ისეთი, რომ შურს და თავადაც იბოღმება. ერთხელ, რაღაც დაწერეს ჩემს ოჯახზე და ძალიან გავმწარდი, მომეშალა ნერვები. რამაზმა დამამშვიდა და მითხრა: გაითავისე და მიეჩვიე, რომ სამაგალითო ოჯახი არავის უყვარსო. მაშინ მივხვდი, რომ უნდა დამებლოკა ყველა საიტი, სადაც ჩემზე რამე იწერებოდა და ერთი ოქროს წესი შემოვიღე – ჩემს ყველა მეგობარს აეკრძალა ჩემამდე იმ ჭორების მოტანა, რაც ვრცელდება. ასე რომ, დიდი ხანია, არ ვიცი, რას ამბობენ. არ მაინტერესებს, რას ჭორაობენ და გააქვთ-გამოაქვთ ჩემზე და მორჩა! ვცდილობ, ადამიანებისგან წამოსული უარყოფითი აურისგან თავი დავიცვა, თორემ იმდენი ნეგატივი მოდის, ჩემში რომ შემოვუშვა, აუცილებლად გავითვალები. 13 წლიდან ასეთი შეგნებული რიტუალი მაქვს – ძილის წინ აუცილებლად ვლოცულობ.
– ბევრი მამაკაცისგან მსმენია, ჩემს ცოლს ტუჩს არ დავაბერინებ, სახეს არ დავაბოტოქსებინებ, მოკლეს არ ჩავაცმევო და ასე შემდეგ. მსგავსი აკრძალვები თუ გაქვს ქმრისგან?
– აბსოლუტურად არაფერს მიკრძალავს ქმარი. ათი წლის წინ დავიბერე ტუჩი, მას მერე დამატება არც მიცდია და ახლაც ვნანობ და თავში ვირტყამ ხელს. თუმცა, რომც მოვინდომო ტუჩის დაბერვა ან ბოტოქსის გაკეთება, რამაზი არ ჩაერევა. შენი გადასაწყვეტია, რას შეიცვლი გარეგნობაში და კაცის საქმე არ არის. ასე რომ, ჩემს პირად სივრცეში ქმარი არ იჭრება, ისევე როგორ მე – მისაში. ერთმანეთის ტელეფონებისკენ თვალიც კი არ გაგვირბის, შემოწმებაზე ხომ, ლაპარაკი ზედმეტია. უბრალოდ, ერთმანეთს ვენდობით და ვცხოვრობთ აკრძალვების გარეშე.
– როგორ ფიქრობ, რას არ გაპატიებს ქმარი?
– არასდროს გავაკეთებ უპატიებელს! ალბათ, სიკვდილს არ მაპატიებს (იცინის).
– როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
– ყველაზე რთული პერიოდი მქონდა 30 წლის ასაკში, როცა ოჯახის შექმნა-არშექმანზე იდგა საკითხი. დღეს კი, მე ბედნიერი კი არა, უბედნიერესი ვარ!
– როგორ გგონია, რომ არ გათხოვილიყავი და რამაზ ნოზაძეს არ გაჰყოლოდი ცოლად, ვინ იქნებოდი დღეს?
– რამაზს რომ არ გავყოლოდი და არ შემექმნა ოჯახი, ვიქნებოდი ისევ ისეთი, როგორიც 30 წლამდე ვიყავი – თავგადასავლების მაძიებელი, იმპულსური, თავხედი, ფეთქებადი, მხიარული, ხმაურიანი... და თუ რამე ნეგატიური გამაჩნია დღეს, იმ პერიოდიდან მომყვება. ახლა აბსოლუტურად ყველა ეს თვისება გაქრა და ახალი ცხოვრება დაიწყო – გათხოვებიდან მალე გავხდი დედა, მერე – მეორედ, მესამედ... ეს კი აბსოლუტურად სხვა განზომილებაა და ახლა სულ სხვა პოროვნება ვარ. მეგობრები ხშირად მეჩხუბებიან, სად იკარგებიო. ისე გავქრი ჰორიზონტიდან, ვერ აღიქვეს, რა მოხდა. ვერანაირად ვეღარ ჩავჯდები იმ რეჟიმში, რომ მეგობრებთან დიდი დრო გავატარო. ბავშვები, ქმარი, ოჯახი, ბიზნესი, თავის მოვლა – მთელი ჩემი დღის რეჟიმია. ყველაზე დიდი თანხაც, შესაბამისად, შვილების ჩაცმაზე, კვებასა და გართობაზე მეხარჯება.