როგორ განუდევნა ეშმაკი ეროსი მანჯგალაძემ ეშმაკშეჩენილ თუშ ღვთისოს #9
ცნობილი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ერთ ისტორიას იხსენებდა: „ნატვრის ხეს“ კახეთში ვიღებდით და როგორც მოგეხსენებათ, მე მღვდლის როლს ვასრულებდი. ერთ დღეს, როცა მორიგი სცენა უნდა გადაგვეღო და მე, შესაბამისად გამოვეწყვე, უცებ ამინდი გაფუჭდა, მოიღრუბლა და გადაღება გადაიდო. ეროსიმ, რომელიც, ასევე მონაწილეობდა ფილმში, საიდუმლოდ, გვერდით გამიყვანა და მითხრა:
– ამინდი, ალბათ, ხვალამდე არ გამოვა. აქ ხომ არ ვიყურყუტებთ. წამო, მეზობელ სოფელში ძმაკაცი მყავს. რომ ვეწვიოთ, ძალიან გაუხარდება და ცოტა წავიქეიფოთო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, თენგიზ აბულაძისთვის არაფერი გვითქვამს. გრიმიანები და ფორმაში გამოწყობილები გადასაღები მოედნიდან გავიპარეთ. მანქანა გავაჩერეთ და ეროსის ძმაკაცისკენ ავიღეთ გეზი მეზობელ სოფელში. ჩვენდა სამწუხაროდ, ეროსის ძმაკაცის სახლში არავინ დაგვხვდა და უკან წამოსვლა დავაპირეთ. შარაზე გამოვედით, რომ მანქანა გაგვეჩერებინა. ამ დროს ახლომდებარე, პატარა ეკლესიის წინამძღვარმა გვიცნო. თავისთან გვიხმო და სუფრა ეზოში გაგვიშალა. მასპინძელი საკმაოდ მალე შეთვრა და ჩაეძინა. ამ დროს პატარა ეკლესიასთან „ვილისი“ გაჩერდა, რომელშიც ოთხი თუში იჯდა. ისინი პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდნენ. მე და ეროსი ვერ გვიცნეს, მძინარე მამაო შეათვალიერეს და მითხრეს:
– მამაო, ხვთისოს ეშმაკი ჰყავს შეჩენილი და ეშმაკის განდევნის ლოცვა წაუკითხეო.
ის იყო, დავაპირე, მეთქვა: მამაო არ ვარ-მეთქი, რომ ეროსიმ, რომელიც ჯერ კიდევ „ლონდრედან“ „გამოცდილი მღვდელი“ იყო და მართლა ბევრი რიტუალი იცოდა, თანაც დიდებული ხმა ჰქონდა და საუცხოოდ გამოსდიოდა, თუშს უთხრა:
– კვეთებულის წაკითხვის უფლება მხოლოდ მე მაქვს და მე წავუკითხავო:
თვალებბრიალა, ხანჯლიანმა თუშმა შეკრული კოპებით, შეათვალიერა არამამაოურად ჩაცმული ეროსი, რომელიც ყველაფერს მიხვდა და თუშს უთხრა, ახლავე მოვწესრიგდებიო. მძინარე ნამდვილი მამაო სენაკში შეიყვანა და მისი ანაფორა გადაიცვა. შემდეგ ყველას ტაძარში გვიხმო. მე ბარძიმი და ნაკურთხი წყალი მომცა და ეშმაკშეჩენილ ხვთისოს ნახევარი საათის განმავლობაში კვეთებულს უკითხავდა. რომ დაასრულა, მე ნაკურთხი წყალი ვაპკურე ხვთისოს და ვაზიარე. თუშებმა მადლობა გადაიხადეს, შესაწირი დატოვეს და წავიდნენ. ეროსიმ მღვდლის სამოსი გაიხადა და მითხრა, – აბა, მოვუსვათ ახლა აქედან, თორემ ჯვრისწერა და ნათლობა უკვე მეტისმეტი იქნებაო. არ ვიცი, ხვთისოს უშველა თუ არა, მაგრამ ეროსი ისეთი დიდებული იყო კვეთებულის კითხვისას, რომ ეპისკოპოსობას მივანიჭებდი“.