როგორ არიგებდნენ დასავლელი დიპლომატები საქართველოს პატრიარქს ჭკუას, რას მოითხოვდნენ მისგან და რა უპასუხა მათ ილია მეორემ #9
ჩვენი საზოგადოების ნაწილი საქართველოს ეკლესიის საქმიანობის გამჭვირვალობას ისეთი პათოსით ითხოვს, თითქოს უცხო ქვეყნის ფილიალი იყოს. მეტიც, ეკლესიის მოწყობისა და მართვის საკითხებშიც იმგვარი პათოსით ერევა, რომ არც ისაა გამორიცხული, მალე ძველი და ახალი აღქთმის თანამედროვე დემოკრატიის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანაც მოითხოვოს. მეორე მხრივ, ცხადზე უცხადესი ფაქტია, რომ საქართველოს ეკლესია ერთადერთი ძლიერი ინსტიტუტია ქვეყანაში, რაც იმასაც ნიშნავს, რომ სრულფასოვანი სახელმწიფოს შექმნა ისევ და ისევ ვერ მოვახერხეთ. ხოლო, თუ ეკლესიის როლს გავიხსენებთ ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოს შენარჩუნებაში, უდავოა, რომ ეკლესიის ერთიანობის რღვევა ავტომატურად ნიშნავს ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის შეუქცევად რღვევას. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეკლესიას პრობლემები არც თავის წიაღში აკლია. ამასთან, არც ისაა რთულად გამოსაცნობი, რომ ეკლესიის დასუსტებით, უპირველესად, სხვა ქვეყნებიცაა დაინტერესებული: სტრატეგიული მტრებით დაწყებული და სტრატეგიული მოკავშირეებით დამთავრებული, იმიტომ რომ, სუსტი მტრის მართვაც იოლია და მოყვრისაც. ამ არცთუ სასიამოვნო თემაზე მამუკა არეშიძესთან ერთად ვიმსჯელებთ.
– რატომ გამძაფრდა შეტევა ეკლესიაზე, მხოლოდ ობიექტური საფუძველია, რომ ეკლესიის დასუსტება-დაშლა გეოპოლიტიკური რანგის ამოცანაა?
– ჯერ კიდევ ნაპოლეონმა თქვა, თუ გინდა, ქვეყანა დაიპყრო, მისი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი უნდა გაანადგუროო. მართალია, მაშინ ის არ გულისხმობდა ეკლესიას, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში იგულისხმება ეკლესია. გაგვიხსენოთ მოვლენები, რომლებიც ბოლო 25 წლის განმავლობაში უკავშირდება მართლმადიდებელ ეკლესიას და არა მხოლოდ ქართულს. გავიხსენოთ ბჟეზინსკის გამონათქვამი, ჩვენი მთავარი მეტოქეა მართლმადიდებელი ეკლესია და ის უნდა დაინგრესო, თუმცა ის გულისხმობდა სერბეთის ეკლესიას, სადაც ყველაფერი გაკეთდა ამისთვის. უფრო ადრე იმავე შედეგს მიაღწიეს საბერძნეთში, სადაც ეკლესიის ერთიანობა დიდი ხანია, დარღვეულია და რამდენიმე ნაწილადაა დაშლილი. როგორც გითხარით, თუმცა ბჟეზინსკის გამონათქვამი ეხებოდა სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ იგულისხმებოდა ყველა მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებელ ეკლესიას ვერ შეუყენეს წყალი, როგორც კათოლიკურ ეკლესიას.
– რას გულისხმობთ წყლის შეყენებაში? შერბილებას? ბერძნული ეკლესიაც საკმაოდ ლოიალურია დოგმებში.
– მაგრამ ბერძენი მღვდელმთავრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ, მათ შორის, ათონის მთაზე, იერუსალმიში, კვიპროსში, ძალიან შეკრული ჯგუფია. ამდენად, თვითონ საბერძნეთის ეკლესიის დაშლამ თავისი როლი შეასრულა საბერძნეთის სახელმწიფოს დასუსტებაში, მაგრამ ბერძნული მართლმადიდებლობის შესუსტება მაინცდამაინც ვერ მოახერხა. ბერძნული ეპარქიები მიმოფანტულია ხმელთაშუა ზღვის აუზში. ასე რომ, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევა ძალიან ლოგიკურია იმ ინტერესების გათვალისწინებით, რაც აქვს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელსა თუ დასავლელ პარტნიორს. იმისთვის, რომ ქვეყანა აკონტროლო, იქ არ უნდა იყოს არცერთი ძლიერი ინსტიტუტი. მაგალითად, დასავლეთის ინტერესია, რომ საქართველოში ძლიერი ინსტიტუტი იყოს ქართულია არმია, მაგრამ ძლიერი სულიერი ინსტიტუტი არ სჭირდება. ისევე, როგორც რუსეთს, თუმცა რუსეთის ინტერესი არც ძლიერი არმიაა. ერთი სიტყვით, თუ თქვენს კითხვას გლობალურად მივუდგებით, ისეთი დინებებია მსოფლიო პოლიტიკაში, რომლებიც მიმართულია ძლიერი ქვეყნების მიერ სუსტ ქვეყნებში ძლიერი ინსტიტუტების მოშლაზე, რომ იოლად აკონტროლონ. გავიხსენოთ, რომ ევროპაში ასეთივე ბრძოლა იყო არა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ ოჯახის პრინციპების წინააღმდეგ და ასე შემდეგ.
– თუმცა ევროპა იცავს თავისი დომინანტი ეკლესიის სტატუსს.
– ყველგან არ არის ასეთი ვითარება. სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ბევრად ძლიერია კათოლიკური ეკლესიის გავლენა, თუმცა ცენტრალურ ევროპაში ასე არ არის. გამონაკლისია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგალითად, პოლონეთი, ხორვატია, რომლებშიც ძალიან ძლიერია კათოლიკური ეკლესიის გავლენა და ამას ვერაფერი მოუხერხეს.
– ბუნებრივია, ძლიერი საფუძველი უნდა მოარყიო, რომ იოლად მართო. მაგრამ თქვენ მხოლოდ ჩრდილოური და დასავლური მიმართულებები ახსენეთ. არ იკვეთება მესამე მიმართულება – ანუ მუსლიმანური სამყაროს ინტერესი?
– პარადოქსულია, მაგრამ მუსლიმანური სამყაროსთვის თავისი საზღვრების გარეთ არსებული ქრისტიანული ეკლესიები არ არის მთავარი მტერი.
– ვფიქრობ, მათ სხვა მეთოდი აქვთ, თავიანთ რელიგიას ავრცელებენ.
– ისინი ქრისტიანულ სახელმწიფოებში მუშაობენ თავიანთ ელექტორატზე, ანუ იქ მცხოვრებ მუსლიმანებთან. ისლამის წარმომადგენლებისთვის ქრისტიანულ ეკლესიებთან ბრძოლა პრიორიტეტი არ არის. ისინი მუშაობენ, რომ რაც შეიძლება, ბევრი გადაიყვანონ თავიანთ მხარეს.
– მაგრამ ესეც ხომ მუშაობაა და ეკლესიების წინააღმდეგ ბრძოლა?
– სხვა კუთხით მუშაობენ. მაგალითად, ალბანეთში 90 პროცენტი მუსლიმანია, მაგრამ ის ათი პროცენტი ქრისტიანი ხელშეუხებელია. ამდენი ხნის განმავლობაში კოპტებიც ხელშეუხებლები იყვნენ ეგვიპტეში. მაგალითად, ირანში ძალიან ძლიერი სომხური ეკლესიაა 100 000-ანი მრევლით და მათ მაინცდამაინც არავინ ავიწროებს. ასე რომ, მუსლიმანური სამყაროსთვის არ არის ეკლესიებთან ბრძოლა პრიორიტეტული. პარადოქსულია, მაგრამ ქრისტიანული სამყაროსთვისაა ბრძოლის ველი სხვა ქრისტიანული ეკლესია: კათოლიკურისთვის – მართლმადიდებლური, მართლდამადიდებელისთვის – კათოლიკე და ასე შემდეგ.
– თუმცა არც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა უცხო ხილი, მაგალითად, რუსული ეკლესიისა ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. ესეც პარადოქსია.
– მაგალითად, რუსეთის ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელია უკრაინის ეკლესიის ავტონომიურობა. ასევე, იბრძვის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. ცდილობს, დაიმორჩილოს რუმინული, ბულგარული და სერბული მართლმადიდებელი ეკლესიები.
– როგორი პირი უჩანს, მთელი არსენალი აამოქმედეს ქართული ეკლესიის წინააღმდეგ? ქართულ ეკლესიას ისეთი მძიმე პერიოდები გაუვლია, რომ, ვფიქრობ, ძალიან გამძლეა. იმას გარდა, რომ სულიერი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ ადამიანების ნებაზე არ არის.
– ქართულ ეკლესიას აქვს თვისება, რომელიც საუკუნეებითაა გამოცდილი: თუ გარედანაა ძლიერი შეტევა, შიდა კონსოლიდაციაა ძალიან ძლიერი; თუ ეკლესიის წიაღშია ბრძოლა, აი, მაშინ უკვე სახიფათო ვითარებაა. ამის კარგი დასტურია რუის-ურბნისი. თუმცა ის არ ყოფილა ერთადერთი, სხვა, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბის მსგავსი კატაკლიზმებიც ყოფილა. საუკუნეებს გაუძლო ქართული ეკლესიის ერთიანობამ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ პერიოდში ორი კათალიკოსიც ჰყავდა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. მაგრამ, საბოლოოდ, ჩამოყალიბდა ერთიან ძალად, რომელმაც თავი მოიყარა საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ საუკუნეებში ქართული ეკლესიები სხვა ქვეყნებშიც იყო და ყველანი ემორჩილებოდნენ ქართველ სასულიერო იერარქებს. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ამ მცირე ტერიტრიაზეა თავმოყრილი. დღეს კომპლექსური ბრძოლაა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ისე დაემთხვა, რომ ჩვენი პატრიარქი ასაკოვანია და მისი ფიზიკური მდგომარეობა განაპირობებს გარკვეული კონტროლის მოდუნებას. გარდა ამისა, ილია მეორე ბევრისთვის პერსონალური მტერია.
– რას და ვის გულისხმობთ?
– იმას ვგულისხმობ, რომ ილია მეორეს წლების განმავლობაში ვერაფერი მოუხერხა ვერც შიდა მტერმა, ვერც გარე მტერმა და ვერც პოლიტიკურმა ელიტამ. რასაკვირველია, ადამიანებს აღიზიანებს ეს. მე მინახავს, როგორ იძაბება რუსეთის პატრიარქი კირილი ჩვენს პატრიარქთან ურთიერთობისას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, იცნობენ ერთმანეთს. მე მინახავს პუტინის დამოკიდებულება პატრიარქისადმი. მე მინახავს სხვა საეკლესიო იერარქების დამოკიდებულება, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქ ბათრლომესი. მე მინახავს, როგორი დამოკიდებულება აქვს ილია მეორისადმი სამხრეთ კავკასიის შიიტების ლიდერს; ერაყელი შიიტების ლიდერს და ასე შემდეგ. მე შევესწარი ცნობილ ეპიზოდს საპატრიარქოში: 2007 წლის მოვლენების დროს, როდესაც ძალიან დამძიმდა მდგომარეობა და ყველა მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სთხოვდა პატრიარქს ჩარევას, უცხოეთის ელჩებმა ერთობლივად გადაწყვიტეს მასთან შეხვედრა იმავე მოთხოვნით. და ეს არ იყო თხოვნა, ეს იყო მოთხოვნა.
– მოიხოვდნენ, რომ პატრიარქი პოლიტიკურ პროცესში ჩარეულიყო?
– ყველას თავისი მიზანი ჰქონდა: ოპოზიციასაც, ხელისუფლებსაც და დიპკორპუსსაც.
– დიპკორპუსის ამბავი გამიკვირდა, თორემ ჩვენი პოლიტიკური კლასის მიზანი გასაგებია.
– ამ შეხვედრას ვესწრებოდით, თუ არ ვცდები, მე, ჯონი ხეცურიანი და სოსო ცისკარიშვილი. ძალიან ნიშანდობლივი შეხვედრა იყო და არასდროს დამავიწყდება. ოვალურად ისხდნენ დიპლომატები. კონკრეტულ ქვეყანაში დიპლომატიურ კორპუსს ჰყავს სპიკერი, ამ შემთხვევაში შეხვედრა გახსნა ჯოვანი პაზოტომ. პირველი გამოვიდა პოლონეთის ელჩი, ქალი, ათასი სისულელე ილაპარაკა. ის, რაც დავალებული ჰქონდა. კატეგორიული ტონით მოითხოვდა პატრიარქისგან, აქტიურად ჩარეულიყო ამ სიტუაციაში და გასულიყო ხალხში. ჭკუას არიგებდა. როგორც ჩანს, წინასწარ იყო ტექსტები შეთანხმებული და პირველად სიტყვა ათქმევინეს მას, ვინც ინტელექტუალურად ყველაზე დაბალი დონის იყო. მას მიჰყვნენ სხვა ელჩები. ტონალობა თანდათან იცვლებოდა: ჭკუის დარიგებას აგრძელებდნენ, მაგრამ ყოველი მომდევნო გამომსვლელი უფრო რბილად ამბობდა სათქმელს, იმიტომ რომ, პატრიარქი ხმას არ იღებდა. ბოლოსკენ შედარებით გონიერი ელჩები გამოვიდნენ და საბოლოო წერტილი დასვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რომელსაც ჭკუა არ დაურიგებია. ზოგადად შეაფასა ვითარება და ეკლესიის როლს გაუსვა ხაზი. ერთი სიტყვით, იყო ჭკუის დარიგებაც და პირფერობაც. საათზე მეტ ხანს ილაპარაკეს ელჩებმა, მხოლოდ 7-8 ელჩი გამოვიდა, დანარჩენები ისხდნენ. ამ ხნის განმავლობაში პატრიარქს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. გამოსვლები დასრულდა, პატრიარქი კი ისევ დუმდა. მახსოვს, მიკროფონს მოჰკიდა ხელი და თქვა უნიკალური ფრაზა: მე ვარ ილია მეორე, ილია პირველი საქართველოს პატრიარქი იყო 1 500 წლის წინათ, მეხუთე საუკუნეში და დაამთავრა. ამით მათ უთხრა, თქვენ რა ჭკუა უნდა მასწავლოთ, ამდენი ხნის ისტორია და გამოცდილება აქვს საქართველოს ეკლესიასო. დიპლომატები პატარა ბავშვებივით გაიძურწნენ. პატრიარქმა ჩვენ გადმოგვხედა და გაგვიღიმა. ასეთი შეხვედრის შემდეგ სიმპათია რომ არ გაეზრდებოდათ პატრიარქის მიმართ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული მიზნები აქვთ, ხომ ფაქტია?! იგივე ხდება სხვა შემთხვევებშიც. ერთი პარადოქსული რამ უნდა გითხრათ, ნეტავ, ამაზე მეტი უბედურება არ მოხდეს, რაც მოხდა, ციანიდის საქმეს ვგულისხმობ, მაგრამ შეიძლება, უკეთესიც იყოს.
– მეც ასე მგონია.
– იმიტომ რომ, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. გამოჩნდეს სინოდის იმ წევრების სახე, რომლებიც გაიყიდნენ, ზოგი მამონას ემსახურება და ზოგიც – საქართველოს მტრებს. არ მოვერიდები იმის თქმას, რომ პატრიარქის მთავარი გადაცდომაა, არ უნდა ვაკადრო პატრიარქს, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მღვდელმთავრად არ უნდა ეკურთხებინათ. არ შეიძლება, იმ ადამიანს, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი და იცი, რომ არ გამოსწორდება, შეუნდო და ასეთი მაღალი რანგი მიანიჭო. პატრიარქმა ქართული ეკლესიისთვის უზარმაზარი საქმე გააკეთა. დღესაც ვერ მოუნელებიათ რუსებს, რომ სტალინის ზეობის პერიოდში ქართულ ეკლესიას პრივილეგია მიენიჭა.
– ავტოკეფალიაც მაშინ აღგვიდგინეს, თუმცა სტალინს ეს იმისთვის დასჭირდა, რომ რუსეთის პატრიარქი ეკურთხებინა ვინმეს, როგორც მახსოვს.
– ამის შემდეგ ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით განმტკიცდა ეს ავტოკეფალია, რაც არ მოეწონათ არც რუსებს და არც ბერძნებს. ძალიან არაკორექტულად ვლაპარაკობ, მაგრამ ასეა. ეს არის ერთი კაცის დამსახურება, განსაკუთრებით გასული საუკუნის 90-იანების დასაწყის პერიოდში. ამდენად, ძალიან რთულია ამის გადაყლაპვა. თან, ხედავენ, რომ ეს არის ინსტიტუტი, რომლის დარღვევაც ძალიან რთულია. ახლა მიაღწიეს რაღაც მცირე შედეგს, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა ვიცოდეთ, რომ საკმარისია, ეკლესიამ დაიწყოს რღევა, რომ ქართული სახელმწიფოს რღვევა გარდაუვალია. ამიტომ ჩვენ სინოდსა და მღვდელმთავრებს კი არ უნდა გავუფრთხილდეთ, არამედ ქართული ეკლესიის იდეას და ისეთ განსაკუთრებულ ადამიანს, როგორიცაა პატრიარქი. ხვალ თუ ის არ იქნება, ისეთი ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელიც შეინარჩუნებს და გააგრძელებს ამ გზას, ვინც არ იქნება კონიუნქტურული თამაშის ნაწილი.