რა შემოთავაზება მიიღო ბახვა ბრეგვაძემ ამერიკიდან და როგორ გახდება ცოტნეს ცოლი, ვიკა კალანდია მისი მეუღლე #9
„მძევლები“ იქნება ყველაზე განხილვადი ფილმი 2017 წელს და საქართველომ აუცილებლად უნდა წარადგინოს ის „ოსკარზე“ – შანსი ძალიან რეალურია“, – წერს ცნობილი კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი ქართულ-რუსულ-პოლონური ფილმის შესახებ. ფილმის სცენარი 1983 წელს მომხდარ რეალურ ამბავს ეფუძნება. „მძევლები“ ახალგაზრდების მიერ საბჭოთა კავშირიდან თვითმფრინავის გატაცების ისტორიასა და მის შედეგებზე გვიამბობს. ფილმის რეჟისორია რეზო გიგინეიშვილი. „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე („ბერლინალე“) შედგა და მას, ბუნებრივია, უამრავი ქართველი ესწრებოდა.
ბახვა ბრეგვაძე: „მძევლების“ მთელი შემოქმედებითი ჯგუფის აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი მეგობრებისგანაა დაკომპლექტებული – რეჟისორიდან დაწყებული, მსახიობებით გაგრძელებული და კოსტიუმების მხატვრით დამთავრებული (იცინის). ამიტომ გადავწყვიტე ბერლინში მათთან ერთად გამგზავრება და პრემიერაზე დასწრება. ძალიან ცნობილმა კრიტიკოსმა, ანტონ დოლინმა, განაცხადა, რომ საქართველომ ეს ფილმი „ოსკარზე“ უნდა წარადგინოს. არაერთმა მნიშვნელოვანმა ჟურნალმა დაასახელა „ბერლინალეზე“ წარდგენილი ათი საუკეთესო ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და ყველა მათგანში მოხვდა „მძევლები“. ამ ფილმს უკვე უდიდესი გამოხმაურება აქვს. ჩემი თვალით ვნახე უდიდესი რიგები, სავსე დარბაზი, მაყურებლის აღტაცებული სახეები. ყველა აღნიშნავდა, რომ ფილმში ძალიან მაგარი მსახიობები თამაშობენ. უფროსი თაობის წარმომადგენლების პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარებოდა: დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, მიშა გომიაშვილი – ეს ის ადამიანები არიან, ვისითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ. მაგრამ, ქართველებიც და უცხოელებიც აღნიშნავდნენ, რომ ახალბედა მსახიობებიც საოცარი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. გეგა კობახიძის როლს ირაკლი კვირიკაძე ასრულებს. რა საოცარი გარეგნობა აქვს, ეს თავადაც იცით და ამ ფილმში სასწაული პროფესიონალიზმიც გამოავლინა. მოკლედ, საოცარი დებიუტი ჰქონდა.
– ირაკლი მსახიობ ნინო ქორიძის შვილია?
– კი, თვითონ ახლა ამერიკაში ცხოვრობს და სამსახიობოზე სწავლობს. ასეთი დებიუტის შემდეგ უკვე არაერთი შემოთავაზება მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან. მისით ფრანგი და ამერიკელი პროდიუსერები დაინტერესდნენ. რაც შეეხება თინა დალაქიშვილს, ის უკვე ისედაც ფარგლებს გარეთ არის გასული და არაერთ უცხოურ ფილმში იღებენ. „ბერლინალეზეც“ გადაღებებიდან ჩამოვიდა. აღარაფერს ვამბობ მერაბ ნინიძეზე, რომელიც გარდა იმისა, რომ საოცარი მსახიობია, არაჩვეულებრივი ადამიანიცაა და ბავშვებს საოცრად ედგა გვერდით. ესენი ძალიან ნერვიულობდნენ პრესკონფერენციაზე, ფოტოსესიებზე და მერაბი თავისი შეძახილებით გამოაფხიზლებდა ხოლმე. ჩვენთვის, ახალგაზრდა მსახიობებისთვის, მასთან ურთიერთობა მასტერკლასია. ასეთი წარმატება, რა თქმა უნდა, რეჟისორის, რეზიკო გიგინეიშვილის დამსახურებაა.
– თორნიკე გოგრიჭიანი და ნინო ქორიძე ირაკლის საგულშემატკივროდ იყვნენ თუ თვითონაც მონაწილეობენ ფილმში?
– მე ზუსტად თორნიკესთან და ნინოსთან ერთად წავედი აქედან. ჩვენ ყველა საგულშემატკივროდ ვიყავით. „იქ იჯდა თფილისი“ იყო ზუსტად (იცინის). იმდენი ქართველი ვიყავით, რომ ქართულ კინოში მეგონა თავი. ხუთი ქართული ფილმი იყო და გასაკვირი არცაა. ყველას წარმატება ხვდა წილად და თამამად ვიტყვი, რომ საქართველომ საოცრად დასჭექა წლევანდელ „ბერლინალეზე.” რაც შეეხება ნინოს, საოცრად ღელავდა პრემიერაზე ირაკლის გამო. დედაა და ბუნებრივია. თუმცა, ირაკლი ნინოს რომ ხალხს აცნობდა და ეუბნებოდა, ეს დედაჩემიაო, ხალხი გაოცებული და აღფრთოვანებული იყო ნინოთი. სხვათა შორის, თვითონაც მიიღო შემოთავაზებები (იცინის). ისე ნერვიულობდა, „აფთერ ფართიზე“ დალეულმა ერთმა ჭიქამ დაათრო (იცინის). სხვათა შორის, ძალიან კარგი წვეულება იყო და ქართველების მხარდასაჭერად სოფო შევარდნაძეც ჩამოვიდა. საქართველოში აპრილში იქნება პრემიერა.
– ილიკო სუხიშვილი ვის როლს თამაშობს?
– ილიკო მამაოს როლს თამაშობს და თან, ძალიან კარგად. თუ არ ვცდები, მისთვისაც დებიუტი იყო ეს როლი და საოცრად გაართვა თავი. ძალიან ემოციური სცენა აქვს და უხდება ამ როლს, იმ მამაოსაც ლურჯი თვალები ჰქონდა და ილიკო ჰგავს ამით. აქედან ერთად წავედით და ძალიან ნერვიულობდა. ბოლოს კი ამბობდა, რაღაცეებს სხვანაირად გავაკეთებდიო, მაგრამ შედეგი ფანტასტიკური იყო. საერთო ჯამში, იყო ულამაზესი წვეულებები, წითელი ხალიჩა, გავიცანით საინტერესო ადამიანები, ვნახეთ ბევრი ვარსკვლავი: რობერტ პატინსონი, დიეგო ლუნა და სხვები. ჩავიფიქრე, რომ შემდეგ წელს, მეც, როგორც მონაწილე, ისე ჩავივლი ხალიჩაზე და კიდეც მაქვს შანსი, რადგან მარტში დიტო ცინცაძის ახალ ფილმში მიღებენ (იცინის).
– სხვათა შორის, „ჩემი ცოლის დაქალებზეც“ ამბობდნენ, „ოსკარზეა“ წარდგენილიო. საიდან წამოვიდა ეს ხმები?
– ერთი ძალიან კარგი ქალბატონი შემხვდა და მითხრა: დედა, რა კარგია, „ოსკარზე“ რომ წარუდგენიათ „ჩემი ცოლის დაქალები“, ხომ ასეაო? ისე გახარებულმა მკითხა, ასე პირდაპირ უარი ვერ ვუთხარი და ვუპასუხე, ჯერ არა, მაგრამ მალე იქნება-მეთქი (იცინის). სინამდვილეში, სერიალი ხომ „ოსკარზე“ არ შეიძლება იყოს წარდგენილი, მაგრამ მიმაჩნია, რომ „ემის“ ნამდვილად იმსახურებს. ამდენი წელია, ამხელა რეიტინგი აქვს.
– პროდიუსერმა, სერიალში ცოტნე დაბრუნდებაო და ანუ, ბახვაც ისევ გამოჩნდება, არა?
– არ ვიცი, ჩვენამდეც მოვიდა ეგ ხმები. ამბობენ, რომ ცოტნეს დაბრუნება იგეგმება და ვნახოთ, რა იქნება. თუ ეს ხაზი დაბრუნდება, ვიცი, რომ ახალი იმიჯით ვიქნებით სერიალში და როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო გამოვა. პარალელურად, ახლახან ამერიკაში მოღვაწე სომეხმა რეჟისორმა ერთ-ერთ მთავარ როლზე დამამტკიცა ძალიან საინტერესო ფილმში, რომლის გადაღებებიც ამერიკასა და კვიპროსზე იქნება. მასში ლუკა თარხან-მოურავი, ანა ჯავახიშვილი და ვიკა კალანდია მონაწილეობენ, ჩემთან ერთად. ვიკა ცოტნეს კინოცოლი, ამჯერად ჩემი ცოლი იქნება და ოთხი შვილი გვეყოლება (იცინის).
– მინდა, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან შეხვედრები გაიხსენო, რისი ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელშიც გიდევს.
– მოგზაურობისას, შემთხვევით, ქუჩაში ლეტიცია კასტა შემხვდა. მაღაზიიდან გამოდიოდა და რომ დავინახე, არც დავფიქრებულვარ, რა თქმა უნდა, მივედი და გავიცანი. ასეთ შანსს ხელიდან ხომ არ გავუშვებდი?! ვუთხარი, რომ ძალიან მომწონს და რომ მეც მისი კოლეგა ვარ საქართველოდან. სხვათა შორის, იცოდა საქართველოს შესახებ და ძალიან კარგად მესაუბრა. უამრავი კომპლიმენტი ვუთხარი, მართლა საოცრად ლამაზია, თან იმ დღეს უმაკიაჟოდ იყო. ფოტოც გადავიღე, გადავკოცნე და წამოვედი კმაყოფილი (იცინის). იმავე მოგზაურობისას, სასტუმროში ვიჯექი მეგობრებთან ერთად და უცებ ვხედავ, ჯარედ ლეტო შემოდის. შორიდან გადავუღე ფოტო და სოციალურ ქსელში დავდე. ორ წუთში ლიკა ევგენიძე მწერს „რუსთავი 2-ში“ „შუა დღის“ თანამშრომელს ისე უყვარს ჯარედ ლეტო, ცუდად ხდება და იქნებ, როგორღაც, ავტოგრაფი ჩამოუტანოო. არადა, ჯარედ ლეტო უკვე დაჯდა და ჭამა დაიწყო. როგორია, ახლა მიდი და ავტოგრაფი სთხოვე. ძალიან მერიდებოდა, ბოლოს ჩემი მეგობარი მივიდა, დააწერინა ავტოგრაფი და მე ფოტო გადავუღე. რომ გამოვდიოდით, ისე დაემთხვა, რომ ისიც ადგა და გამოვიდა. ასე რომ, მეც მომეცა მასთან ერთად ფოტოს გადაღების შანსი (იცინის). რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ იგივე სასტუმროში ვისხედით და შემოვიდნენ შარლიზ ტერონი და შონ პენი. ზუსტად ჩვენს გვერდით დასხდნენ. იქ უკვე დაცვა სერიოზულად აკონტროლებდა სიტუაციას და ჩემმა მეგობარმა ტელეფონი როგორც კი ამოიღო ფოტოს გადასაღებად, უთხრეს, არ შეიძლებაო. ეს ქალი მართლა ოქროს ძაფისგან გაკეთებულს ჰგავდა. ბრწყინავდა, ისეთი ლამაზი იყო. ეკრანზე და ფოტოებში აბსოლუტურად არაა გადამეტებული მისი გარეგნობა, უკეთესიც კია – არანორმალური ბრწყინვალება ჰქონდა და ხმამაღლა იცინოდა. რა თქმა უნდა, მოუკიდა სიგარეტს, მას ვინ ეტყოდა, აქ არ შეიძლება მოწევაო? (იცინის) შონ პენი ცოტა დაღვრემილი ეჯდა გვერედზე, სავარაუდოდ, ცოტა ნასვამი იყო (იცინის). რომ გამოვედი, ნახვამდის-მეთქი, ძალიან ჩვეულებრივად დავემშვიდობე და მათაც ანალოგიურად მიპასუხეს. მოკლედ, ჩვენი კონტაქტი მაინც შედგა (იცინის).