ეჭვიანი მკვლელი #9
უილიამს მისის მენერლიზი, მდიდარი და გავლენიანი ქალბატონი, ციხე-კოშკის ბიბლიოთეკაში კეტავდა ხოლმე და ასე აიძულებდა, დაწყებულ პოემაზე ემუშავა. პასუხისმგებლობას გრძნობდა ამ ბიჭის მიმართ, რომელსაც მშობლები – მისის მენერლიზის უახლოესი მეგობრები, ადრე დაეხოცა და დიდი მემკვიდრეობაც დარჩა. მზრუნველობა მისის მენერლიზმა ითავა. უილიამი თავისთან გადმოიყვანა და მისი სასახლე გააქირავე. ბიჭს ჯიბის ფული ექნება და ქონება შეენახებაო. უილიამი საკმაოდ წყნარი და განათლებული ახალგაზრდა იყო. ჩაკეტვასაც კი ეგუებოდა. თუმცა, სუსტი წერტილიც ჰქონდა – შეყვარებული იყო მისის მენერლიზის ძმისწულზე. საოცნებო არსება ახლა მისი ოთახის ფანჯრის წინ, ჰამაკში ნებივრობდა. ცისფერი, ჰაეროვანი კაბა ეცვა. თავზე შარავანდედად ედგა ქერა კულულები. უილიამმა ფანჯარა გააღო, წყალსადენის მილს ჩაჰყვა და მიწაზე დახტა. ქალიშვილმა წამოიყვირა:
– ღმერთო, შენ დამიფარე! უბრალოდ, სასწაულია, რომ კისერი არ მოიტეხე. უილიამ, ასე როგორ შეიძლება? ძალიან შემაშინე.
– ისეთი ლამაზი კაბა გაცვია, რომ თავი ვეღარ შევიკავე. ისე გიხდება... ახალია?
ქალიშვილი გაწითლდა.
– ჰო. მართლა მოგწონს? დღეს ხომ წვეულებაა. დეიდა მენერლიზმა მიყიდა. ჰერბერტის მოდის სახლში ვიყიდე, მეხუთე ავენიუზე. თუმცა შენთვის ამის ცოდნა აუცილებელი არ არის.
– მართალია. ჩემთვის იმის ცოდნა უფრო აუცილებელია, ვისთვის გამოიპრანჭე ასე საგანგებოდ, – მოიღუშა ბიჭი.
– უილიამ, ეს შენი საქმე არ არის. ძალიან უხერხულ კითხვებს მისვამ.
– ჰო, ვიცი. „მისი ბრწყინვალება“ რიჩარდი...
– უილიამ! – შეჰყვირა ქალიშვილმა, – რატომ მეუბნები ამას?
– კარგი, კარგი... ნუ ნერგვიულობ. რა საჭიროა, ვითვალთმაქცო, რომ ვერაფერს ვხედავ და ვერაფერს ვამჩნევ. მაგრამ, სწორედ ეგ „მისი ბრწყინვალება“ რიჩარდი გატკენს გულს.
ქალიშვილმა წყრომით შეხედა და თვალები აუცრემლდა.
– ამას რატომ ამბობ? ისედაც ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ამ წვეულებაზე დიდ იმედს ვამყარებ. რიჩარდი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
– ჟანეტ, ასეთი გულუბრყვილო ნუ იქნები. რიჩარდი ხვდება, რომ გიყვარს. იცის შენი მისადმი დამოკიდებულება. ამიტომ თავს არ შეიწუხებს. გეთამაშება, როგორც კატა თაგვს. ამასობაში კი, მისის ჰელენს აძლევს იმედებს.
– შენ ეს საიდან იცი? – იყვირა ჟანეტმა.
– ვიცი, – მშვიდად დაუქნია თავი უილიამმა, – მერე რა, რომ მასავით „მაგარი ბიჭი“ არ ვარ, სამაგიეროდ, ქალებს არ ვატყუებ. რიჩარდი თავისი ბრწყინვალების სხივებში ნებივრობს. მას თავის საკუთრებად მიაჩნიხარ. სწორედ ეს წარმოდგენა უნდა დაუმსხვრიო. ყველაზე მტკივნეულ ადგილას უნდა დაარტყა. მაშინ მიხვდები, რამედ უღირხარ თუ არა.
– რანაირად? – ჟანეტი თვალებგაფართოებული მიაჩერდა უილიამს.
– წვეულებაზე ჩვენი ნიშნობა გამოვაცხადოთ.
– რა?
– რა მოხდა, ჟანეტ, არ მენდობი? ჩვენ ხომ და-ძმასავით ვართ. რიჩარდისთვის კი ეს გამოცდა იქნება. საჯაროდ გამოვაცხადოთ, რომ ერთმანეთი გვიყვარს და დავინიშნეთ.
– ფიქრობ, ეს მასზე იმოქმედებს?
– თუ უყვარხარ... მე მზად ვარ, შენი ბედნიერებისთვის ამ რისკზე წავიდე.
ქალიშვილი ჰამაკიდან წამოხტა, უილიამის წინ გაჩერდა და თვალებში ჩააშტერდა.
– ჩემო მეგობარო, მადლობა რით გადაგიხადო?
– ჟანეტ, დამპირდი, რომ თუკი აღმოჩნდება, რიჩარდს არ უყვარხარ, მის დავიწყებას შეეცდები და ცოლად ღირსეულ მამაკაცს გაჰყვები.
უილიამის სიტყვებში ისეთი „ფოლადი“ ჟღერდა, რომ ქალიშვილი შეცბა. ყმაწვილი თითქოს შეიცვალა მის თვალებში, სიმაღლეში გაიზარდა და აღარც იმ კაცს ჰგავდა, მისის მენერლიზი ოთახში რომ კეტავდა ხოლმე.
– ჟანეტ, რას იტყვი?
– კარგი, იყოს ისე, როგორც მირჩევ.
– მაგრამ ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს, ჩვენი საიდუმლო უნდა იყოს. სხვანაირად დამაჯერებლობა ვერ ექნება, მიზანსაც ვერ მივაღწევთ.
ჟანეტმა დაუფიქრებლად დაუქნია თავი და უილიამიც იმავე გზით დაბრუნდა ოთახში, რომლითაც ჰამაკთან გაჩნდა.
წვეულება საღამოს დაიწყო. ბაღში, შადრევნის გარშემო მოწყობილი ფურშეტის მაგიდებთან რიჩარდი ყველა ქალბატონის ყურადღების ცენტრში იყო. განსაკუთრებით მისის ჰელენი იყო მისით აღფრთოვანებული. ჟანეტი დარწმუნდა, რომ რადიკალური ზომები იყო მისაღები. უილიამთან მივიდა, ხელი ჩასჭიდა და ბაღის შუაგულში გამოიყვანა. მერე თავისი წკრიალა ხმით შესძახა...
– ყველას ყურადღება ჩვენკენ! გამაოგნებელი ამბავი უნდა გითხრათ. მე და უილიამი დავინიშნეთ და მალე დავქორწინდებით.
ბაღში მყოფი სტუმრები წყვილისკენ შებრუნდნენ. მისის მენერლიზმა ტაში შემოჰკრა.
– რა კარგი ამბავია, ბავშვებო, შამპანური! ეს უნდა აღვნიშნოთ.
ჟანეტმა რიჩარდისკენ გააპარა მზერა. გაფითრებული იდგა და ტუჩებს იკვნეტდა. შემდეგ შებრუნდა და ბაღის სიღრმეში გაუჩინარდა. ჟანეტს უნდოდა, მაშინვე უკან გაჰკიდებოდა, მაგრამ მოერიდა სტუმრების, რომლებიც გარშემო ეხვეოდნენ და ულოცავდნენ. როცა მოახერხა და რიჩარდის მოსაძებნად ხელსაყრელი მომენტი იპოვა, მას ჰამაკში მიაგნო. რიჩარდმა სინანულითა და აგრესიითაც კი შეხედა.
– აქ რას აკეთებ?
– რა გინდა, ჟანეტ? საქმრო გყავს და მის გვერდით უნდა იყო.
– ვიქნები კიდეც, მაგრამ მეგონა, შენ რაღაცას მაინც მეტყოდი.
რიჩარდი შეშლილივით წამოხტა და მოულოდნელად, ქალიშვილის ნაზი კისერი მარწუხებში მოაქცია.
– გეტყოდი? გეტყოდი? უილიამი, ის ჭიაყელა, მასზე როგორ გამცვალე?
მარწუხები სულ უფრო უჭერდა ყელს და ჟანეტის სხეულიც ფართხალებდა, სანამ ბოლოს ჩვარივით არ იქცა. როცა უილიამმა მიირბინა, ჟანეტი უკვე აღარ სუნთქავდა?
– რა გააკეთე, რიჩარდ?! შენ ის მოკალი. კი მაგრამ რისთვის? მე დავითანხმე ნიშნობის გამოცხადებაზე.
– რატომ? ჩემში ეჭვიანი მხეცი რომ გაგეღვიძებინა?
– არა. მიყვარდა, ძალიან მიყვარდა და ამ ხერხს მივმართე. დარწმუნებული ვიყავი, რომ შენს ნამდვილ სახეს დაინახავდა და ზურგს შეგაქცევდა.
– მე ზურგს ვერავინ შემაქცევს. ახლა კი გყავდეს, აი, შენი საცოლე. აღარავინ შეგეცილება მასში.