დემოკრატიის ლაქები #9
სა-უცხო-ო უცხო?!
საყოველთაოდ ცნობილია, რომ რომის პაპზე მეტად კათოლიკენიც ვართ და დემოკრატიის აკვანზე უფრო მეტ დემოკრატობასაც ვიჩემებთ, იმას გარდა, რომ ყველგან და ყოველთვის უცხო-ა სწორედ სა-უცხო-ო.
და, სავარაუდოდ, რაკი ეს ხასიათის თვისებაა, როგორც ჩანს, ვერც ვერაფერს მოვუხერხებთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
მაგრამ, რადგან არაფერია ახალი მზისქვეშეთში, საფრანგეთის პოლიციამ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი გამოყენების საქმეზე, საპრეზიდენტო კანდიდატის, თვით მარინ ლე პენის, საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი და დაცვის წევრი დააკავა.
დაკავებამდე კი კატრინ გრიზე და ტიერი ლეჟიე სასამართლო პოლიციას დაუკითხავს, იმ ბრალეულობის გამო, რომ ხელფასი არარსებულ სამუშაოში მიიღეს (პირველმა – 298 ათასი ევრო, მეორემ – 21 500.)
მიუხედავად იმისა, რომ ქ-ნი ლე პენი ამ საქმეს თავის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებად აფასებს, თაღლითობასთან ბრძოლის ევროპულმა ბიურომ დაადგინა, რომ ორივე დაკავებული ფიქტიურად იყო დაქირავებული ევროპარლამენტარ ლე პენის მიერ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ფიქტიური დასაქმება არც ჩვენთვისაა უცხო ხილი, რის გამოც ხშირად ვარისხებთ ხოლმე განგაშის ზარებს (ასეთებს, აბა, როგორ მიგვიღებენ ევროპულ ოჯახშიო), ნიუანსია, მაგრამ მაინც სასიამოვნო, რომ თვით დეკმოკრატიულ მზეებსაც აქვთ ხოლმე ლაქები. –