როგორ გადაურჩა ნატო დუმბაძე ცეცხლმოკიდებულ მანქანაში სიკვდილს და რის გამო თქვა მან უარი წარმატებულ კარიერაზე უცხოეთში #9
პროდიუსერ ნატო დუმბაძისთვის, წელიწადში რამდენიმეჯერ მოგზაურობა, უბრალოდ, აუცილებელია. ის, ახლაც იტალიაშია და ამბობს, რომ სხვა განზომილებაში, ნამდვილ ზღაპარში მოხვდა. მას იმდენად უყვარს მოგზაურობა, რომ ფრენის შიშიც კი დაძლია. თუმცა, მანქანის მართვაზე უარს ამბობს და საკუთარი ავტომობილი მხოლოდ იმიტომ გაყიდა, რომ ვერასდროს შეძლებს საჭესთან დაჯდომას. ნატოს ფლორენციაში დავუკავშირდით, გამოვკითხეთ მოგზაურობის ამბები და რადგან ქეთა თოფურიას ოჯახის ახლო მეგობარია, ქეთას ირგვლივ, ბოლო დროს განვითარებული ამბების შესახებაც ვესაუბრეთ.
ნატო დუმბაძე: მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ ბარგი სულ ჩალაგებული არ მაქვს (იცინის). ჩემოდანს ვალაგებ გაფრენამდე ორი საათით ადრე, დიდხანს არ ვემზადები. ვფიქრობ, ადამიანმა წელიწადში რამდენჯერმე, უნდა გამონახო დრო და სახსრები, გაექცე სტრესულ ცხოვრებას და დაისვენო. პირადად მე, ხშირად მიწევს მოგზაურობა – წელიწადში ოთხჯერ მაინც. სხვათა შორის, ფრენის შიში მქონდა და მომიწია ფსიქოლოგთან მივსულიყავი. ესეც გადავლახე. არ დამავიწყდება, მე, ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი მივფრინავდით კიევში და ისეთ ტურბულენტურ ზონაში მოვხვდით, ისე გვაჯანჯღარა, ვიფიქრე, ნამდვილად ბოლო ფრენაა-მეთქი. ძალიან მინდა ბრაზიალიაში წასვლა, ეს ჩემი ოცნებაა, მაგრამ დიდი გზაა და ამდენ ხანს ვერ ვიფრენ. 12 საათი, უბრალოდ, ვერ ვიჯდები ერთ ადგილას. ამერიკასთან დაკავშირებითაც, იგივე პრობლემა მაქვს და გამოდის, მხოლოდ ევროპას ვწყალობ (იცინის).
– ფრენის შიში ფსიქოლოგის დახმარებით დაძლიე, თუმცა, საკუთარი ავტომობილი მართვის შიშის გამო გაყიდე. ასეა?
– ავარიაში მოვყევი და სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ამის მერე, მანქანის მართვის შიში მაქვს. სპორტული მანქანა მყავდა, არ მივდიოდი სწრაფად, მაგრამ საპირისპიროდ მოძრავი მანქანა გადმოვიდა ჩემს ზოლში. დამარტყა, ამოვყირავდი და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მე კი მეგონა. მოვკვდი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, გადავრჩი. ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე. დავჯექი ამის მერე საჭესთან, მაგრამ შიში დამჩემდა და მივხვდი, ვეღარ შევძლებდი მართვას. ამიტომ, გავყიდე საკუთარი ავტომობილი და ტაქსებით გადავაადგილდები. უნდა ნახოთ, ტაქსის მძღოლები რა დღეში მყავს (იცინის). წინასწარ ვაფრთხილებ, ნელა იარონ და თუ ოდნავ მოუმატეს სიჩქარეს, ვაჩერებინებ და გადმოვდივარ.
– იტალიაში მარტო მოგზაურობ?
– არა, ქალიშვილთნ, ლიზისთან ერთად. ერთად ხშირად დავდივართ სამოგზაუროდ. თუმცა, ძალიან უნდოდა ფლორენციის ნახვა და ოჯახმა სიურპრიზი მოვუწყვეთ. ყველა ქვეყანას თავის ხიბლი აქვს, მაგრამ ფლორენციამ გამაოცა. ნამდვილ ზღაპარში მოვხვდი. მივხვდი, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი სხვა განზომილება (იცინის).
– მოგზაურობა და დასვენება კარგია, მაგრამ ზოგადად, ნატო დუმბაძე ასოცირდება არაერთ წარმატებული ადამიანის კარიერასთან. თუმცა, ბოლო დროს, ფაქტობრივად, არსად ჩანხარ. როგორც პროდიუსერი რატომ აღარ განაგრძობ მუშაობას?
– სად გამოვჩნდე? რამე ხდება? ვიკარგები სახლში, ოჯახში და მეგობრებში. კლიპი რომ გადავიღო, სად დავატრიალო?
– როგორც ვიცი, უხოეთიდან გქონდა მიწვევა, თუმცა უარი თქვი. ქართული ტელეშოუებიდან არ გქონია შემოთავაზებები?
– წლების წინ მქონდა შემოთავაზება მოსკოვიდან, მაგრამ უარი ვთქვი. იქ რომ წავსულიყავი, ოჯახს მოვწყდებოდი. შვილებს კი მე ვჭირდებოდი და ნამდვილად არ ვნანობ. თან, მე და მოსკოვი ვერ ვმეგობრობთ. სად შემიძლია, ცხრა თქვე ზამთარს გავუძლო, სულ რომ მილიონი გადაეხადათ? სტუმრად, კი ბატონო, მაგრამ საცხოვრებლად, ნამდვილად ვერ წავალ რუსეთში. მე ოჯახისა და შვილების გამო, კარიერა დავთმე და ამას არასდროს ვინანებ. შარშან, ქეთა თოფურია რომ იყო „ვოისში“, მას ვეხმარებოდი კადრს მიღმა. მე არ ვარ შოუმენი და ამიტომ, არც მაქვს პრეტენზია, რატომ არ მეპატიჟებიან ქართულ ტელეშოუებში.
– შოუმენი არ ხარ, თუმცა, ხარ საკმაოდ წარმატებული პროდიუსერი. შენი პოტენციალი რომ არ იხარჯება, გული არ გწყდება?
– რასაკვირველია, მწყდება. როგორ შეიძლება, შენი საქმე გიყვარდეს, ვერ აკეთებდე და ამას არ განიცდიდე. მაგრამ, რას ვიზამთ.
– ქეთა თოფურია ახსენე, მის ოჯახთან მეგობრობ. თავად არ აკეთებს მომღერალი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს და ამიტომ, შენ გკითხავ. ბოლო დროს, რუსულ პრესაში წერენ, რომ უკვე ერთი წელია, ქეთა თოფურია რეპერ გუფთან რომანტიკულ ურთიერთობებს მალავს და საახალწლო არდადეგებიც, ტაილანდში რეპერთან ერთად გაატარა. მართლია, რომ ქმარს გაშორდა და ახალი რომანი წამოიწყო?
– მე ქეთას ძალიან ხშირად ვეკონტაქტები და ზუსტად ვიცი, რაც მოხდა – უბრალოდ, აგორდა ჭორი და ეს აიტაცა ყვითელმა პრესამ. ქეთა მშვიდად, წყნარად და ტკბილად ცხოვრობს თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად.
– თავად ქეთას რა რეაქცია ჰქონდა ამ ჭორზე?
– რას იტყოდა? ქეთა, საერთოდ არ აქცევს ყურადღებას ჭორებს.
– ის, რომ შემდეგ მისმა ქმარმა, ლევ გეიხმანმა, იმ რეპერზე შური იძია და სცემა, ესეც ტყუილია?
– ნამდვილად ტყუილი და მორიგი ჭორია. ქეთასაც და მის ქმარსაც რუსულ შოუ-ბიზნესში კარგად იცნობენ და დიდ პატივს სცემენ. რეალურად, ქეთა მართლა იყო წასული ტაილანდში, სადაც ზამთრის შვებულება გაატარა. მაგრამ, ის და გუფი ერთად ნამდვილად არ ყოფილან დასასვენებლად. მიკვირს, რატომ დასჭირდათ მსგავსი სისულელის მოგონება მათ ურთიერთობაზე. ლოვა არ აქცევს ჭორებს ყურადღებას და მინდა გითხრათ, არც ქეთაზე ჭორაობენ. ის, ძალიან უყვართ და დიდ პატივს სცემენ. მისი ქმარი კი ამით ამაყობს და ვიღაც სისულელეს თუ იტყვის, ნამდვილად არ მიაქცევს ყურადღებას. როცა ხარ „სთარი“ და დგახარ სცენაზე წარმატებულად, ვფიქრობ, ჭორების აგორება და დაჯერება ადვილია. ლოვას უამრავი საქმე აქვს, ქეთაც სულ დაკავებულია და ვინ რას იტყვის მათზე, ეს ნაკლებად აინტერესებთ. ზაფხულში, ქეთას დედა, ნატა აპირებს თბილისში ჩამოსვლას შვილიშვილთან, პატარა ოლივიასთან ერთად. ოლივია პირველად ჩამოდის საქართველოში და ქეთას და ლოვას, ალბათ, ხშირად მოუწევთ თბილისში ჩამოსვლა. იმედია, ამასაც არ გამოაბამენ კუდს და მორიგ საჭორაო თემად არ გაიხდიან.