ვინ აიძულა გიგი გაჩეჩილაძე ცოლის მშობიარობას დასწრებოდა და ვინ გაუხსნა მას ვარსკვლავი საკუთარ დაბადების დღეზე #8
გიგი გაჩეჩილაძისა და ანანო ჯოხაძის წყვილი დიდი ხანია, შედგა და ერთმანეთთან ბევრი ბედნიერი დღე აკავშირებთ. რამდენიმე თვის წინ, მათმა ქორწილმა მთელი თბილისი აალაპარაკა. სულ ახლახან კი, პირველი შვილის დაბადებამ მათი ცხოვრება მთლიანად ამოატრიალა. წყვილმა მცირეხნიანი ტაიმაუტის გამოცხადება გადაწყვიტა. პატარას გაზრდაში ერთმანეთს ეხმარებიან და სულ მალე კვლავ დაუბრუნდებიან აქტიური ცხოვრების რიტმს.
გიგი: დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ცხოვრებაში თითქოს ყველაფერი გამოილია, ახალი აღარაფერი იყო და უეცრად შვილმა სხვაგვარად დამანახვა სამყარო – ახალი ეტაპი დაიწყო. სასწაულია მამობა, ყველაფერი შეცვალა ცხოვრებაში. კიდევ გააზრების პროცესში ვარ. ჯერ მეც და ანანოც უძილოდ ვართ (იცინის).
ანანო: ჯერ ბოლომდე ვერ ვიაზრებ ამ ბედნიერებას. იმდენად პატარაა, ვერ ვიჭერ, მეშინია. დედაჩემს ვეუბნები, 2-3 თვიდან დავიწყებ მოვლას-მეთქი (იცინის).
– სახელი რომელმა შეურჩიეთ?
– თავიდან გვეგონა, რომ გოგო დაიბადებოდა და ბიჭის სახელზე არც ვფიქრობდით. გოგოს სახელის შერჩევაში გიგის და დაგვეხმარა. როცა გავიგეთ, რომ ბიჭი იყო, დღე და ღამე ვისხედით მე და გიგი, ინტერნეტში ვეძებდით სახელებს. 5 თვის ვიყავი, დედაჩემმა მითხრა, მაქსიმე თუ მოგწონსო. თავიდან თითქოს არ მინდოდა, ვფიქრობდი, სახელს შეუმოკლებენ-მეთქი, რაც ძალიან არ მიყვარს და გიგისაც ვეკამათებოდი. საბოლოოდ, მაინც მაქსიმე დავარქვით.
გიგი: ერთადერთი, მე ვაპირებდი მოწმობაში მაქსიმუს-ავრელიუს გაჩეჩილაძის დაწერას, მაგრამ სიკვდილი არ მინდოდა და გადავიფიქრე (იცინის). აი, გოგო როცა გაჩნდება, თავისი სახელით პირველი იქნება გაჩეჩილაძეებში. ჩემმა დამ მოუფიქრა სახელი. მაქსიმეს ჯერ მხოლოდ ინტერნეტით იცნობს, საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.
– როგორც ვიცი, გიგი ბავშვის დაბადებას დაესწრო. ანანო, შენ სთხოვე თუ თავად ჰქონდა სურვილი?
ანანო: გიგის ვუთხარი, მშობიარობას თუ არ დაესწრები, სამშობიაროში არ ავალ და ისე გავაჩენ ბავშვს-მეთქი. სამშობიარო ოთახში ადგილებს ვზომავდი – გიგის გული რომ შეწუხებოდა. გიგი ხუმრობით ითხოვდა, ნიშადური მომიტანეთო.
გიგი: მკითხეთ, როგორ ვიყავი. რომ გეუბნება, მიშველე, ცუდად ვარო და ვერაფერს შველი, დეგენერატივით დგახარ. ანანოს რომ ულტიმატუმი არ წამოეყენებინა, არა მგონია, მშობიარობას დავსწრებოდი. თან, იქ მითხრეს, ჭიპლარი გადაჭერიო და გადავირიე, თავი დამანებეთ-მეთქი. ექიმებში ძალიან გაგვიმართლა, საუკეთესოები იყვნენ. ერთადერთი, დაჟინებით მთხოვდნენ, გვიცეკვეო.
ანანო: ასე, ცეკვა-ცეკვით ვიმშობიარე (იცინის).
– ანანო, სტუდენტობა და ორსულობა ერთმანეთთან როგორ შეათავსე, მით უმეტეს, რომ გიგის მუდმივად დატვირთული გრაფიკი აქვს. ალბათ, 9 თვის განმავლობაში ბევრი სირთულის გადალახვა მოგიხდა...
გიგი: ანანოს გამოცდიდან წავედით სამშობიაროში.
ანანო: იურიდიულზე ვსწავლობ. არ გამიცდენია უნივერსიტეტი და ვხუმრობდი, ბავშვი ეგრევე მოსამართლე გამოვა ან კიდევ, აქეთ დამიწყებს სწავლებას-მეთქი. არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება. ვმალავდი ორსულობას, დიდი შარფი მეკეთა ხოლმე. გამოცდის დღეს, დილით დამეწყო ტკივილები. ყურადღება არ გამიმახვილებია, გიგისთვის არც მითქვამს. ჩავიცვი, დავჯექი საჭესთან და წავედი. ჩემს თავს ვამხნევებდი, ახლა გამოცდის წერას დავიწყებ და თუ რამეა, შუა გამოცდიდან წავალ-მეთქი. როცა ტკივილები გამიხშირდა, დეკანთან ჩავედი და დავუწყე ახსნა: მე შეიძლება, ახლა მშობიარობა დამეწყოს და გამიშვით-მეთქი. გამომიშვეს. გიგიმ შინ რომ დამინახა, მკითხა: გამოცდა როგორ დაწერეო. რა გამოცდა, მშობიარობა დამეწყო-მეთქი. ეგრევე წამოხტა. გიგის გრაფიკთან პრობლემა არასდროს მქონია. ვიცი, საქმე რომ აქვს და ამას ოჯახისთვის აკეთებს.
გიგი: ძალიან ცუდია, როცა სახლში ცოლ-შვილი გელოდება და უეცრად, უცხოეთში გიწევს წასვლა. თებერვალში რა მოწვევებიც მაქვს, თითქმის ყველაფერი გადავდე. ცოტა წამოიზრდება ბავშვი და რიტმში ჩავჯდებით.
– მამაკაცების უმრავლესობა ხშირად ჩივის, ქალი ორსულობის დროს ძალიან იცვლებაო. გიგი, შენც მათ რიცხვში ხომ არ აღმოჩნდი?
– ბათუმში, კონკურსზე მოგვიწია ჩასვლა. სუში-ბარში შევედით. შევუკვეთეთ ბევრი სუში, მაგრამ არ ჭამა, ბურგერი მინდაო. შევუკვეთე და არ ჭამა. შემდეგ თქვა, სუპი მინდაო და ისიც არ ჭამა. ვერაფერი გავიგე (იცინის).
ანანო: ხასიათში მქონდა ცვლილება. იმდენად ცუდი ხასიათი გამიხდა, ბოლოს გიგიმ მითხრა: ღმერთს ვევედრები, ძველი ანანო დამიბრუნდესო.
– ბავშვის მოვლაში ვინ გეხმარებათ?
– ბებიაჩემი მიზრდის შვილს, ფაქტობრივად. სპეციალურად ჩამოვიყვანეთ რაჭიდან. 2-3 თვის შემდეგ, მე თვითონ მოვუვლი.
– ამბობენ, თანაცხოვრებისას ურთიერთობები იცვლება და შეყვარებულობის პერიოდის ჰარმონია ირღვევაო. თქვენთან როგორაა საქმე? გამიგია, ბავშვის დაბადება დიდი ხნით ჩრდილავს რომანტიკულ განწყობასო...
გიგი: ჩემსა და ანანოს ურთიერთობაში დაქორწინებამ ბევრი რამ შეცვალა. უფრო დავახლოვდით, მეტად ვზრუნავთ ერთმანეთზე. სხვათა შორის, ანანო მშვენიერი კულინარია. რაღაცეების კეთებას ჯერ კიდევ სწავლობს. რაღაც რეცეპტეპს მეც ვაქვეყნებ „ფეისბუქზე“, რომ ნახოს (იცინის). ბევრჯერ მითქვამს ანანოსთვის, რამე გამიკეთე-მეთქი, მაგრამ სახეზე თუ შევატყვე, რომ არ უნდა, მე თვითონ გავაკეთებ – ეგ რა პრობლემაა. ჩვენ უფრო იმას „ვაწვებით“, რომ მეგობრები უნდა ვიყოთ და არა ერთმანეთით დამონებულები. რომანტიკული სიგიჟეები ბავშვის დაბადებამდე გვქონდა. ახლა დრო აღარ გვაქვს, მაგრამ კვლავ გავაგრძელებთ. ანანომ დაბადების დღეზე ვარსკვლავი გამიხსნა (იცინის). ვარსკვლავი მაჩუქა, სადაც ეწერა: „საუკეთესო შეყვარებულს, გიორგი გაჩეჩილაძეს“. საოცრად იყო შეფუთული, ძალიან მომეწონა და გამიხარდა. არაერთფეროვანი ცხოვრება გვაქვს. ახალმა წელმაც მოგვიწყო სიურპრიზი. 18 თუ 20 თეთრი გვქონია შუქის დავალიანება. დილით რომ სახლიდან გავედით, შუქი იყო და როცა დავბრუნდით, აღარ დაგვხვდა. ახალი წლის გატარება უშუქობაში მოგვიწია, ჩაგვიჭრეს.
ანანო: შუქი რომ არ ჩაეჭრათ, ბანალურად შევხვდებოდით ახალ წელს (იცინის). ტელეფონიც დამჯდარი იყო, კომპიუტერიც ვეღარ ჩავრთეთ, დავსხედით და ვილაპარაკეთ. ერთი სიტყვით, რომანტიკულად შევხვდით ახალ წელს. ოჯახს რომ ქმნიან, თავად უწესებენ საკუთარ თავს ბარიერებს და ჩვენთან ასე არ არის. მიყვარს რომანტიკა. ერთი წელი ვემზადები გიგის დაბადების დღისთვის, განსხვავებულად რომ მივულოცო. მშობლებიც გვიწყობენ ხელს. შემიძლია ვთქვა, რომ დედამთილი და მამამთილი არ მყავს. ისინი იმდენად სხვანაირები არიან, რომ უფრო ვმეგობრობთ ერთმანეთთან.
გიგი: სიდედრსა და სიმამრში ძალიან გამიმართლა.
– ერთ-ერთ თქვენს ინტერვიუში, ანანომ აღნიშნა: გიგი ყველაფერში მეხმარება, ერთადერთი, ნაგავს არ გადაყრის არასდროსო... ახლაც ასეა?
– ახლა დავიწყე, სხვათა შორის. მეგობრები მეხუმრებიან, რა გითხრეს ეგეთიო. მითხრეს, შენს ნაგავს სხვა თუ გიყრის, უბედურება იცის ოჯახშიო. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ბარემ ჩემს ნაგავს მე გადავყრი (იცინის).
ანანო: აქამდე ამბობდა; დილას თუ ნაგავს გადაყრი არ გაგიმართლებსო და საღამოს ამბობდა, დაღლილი ვარო. ახლა კი თავად აგვარებს ამ საქმეს (იცინის).
– გიგი, განვლილ წლებზეც მინდა, გკითხო. დიდხანს ასაიდუმლოებდი ანანოსთან შენს ურთიერთობას. ადრე აღნიშნე, ანანო ჩვეულებრივი, 19 წლის გოგო არ არისო. რა მოიტანა ანანომ ისეთი, რაც განვლილ წლებში ვერ იპოვე?
გიგი: ანანომ მოიტანა სიმშვიდე, რაც ძალიან მაკლდა. შეძლო ჩემში ისეთი მინუსების პლუსებად გადაკეთება, რომლისთვისაც ჩხუბი არ იყო საჭირო. ძალიან ადვილად „მომიყომარა“ (იცინის). 19 წლის რომ ვიყავი, პრიორიტეტული იყო, რაც შეიძლება, ბევრი რამ გადამემტვრია თავზე. ანანოს კი სხვაგვარი ხედვა აქვს. მთელი ცხოვრება, რაც წინა ურთიერთობებში გამიტარებია, ყველგან იყო ეჭვიანობა, ჩვენთან კი, ესეც არ არის. ყველაფერი ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული.
ანანო: გიგიმდე ასე არავინ მყვარებია.