როგორ მიიწვიეს სოფო ბარნოვი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის გახსნასა და დახურვაზე და რატომ არ დებენ ის და სამორი ბალდე შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში #9
ნიჭიერი ხელოვანი სოფო ბარნოვი, თავის მეუღლესთან და უკვე პატარა ბიჭთან ერთად, ამერიკაში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს. მან თავისი ნამუშევრები რამდენიმე გამოფენაზე გამოფინა და რაც მთავარია, ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკის მოდის კვირეულშიც მიიღო მონაწილეობა.
სოფო ბარნოვი: ბოლო პერიოდში, ჯამში, სამი გამოფენა გავაკეთე. მეოთხე იყო ნიუ-იორკის მოდის კვირეული. დაახლოებით 8-9 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ კარგად გავცნობოდი: აქ როგორ მუშაობენ გალერეები, რას ითხოვენ დამთვალიერებლები. რადგან კონკურენცია ძალიან დიდია, უამრავი ნიჭიერი ადამიანია ნიუ-იორკში. ფერწერას უფრო მეტად პრინტის სახე აქვს მიცემული, რაც გარკვეულწილად, მათთვის, ვინც ხელით ხატავს, მომგებიანია, რადგან ფერებით ხატვა იშვიათი გახდა. აქაურებს ენატრებათ ფერწერა. რაც შეეხება ჩემს პირველ ნაბიჯებს, პირველი კონტრაქტი მქონდა ერთ ქალბატონთან, რომელმაც ქართველი მხატვრები შეკრიბა და მანჰეტენზე, ჩელსიში – Emmanuel fremin gallery-ში გაიმართა ჩვენი გამოფენა. მხატვრების მხრიდან, ძირითადად, იყო ფერწერა და მე მქონდა ბატიკა, ასევე, მინანქრის ხელნაკეთი სამკაულები. გამოფენაზე ბევრი გალერისტი მოვიდა, ასევე, მოდის სფეროდანაც ბევრი მნახველი იყო და იქიდან წამოვიდა სხვადასხვა დაინტერესება, კონტაქტები. შემდეგ მქონდა გამოფენა გალერეაში – Cadena, რომლის მფლობელიცაა ებრაელი და ესეც მანჰეტენზე, ჩელსიში, მდებარეობს. გამოფენა სამი კვირა გაგრძელდა. ძალიან გაგვიმართლა, რადგან ეს საკმაოდ დიდი დროა. მე მქონდა გამოფენილი 2 ფერწერა, 5 ბატიკა. გამოფენას დაემთხვა სეზონის დახურვაც და ხალხს შეეძლო, ნამუშევრების ნახვა.
– როგორ ჩაიარა გამოფენამ, როგორი შეფასებები დაიმსახურა შენმა ნამუშევრებმა?
– პირველი დღე იყო ძალიან პომპეზური, უამრავი დამთვალიერებელი დაპატიჟა მეპატრონემ. სამი კვირის განმავლობაში, ყოველ ხუთშაბათს იყო გახსნის დღე და ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, ზოგჯერ გალერეაში ვერც ვეტეოდით.
– იმ პერიოდში ორსულად იყავი.
– კი, ამ გამოფენის დროს, 9 თვის ფეხმძიმე ვიყავი. რთული ფეხმძიმობა არ მქონია. ყველაფერს ვახერხებდი, აქტიური ვიყავი. როცა გამოფენა დამთავრდა, ბავშვიც გავაჩინე. პირველი რამდენიმე თვე ფიზიკურად ვერ ვმუშაობდი, რადგან არც ჩემი და არც სამორის მშობლები ჩვენთან არ არიან და ძირითადად, მე მიწევდა ყველაფერთან გამკლავება. სამი თვის მერე შევძელი მუშაობის გაგრძელება. მალევე მივიღე ჩემი მეგობრისგან ძალიან კარგი შემოთავაზება. მან ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მენეჯერს აჩვენა ჩემი ნამუშევრები „ინსტაგრამის” გვერდიდან. ძალიან მოეწონათ და იმეილით დამიკავშირდნენ: იქნებ მონაწილეობა მიიღოთო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. უბრალოდ, 6 დღე იყო დარჩენილი. მომიწია, ძირითადად, ძველი ნამუშევრების ჩვენება და პარალელურად, 5-6 დღის განმავლობაში, სულ ვმუშაობდი. შემიძლია ვთქვა, რომ არც მძინებია. მოდის კვირეულის გახსნის დღეს საშინელი ამინდი იყო ნიუ-იორკში – დიდი თოვლი, ქარბუქი. ბევრ ხალხს ელოდებოდნენ, მაგრამ ამინდის გამო იმდენი ვერ მოვიდა, რამდენიც არის ხოლმე. რადგან ვიღაცეებს მოეწონათ ჩემი ნამუშევრები, მენეჯერმა შემომთავაზა, დახურვაშიც მიმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. თან, მოდის კვირეულის გახსნა იყო 9 თებერვალს, ხოლო დახურვა – 17 თებერვალს. პირველი დღე, როგორც წესი, შოუ-რუმების დღეა და შემდეგ, რამდენიმე დიზაინერი ხურავს თავისი ჩვენებით. მე მქონდა ჩემი სტენდი, სადაც წარმოვადგინე 50-60 ნამუშევარი, რომელიც ჩემი ხელით იყო შექმნილი. ეს გახლდათ სამკაულები და ასევე, ბატიკა. დაახლოებით 3-4 საათს გაგრძელდა შოუ-რუმი და შემდეგ დაიწყო ცნობილი იაპონელი დიზაინერის ჩვენება. აქ დიდ ყურადღებას აქცევენ მხატვართა ეროვნებას, რადგან ყველას თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს. როგორც ჩანს, საქართველოც, ქართული კულტურაც მათთვის საინტერესოა და კიდევ ერთი შანსი მომცეს, რომ 17 თებერვალსაც მიმეღო მოდის კვირეულის დახურვაში მონაწილეობა. ახალი ნამუშევრებიც დავამატე და დახურვაზეც მქონდა ჩემი, უკვე განახლებული, სტენდი, სადაც დეკორაციები შევცვალე, რაღაც დეტალები სხვანაირად გავაკეთე. სხვა დღეებში სხვა შოუ-რუმებიც იმართებოდა. თუ არ ვცდები, 11 თებერვალს ენდი ვორჰოლის გამოფენა იყო, ასევე, სხვა დღეებში – სხვა მხატვრების გამოფენები, რომელთა შემდეგ იმართებოდა ჩვენებები.
– რა ხდებოდა დახურვის დღეს?
– აღფრთოვანებული ვიყავი, რადგან ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ჩვენება გაიმართა ძველ, გოთიკურ ეკლესიაში, სადაც ძალიან დიდი ფართია და ხალხით იყო სავსე. რამდენიმე ჩვენება საოპერო სიმღერით გაფორმდა, იყო დიჯეიც, მთლიანობაში, ძალიან კარგი გამოვიდა. რამდენიმე დიზაინერი მონაწილეობდა და პარალელურად, მიმდინარეობდა შოუ-რუმიც. ძალიან ბევრი ფოტოგრაფი ჩამოვიდა, ტელევიზიებმაც გააშუქეს, ასევე, ჩამოსულები იყვნენ ბაიერები. ძალიან ბევრი ისეთი პიროვნება გავიცანი, რომელთაც სხვა სიტუაციაში ვერ გავიცნობდი. ძირითადად, იყვნენ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები ან ხელოვნებით დაინტერესებულები. თავისი საკონტაქტო მონაცემები მომცეს, მეც – მივეცი და უკვე რამდენიმე მათგანთან მიმოწერა მაქვს.
– ძალიან ლამაზი ნამუშევრები გაქვს და დარწმუნებული ვარ, დაინტერესებაც დიდი იქნებოდა.
– ზოგადად, ყველაფერი აინტერესებთ – რა ტექნიკაში მუშაობ, რა მასალას იყენებ. იმასაც აქცევენ ყურადღებას, ნაკეთობა ხომ არ შეიცავს ალერგიულ მინარევებს. ეცნობოდნენ ყველაფერს. ბატიკას კარგად იცნობენ, უბრალოდ, ქართულ ტრადიციულ ბატიკას უფრო დეკორატიული ფუნქცია, სხვა სახე აქვს მიცემული და ეს მოსწონთ. დეკორატიული პანო მქონდა წარმოდგენილი, რომელიც ძალიან მოეწონათ. არ მინდა, საკუთარი თავი ვაქო, მაგრამ მოეწონათ და ბევრმა ისეთმა ადამიანმა გამოხატა აღფრთოვანება, ვისგანაც არ ველოდებოდი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ხარ, მუშაობის თავი აღარ გაქვს და რომ გახსენდება, რამდენ ადამიანს მოსწონს შენი ნამუშევრები, აღარ აძლევ თავს უფლებას, ფეხი ფეხზე გადაიდო და დაისვენო.
– ინტერნეტით იყიდება შენი ნამუშვრები?
– ჯერჯერობით არ ვყიდი, რადგან საიტზე ვმუშაობთ, რომელიც მინდა, ძალიან კარგი იყოს. თან, ჩემი საიტისთვის კომპოზიციებს ვხატავ, რომ ფონი ჩემი ნახატებისგან შევქმნათ. საიტს რომ გავაკეთებ, შემდეგ ნამუშევრების ფოტოებსაც განვათავსებ.
– რამე იგეგმება ახლო მომავალში?
– გალერეა Cadena-ს მფლობელი დამიკავშირდა და მთხოვა: კიდევ ერთხელ გამომეფინა ჩემი ნამუშევრები. მაისში მექნება ეს გამოფენა. მოდის კვირეულზე გავიცანი რამდენიმე დიზაინერი და ერთი გალერისტი ქალბატონი. სოჰოა ასეთი უბანია, სადაც ძალიან ბევრი გალერეაა და ამ ქალბატონმა მთხოვა, აქაურ მხატვრებთან ერთად, ჩემი ნამუშევრებიც გამოვფინო. ამასაც დავთანხმდი. ეს ორი გამოფენა დაზუსტებით ვიცი, თუმცა რამდენიმე დიზაინერთან იმეილით მაქვს მიმოწერა, რომ ერთობლივად წარმოვადგინოთ კოსტიუმები და სამკაულები. უბრალოდ, ჯერ არ არის ბოლომდე გარკვეული.
– ალბათ, ცნობილი დიზაინერია.
– ეს ქალბატონი ცნობილი და წარმატებული დიზაინერია, უბრალოდ, ჯერ სახელის დასახელებისგან თავს შევიკავებ.
– სამორი, როგორც ვიცი, მუდმივად გვერდში გიდგას.
– სამორი მაქსიმალურად მეხმარება. რომ არა ის, ამ გამოფენას ფიზიკურად ვერ გავაკეთებდი. რა თქმა უნდა, გამომყვა კიდეც და როგორც იცით, ძალიან კომუნიკაბელურია. შესაბამისად, ხალხს აცნობდა ჩემს ნამუშევრებს – რისგან შედგება, რას ვაკეთებ, რა იყო ჩემი ინსპირაცია. რადგან ბევრი სტუმარი იყო და ყველასთან ვერ შევდიოდი კონტაქტში, ის ესაუბრებოდა. გადავინაწილეთ როლები, ძალიან მეხმარება.
– ამჟამად რას საქმიანობს სამორი?
– სამორს ძალიან უყვარს „ჰიპ-ჰოპი,” ამ სფეროს კარგად იცნობს და პროფესიონალია. ამჟამად სტუდიაში თავის ახალ ალბომზე მუშაობს. ორი ვიდეოკლიპი გადაიღო და ახლა მუშაობს შემდეგ ვიდეოკლიპზე, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვა. ასევე წერს მუსიკას, გიტარაზე დაკვრას პროფესიონალურად ეუფლება, უკრავს ბასზე, კლავიშზე და მუსიკალურად ძალიან იზრდება. მე მუსიკალური ნიჭი დიდად არ აღმომაჩნდა, მაგრამ, როგორც მსმენელმა, შემიძლია, შევაფასო – კარგია თუ არა. რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს მისი ნამუშევრები.
– მარტო ცხოვრობთ უცხო ქვეყანაში და ეს, ალბათ, თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო ამყარებს.
– კი. რთულია აქ მარტო რაღაცას გაუმკლავდე, ან მოკლე ვადაში მიაღწიო წარმატებას, თუ ვინმე არ გიდგას გვერდში, რომელიც შენს რთულ საქმეებს შეითავსებს. გაუმართლა მათ, ვისაც გვერდით ჰყავთ მეორე ნახევარი.
– როდის დაიბადა თქვენი შვილი?
– ბავშვზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ბიჭია, დემიანი ჰქვია და დაიბადა ზაფხულში. ძიძა არ მყავს, თუმცა არ ვაკნინებ მათ, ვისაც ძიძა ჰყავს და ეხმარებიან. უბრალოდ, მე ასეთი პრინციპი მაქვს: მინდა, ჩემი შვილი თვითონ გავზარდო, არავინ მეხმარება. მხოლოდ მშობლები ვზრდით და ვეხმარებით ერთმანეთს.
– რატომ არ ლაპარაკობ ბავშვზე, მის ფოტოებსაც არ დებ სოციალურ ქსელში?
– ვინც ჩემი ახლობელი, ოჯახის წევრი ან მეგობარია, ყველას აქვს ჩემი შვილის ფოტო ნანახი. არ ვმალავთ, უბრალოდ, არ მიმაჩნია საჭიროდ, ბევრი ფოტო დავდო სოციალურ ქსელში.