როგორ გახადა რალიში ბულგარეთის ჩემპიონმა, დავით კვარაცხელიამ მთელი ბულგარეთი საქართველოსა და სოხუმის გულშემატკივარი #9
დავით კვარაცხელია სოხუმიდან დევნილი, სოხუმელი ემიგრანტი, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, ამჟამად ბულგარეთის მოქალაქე, პროფესიონალი ავტომრბოლელია, რომელიც 2016 წლის ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ვიცე-ჩემპიონია რალიში. თავის ყველა მიღწევას ის სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის. სოლიდარობის ნიშნად მისმა ბულგარელმა კოლეგებმა 20 სარბოლო ავტოზე განათავსეს წარწერა: SOKHUMI, GEORGIA. ეს ის სიტყვებია, რომელიც კვარაცხელიას საკუთარ სარბოლო ავტოზე უწერია.
დავით კვარაცხელია: დავიბადე ზუგდიდში, მაგრამ მთელი ბავშვობა სოხუმში გავატარე. კარგი მშობლების ხელში გავიზარდე, არაფერს მიშლიდნენ. თუმცა, ძალიან მხიბლავდა ყველაფერი, რაც აკრძალული ან შეზღუდული იყო, იმდროინდელი კომუნისტური წყობილებისგან: ხშირად დავდიოდი სოხუმში ეკლესიაში, მიყვარდა იმ დროისთვის აკრძალული უცხოური სიმღერები და ასე შემდეგ. ავტოსპორტი ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკიდან მიტაცებდა. ჟურნალ-გაზეთების საშუალებით ყველა სიახლეს ვეცნობოდი. საბჭოთა კავშირში, ამ თვალსაზრისით, დიდი განვითარების საშუალების არ მქონდა, ეს მხოლოდ ბულგარეთში შევძელი. აქ მივაღწიე იმის მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც იმ პერიოდში შეიძლებოდა. ბულგარეთის ჩემპიონი და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ვიცე-ჩემპიონი გავხდი. ძალიან მეხმარებოდა მამა. ამით თვითოინაც დიდ სიამოვნებას იღებდა და ძალიან ამაყობდა, როცა ხედავდა, რომ ავტომობილს პროფესიონალურ დონეზე ვფლობდი.
– პირველი ნაბიჯები როგორი იყო?
– მამას ხშირად დავყავდი სოფელში და ფიზიკურად მწვრთნიდა. ავტომობილებისადმი მისი სიყვარული ჩემზე გადმოვიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, მექანიზაციის ფაკულტეტზე, სპეციალობით – ინჟინერ-მექანიკოსი და შემდეგ ვმუშაობდი სოხუმში, რკინიგზის სისტემაში. თუმცა, პროფესიით მუშაობა დიდხანს არ მომიხდა, საბჭოთა ჯარში უნდა მემსახურა. შემდეგ, იყო ეროვნული მოძრაობა – ვმონაწილეობდი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მალე, როგორც კი კერძო კომპანიების არსებობის საშუალება გაჩნდა, კერძო სექტორში გადავედი და საკუთარი კომპანიები მქონდა. მეგობრებთან ერთად, სოხუმის საფინანსო ბირჟის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. შემდეგ იყო ემიგრაცია.
– აფხაზეთში დაწყებული არეულობის შემდეგ, როგორ დააღწიეთ თავი იმ უმძიმეს სიტუაციას?
– აფხაზეთში დაწყებულმა ომმა სრულებით შეცვალა ჩემი და ასიათასობით ადამიანის გეგმები. ომის პირველ თვეებში, ჩემს მეგობრებთან ერთად, სოხუმის მცხოვრებთა სურსათით უზრუნველყოფაზე ვმუშაობდი. ვეხმარებოდით ყველა სოხუმელს. გაგრაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით საქართველოს შეიარაღებული ძალების სოხუმის ბრიგადის მესამე ბატალიონი, რომელიც სხვა ქვედანაყოფების მხარდამხარ იბრძოდა ფრონტის ხაზზე. ყველაზე მძიმე ის იყო, რომ დაიღუპნენ საჯიშე ახალგაზრდები როგორც ჩვენი, ისე სხვა ბატალიონებიდან.
– ოჯახი იქ გყავდათ იმ პერიოდში?
– მეუღლე – კი, შვილები გახიზნული მყავდა. მიჭირს ამ თემაზე საუბარი. დიდ ტრაგედიას გადავურჩი, მაგრამ საბოლოოდ, შევძელი მათი მშვიდობიანად გამოყვანა. ჩემი შვილები იქიდან ბოლოს წინა თვითმფრინავით გადმოფრინდნენ და თქვენ იცით, რომ ბოლო თვითმფრინავი აფეთქდა. მერე იყო ემიგრაცია. როგორც ყველა ადამიანისთვის, ემიგრაციაში თავის დამკვიდრება, ჩემთვისაც ძნელი იყო. მაგრამ მეგობრებთან ერთად, ეს სიმძიმეც გავიარე. ქვეყნის დატოვება ძალიან ძნელია. ამაზე 70-იანებში, საბჭოთა პერიოდში ვფიქრობდი, მაგრამ შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა და უკვე აღარ მქონდა მსგავსი სურვილი. ომის შემდეგ კი, სხვა გამოსავალი აღარ იყო. ემიგრაციის პირველ წლებში იყო ფსიქოლოგიური სირთულეები – ენის ბარიერი და ყველაფერი ერთად. მაგრამ, ისევ მეგობრების ურთიერთანადგომით დალადგა ყველაფერი. 90-იან წლებში ბულგარეთიდან საქართველოში თითქმის ყველაფერი ჩვენი კომპანიით შემოდიოდა. ბიზნესის პარალელურად, ავტორბოლაზე ფიქრი არ მშორდებოდა. ვაწყობდი არაოფიციალურ რბოლებს ღამის საათებში. მალე გამიცნეს, როგორც სარბოლო მანქანების ტექნიკური კონსულტანტი, შემდგომ კი, მანქანების დაქირავება და შეჯიბრებებში მონაწილეობა დავიწყე.
– უკვე პროფესიონალურ დონეზე როდის გადახვედით?
– ეს 2014 წელს დაიწყო. თუმცა, მანამდე, 2006 წელს, ცნობილი ბულგარელი ავტომრბოლელის, ტიხომირ სტრატიევის, ტექნიკური კონსულტატი გავხდი. მასთან ორი წელი ვიმუშავე და ის პირველად გახდა ბულგარეთის ჩემპიონი და აღმოსავლეთ ევროპის თასის გამარჯვებული. ვიყავი ცნობილი მოტომრბოლელის, ზდრავკო მინევის, შტურმანი თვითონ კი – პილოტი. გავხდით ბულგარეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები. მაშინ გამიცნო ბულგარელმა ხალხმა. ჩემი სახელი ცნობილი გახდა იმითაც, რომ ყველას ვუყვებოდი, თუ საიდან ვარ – რა გადაიტანა ჩემმა ქალაქმა, მთელმა საქართველომ. სოლიდარობის ნიშნად, სადაც კი შევძლებდი, მინდოდა, ყველგან დამეფიქსირებინა, რომ სოხუმი საქართველოა. გადავწყვიტე, ჩემი სოლიდარობა მანქანაზეც გამომეხატა. ზუსტად მაშინ, სრულიად შემთხვევით ვნახე, როგორ უჭირავს თენგიზ პაჭკორიას სოჭის ოლიმპიადაზე წარწერა – SOKHUMI, GEORGIA. ეს იდეა მომეწონა, მას დავუკავშირდი და მეც იგივე სტილის წარწერა გავუკეთე ჩემს მანქანას, რომელზეც ორი – ბულგარეთისა და საქართველოს დროშაა გამოსახული. უკვე წლებია, ასე გამოვდივარ შეჯიბრებებზე. იმდენად ცნობილი გახდა ეს წარწერა, რომ დღეს ბულგარეთში, შეხვდებით ჩვეულებრივ მანქანებს ამ წარწერით და საქართველოს დროშით. ზოგი ბულგარელია და ზოგიც, საერთოდ, უცხოელი. ცოტა ხნის წინ მაგისტრალზე შემხვდა დიდი მანქანა და ეს წარწერა ჰქონდა. ზოგმა საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს, მაგრამ ეს მოდად იქცა. შარშანწინ, ჩემმა მეგობრებმა, სოლიდარობის ნიშნად, საკუთარ მანქანებსაც იგივე დააწერეს.
– ქართველებისთვის საამაყოა თქვენი ეს საქციელი. ბულგარული პრესის გამოხმაურება როგორია?
– ბულგარეთის პრესაში ჩემს შესახებ აღნიშნავენ: ქართველი ემიგრანტი, ბულგარეთის მოქალაქე, რომელიც საკუთარ მიღწევებს თავის ქალაქს – სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის. ამას პოლიტიკური მიზნებისთვის არ ვაკეთებ. ეს უბრალო სოლიდარობაა, რომელსაც ჩემი მეგობრებიც იზიარებენ. შარშან, როცა ბულგარეთის ჩემპიონი გავხდი, ერთ-ერთმა ფრენბურთის გუნდმა, ჩემს პატივსაცემად, მაისურებს – „სოხუმი-ჯორჯია” დააწერეს და ქართული დროშა გამოისახეს. ამით სოხუმელებს ვამხნევებ, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა და ისინი ისევ ჩვენი ნაწილი არიან. მე იქ ბევრთან ვინარჩუნებ ურთიერთობას და იმედი მაქვს, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
– ბიზნესით ისევ ხართ დაკავებული?
– რა თქმა უნდა, ჩემი ძირითადი საქმიანობა ბიზნესია. ახლა GAUCASUS CABLE SYSTEM BULGARIA-ის ადმინისტრაციული დირექტორი ვარ. ჩვენ ვაწვდით ინტერნეტს კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს. რაც შეეხება რბოლას, წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე გადავწყვიტე, რომ საქართველოს დროშით გამოვიდე. ბულგარეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ ლიცენზიას ავიღებ და ყველგან საქართველოს სახელით გამოვალ, ჩემს კოლეგა, პლამენ სტაიკოვთან ერთად. მინდა, გამარჯვება სოხუმს და სოხუმელებს მივუძღვნა.
– საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?
– სამსახურიდან და სპორტიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ. წელს მინდა სოხუმელებს ევროპის თასი ვაჩუქო და ამის შემდეგ, ალბათ, აქტიურ სპორტს თავს დავანებებ. თუმცა, ბოლომდე არ გავწყვეტ კონტაქტს, რადგან ახლა, პარალელურად, ვკითხულობ ლექციებს „საავტომობილო უსაფრთხოებაზე” და მომავალშიც, ახალგაზრდა სპორტსმენებს ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ.
– ოჯახი, ბუნებრივია, ბულგარეთში გეყოლებათ.
– კი, თუმცა ისინი ოდნავ მოგვიანებით ჩამოვიყვანე აქ. მყავს სოხუმელი მეუღლე და ორი ქალიშვილი. ორივე წარმატებულია ბიზნესში. ბულგარელი მეუღლეები ჰყავთ და ჩვენი ადათ-წესებით ცხოვრობენ. მყავს ოთხი შვილიშვილი.