პოლიტორგულობა #10
„რომელ პარტიას ეკუთვნი, ეძგვერაძე ბარნაბა“?!
არავისთვისაა სიახლე, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ლამის მხოლოდ ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ.
რატომ? იმიტომ რომ, მთავარი ამ წრეში ერთხელ მოხვედრაა. იმას გარდა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, მაინცდამაინც, ვერც პარტიული ერთგულებით დაიკვეხნიან: ვგონებ, ეძგვერაძე ბარნაბასაც კი უფრო ცხადი ბიოგრაფია ჰქონდა.
მეორე მხრივ, არჩევნები, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებ თუ არა, შემოსავლის წყაროცაა (ცხადია, პოლიტიკოსებისთვის): ადგილობრივსა თუ საპარლამენტო არჩევნებში გარკვეული პროცენტის დაგროვების შემთხვევაში, შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებაა გარანტირებული, ხოლო, პრეზიდენტობისთვის მებრძოლ, მაგრამ წაგებულ კანდიდატებს კი, მაგალითად, ხმების 10 პროცენტის დაგროვების შემთხვევაში, საბიუჯეტო მილიონ-მილიონი აქვთ გარანტირებული.
ისიც ცნობილია, რომ მოცემულ მომენტში საბიუჯეტო დაფინანსებას 20 პარტია იღებს და ეს თანხა წლიურად 9 მილიონი ლარია.
სხვათა შორის, დაფინანსებამიღებული პარტიების ნაწილი საარჩევნო ბლოკებში იყო გაერთიანებული (და მათი უმეტესობა თვალად არ უნახავს ამომრჩეველს არც არჩვენებამდე და არც არჩევნების შემდეგ, რადგან, როგორც მოგახსენეთ, საბიუჯეტო დაფინანსების მოსაპოვებლად არჩევნებში გამარჯვება, სულაც, არ არის აუცილებელი).
ამ თუ სხვა მიზეზით, საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები შემოგვთავაზა, რომ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკებად მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ – მხოლოდ დამოუკიდებლადო („ბლოკების არსებობა პარტიებს საშუალებას აძლევს, ეს მექანიზმი გარკვეული მანიპულაციებისა და დამატებითი დაფინანსების მისაღებად გამოიყენოს“).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საარჩევნო ბლოკების წყალობით, ისეთებიც მოხვედრილან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ერთ პროცენტსაც რომ ვერ დააგროვებდნენ დამოუკიდებლად, ინიციატივა აქტუალურია, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისაა გამორიცხული, ორად-ორი პარტია დაგვრჩეს. –