რატომ ეგონათ ნინო ნინიძის შვილი აყვანილი და როგორ აჩვენა მას დედამ, ია ნინიძემ, საკუთარი სიბერე #9
25 წლის მსახიობს, ნინო ნინიძეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში გაიზარდა, თავისი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა აქვს. ამაში კი დიდი წვლილი დედას, ასევე ცნობილ მსახიობს, ია ნინიძეს მიუძღვის. ია დიდი ხანი არ არის, რაც სიდედრი და ბებია გახდა. როგორი დამოკიდებულება აქვს სიძე-სიდედრს და რატომ ეჭვიანობდა მისი ქალიშვილი დედაზე, ამაზე თავად ნინო გვესაუბრება.
ნინო ნინიძე: მართალია, რუსეთში გავიზარდე, მაგრამ ჩემი თბილისი სულ მენატრება. დედამ, ია ნინიძემ, ისე გამზარდა, რომ ჩემი ფესვები არ დამევიწყებინა. ამიტომ, არ გამიჭირდა, რომ რუსეთშიც ქართველობა შევინარჩუნე. კიდევ ვამბობ, ამაში დიდი წვლილი დედას მიუძღვის. სხვათა შორის, ადრე ძალიან მქონდა თბილისის ნოსტალგია და სულ იმას განვიცდიდი, რატომ იქ არ გავიზარდე-მეთქი. მაგრამ, ახლა, როცა ჩემი ოჯახი მაქვს, ამაზე აღარ ვფიქრობ. ჩემი სახლი იქ არის, სადაც ჩემი ახლობელი ადამიანები არიან.
– ნინო, რატომ ატარებ დედის გვარს და როგორი დამოკიდებულება გაქვს მამასთან?
– დედ-მამა რომ გაშორდნენ, ერთი წლის არც ვიყავი. ნამდვილად არ ვიცი, ვისი ინიციატივა იყო, დედის გვარს რომ ვატარებ. მამაჩემი მხატვარ-დიზაინერია, მოსკოვში ცხოვრობს. შვილი რომ გავაჩინე, კიდევ უფრო დავახლოვდი მასთან. ხშირად მოდის ჩვენთან. დედასთანაც, ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
– როგორი ბებიაა ია? ხშირად გაძლევს შენიშვენებსა და დარიგებებს?
– შვილი რომ გავაჩინე, გეგონებოდათ, მე კი არ გავხდი დედა, იას შეეძინა კიდევ ერთი შვილი. სულ მეუბნებოდა, ასე არ დაიჭირო ბავშვი, ეს ასე არ გააკეთო, ასე დააწვინე, ასე აჭამეო (იცინის). ხელიდან მართმევდა და კიდევ კარგი ძუძუში რძე არ ჰქონდა, თორემ, იმასაც შესთვაზებდა (იცინის). ბავშვი რომ გაიზარდა, მიხვდა, რომ კარგი დედა ვარ და არ მჭირდება ზედმეტი დარიგებები. სანდრო ახლა 1 წლის და 2 თვისაა. ძალიან ჰგავს იას თვალებით. ზუსტად ბებიის ფერის – ყავისფერი თვალები აქვს და თან ჭრილიც, ზუსტად ანალოგიური.
– ვიცი, პირად თემებზე არ ლაპარაკობ, თუმცა აუცილებლად უნდა გკითხო: როგორი ურთიერთობა გაქვს მეუღლესთან? ბავშვის გაჩენის შემდეგ უფრო გამყარდა ეს ურთიერთობა?
– ყველა ოჯახში, სადაც ბავშვი ჩნდება, იცვლება ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის. თუ ნამდვილი სიყვარულია, უფრო თბილი და მოსიყვარულე ხდები, უფრო მყარდება ურთიერთობები. როგორც ყველა ოჯახში, მე და კირილსაც გვქონდა რთული პერიოდები, მაგრამ დავძლიეთ და დღეს ბედნიერები ვართ. უცებ შემოვიდა შვილი ჩემს ცხოვრებაში და მას რომ ვუყურებ, გავაცნობიერე, რომ გავიზარდე და უკვე დიდი გოგო ვარ (იცინის). ბავშვის გაჩენის მერე გავიზარდე და ამაში, იაც მეთანხმება. თავად ხომ ნამდვილი გიჟი ბებიაა. სანდროს რომ დაინახავს ირგვლივ ყველაფერი ავიწყდება. ხანდახან, ვეჭვიანობ, მგონი, სანდროს დანახვა უფრო უხარია, ვიდრე ჩემი-მეთქი (იცინის). ახლახან ინდოეთში ვიყავი დასასვენებლად და სანდრო დღე იასთან იყო, ღამით კი მამას მიჰყავდა. ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ სანდროს რამე გაუჭირდებოდა.
– დედასთან ერთად არ ცხოვრობ?
– არა, მე და კირილი მარტო ვცხოვრობთ. ია კი, თითქმის ყოველდღე მოდის. ძალიან ახლოს ვართ მე და დედა – ერთმანეთის მესაიდუმლეები და მეგობრები, მაგრამ ახალგაზრდა ოჯახმა ცალკე უნდა იცხოვროს. როცა წყვილს უწევს გაითვალისწინოს დედის, მამის, ბებიის, ბაბუის აზრი, ურთიერთობები იძაბება. ამიტომ, უმჯობესია, ცოლ-ქმარმა დამოუკიდებლად, თავად მოიწყოს ისეთი ცხოვრება, როგორიც სურს. ია არასდროს ჩარეულა ჩემს პირად ცხოვრებაში. ყველაფერს ვუყვები, მარიგებს, მაგრამ არასდროს მახვევს საკუთარ აზრს.
– როგორი სიდედრია ია და თუ უკეთებს სიძეს ქართულ კერძებს?
– ია მართლა გიჟდება ჩემს ქმარზე, ძალიან უყვარს სიძე და საკუთარ შვილებში არ არჩევს. მართლა კარგი ქართული ოჯახი ვართ რუსეთში, სადაც ქმარს უყვარს სიდედრი, თავისი ღადაობებით, ხუმრობებითა და ჩახუტებებით. ია ხშირად უმზადებს სიძეს ქართულ კერძებს და ყველაზე მეტად საცივი მოეწონა.
– და, როგორ მიმართავს სიძე სიდედრს?
– დედას ნამდვილად არ ეძახის. თქვენობით მიმართავს და სახელით.
– ინდოეთში რატომ წახვედი დასასვენებლად ქმრის გარეშე? ამის გამო ჭორიც კი გავრცელდა, თითქოს დაშორდით და დედასთან გადახვედი საცხოვრებლად. ამას არ ადასტურებ?
– მე და კირილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და ჭორებით ნამდვილად ვერ დაგვაშორებენ. ზოგადად, ბევრი ჭორი მსმენია და ბევრი რამ გამოვიარეთ მე და კირილმა. ხან თქვეს, ორსულად არ არისო; ხან ის თქვეს, ეს ბავშვი მაგათი არ არის, აიყვანესო და რა ვიცი, ათასი რამ. მუცელი, შვიდი თვის ვიყავი, რომ დამეტყო და ბოლო დღემდე, მართლა ვმალავდი ორსულობას, მაგრამ რა დაიმალება? უცხო ადამიანმა, რატომ უნდა იცოდეს ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ? რაც გასაგებია, ისედაც გაიგებენ და რაც დასამალია, თავადაც კარგად დავმალავ. არიან ადამიანები, სულ რომ ცდილობენ წყვილს ურთიერთობა გაუფუჭონ, მაგრამ მე და კირილს, ნამდვილად ვერ დაგვაშორებენ. რაც შეეხება ინდოეთის საგზურს, ეს კირილის საჩუქარი იყო. ძალიან ვიყავი დაღლილი და ქმარმა დასვენება გამომიწერა (იცინის). თავად რეჟისორია, ფილმის გადაღებას მორჩა, გახმოვანებასა და მონტაჟზე მუშაობდა და არ ეცალა ჩემთან ერთად ინდოეთში გამომგზავრებისთვის. ქმარი თვალდახუჭული მენდობა და ამაშიც გამიმართლა. ინდოეთში ნაცნობი გოგონები შემხვდენენ. მათ რომ ვუთხარი, მარტო ვარ წამოსული-მეთქი, დაიძაბნენ (იცინის). ადრე ვთქვი: მე ერთხელ უნდა გავთხოვდე და სამუდამოდ-მეთქი და ახლაც ამ აზრზე ვარ. ამიტომ, ჭორებს ნამდვილად არ ვაქცევ ყურადღებას. კირილი, ორჯერ იყო საქართველოში და სულ მეუბნება, თუ შემოთავაზება გვექნება, აუცილებლად წავიდეთ იქ და ვიცხოვროთო (იცინის). ბავშვიც თბილისში მოვნათლეთ.
– ამბობენ, ბუნებით კარიერისტი ხარ. ვიცი, რომ საკმაოდ მოთხოვნადი მსახიობიც ხარ რუსეთში. რომ გათხოვდი და დედა გახდი, ხელი ხომ არ შეგიშალა საქმიანობაში?
– ნამდვილად არა. საერთოდ მიმაჩნია, რომ ადამიანმა ოჯახიც უნდა შექმნა და კარიერაშიც უნდა იყო წარმატებული. ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის. ახლაც, სინჯებზე დავდივარ და თუ ამიყვანეს, აუცილებლად მნახავთ გადასაღებ მოედანზე. თუმცა, დედობამ დამაჭკვიანა და მივხვდი, რომ მხოლოდ მსახიობობას არ უნდა „მივაწვე“. მინდა, სხვა სფეროშიც მივაღწიო წარმატებას.
– სხვა სფეროში რას გულისხმობ?
– ადრე ვმღეროდი და ახლა დავიწყე ვოკალის პედაგოგთან მომზადება. შარშან რუსულ „ვოისში“ გავედი და ვერ მოვასწარი სიმღერა, რადგან, სანამ სცენაზე დავდექი, ჟიურიმ მონაწილეები უკვე აირჩია. ორგანიზატორებმა დარჩენილ მომღერლებს შემოგვთავაზეს, ვინც ვერ მოასწარით ქასთინგებზე გასვლა, გაისად სცადეთ ბედიო. ასე რომ, წელს ვაპირებ „ვოისში“ მონაწილეობას და აუცილებლად ვიტყვი, რომ: მე ვარ ნინო ნინიძე და – ქართველი!
– ერთ-ერთ ფილმში ია ნინიძე შენს სიბერეს თამაშობს. როგორია დედის თვალით დანახული შვილის სიბერე?
– იამ ჩემი სიბერე ითამაშა და რომ ვუყურე, მივხვდი, ის, არა მარტო კარგი დედა, ნამდვილი პროფესიონალიცაა. ამიტომ ვამბობ, გამიმართლა, რომ მისი შვილი ვარ. კი, ოჯახში და სიყვარულში გამიმართლა, მაგრამ კარიერაში ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. მინდა, წლების მერე თამამად ვთქვა, ყველაფერთან ერთად, კარიერაშიც გამიმართლა-მეთქი. ვგრძნობ, რომ წინ, როგორც ნინო ნინიძეს და არა როგორც იას შვილს ან რეჟისორის ცოლს, კარიერის მხრივ, დიდი მომავალი მელის.
– ამ ფილმში საკმაოდ თამამი სცენებია. ადვილად დათანხმდი გახდას და თუ ჰკითხე აზრი ოჯახის წევრებს?
– მხოლოდ საქართველოში თუ დასვამენ ასეთ შეკითხვას, მსახიობის თამამ სცენებში მონაწილეობასთან დაკავშირებით (იცინის). ქართველებმა ჯერ ვერ გაითავისეს, რომ თუ მსახიობია და როლს სჭირდება, უნდა გაიხადოს კიდეც. ეგრევე მიაკრავენ იარლიყს, რომ სხვანაირი ქალია, არ ფიქრობს ნათესავებზე, ახლობლებზე, მეზობლებზე... როცა, შემომთავაზეს ფილმში თამაში, სადაც თამამი სცენებიცაა, წავიკითხე სცენარი, მომეწონა, დავთანხმდი და ეს ფილმი დარჩება კინოისტორიაში, როგორც შედევრი. რუსული კინოს ვარსკვლავებიც თამაშობენ და საკმაოდ სერიოზული ნამუშევარია. ფილმს ჰქვია „უკეთესი ძმა არ იქნება“. ოჯახში ნამდვილად არ მქონია პრობლემა. მათ რომ სცენარი გავაცანი, დავფიქრდით და მივედით იმ აზრამდე, რომ ნამდვილად ღირდა ჩემი ამ ფილმში მონაწილეობა.