როგორ მიიღო ვაჟა მანიას ვიდეომ ხმების უმრავლესობა ამერიკის ცნობილ ჯაზ-ფესტივალზე, სადაც 2 მილიონამდე ვიდეოა ატვირთული და როგორ გადაიყვანა „გრემის“ მფლობელი მუსიკოსებით შემდგარმა ჟიურიმ ის ფინალში #8
უკვე რამდენიმე წელია, რაც მომღერალი ვაჟა მანია ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ვაჟა მანიას კვარტეტი, შემადგენლობით: პიანისტი პაპუნა შარიქაძე, რომელიც ასევე „ბერკლის“ მოსწავლეა, გიორგი კაპანაძე და გიორგი კიკნაძე, ნიუ-იორკის ჯაზ-კონკურსის ფინალში გადავიდა. ისინი, ჯაზის მსოფლიო ვარსკლავებთან ერთად, მაისში, Tribeca Performing Arts Center-ში გამართულ გალა კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.
ვაჟა მანია: ეს სემესტრი და ზოგადად, ეს წელი, შემართებითა და კარგად დაიწყო. ზაფხულში მოვამზადეთ ეს სიმღერა, გავაგზავნეთ, პასუხს ველოდებოდით და მიხარია, რომ ჩვენმა მოლოდინმა გაამართლა. ეს ჩემს კარიერაში ახალი ეტაპია და ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თან „ბერკლის” ვამთავრებ.
– როგორ შეიქმნა „ვაჟა მანიას კვარტეტი“?
– მე და პაპუნა შარიქაძე იმ დროს ბოსტონში ვიყავით. საქართველოში ამ კონკურსის წარმომადგენლებს ჰქონდათ სურვილი, რომ აქედან ვინმეს მიიეღო მონაწილეობა. მე მანამდეც ვიცოდი ამ კონკურსის შესახებ, მაგრამ დატვირთული რეჟიმისა და ხასიათიდან გამომდინარე, ვერ გადავწყვიტე მონაწილეობა. როცა ბევრი საქმე მაქვს, ყველაფერს ერთად თავს ვერ ვუყრი. ამ დროს ვიღაცამ უნდა მკრას ხელი. ამიტომ კარგია, რომ მათაც ბიძგი მომცეს. ეს არის ონლაინ-კონკურსი და სიმღერა რომ უნდა ჩაგვეწერა, სწორედ იმ დროს მე და პაპუნა საქართველოში ვიმყოფებოდით. ქართველ მუსიკოსებთან ერთად შევკარი ქართული ბენდი. ფორტეპიანოზე – პაპუნა შარიქაძე, კონტრაბასი – გიორგი კიკნაძე, დრამზე – გიორგი კაპანაძე და თქვენი მონა-მორჩილი, ვოკალისტი ვაჟა მანია. მოკლედ, მაისში ჩავწერეთ სიმღერა და გავგზავნეთ კონკურსზე. მსოფლიოს 55 ქვეყნიდან ძალიან ბევრი მონაწილეობს. 3 წელია, ეს კონკურსი არსებობს და როგორც ვიცი, 30 ათასზე მეტი დარეგისტრირებული კონკურსანტი იყო, 2 მილიონზე მეტი ატვირთული ვიდეო. ძალიან მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი კონკურსია, თან ჟიურის წევრები „გრემის“ მფლობელი მუსიკოსები არიან. ისინი გაფასებენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაც ეტაპების გავლის მერე, ტვირთავ შენს ვიდეოს, მსმენელი კი გაძლევს ხმას.
– თქვენმა ვიდეომ ძალიან ბევრი ხმა დააგროვა და საბოლოოდ, კონკურსის ფინალშიც გადახვედით.
– ინფორმაცია, ჩვენ მივიღებდით თუ არა გალა კონცერტზე მონაწილეობას, არსად იდო, ონლაინ-კონკურსია. MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION – ასე ჰქვია. ხმის მიცემა ყველას შეეძლო და ჩვენ დავაგროვეთ ძალიან ბევრი ხმა. არც კი იცი, ვინ გაძლევს ხმას, რადგან მთელი მსოფლიოდან შედიან მსმენელები. ბევრმა მოისმინა და მოეწონათ. იყო მხოლოდ სამი გამარჯვებული. ჟიურიმაც აირჩია ეს სამი გამარჯვებული და გარდა ამისა, ჩვენ და კიდევ ერთი ჯგუფი დაგვამატა, როგორც ფინალისტები. მიგვიწვიეს, გამარჯვებულებთან ერთად, გალა კონცერტზე მონაწილეობის მისაღებად. რაც მთავარია, ჟიურის წევრები არიან ცნობილი მუსიკოსები: ლენი ვაითი, რენდი ბრეკერი, მაიკ სტერნი. ლეგენდა ხალხია და მათთან ერთად სცენაზე დგომა დაუჯერებელი რამ არის. ჩემთვის თავიდანვე მთავარი იყო, ამ მუსიკოსებთან ერთად ნიუ-იორკში, კონცერტზე მოვხვედრილიყავი და ჩემი სათქმელი მეთქვა. ოფიციალური წერილი გამოგვიგზავნეს: „შენს კვარტეტს ვიწვევთ გალა კონცერტზე“. პირადადაც მომწერეს წერილი: მიხარია, რომ გალა კონცერტში იღებთ მონაწილეობას, ფინალში გახვედით, ველოდებით ჩვენს შეხვედრასა და თანამშრომლობასო. კონცერტი 20 მაისს გაიმართება და როგორც ვიცი, ის სიმღერა უნდა შევასრულო, რომელიც ატვირთული გვქონდა. შეიძლება, დამატებით, კიდევ ერთი სიმღერაც შევასრულოთ. მთავარია, რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს.
– კვარტეტი მიდის?
– ესეც არ ვიცი. მე და პაპუნა მივდივართ, თუმცა კვარტეტია მიწვეული. მე და პაპუნა ამერიკაში ვცხოვრობთ და დანარჩენი წევრები – საქართველოში. შეძლებენ თუ არა ისინი ჩამოსვლას, ეს უკვე არ ვიცი.
– ეს შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა.
– იმედგაცრუება ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ კიდევ ერთი იმედგაცრუება აღარ მინდოდა. რომ არ გავსულიყავით, ეს, რა თქმა უნდა, არ გამტეხავდა, არ შევეშვებოდი ჩემს საქმეს, მაგრამ არ იქნებოდა სასიამოვნო. ახლა ის ეტაპი მაქვს, კარიერაში რომ იმედგაცრუების, კიდევ ერთი ჩავარდნის დრო ნამდვილად არ იყო. რასაც ხელს მოვკიდებ, მზად უნდა ვიყო ამისთვის და შედეგიც უნდა მივიღო. სურვილს შრომას არასდროს ვაკლებ და იმედგაცრუებაც ჩემზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული – მე ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი. მთავარია, წრე შეიკრა და მათი მხრიდან, ბიძგი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, არც მიმეღო მონაწილეობა. ხელი რომ მკრეს, მერე უფრო გამოვიდა ყველაფერი. მადლობის თქმა სიტყვით არ მიყვარს, მირჩევნია, საქმით, შედეგით გადავიხადო ეს მადლობა. თეა გრიგოლაშვილი ამ კონკურსის წარმომადგენელია საქართველოში. მას ჰქონდა სურვილი, რომ ვინმეს მიეღო მასში მონაწილეობა. გვანცა ზაქარეიშვილს უთხრა და მან მე დამასახელა. ასე შეიკრა წრე. მათ დიდი მადლობა, ასევე „ბრავოს“, რომლის დახმარებითაც გადავიღეთ ვიდეო. დიდი მადლობა ამ ვიდეოს შემქმნელს, გიორგი ხატიაშვილს. ყველამ გულით იმუშავა და გვერდში დაგვიდგა.
– როგორი გამოხმაურება ჰქონდა ამ ფაქტს „ბერკლიში“?
– პედაგოგებმაც გაიგეს, ბავშვებმაც. ძალიან გაუხარდათ. როდესაც კარიერაში წინ მიდიხარ, ეს ყველას სიამოვნებს. უხარიათ, რადგან ყველა ამისთვის შრომობს. აქ ყოველი დღე ისეთი საინტერესოა, თან, საკუთარ თავშიც პროგრესს ვხედავ. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მაქვს. კონცერტებსაც ვგეგმავ ამ სემესტრში. რაც მთავარია, აქ სწავლა ძალიან საინტერესოა, მოსაბეზრებელი არ არის. როცა ახალი სემესტრი იწყება, „ლომკასავით“ ეხსნება ხოლმე: რადგან ის ინფორმაცია, რომელსაც აქ მუდმივად იღებ, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. ერთი სემესტრის შემდეგ „რესტარტს“ უკეთებ ყველაფერს და თავიდან, ისევ საინტერესოდ იწყებ – სულ სიახლეა, რაღაცის ძიებაში და მოტივირებული ხარ. ამ გალა კონცერტში მონაწილეობის შესახებ რომ გავიგე, მაშინვე საკუთარ თავს ახალი მოთხოვნები დავუყენე: კარგია, ვაჟა, მონაწილეობას რომ იღებ, მაგრამ, მერე რა? ჩემი მთავარი მიზანია, მე და პაპუნა ამ კონცერტში ისე გამოვიდეთ, რომ ჩვენი გამოსვლა სხვა თანამშრომლობაში გადაიზარდოს. მხოლოდ კონცერტში მივიღეთ მონაწილეობა და დამთავრდა – ეს არ არის საკმარისი. ეს კონცერტი სხვადასხვა ქვეყანაშიც ტარდება და ვისურვებდი, მათთან ერთად, სხვაგანაც გამოვიდე. ამერიკა ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს იცი, რა მოხდება. შეიძლება, ისეთი რამ მოხდეს, რასაც ვერც წარმოიდგენდი. „ბერკლიში“ ცნობილი, წარმატებული მუსიკოსები ჩამოდიან, რომელთა მასტერ-კლასებსაც დავსწრებივარ, უშუალოდ მქონია შეხება. მაგრამ, ნიუ-იორკში ასეთ დარბაზში, ასეთი მუსიკოსების გვერდით, ოფიციალურად რომ გიწევს სიმღერა, ეს უკვე სხვა რამეა. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ – არა, ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და იმას, რა პოტენციალიც მაქვს, თუ დაინახავენ და აღიარებენ, ეს იქნება ჩემთვის ძალიან კარგი. ამიტომაც, ამ ყველაფერს ჯერ ვერ განვიცდი, მოლოდინში ვარ. მგონია, უფრო დიდი რაღაც წინ არის. ჩემთვის ეს არ არის წარმატება. ჩემთვის ის იქნება წარმატება, ისინი რას იტყვიან.
– შენი და პაპუნას ტანდემიც შედგა.
– ჩვენი მეგობრობაც შედგა. ჩვენ ამერიკაში გავიცანით ერთმანეთი, დავახლოვდით. გადაება ჩვენი მუსიკალური ძაფები. თუ ადამიანთან გულით არ ხარ, მუსიკალურადაც რთული იქნება. ნელ-ნელა იკვრება ჩვენი ურთიერთობა, რომ მომავალში, ჩვენი თანამშრომლობა აქტიურად განვაგრძოთ.
– „გრემზეც“ ხომ არ ფიქრობთ?
– კი, ვფიქრობთ. მე და პაპუნა ალბომს რომ ჩავწერთ და მერე გამოაცხადებენ, „საუკეთესო ალბომიაო“, აი, მაშინ ვნახოთ. ეს ცოტა იუმორია, მაგრამ იუმორშიც არის სიმართლის მარცვალი. ჩვენ შრომა არ გვეზარება. მე ვოცნებობ რაღაცეებზე, მაგრამ მათ რეალისტურად ვუდგები. შეუძლებელი არაფერია, თუმცა ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო.