როგორ განახორციელა ლავრენტი ბერიამ სახელმწიფო გადატრიალების რეპეტიცია #9
მიუხედავად იმისა, რომ პოსტსტალინურ საბჭოთა კავშირში ლავრენტი ბერია ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად მიიჩნევდა და ეგონათ, რომ „ჟანდარმერიის მარშალს“ ძალაუფლების ყველა ძაფი ხელში ეჭირა, ის მაინც დაამხეს. თუმცა, ლავრენტი ბერია მართლაც მზად იყო აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და მან ამის რეპეტიციაც კი მოაწყო. ისტორიკოსი, საბჭოთა სპეცსამსახურების ვეტერანი, პოლკოვნიკი ივანე პოლიაკოვი წერს: „ბერია შეცდა, სასტიკად შეცდა, როცა თავისი გეგმა, კოდური სახელწოდებით „სათაგური“, სისრულეში მანამდე არ მოიყვანა, სანამ თავად ის (ბერია) არ დაამხეს. „სათაგური“ რომ არსებობდა, ეს უკვე დადასტურებული ფაქტია და დოკუმენტები ამის შესახებ „კაგებეს“ ძველ არქივში ინახება, რომელიც დღეს რუსეთის „ეფესბეს“ ხელშია. გეგმა „სათაგური“ იყო სახელმწიფო მმართველობის ხელში ჩაგდების დეტალურად გაწერილი საიდუმლო დოკუმენტი და ისე დახვეწილად, სრულყოფილად მომზადებული, რომ ისტორიაში ანალოგი არ ჰყავდა, თუმცა განუხორციელებელი დარჩა. მიუხედავად ამისა, ბერიამ ამ გეგმის რეპეტიცია მაინც ჩაატარა და როდესაც დარწმუნდა მის ქმედითუნარიანობაში, როგორც ეტყობა, ამან მოადუნა მისი ყურადღება. ეს კი საბოლოო ჯამში, საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის და მისი უახლოესი გარემოცვისთვის. „სათაგურში“, საერთო ჯამში, მის საბოლოო სტადიაზე, 200 ათასი ადამიანი იყო ჩართული (იგულისხმება „ენკავედეს“ კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული სამხედრო ნაწილები, მათ შორის, ავიაციაც). ძირითადად, ეგრეთ წოდებულ „მყისეულ მოქმედებას“ კი, ბერიას ერთგული 300 ჩეკისტი ოფიცერი ახორციელებდა. გეგმის მიხედვით, როდესაც ჩეკისტები ერთდროულად მიიღებდნენ წერილობით პაროლს – „მარყუჟი“, იწყებოდა მყისეული მოქმედება. მოსკოვში საიმედოდ იკეტებოდა კრემლი, თავდაცვის კომისარიატი და „ლუბიანკა“ (უშიშროების შენობა). პოლიტბიუროს ყველა წევრს აიყვანდნენ შინაპატიმრობაში. ასევე, შინაპატიმრობაში უნდა აეყვანათ სტრატეგიული დარგის სამხედრო და ენერგეტიკული ხელმძღვანელები მოსკოვში და საკავშირო რესპუბლიკებში. თავად ლავრენტი ბერიას კი, უძლიერდებოდა დაცვა. ამის შემდეგ კრემლის სვეტებიან დარბაზში უნდა გამართულიყო კომუნისტური პარტიის რიგგარეშე ყრილობა, რომელსაც უკვე დამუშავებული პოლიტბიუროს წევრები დაესწრებოდნენ და სანამ ნებაყოფლობით მოიხსნიდნენ საკუთარ უფლებამოსილებას, პარტიის ლიდერად ბერიას აირჩევდნენ, პოლიტბიუროს წევრებად კი – ბერიას ხალხს. შემდეგ შინაპატიმრობაში მყოფ, უკვე ყოფილ პოლიტბიუროელებს, სოხუმში, მათთვის სპეციალურად განკუთვნილ აგარაკებზე გადაიყვანდნენ თვითმფრინავით და „ენკავედეს“ გაძლიერებულ დაცვას მიუჩენდნენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სათანადოდ გაშუქდებოდა მედიით და ბერიას უსისხლო რევოლუციაც განხორციელებულ ფაქტად იქცეოდა... „სათაგურის“ რეპეტიცია ლავრენტი ბერიამ 1953 წლის 11 მარტს, ანუ სტალინის დაკრძალვიდან ორი დღის შემდეგ ჩაატარა. იმ დღეს კრემლში, დილის 10 საათზე პოლიტბიუროს სხდომა იმართებოდა. სწორედ ამ დროს გაიცა ბრძანება „მარყუჟი-უ“ („უ“ სასწავლოს ნიშნავდა) და მთელი მოსკოვი, სულ რაღაც 20 წუთში გადაიკეტა. კბილებამდე შეიარაღებულმა ჩეკისტურმა ფორმირებებმა, „სათაგურის“ გეგმისამებრ, ყველა სტრატეგიული წერტილის მყისიერი ბლოკირება მოახდინეს. კრემლში კი ჩეკისტთა სპეცრაზმი განლაგდა, რომლებსაც პოლიტბიუროს წევრთა იზოლაცია და ბერიას დაცვა ევალებოდათ. მოგვიანებით, ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მთელი თავისი გაუთლელობის მიუხედავად, ნიკიტა ხრუშჩოვი ყველა ჩვენგანზე ეშმაკი აღმოჩნდა და ყველაზე ადრე მიხვდა, რომ ბერია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებდა. შემდეგ ჩვენი დამუშავება დაიწყო და ჩვენც დავთანხმდით. ახლა ვნანობ ამას და დრო რომ უკან დაბრუნდეს, „სულელ ნიკიტას“ ჩემი ხელით ჩავაბარებდი ბერიას...“
მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია პოლიტბიუროს წევრების „სათაგურში“ გამომწყვდევას აპირებდა, ის (ბერია) არ გეგმავდა მათ ლიკვიდაციას და სიცოცხლის ბოლომდე „იზოლირებულ კომფორტში“ ეყოლებოდა. 1953 წლის 22 დეკემბერს ბერიას ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესის დახურულ სხდომაზე გენერალი ბოგდან ქობულოვი ასეთ ჩვენებას იძლეოდა: „სათაგური“ თავიდან ბოლომდე ლავრენტი ბერიას მოფიქრებული და დახვეწილი გეგმა იყო. მან დაბალი რანგის „ჩეკას“ ოფიცრებიც კი პირადად შეარჩია ამ საქმისთვის და „სათაგური“ უკვე 28 თებერვალს, ანუ სტალინის სიცოცხლეშივე იყო მზად. ბერია, როგორც ის თავად უწოდებდა ამ გეგმას, ხავერდოვან გადატრიალებას აპირებდა და არავის ლიკვიდაცია არ ჰქონდა გათვალისწინებული. ის ამბობდა – პატიოსანი, ცოცხალი გვამები იზოლირებულ კომფორტში მეყოლებიანო. მართალია, თავად ბერიამაც იცოდა, რომ იძულებით მეთოდს მიმართავდა, მაგრამ ამ ყველაფერს „გაპრავება“ რიგგარეშე ყრილობით უნდოდა და „სათაგურში“ ესეც დეტალურად იყო გაწერილი...“
მოლოტოვის მსგავსად, გასული საუკუნის 50-იან წლებში, ხრუშჩოვის მიერ შერისხული, სახელოვანი მარშალი და ბერიას ერთ-ერთი დამსამარებელი გიორგი ჟუკოვიც ნანობდა ბერიას ლიკვიდაციას და მართალია, ის არ აღიარებდა ბერიას მკვლელობას, მაგრამ ხრუშჩოვთან კავშირს არ უარყოფდა. ცნობილი საბჭოთა მწერალი, კონსტანტინე სიმონოვი იხსენებდა: „1962 წლის 1 დეკემბერს გიორგი კონსტანტინოვიჩს (ჟუკოვს) თავის აგარაკზე ვესტუმრე, რომ მისთვის 66 წლისთავი მიმელოცა. სახელოვანი მარშალი მოწყენილი იყო და მითხრა:
– ასეა, კოსტია, როცა თანამდებობაზე არ ხარ, არც ტელევიზორში ჩანხარ, არც გაზეთებში გბეჭდავენ და არც ის ახსოვთ, თუ რა როლი მიგიძღვის ჩვენს დიად გამარჯვებაში.
ჟუკვოვი ხრუშჩოვზე იყო ნაწყენი და ნანობდა, რომ მას ბერიას დამხობაში დაეხმარა. მარშალმა რომ ცოტა დალია, მითხრა:
– ბერია, სულ სხვა „ფრენის ჩიტი“ იყო. ჩვენ კი ეს სულელი „კუკურუზნიკი“ (მესიმინდე) ავიყვანეთ ტახტზე. ვნანობ, ძალიან ვნანობ ამას. ხომ ხედავ, რას დაამსგავსა ქვეყანა. სტალინი, ალბათ, საფლავში ბრუნავს. ბერია კი სასიკეთო გარდაქმნებს აპირებდა. ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავდა და თანაც ისე, რომ არავის მოკვლას არ აპირებდა. მე თვითონ მაქვს წაკითხული მისი გეგმა – „სათაგური“.
ჟუკოვს, მოგვიანებითაც არაერთხელ უხსენებია ბერია დადებით კონტექსტში.“
სიმართლე უნდა ითქვას და აღინიშნოს, რომ ჟუკოვიც, მოლოტოვიც და ბერიას წინააღმდეგ შეთქმულთა უმრავლესობა, „დერჟავნიკები“, ანუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები იყვნენ და მხოლოდ ბერიას სიკვდილის შემდეგ მიხვდნენ, თუ რამხელა შეცდომა დაუშვეს, სულელ, „ანტიდერჟავნიკ“ ხრუშჩოვს რომ დაუჭირეს მხარი. ამით კი სტალინის მიერ შექმნილ მონოლითურ საბჭოეთს მნიშვნელოვნად შეურყიეს საფუძველი.
ბერიას, რაც არ უნდა ქართველი ნაციონალისტი ვუწოდოთ და სხვა ეპითეტებით შევამკოთ, სინამდვილეში, ის რუსული, საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთი ბურჯი გახლდათ, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, თავად გონებადაბნელებულმა საბჭოელმა რუსებმა მოკლეს.