„თქვა რუქამ არაკი…“ #9
ისე მოხდა, რომ, ვისაც არ ეზარება, ქვაც მოიმარჯვა და ტალახიც ეკლესიის მისამართით სასროლად, თუმცა რაღა მოიმარჯვა, ისვრის და ეგაა.
რაც მთავარია, ამ პროცესს არც ათეისტთა აქტივობა აკლია და არც თვით სასულიერო პირთა ნაწილის, რომლებიც ისეთი უხვსიტყვიანები არიან მიკროფონ-კამერებთან, ცოტა აკლიათ, დოგმებიც არ დაიწუნონ დოგმობისა გამო.
ერთი სიტყვით, მონასტერი აირია, მაგრამ, რაკი, სადაც ადამიანი ურევია, იქ პერიოდულად ყველაფერი ირევა, პროცესი მაინც ბუნებრივია.
მეორე მხრივ, ან იმიტომ, რომ ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო, ან, სულაც, იმ მიზეზით, რომ მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველი ბევრია ან იქნებ, ქურდს რა უნდა და, ბნელი ღამეო, ამ ორომტრიალში პოლიტიკოსებიც ჩაერთვნენ (აქედანაც და იქიდანაც, არადა – დუმილი ხომ ოქროა?!).
მაგალითად, აწ უკვე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ (მომყავს ციტატა): „სწორედ ხელისუფლების მოქმედებებმა გამოიწვია ყველა ის პროცესი, რაც დღეს საპატრიარქოში მიმდინარეობს.“
ხოლო, რაკი, მისი აზრით, რაც საპატრიარქოში ხდება, ხელისუფლების ბრალია, პასუხიც უნდა აგოს. ოღონდ ერთი ისაა, რომ არ აკონკრეტებს, რომელი მეთოდით: სასულიეროთი თუ მაინც საეროთი?!
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამგვარი მოწოდებები (საპატრიარქოში მშვიდობა დამყარდესო) სრულდება მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნით, პოლიტიკური მოტივი აშკარაა (პათოსით: შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია).
მეორე მხრივ, თუ „ევროპული საქართველოს“ ლოგიკას გავყვებით, არც ისაა გამორიცხული, რომ ხელისუფლების კვალს ქრისტეს გაცემის ისტორიაშიც კი მივაკვლიოთ… –