როგორ გაძარცვა რომის ცნობილი საიუველირო სალონი ქართველმა „მედვეჟატნიკმა“ #9
სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც დღევანდელ პუბლიკაციაშია საუბარი, 1973 წელს მოხდა და იმ პერიოდისთვის იმდენად არაორდინარული, დაუჯერებელი იყო, რომ რაღაც მომენტში, თვით ყოვლისშემძლე „კაგებეც“ კი დაიბნა...
უცნაური ტურისტი
1973 წლის სექტემბერში, საბჭოთა კავშირში იტალიელ ტურისტთა ორმოცდაათკაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც 35 წლის პაოლო რივოლიც იყო. ჯგუფს სამკვირიანი ვიზა ჰქონდა და მათ საბჭოეთის შვიდი ქალაქის მონახულების ნებართვა მისცეს. იმ პერიოდში ყველა ტურისტს „კაგებე“ ფარულად ამოწმებდა, რომ ჯაშუში არ შემოპარვოდათ და თუკი ასეთი გამოჩნდებოდა, მათზე თვალთვალი დაეწესებინათ. იტალიელ ტურისტებთან საბჭოთა უშიშროებას, პრაქტიკულად, პრობლემები არ ჰქონდ. იტალია საბჭოეთში თავის ჯაშუშებს არ გზავნიდა და არც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს აძლევდა უფლებას, რომ „იტალიური კრიშა“ გამოეყენებინა. როდესაც საბჭოთა კონტრდაზვერვამ პაოლო რივოლი აღმოაჩინა სიაში და სურათითაც დარწმუნდნენ მის იდენტობაში, ერთი მხრივ, ძალიან გაუკვირდათ, მეორე მხრივ კი, ცოტა არ იყოს, დაიბნენ კიდეც. საქმე კი ის იყო, რომ რივოლი მაღალი კლასის კერძო დეტექტივი გახლდათ. ის ძალიან მდიდარი კლიენტების შეკვეთებს ასრულებდა და საბჭოეთში მისი გამოჩენა ტურისტის სტატუსით, გაურკვევლობას იწვევდა საბჭოთა ჩეკისტებში... როდესაც იტალიელი კერძო დეტექტივის შესახებ გენერალ მასლოვს მოახსენეს, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანმა ცალსახად თქვა: თვალი არ მოაშოროთ და ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაუწესეთო... რივოლის კონტრდაზვერვა, რა თქმა უნდა, კუდზე დააჯდა და მალევე აღმოაჩინა, რომ იტალიელი კერძო დეტექტივი მოსკოვის ცირკის აკრობატ ივანე ქემოკლიძეს უთვალთვალებდა. საქმე კი ის იყო, რომ 36 წლის ქემოკლიძე იმავე წლის აპრილში, ცირკის დასთან ერთად, თვენახევრიან გასტროლებს მართავდა რომში და მაისის მიწურულს დაბრუნდა სამშობლოში. საბჭოთა კონტრდაზვერვა გაურკვევლობაში იყო და ცდილობდა, დაედგინა, თუ რატომ იყო დაინტერესებული უცნაური იტალიელი ტურისტი საბჭოთა აკრობატით.
მეტსახელად „ქერა“
იტალიელ კერძო დეტექტივზე თვალთვალის პარალელურად, საბჭოთა კონტრდაზვერვამ აკრობატ ივანე ქემოკლიძის პირადი დოსიეს შესწავლაც დაიწყო. ამ საქმეს კონტრდაზვერვის ქართველი კაპიტანი, მურთაზ გოგელია უძღვებოდა. მან სპეცარქივიდან ქემოკლიძის დოსიე გამოითხოვა, საგულდაგულოდ შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ მას ტყუპისცალი ძმა – კოტე ქემოკლიძე ჰყავდა. ძმები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ კოტე კრიმინალი, ეგრეთ წოდებული „მედვეჟატნიკი“ იყო, რაც სეიფების გამხსნელს ნიშნავს და რვაწლიან, მესამე სასჯელს იხდიდა ქალაქ სარანსკის ¹4 შრომა-გასწორების კოლონიაში. 36 წლის კოტე ქემოკლიძე კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა კრიმინალურ სამყაროში და მას მეტსახელად „ქერას“ ეძახდნენ. კაპიტანმა მურთაზ გოგელიამ ფარულად დაკითხა აკრობატ ივანე ქემოკლიძის კოლეგები და შეიტყო, რომ მთელი გასტროლების პერიოდში, ივანე არენაზე არ გასულა, რადგან ხელი იტკინა ერთ-ერთ რეპეტიციაზე. ქართველმა კაპიტანმა ფაქტები შეაჯერა, გააანალიზა და კონტრდაზვერვის გენერალ-მაიორ ივანე მასლოვს ეახლა.
– ივან ალექსეევიჩ, მოკვლევის შედეგად ერთი მოსაზრება გამიჩნდა და ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ.
– მიდი, კაპიტანო. გისმენ, – მიუგო მასლოვმა გოგელიას, რომელმაც გენერალს უთხრა:
– ამხანაგო გენერალო, დავიწყებ იმით, რომ იმ პერიოდში, როცა რომში მოსკოვის ცირკი იმყოფებოდა გასტროლებზე, არტისტების მოსკოვში გამომგზავრებამდე ორი დღით ადრე, ანუ 11 მაისს, რომის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუველირო სალონი გაიძარცვა და იქიდან მილიონ 123 ათასი დოლარის ღირებულების უნიკალური ძვირფასეულობა დაიკარგა. სეიფი სუფთად იყო გახსნილი და ქურდი ვერ იპოვეს. საგულისხმოა, რომ ივანე ქემოკლიძე ერთხელაც არ გამოსულა საგასტროლო არენაზე და ისიც, რომ მას მედვეჟატნიკი, ტყუპისცალი ჰყავს – კოტე ქემოკლიძე, მეტსახელად „ქერა“. ის ამჟამამად ციმბირში იხდის მესამე სასჯელს და თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ რომში სწორედ ის იყო აკრობატის მაგივრად და საიუვილერო სალონიც მან გაასუფთავა. არენაზე კი იმიტომ არ გავიდა, რომ აკრობატი არაა და საამისოდ, ავადმყოფობა მოიმიზეზა. ჩემი აზრით, დაზარალებულმა იტალიელმა იუველირმა კერძო დეტექტივი დაიქირავა, რომელმაც, რაღაც გზით გაიგო, რომ ძარცვა საბჭოთა აკრობატმა ჩაიდინა. ამიტომაცაა აქ, რომ ყველაფერი გაარკვიოს და ძვირფასეულობა უკან დააბრუნოს.
– მდაა, – ჩაეცინა მასლოვს, – შენი სიტყვები, ერთი შეხედვით, ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ საკმაოდ რეალურია. მიდი, იმოქმედე და თუკი შენი ვარაუდი გამართლდა, იცოდე, რიგგარეშე მაიორობა არ აგცდება.
ოპერაცია „ორმაგი დაკითხვა“
გენერალ მასლოვთან შეთანხმებით, კაპიტანმა მურთაზ გოგელიამ საიდუმლო ოპერაცია „ორმაგი დაკითხვა“ დაიწყო, რომელსაც „კაგებეს“ საგანგებო-ოპრატიული ჯგუფი ატარებდა და ინფორმაციის სწრაფად მოპოვებას ისახავდა მიზნად. ორმა ჯგუფმა 12 სექტემბერს ერთდროულად მოიტაცა იტალიელი კერძო დეტექტივი პაოლო რივოლი, რომელიც ივანე ქემოკლიძის სადარბაზოს უთვალთვალებდა და თავად ივანე ქემოკლიძე. ის სადარბაზოდან მაშინ გაიტაცეს, როცა ცირკში მიდიოდა რეპეტიციაზე. რივოლის განუცხადეს, რომ ისინი აკრობატ ქემოკლიძის „ხელქვეითები“ იყვნენ და აინტერესებდათ, თუ რატომ უთვალთვალებდა უცხოელი მას. აკრობატ ქემოკლიძეს კი უთხრეს, რომ იტალიელი მსახიობები იყვნენ და გაძარცვული ძვირფასეულობის წასაღებად ჩამოვიდნენ საბჭოეთში ფარულად. იტალიელმა აღიარა, რომ ნაძარცვი ძვირფასეულობის წასაღებად იყო რომიდან ჩამოსული და აკრობატზე ის მასიმო კორმამ გაიყვანა. სწორედ კორმამ მოამზადა ძარცვის საქმე და „ნაკოლი“ „მედვეჟატნიკს“ მისცა. თუმცა, შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს მას მერე, რაც გულში ჩაცემულმა დანამ ქსოვილები მსუბუქად დაუზიანა. თავად მასიმო კორმა ცირკის იმპრესარიო გახლდათ. ივანე ქემოძლიძე მოსკოვში გაიცნო 1972 წელს და იქვე დაიგეგმა მომავალი ძარცვის დეტალებიც. გატაცებულმა ივანე ქემოკლიძემ კი „იტალიელ მაფიოზებს“ უთხრა, რომ სინამდვილეში, რომის ძარცვა მისმა ტყუპისცალმა ძმამ, კოტემ ჩაიდინა, თავად ის, ამ დროს ციხეში იჯდა ძმის მაგივრად. ნაძარცვი ძვირფასეულობა კი საზღვარზე ლომების გალიების მომვლელმა ანა კუსკინამ გადაატანინა. ის დასს რომში ახლდა და ნაძარცვი ნივთები მტაცებელთა გალიებში დამალა. იტალიელი კერძო დეტექტივი მალე გაათავისუფლეს და ურჩიეს, რომ სასწრაფოდ გამგზავრებულიყო უკან და კრინტი არავისთან არაფერზე დაეძრა. რივოლი ისე დაბრუნდა სამშობლოში, არ იცოდა, რომ ის „კაგებემ“ დაამუშავა. სამაგიეროდ, ძმებ ქემოკლიძეებზე აღიძრა საქმე, რომელიც მართალია, არ გაუხმაურებიათ, მაგრამ ინტენსიურად იძიებდნენ. უშიშროებას, რა თქმა უნდა, რომიდან გატაცებული ძვირფასეულობის ამოღება უნდოდა, მაგრამ 30 წლის ანა კუსკინა უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა – ცამ ჩაყლაპა ქალი თუ დედამიწამ, ვერავინ გაიგო. „ქერას“ ახალი დანაშაულისთვის 5 წელი დაუმატეს. მის აკრობატ ძმას კი, 12 წელი მიუსაჯეს და ქალაქ ვლადიმირის ციხეში უკრეს თავი.
ანა კუსკინაზე ტოტალური ძებნა იყო გამოცხადებული. მილიონ 123 ათასი დოლარის ღირებულების უნიკალური სამკაულებით გაუჩინარებულ, 30 წლის ქალს საუკეთესო საბჭოთა მაძებრები ეძებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასი სამკაულები ჯერჯერობით არ ჩანდა, მასლოვმა გოგელიას მაინც უბოძა მაიორობა და ქართველი ოფიცერი ტყავიდან ძვრებოდა, ხელმძღვანელობის მაღალი ნდობა რომ დაემსახურებინა. მართლაც, 1974 წლის 4 მარტს, გოგელიამ და მისმა ხელქვეითებმა ინფორმაცია მიიღეს, რომ ანა კუსკინა სოჭში, ერთ-ერთ კერძო სახლში იმალებოდა. ეჭვმიტანილის ასაყვანად თავად გოგელია მივიდა. თუმცა კუსკინას საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. ბენზინით სავსე ორი კასრი აფეთქდა და იქაურობა ერთიანად გადაიბუგა. ხანძრის შემდეგ ორი ადამიანის დანახშირებული ცხედარი აღმოაჩინეს. ძვირფასეულობა კი ვერ იპოვეს.
P.S. მხოლოდ 1996 წელს გაირკვა, რომ ქართველი „კაგებეს“ მაიორი ანა კუსკინას შეუთანხმდა და მათ თავიანთი სიკვდილი გაითამაშეს. სინამდვილეში, ჯერ თურქეთში გაიქცნენ ძვირფასი ქონებით, შემდეგ კი – სამხრეთ ამერიკაში.