რატომ მიჩუმათდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თბილისში და რატომ იქნება აზერბაიჯანისთვის სასიკვდილო დარტყმა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა #10
23 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრი გვეწვია, თუმცა ქართულმა მედიამ ეს ამბავი საინფორმაციო ზარ-ზეიმის გარეშე ჩაატარა. ერთი ის შევიტყვეთ, რომ მხარეებმა ლარსის ალტერნატიულ დერეფნებზე ისაუბრეს. ეს დერეფნები, მოგეხსენებათ, სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მას უშუალო საზღვარი არ აქვს თავის სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც, იმავდროულად, ჩვენთვის ოკუპანტი ქვეყანაა. ამის პარალელურად, საუბარი განახლდა აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნაზე და ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ჯიუტად ამტკიცებს, რომ საქართველომ რუსეთს სამხედრო დერეფანი მისცა, ოღონდ დამადასტურებელი ფაქტები ხელთ არ აქვთ. მეორე მხრივ, ამ ზამთარშიც მოითხოვა სომხურმა მხარემ ცხინვალის გავლით გზის გახსნა მისკენ რუსეთიდან მომავალი ტვირთებისთვის (როდესაც უამინდობის გამო ლარსი ჩაიკეტა). სომხეთიდან პოლიტიკური აქტივობის მოტივებზე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– სომხეთი პირველად არ მოითხოვს ცხინვალიდან და აფხაზეთიდან მისთვის გზის გახსნას რუსეთისკენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რის მანიშნებელია: რას გვთხოვენ და რის სანაცვლოდ?
– არის ქვეყნები, რომლებშიც პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები მცირე საბაბითაც კი ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს. მოენატრებათ ერთმანეთი და მეგობრულ ვიზიტებს აწყობენ. მაგალითად, მიშა, მგონი, წელიწადში ათჯერ ხვდებოდა ალიევს და ხშირად არც საუბრობდნენ დიდ სტრატეგიულ საკითხებზე. მაგრამ სომხეთთან სხვა სიტუაციაა: სხვა მეზობლებთან შედარებით, ყველაზე ცოტა შეხვედრაა. წელიწადში, მაქსიმუმ, ერთ-ორი.
– ამჯერად მოვენატრეთ თუ მოგვენატრნენ, ასეთი დიდხნიანი უნახაობის შემდეგ?
– არ გაიშვა თბილისში მონატრებული სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ჩვენ რომ მოგვენატროს ან პირიქით, ისეთ პრემიერ-მინისტრს მეორე დღესვე ჩამოაგდებენ, პროქართულობას დასწამებენ. მთავარი ის არის, რომ ეს შეხვედრა მიჩუმათებული იყო და არც ერთობლივი პრესკონფერენცია გაუმართავთ. მიზეზი სხვადასხვა შეიძლება, იყოს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მართებულია ჩვენი მთავრობის ასეთი ქცევა, ვინაიდან აზერბაიჯანი ძალიან ნერვიულობს თბილისის ნებისმიერ კონტაქტზე ერევანთან. თავის დროზე სომხებმა ერთი ამბავი ატეხეს, ქართველებს თავიანთ საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში აზერბაიჯანი სტრატეგიულ პარტნიორად უწერიათ, სომხეთი კი მხოლოდ პარტნიორადო. ორივე მხარე ეჭვით უყურებს ამ პროცესს. ეს, რასაკვირველია, საქართველოსთვის ძალიან კარგია, ჩვენს დიპლომატიას სათავეში ტალეირანი რომ ედგას სათავეში, მაგრამ ძალიან სახიფათოა, რაკი ამ დონეზეა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო. იმ კითხვებზე ათჯერ მეტი დაებადათ აზერბაიჯანში, რაც თქვენ დასვით. იმიტომ რომ, აზერბაჯანისთვის სიკვდილის ტოლფასია აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა, სომხეთს კი, ჰაერივით სჭირდება ეს რკინიგზა. სომხეთის ერთადერთი გადარმჩენელი რუსეთია, რომელთანაც არც საერთო საზღვარი აქვს და ცხრა მთის გადავლა სჭირდება ტვირთს, რუსეთიდან სომხეთში რომ ჩააღწიოს, რადგან ლარსი ხან დახურულია, ხან კი – ზვავია.
– სომხეთის ინტერესიც გასაგებია, რუსეთისაც და აზერბაიჯანისაც, მაგრამ ჩვენ რაში გამოვიყენებთ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნას?
– მთავარი სწორედ ეს არის. როდესაც პირველად დადგა აფხაზეთის რკინიგზის გახნის საკითხი და შევარდნაძე შეხვდა პუტინს სოჭში, მაშინ სიტყვიერად თითქმის შეთანხმდნენ. ეს ვიცი პირველწყაროდან.
– მახსოვს, 2000-იან წლებში შეხვდნენ.
– რკინიგზის გახნის სამაგიეროდ ოჩამჩირეში დაბრუნდებოდა ქართველი მოსახლეობა. მაგრამ შემდეგ შეიცვალა რეალობა. საქართველოში სხვა ხელისუფლება მოვიდა. მივიღეთ ოკუპაციის კანონი და ასე შემდეგ.
– ოკუპაციაც მოხდა.
– ცხადია. ამის შემდეგ რკინიგზის გახსნის თემაზე საუბრები დროდადრო განახლდება ხოლმე. რუსეთს რომ რამის იმედი არ ჰქონდეს, დღეს, როდესაც თითოეულ კაპიკს ითვლის, ასიათასობით რუბლს არ ჩაყრიდა რკინგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნაზე. მით უფრო, რომ ყველამ იცის, თუ ასი ათასი დაიხარჯა, ოთხმოცი ათასი მოპარულია, ეს ხომ რუსეთია და არა – საქართველო, რომ თითოეული თეთრი აღირიცხოს?! ვილაპარაკოთ იმაზე, თუ ჩვენ რა ხეირი აქედან?!
– სომხეთს ჰაერივით სჭირდება რკინიგზის გახსნაო და რას გვთავაზობს სანაცვლოდ თუ რუსეთის შანტაჟს ეფარება?
– სომხეთს არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია, იმიტომ რომ, ის გადაწყვეტილებებს არ იღებს. მე, როგორც დიპლომატიის თეორეტიკოსი, გეტყვით, რომ დავიწყებდი მოლაპარკებასა და ვაჭრობას, რის სანაცვლოდ, თუ, მაგალითად, იმის სანაცვლოდ, რაზეც შევარდანაძის დროს იყო ლაპარაკი, ანუ ლტოლვილების დაბრუნების, კი ბატონო. ასეთ შემთხვევაში არგუმენტი არ არის, აფხაზებს არ უნდათო, რადგან დაიბარებენ მოსკოვში ხაჯიმბას და პირველი ის აყვირდება, ჩვენი გადამრჩენია რკინიგზის გახსნაო. ლამაზი თვალების გამო კი გახსნის წინააღმდეგი ვარ. ასევე, ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, არგუმენტი არ არის, რაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე ითქვა, იძულებულები ვიყავით და სხვა გზა არ გვქონდაო. დიპლომატიაში არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ყველაფერი დამოკიდებულია დიპლომატებზე, პოლიტიკურ ნებასა და ნებისყოფის სიმტკიცეზე. რა შეუძლია რუსეთს?! გამორიცხულია, დღევანდელ ვითარებაში რუსეთი ტანკებით შემოიჭრას. შეუძლია შანტაჟი, მაგრამ შანტაჟს მომზადებული უნდა შევხვდეთ, ანუ მეორე მხარეს მაგარი ნერვები სჭირდება. ეს თემა, ადრე თუ გვიან, მთელი სიგრძე-სიგანით დადგება. აზერბაიჯანი ყოველდღე იარაღდება. მათ ფული სულ ექნებათ, სანამ ნავთობს ფასი ადევს. თან, ახლა ფასები იზრდება. აზერბაიჯანს ფული შესდის და იარაღს ყიდულობს. სომხეთს ამდენი ფული არ აქვს. რუსეთი კი მათ ლამაზი თვალებისთვის იარაღს არ მისცემს. იმას გარდა, რომ რუსეთისთვის არ არის ხელსაყრელი სომხეთის ისე გაძლიერება, რომ მან დამოუკიდებლად იმოქმედოს. თუ სომხეთი ოდესმე გადაწყვეტს, რომ შეუძლია, ერთი ერთზე გაუმკლავდეს აზერბაიჯანს – სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან, თურქეთი კი ომს ვერ დაიწყებს ბრიუსელის გარეშე – მაინც „ნატოს“ წევრია – რუსეთი აღარ დასჭირდება. რუსები არც ფრანგები არიან და არც ინგლისელები, რომ მათ მისტიროდნენ კოლონიები. მოწმე ვარ, ინგლისელები რომ მოდიოდნენ აფრიკიდან, აფრიკელებმა გლოვა გამოაცხადეს. მომსწრე ვარ, როდესაც ლონდონის საკონსტიტუციო კონფერენციაზე აფრიკის ყველაზე დიდი კოლონიის, ნიგერიის, პრემიერი ლონდონს ლამის დედას აგინებდა, აღარ გჭირდებათ და ახლა მიდიხართ, როცა ჩვენ გვჭირდებითო. მაგრამ ელისაბედმა ჩამოწია ინგლისის დროშა, აწია ნიგერიის და თქვა, დამოუკიდებლები ხართო. რუსეთმა კარგად იცის, რომ არც ერთ ქვეყანაში, სადაც შევიდა, რუსეთისადმი სიყვარული ვერ დათესა. ეს რაღაც უბედურებაა. თვით ბელორუსიაშიც კი, რომელიც თითქმის რუსეთია. ამდენად, რუსეთს არც სომხეთის გაძლიერება აძლევს ხელს და არც მისი დაკარგვა. იმიტომ უნდა რუსეთს ეს რკინიგზა, რომ სომხეთმა ალტერნატივის ძებნა არ დაიწყოს. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთი წავა ისეთ დათმობაზე, რომ აფხაზები აიძულოს, დააბრუნონ ქართველი დევნილები ოჩამჩირეში?!
ასე რომ, კვლავ ქართული დიპლომატიის პრინციპულობამდე მიდის საქმე, მის გამძლეობასა და ინტელექტუალურ რესურსამდე. იმიტომ რომ, ადრე თუ გვიან, რკინიგზის თემა უფრო აშკარად დადგება და ჩვენ რაღაც ერთობლივი პოზიცია უნდა გვქონდეს ამ საკითხის შესახებ. ჯერ კიდევ რიშელიე ამბობდა, საგარეო პოლიტიკა მაშინ არის წარმატებული, როდესაც მას მხარს უჭერს მოსახლეობაო. და თუ ეს აქტუალური იყო აბსოლუტური მონარქიის პირობებში, მით უმეტეს, დღესაა მნიშვნელოვანი. მაგრამ ჩვენ რომ არაფერი ვიცით?! აი, ეს ზრდის უნდობლობას. სამწუხაროდ, ყველა ქართული ხელისუფლების პრობლემაა უნდობლობა, რაც დაიწყო გამსახურდიას დროს და თანდათან ძლიერდებოდა. ჩვენ არ ვიცით, რაზე ისაუბრეს ჩვენმა და სომხეთის პრემიერებმა, მაგრამ, სომხურ პრესას რომ ვკითხულობ, გამოდის, მათ იციან ან ჭორაობენ. რუსული პრესაც ასეა: ან იციან, ან ჭორაობენ. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ლარსზე იმსჯელეს. მაგრამ ლარსი არ არის ისეთი სტრატეგიული პრობლემა, რომ ამის გამო პრემიერები შეხვედროდნენ ერთმანეთს. აქ უფრო სერიოზულ თემაზე იყო მსჯელობა, რაც ჩვენ არ ვიცით.
– იქნებ რუსული გზავნილები ჩამოიტანა სომხეთის პრემიერმა?
– თუ ჩვენთვის სასიკეთო იქნებოდა, რატომ არ გვეტყოდა მთავრობა?!
– იქნებ სასიკეთო არ იყო?
– „გაზპრომზე“ გვაქვს მწარე გამოცდილება… სამი კვირის შემდეგ გეტყვით, შეიძლება თუ არა ხელშეკრულების გასაჯაროებაო, მაგრამ სამი კვირაც გავიდა და მეტიც, ხალხს კი აღარც ახსოვს. ყურებზე დგას ციანიდის სკანდალის გამო.
– პოლიტიკოსებმა მოუხშირეს მტკიცებით ტონში იმის გამეორებას, რომ ხელისუფლებამ სამხედრო გზა მისცა რუსეთს. მე ძალიან მეეჭვება. თქვენ?
– ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ, უკვე მეტისმეტია. გამოვრიცხავ სამხედრო გზის რუსეთისთვის გადაცემას, ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. გზის გადაცემა ის ხომ არ არის, რომ რუსეთი დააგებს და მოუვლის?! ეს ნიშნავს რუსის ჯარის შემოყვანას და რუსული პოსტების დაყენებას, იმიტომ რომ, იმ გზას დაცვა სჭირდება. ეს თითქმის ოკუპაციაა. ამიტომ გამოვრიცხავ.
– და, მიუხედავად ამისა, ქართული პოლიტიკური სპექტრი ამაზე ლაპარაკობს. რას ემსახურება ეს? თავი დავანებოთ პოლიტიკურ ოპონირებას, ასეთი თემით სპეკულირება არ არის ანტისახელმწიფოებრივი?
– საქართველოში რამდენი ადამიანიც ცხოვრობს, იმდენი წარმოდგენა არსებობს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და რაც ერთისთვის ანტისახელმწიფოებრივია, მეორისთვის მისაღებია. ახლახან ამერიკულმა „უოლ სთრით ჯურნალმა“ დაბეჭდა სტატია უკრაინისა და საქართველოს ნეიტრალიტეტზე. თანაც, ამ გამოცემას ტრამპი კარგი თვალით უყურებს, შეირიგა და, ამდენად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ თეთრ სახლთან დაახლოებული წყაროა. ის წყარო წერს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ნეიტრალიტეტი, რომლის გარანტორებიც იქნებოდნენ აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია. რუსეთიც ცოტა დამშვიდდება, რომ საქართველოსა და უკრაინის მიღება „ნატოში“ გამორიცხულია განჭვრეტად მომავალში. მაგრამ მე, მაგალითად, ბევრს ვიცნობ საქართველოში, ვისთვისაც ნეიტრალიტეტი მისაღებია. ბევრისთვის კი – მიუღებელი.
– მაგრამ ჩვენ ხომ „ნატო“ უსაფრთხოებისთვის გვინდა და თუ ნეიტრალიტეტი მოიტანს იმავე შედეგს, რა მნიშვნელობა აქვს, ამას ნეიტრალიტეტი ერქმევა, „ნატო“ თუ იპოლიტე?
– ჩემთვისაც იგივეა, მაგრამ არის ხალხი, „ნატოს“ გარდა არაფრის გაგონება რომ არ უნდა. მე ეს მგონია დემაგოგია, რადგან, ვინც „ნატოზეა“ გადარეულია, არ არის უჭკუო. ჭკვიანი ხალხია. იმიტომ რომ, მხოლოდ სულელს შეიძლება, სჯეროდეს, რომ „ნატოში“ მიგვიღებენ. ჭკვიანმა იცის, რომ არ მიგვიღებენ. ნახეთ, რა ხდება: ჩერნოგორია მიიღეს „ნატოში“, ბრიუსელმა მიიღო და დარჩა ფორმალობა: 28 ქვეყნის პარლამენტმა უნდა მოახდინოს ამ აქტის რატიფიცირება. მანამდე ჩერნოგორია „ნატოს“ წევრი არ არის. 24-მა ქვეყანამ უკვე მოახდინა რატიფიცირება, დარჩა ოთხი: აშშ, კანადა, ესპანეთი და ჰოლანდია. ახლახან მიუნხენში ჩერნოგორიის წარმომადგენელმა ჰკითხა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს, როდის აპირებენ რატიფიცირებას, იმიტომ რომ, რუსეთი უკვე გადაიკიდეს: მათი პრემიერის მოკვლა უნდოდათ. სულ 600 000 კაცი ცხოვრობს ჩერნოგორიაში, არმიაც კი არ ჰყავთ. პასუხად მიიღეს, რომ ახლო მომავალში არ არის დაგეგმილი. არადა 15-წუთიანი პროცედურაა. აშშ-ს უყურებენ კანადა და ესპანეთი, ჰოლანდია კი კატეგორიული წინააღმდეგია. ვთქვათ, რუსეთი დაესხა თავს ჩერნოგორიას: „ნატოს“ მეხუთე მუხლი ვერ ამოქმედდება. ასე რომ, არ არის მარტივი საკითხი.
თუმცა ბრიუსელი ჩვენ მხარესაა, ეს არაა საკმარისი, მთავარია, ვაშინგტონი, პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ამიტომ ცოტათი რეალისტები ხომ უნდა ვიყოთ?! თორემ „ნატოში“ გაწევრიანება ჩვენთვის პრობლემების უცებ გადაჭრაა. იყო პერიოდი, გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისი, როცა ეს იყო შესაძლებელი, იმიტომ რომ, რუსეთს არავინ უწევდა ანგარიშს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი დავჭამეთ: სამოქალაქო ომი, აფხაზეთის კონფლიქტი, ცხინვალის კონფლიქტი. მაგრამ ის მომენტი წავიდა, ჩვენ გავუშვით ხელიდან. თანაც, ჩერნოგორია ასჯერ უფრო სტრატეგიული მნიშვნელობისაა „ნატოსთვის“. მას აქვს რამდენიმე საზღვაო პორტი. მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო „ნატოს“ წევრია: გარდა ჩერნოგორიისა, ესპანეთით დაწყებული და თურქეთით დამთავრებული. თუ ჩერნოგორიაც შევა „ნატოში“, ხმელთაშუა ზღვა რუსეთისთვის იკეტება. მაგრამ მაინც არ იღებენ. ამერიკელები იმასაც კი არ ჰპირდებიან, როდის მოახდენენ რატიფიცირებას. ეს ყველაფერი ითხოვს გაანალიზებასა და დასკვნის გამოტანას.
– ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა უკრაინისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის თემა. მით უფრო, თუ თეთრ სახლთან დაახლოებული წყარო წერს ამის შესახებ. ამის პარალელურად კი, ჩვენთან მსჯელობენ მითიურ თემაზე, რუსეთისთვის სამხედრო გზის მიღემაზე. თქვენ თქვით, რომ ყველა თავისებურად იგებს სახელმწიფოებრივ მიდგომას, მაგრამ ხომ არსებობს კლასიკური განმარტება?
– ცხადია, არსებობს. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში საქართველოც იქნება ჩართული. მაგრამ მე არ ვიცი, რა ხეირი აქედან ჩვენ?! რუსეთმა რომ გადაწყვიტოს თავდასხმა სევასტოპოლიდან, იომებს „ნატოს“ ფლოტი?! პოლიტიკა იზომება საბოლოო შედეგით. ჩვენთვის შედეგი ერთადერთია – „ნატოს“ წევრობა, რომ მათი წესდების მეხუთე პუნქტმა დაგვიცვას. თუმცა ახლა უკვე თვითონ ამერიკაში დაიწყეს ექსპერტებმა მსჯელობა ამ მეხუთე პუნქტის რევიზიაზე. ამან თავი იჩინა თურქეთ-რუსეთის კრიზისის დროს, როდესაც ერდოღანს ბრიუსელში პირდაპირ უთხრეს, რომ რუსეთთან რაც მოხდა, იყო გაუგებრობაო.