ეშმაკის ბილიკი #9
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-8(843)
გენერალ-მაიორი გენადი პავლოვი გულმოდგინედ შეუდგა ევგენი მოროზოვის ძებნას. პოდპოლკოვნიკი ცხრამეტი წლის წინ, 1945 წლის ივნისში გაუჩინარდა. ოფიციალური ვერსიით, მოროზოვი ბავარიაში მოკლეს და შემდეგ ის ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. თუმცა, ფედერალური გერმანიიდან ჩამოტანილი ინფორმაციის შემდეგ, „კაგებეს“ პირველი მთავარი სამმართველოს უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ იური კოტელოვს ეჭვი შეეპარა ოფიციალურ ვერსიაში და კონტრდაზვერვას ამიტომ დაავალა ძველი, არქივში გადაცემული საქმის სკურპულოზური გამოძიება. საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გენერალმა პავლოვმა გამოძიების ჩატარება მაიორ ზურაბ გიგაურს დაავალა. თუმცა, თავად გენერალ-მაიორი სკეპტიკურად იყო განწყობილი და თითქმის წარმოუდგენლად მიაჩნდა ტვირთი ¹39-ის აღმოჩენა, თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიმართლე იყო და არა მიხეილ კაპლერის, იმავე „გენერლის“ მონაჩმახი, რომელიც ქალაქ ყაზანის ფსიქიატრიული კლინიკა-საპყრობილის ¹13 საკან-პალატაში გარდაიცვალა.
ზურაბ გიგაური კონტრდაზვერვის ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად მიიჩნეოდა. წარმოშობით თბილისელი გახლდათ და უმაღლესი სასწავლებლის დასრულების მერე, სამი წელი საქართველოში იმუშავა. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ კი 24 წლის უფროსი ლეიტენანტი მოსკოვში, „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში გადაიყვანეს სამუშაოდ და კაპიტნობაც უბოძეს. სამი წლის შემდეგ კი, გიგაურმა მორიგი, რიგგარეშე ჩინი მიიღო – მაიორი გახდა. ეს კი 27 წლის ახალგაზრდა კაცისთვის მნიშვნელოვანი წარმატება იყო. 28 წლის გიგაური, „კაგებეში“ სულ რაღაც 7 წელი მუშაობდა და თანაც, მოსკოვში. ორი რიგგარეშე ჩინი ჰქონდა მიღებული კონტრდაზვერვაში და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. გენერალმა პავლოვმა ის საკუთარ კაბინეტში იხმო და უთხრა:
– ცოტა არ იყოს, რუტინული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე უნდა დაგავალო. იმედია, მასაც ისეთივე გულმოდგინებითა და სერიოზულობით მიუდგები, როგორც სხვა დანარჩენებს, – გენერალ-მაიორს კაპლერის დღიურები და 1945 წელს ბავარიაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების საქმე დაუდო წინ. მოკლედ უამბო ყველაფერი და ასე დააბოლოვა, – ხომ გესმის ახლა, რა მნიშვნელოვანი საქმეა. „ტვირთი ¹39-ში“ უამრავი ძვირფასეულობა იყო და მისი ფასი, დღევანდელი კურსით, სადღაც ერთ მილიარდ მანეთს ურტყამს. უძნელესი დავალებაა, მაგრამ მიდი, შენებურად იმოქმედე და პასუხი ორ კვირაში მომახსენე. შენ, სავარაუდოდ, გადაადგილება დაგჭირდება სხვადასხვა ქალაქებში და შესაძლოა, ქვეყნებშიც. ამიტომ, უფლება გაქვს, შენი შეხედულებისამებრ ხარჯო ფული. ფინანსური განყოფილება საქმის კურსშია და არ დაგაბრკოლებენ.
– გასაგებია, ამხანაგო გენერალ-მაიორო, – გამოეჯგიმა პავლოვს გიგაური, – შემიძლია, წავიდე?
– წადი და წარმატებას გისურვებ. თუკი რამე პრობლემა შეგექმნება, პირდაპირ ჩემთან მოდი და დაგეხმარები, – უთხრა გენერალმა ქართველ მაიორს და კაბინეტიდან გაისტუმრა.
ზურაბ გიგაურმა კაპლერის დღიურები და არქივიდან გამოტანილი საქმე თავის კაბინეტში წაიღო და მათ შესწავლას შეუდგა. ერთი კვირის შემდეგ კი პავლოვს ეწვია კაბინეტში. კონტრდაზვერვის უფროსმა მაიორი შეათვალიერა და ჰკითხა:
– რამე პრობლემა გაქვს, მაიორო?
– არა, ამხანაგო გენერალო. ანგარიშის ჩასაბარებლად მოვედი, – მიუგო პავლოვს გიგაურმა.
– აბა, მომახსენე, გისმენ, – უთხრა კონტრდაზვერვის უფროსმა თავის ხელქვეითს და სიგარეტი გააბოლა.
მაიორმა ზურაბ გიგაურმა წითელი საქაღალდე გადაშალა, სადაც ფურცლები და ფოტოსურათები ელაგა და პავლოვს მოახსენა:
– ამხანაგო გენერალო, მოკვლევა პირდაპირ ევგენი მოროზოვის დოსიეს შესწავლით დავიწყე, რადგან ეს ყველაზე ახლოს იყო თქვენ მიერ დასახულ ამოცანასთან და ვფიქრობ, გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე ძიებაში. 1945 წლის ივნისში, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პოდპოლკოვნიკს მოსკოვში, 25 წლის მეუღლე – ალა და 5 წლის ვაჟი – ვლადიმირი დარჩა. ისინი ქალაქის ცენტრში, მალი არბატზე ცხოვრობდნენ და რომ იტყვიან, ფეშენებელური, ექვსოთახიანი, ძველებური სტილით გაწყობილი ბინა ჰქონდათ. 1945 წლის დეკემბერში ალა მოროზოვამ თავის ვაჟს, ვლადიმირს ხელი დაავლო და როგორც მეზობლებს უთხრა, საცხოვრებლად დედამისთან გაემგზავრა ლენინგრადში. ფეშენებელური ბინა კი სახელმწიფოს ჩააბარა.
– უცნაურია, – თავი გააქნია გენერალმა.
– დიახ, ამხანაგო გენერალო. ძალიან უცნაურია და მეც მასე ვიფიქრე. ფეშენებელური ბინის დათმობა მოსკოვის ცენტრში საკმაოდ უცნაური საქციელია. თუმცა, ალა მოროზოვამ თავისი საქციელი ევგენი მოროზოვის ტრაგიკული დაღუპვით აუხსნა მეზობლებს და უთქვამს: „ამ სახლში მე ყველაფერი ჟენიას მაგონებს. ის კი ამქვეყნად აღარაა და აქ ცხოვრება ჩემთვის სატანჯველი იქნება. ლენინგრადში წავალ დედაჩემთან. ვლადიკსაც წავიყვან. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ახალ ცხოვრებას დავიწყებ. იქნებ გამიმართლოს და ბედს ვეწიო.“ ერთი სიტყვით, დედა-შვილი ახალი წლის დადგომამდე წავიდნენ ძველი საცხოვრებლიდან. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იმ დროს, როდესაც დედა-შვილი ვითომდა ლენინგრადში გაემგზავრნენ, ალა მოროზოვას დედა სამი თვის გარდაცვლილი იყო და ეს კარგად იცოდა ალამ. ანუ, მან, უბრალოდ, მოატყუა მეზობლები, როდესაც უთხრა, რომ დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, დედამისის ბინა უკვე სახელმწიფოს ჰქონდა აღებული, რადგან მას პატრონი არ გამოუჩნდა.
– საინტერესოა, საინტერესოა. შემდეგ, – უთხრა გენერალმა გიგაურს და სიგარეტი გააბოლა.
– ალა მოროზოვა, თავის ვაჟთან ერთად, სინამდვილეში, ქალაქ ვლადივოსტოკში გაემგზავრა თავის უმცროს ძმასთან, პავლესთან. მაშინ, ის სამხედრო მეზღვაური იყო და წყნარი ოკეანის ფლოტში მსახურობდა მიჩმანად. წელიწადში ათი თვე ზღვაში იყო გასული და სახლი მიტოვებული ჰქონდა. დედა-შვილი პავლესთან დაბინავდა. ახალ წელსაც იქ შეხვდნენ და ათი თვე იცხოვრეს იქ. თავად უცოლშვილო პავლე მთელი ამ დროის განმავლობაში შუა ოკეანეში იყო გემზე და სახლში რომ დაბრუნდა, სულ რაღაც ერთ კვირაში, დედა-შვილი ვლადივასტოკიდან გაემგზავრა. როგორც პავლეს უთხრა ალამ, კვლავ მოსკოვში, რადგან შორეული აღმოსავლეთის მკაცრ კლიმატს ვერ გავუძელითო. ეს ყველაფერი მე პავლე ევდოკიმოვმა მიამბო, ალა მოროზოვას ძმამ. გათხოვებამდე ალა მოროზოვა ევდოკიმოვა იყო. პავლე დღესაც ვლადივოსტოკში ცხოვრობს. უკვე ცოლ-შვილიც ჰყავს და წყნარი ოკეანის ფლოტის მთავარ სამმართველოში მუშაობს ნავიგაციის უფროსად.
– ბობოლა ყოფილა, – თქვა გენერალმა.
– დიახ. მნიშვნელოვანი ფიგურაა და ძალიან კარგი ადამიანი, – დაეთანხმა მაიორი გენერალს, – პავლე ევდოკიმოვმა მითხრა, რომ თავისი და და დისშვილი იმ დღის მერე აღარ უნახავს, თუმცა, მათ ეძებდა. განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ყოველთვის უარყოფითი პასუხი მოსდიოდა. ევდოკიმოვი ფიქრობდა: ალბათ, გათხოვდა, გვარი შეიცვალა, ახალი ცხოვრება დაიწყო და წარსულის გახსენება არ უნდა. მეც ამიტომ აღარ მეკონტაქტებაო.
– ესე იგი, ჯაჭვი აქ წყდება? – თქვა გენერალმა.
– არა, ამხანაგო გენერალო. ჩემი აზრით, სწორედ აქ იწყება მთავარი, – გაეცინა გიგაურს.
– აქ იწყება? – გაიმეორა გენერალმა.
– დიახ. და ნება მიბოძეთ, განვაგრძო.
– მიდი, მაიორო, გისმენ, – თქვა პავლოვმა.
– პავლე ევდოკიმოვმა, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, ფიქრობს, რომ მისი და გათხოვდა, ახალი ცხოვრება დაიწყო, ძველის გახსენება აღარ უნდა და იმიტომ არ ეკონტაქტება ძმას, მიამბო: შარშან სოჭში ისვენებდა და ერთ-ერთ დახურულ, პრესტიჟულ პლაჟზე თავის დას, ალას გადაეყარა.
– შენ არ თქვი, თავისი და ცხრამეტი წელია, არ უნახავსო? – თქვა გენერალმა.
– დიახ, ვთქვი. მაგრამ საქმა ისაა, რომ ევდოკიმოვმა, სავარაუდოდ, თავისი სახეშეცვლილი და ნახა.
– ეგ როგორ?
– აი, რა თქვა ევდოკიმოვმა: სოჭის პრესტიჟულ პლაჟზე ყველას არ უშვებენ. იქ მოსახვედრად სპეციალური საშვი უნდა გქონდეს, ან უცხოელი უნდა იყო კაპიტალისტური ქვეყნიდან და ვალუტას იხდიდე, ანდა, ბევრი მანეთი უნდა მისცე ვახტიორს. მე სპეციალური საშვი მქონდა და ჩემს ცოლ-შვილთან ერთად, ყოველდღე შევდიოდით იქ. ერთ დღეს, წყლიდან რომ ამოვედი და ჩემი ქოლგისკენ მივდიოდი, ზურგიდან ერთ ქალს მოვკარი თვალი. ეჭვიც არ შემპარვია, რომ ის ალა იყო – ჩემი და. იგივე მოძრაობები, იგივე აღნაგობა, მხოლოდ ოდნავ დაქალებული. გავიფიქრე, – რა ბედნიერებაა, ცხრამეტი წელია, ჩემი და არ მინახავს. მივალ, ჩავეხუტები, ყველაფერს გამოვკითხავ და ჩვენს ნათესაურ ურთიერთობებს გავაგრძელებთ-მეთქი. მე ხომ მასზე ახლო ნათესავი არ მყავს. მოკლედ, არც კი შემპარვია ეჭვი, რომ ზურგით მდგომი ქალი სხვა იყო. მივედი. ზურგიდან მხრებზე ხელები მოვხვიე. კისერზე ვაკოცე. შემოვაბრუნე და ის-ის იყო, უნდა მეთქვა: ალა, დაიკო, მაინც ხომ გიპოვე-მეთქი, რომ სულ სხვა სახე შემრჩა ხელში, ქალი ოდნავ შეცბა ჩემს დანახვაზე. შემდეგ თვალები დამიბრიალა და ხრინწიანი ხმით მითხრა:
– გეშლებათ, მოქალაქევ. მე ალა არ ვარ. სხვა დროს თვალები კარგად გაახილეთ და ისე მოძებნეთ ნაცნობებიო.
სახის გარდა, ყველაფერი ალასი ჰქონდა იმ ქალს. აღნაგობა, მოძრაობის თავისებურებები და სუნი... ერთი სიტყვით, კინაღამ ვუთხარი, – ალაჩკა, ნუ მაიმუნობ, ნიღაბი მოიხსენი და შენი სახე გამოაჩინე-მეთქი. მაგრამ, მოვუბოდიშე და ჩემს ქოლგასთან მივედი, შეზლონგზე წამოვწექი, მუქი სათვალე გავიკეთე და ვითომ ჩავთვლიმე. სინამდვილეში, იმ ქალს თვალს არ ვაშორებდი. ჩემმა მეუღლემ ვერაფერი შეამჩნია, რადგან ბავშვთან თამაშით იყო გართული. მე კი თვალთვალს განვაგრძობდი და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ჩემ წინ ჩემი და – ალა იყო, მაგრამ სახეშეცვლილი. ხუთიოდე წუთის შემდეგ, იმ ქალთან ვიღაც ჩაცმული მამაკაცი მივიდა, რომელიც, როგორც მივხვდი, გახდას და წყალში შესვლას აპირებდა, მაგრამ იმ ქალმა გადააფიქრებინა. თან, ჩემზე მიუთითა მალულად და წყვილი მაშინვე წავიდა პრესტიჟული პლაჟიდან. როგორც ვიფიქრე – ჩემ გამო.
– მას მერე მათ აღარ შეხვედრიხართ? – ვკითხე პავლე ევდოკიმოვს.
– არა, არ შევხვედრივარ, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, ვიღაც უხილავი თვალი მითვალთვალებდა.
– გითვალთვალებდათ? – ვკითხე პავლე ევდოკიმოვს.
– დიახ, და, მეტსაც გეტყვით. ვფიქრობ, სოჭში ამ წყვილმა ჩემი მოკვლა სცადა.
– თქვენი მოკვლა? კი, მაგრამ როგორ?
– როგორ და ერთ საღამოს, უფრო სწორად კი, ღამეს, თევზაობიდან ვბრუნდებოდი. ველურ ადგილზე ვიყავი – კლდეებთან და თევზჭერით რომ ვიჯერე გული, ნადავლით სავსე კალათით გზატკეცილზე გამოვედი, ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას. ამასობაში ჩამობნელდა. უცებ, სიბნელიდან დიდი სისწრაფით გამოვარდა მანქანა, რომელსაც შუქფარები ჩამქრალი ჰქონდა. ჩემმა წრთობამ მიშველა, გვერდით მკვეთრად გადავხტი. კალათა კი იქვე დავაგდე. მანქანამ შურდულივით გაიქროლა. სიბნელეში მიიმალა და ჩემი თევზებიანი კალათა გასრისა. ეს შემთხვევა დახურულ პლაჟზე, იმ ქალის ნახვიდან სამი დღის მერე მოხდა. მეორე დღეს კი, მე და ჩემი ცოლ-შვილი ვლადივოსტოკში დავბრუნდით.
– ხომ არ შეგიმჩნევიათ, რა მარკის მანქანა იყო? – ვკითხე პავლე ევდოკიმოვს.
– იმ სიბნელეში თვალი ვერ შევავვლე, მაგრამ ხმით ვიცანი, რომ „ვოლგა გაზ-21“ უნდა ყოფილიყო. მეორე დღეს, დილით იმ ადგილზე დავბრუნდი. იქაურობა ყურადღებით დავათვალიერე და წინა ღამის პერიპეტიები რომ გავიაზრე, მივხვდი, მართლაც სასწაულებრივად ვიყავი გადარჩენილი.
– ესე იგი, თქვენ ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი მოკვლა უნდოდათ?
– თითქმის, – დამიდასტურა ევდოკიმოვმა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ უნდოდათ ეს და ვინ ცდილობდა თქვენს მოკვლას? – ვკითხე ევდოკიმოვს. მან კი მხრები აიჩეჩა და ღიმილით მითხრა:
– ვის და რატომ, ვერ გეტყვით. ეს, ალბათ, ორგანოებმა უნდა გაარკვიონ. ისე კი, დავძენ, რომ მტრები ნამდვილად არ მყავს. არც არავინ მეგულება ისეთი, ვინც ასე გამიმეტებდა.
– მაგრამ, ხომ გაგიმეტეს? – მივაგებე ევდოკიმოვს.
– კი. მართალია. გამიმეტეს, მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ და რისთვის, – კვლავ მხრები აიჩეჩა ევდოკიმოვმა და გამიღიმა, – ეს, ამხანაგო ვასილ, ალბათ, თქვენ უნდა გაარკვიოთ, – დააბოლოვა მან“.
– ამხანაგო ვასილო? – გაიკვირვა გენერალმა და დააყოლა, – რატომ ვასილ?
– პავლე ევდოკიმოვს, ამხანაგო გენერალო, მილიციის კაპიტან ვასილი ნოსოვის სახელით გავეცანი. მასთან მე მისი დის, ალას ძებნის საბაბით გეახელი. ხომ გითხარით, მას განცხადებები ჰქონდა შეტანილი მილიციაში თავისი დის ძებნის მოთხოვნით და ასე დავეკონტაქტე.
– ერთმანეთსაც ვასილი ნოსოვის სახელით დაშორდით? – ჰკითხა გენერალმა გიგაურს.
– არა, ამხანაგო გენერალო. მან იცის, რომ მე კონტრდაზვერვის მაიორი ზურაბ გიგაური ვარ და რომ მისი დის ქმრით, ევგენი მოროზოვით ვარ დაინტერესებული. მან პატიოსანი სიტყვა მომცა, რომ ჩვენი შეხვედრის შესახებ არავისთან არაფერს იტყვის.
– მან „ტვირთი ¹39-ის“ ამბავიც იცის?
– არა, ამხანაგო გენერალო. ამის შესახებ ევდოკიმოვმა არაფერი იცის. მე ვუთხარი, რომ მისი დის ქმარი ერთ საქმეში ამოტივტივდა, რომელიც ფაშისტური არქივების გახსნის შემდეგ გაირკვა და ამიტომ ვეძებთ მას.
– სწორად გითქვამთ, – თქვა გენადი პავლოვმა და დაამატა, – სულ ეს იყო, რისი თქმაც გინდოდა და მეტი არაფერია?
– არის კიდევ რაღაც, – თქვა გიგაურმა.
– კიდევ? აბა, თქვი, გისმენ.
– მე მაქვს სოჭის დახურული პლაჟის ვახტიორის, არტემ სოსკინის ჩვენება, რომელიც იმ წყვილს აღწერს, ვინც, სავარაუდოდ, პავლე ევდოკიმოვს დაესხა თავს მანქანით, – თქვა გიგაურმა. გენერალს ფოტორობოტების ამონაბეჭდები დაუდო წინ და განაგრძო, – არტემ სოსკინი დახურულ პლაჟზე თითოეულ უკანონო გატარებაზე ორმოცდაათ მანეთს იღებს. ანუ, წყვილი მას ყოველდღე ას მანეთს უხდიდა.
გენერალს ჩაეცინა და თქვა:
– უყურე შენ ამ ვახტიორს, რა ქერის ორმოში ყოფილა. შემდეგ?
გაგრძელება შემდეგ ნომერში