ტოვებენ თუ არა მსახიობები „ჩემი ცოლის დაქალებს“ პოლიტიკური შეხედულებების გამო და გაგრძელდება თუ არა „ხელოვნური სუნთქვა“ #8
მაყურებელი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონს ელოდება, რომელიც პროდიუსერ ირაკლი საღინაძის თქმით, ეთერს მარტის დასაწყისში დაუბრუნდება მრავალფეროვანი სიახლეებით. ერთ-ერთი მთავარი სიახლე სერიალში ცოტნეს, გიორგი ბახუტაშვილის დაბრუნებაა.
რაც შეეხება „ხელოვნურ სუნთქვას“, როგორც იცით, ფინანსური პრობლემების გამო, სერიალი შეწყდა. თუმცა, ამ საკითხშიც სიახლეა – საჭირო დამფინანსებელი უკვე ნაპოვნია და მარტის შუა რიცხვებში, ეს სერიალიც დაუბრუნდება ეთერს.
ირაკლი საღინაძე: „ხელოვნურ სუნთქვაზე“ მართლაც დიდი მოთხოვნაა მაყურებლის მხრიდან. ჩვენი მთავარი პრობლემა დაფინანსება იყო. ახლა გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ამ სერიალის დაფინანსება გადაწყვიტა. უკვე ბოლო დეტალებს ვათანხმებთ და სერიალი აუცილებლად გაგრძელდება. დაფინანსების დიდი ნაწილი სამშენებლო კომპანია „სვეტმა“ აიღო თავის თავზე. ნაწილი არხის რესურსით გადაიფარება და სერიალი შედგება. 23 სერიაზე გვაქვს კონტრაქტი, რაც ნიშნავს, რომ ერთი სეზონი გარანტირებულად იქნება. ამ სერიალის გაჩერების მიზეზი შესაბამისი ფინანსების არარსებობა იყო.
– თუ დაიწყეთ უკვე შინაარსობრივ მხარეზე მუშაობა?
– ჯერ მათთან უნდა გავარკვიოთ ურთიერთობები, ვინც სერიალზე უნდა დავასაქმოთ. წინა სეზონი რომ დავასრულეთ, გარკვეული მონახაზი უკვე გვქონდა, რომელიც თავისთავად არსებობს და ვნახოთ, რა და როგორ განვითარდება. სავარაუდოდ, სერიალი „ხელოვნური სუნთქვა” მარტის შუა რიცხვებიდან გავა ეთერში. თებერვალში ვიწყებთ ხოლმე პროდაქშენს და მარტში უკვე ეთერში ვართ. „ჩემი ცოლის დაქალებიც“ მარტის პირველ რიცხვებში გავა ეთერში. როგორც წინა სეზონებზე, განახლება ამჯერადაც მოხდება. დაემატება ახალი ხაზი, გაცოცხლდება ძველი – მიძინებული. მრავალფეროვნება და დინამიკურობა სერიალს არც ამ სეზონზე დააკლდება.
– წინა სეზონზე განსაკუთრებული ეფექტი მოჰყვა რამდენიმე პერსონაჟის გამოჩენას.
– სცენარი ცოტათი, მაქსიმუმ, ერთი თვით უსწრებს ეთერში გასულ სერიებს. შესაბამისად, საშუალება გვაქვს, მაყურებლის პულსზე გვეჭიროს ხელი და როცა სიახლის აუცილებლობას ვგრძნობთ, მაშინ ხდება წინა სერიებში ან სეზონებში ჩაგდებული მარცვლების გაღვივება. ყოველთვის ჰიტს ეძებ და „ლუნამ“ – ქეთი ხუციშვილმა გაამართლა. გავიცანით, ერთი-ორჯერ მოვსინჯეთ და რაღაც მომენტში, გადავწყვიტეთ, რომ მისი გაჰიტების დრო იყო. თუმცა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ეს პერსონაჟი კიდევ უფრო განვითარდება. იგივე შეიძლება, ითქვას მანტკავაზე.
– ამ სეზონზე არ იყო ცოტნე ცოტაშვილი და შესაბამისად, მისი გუნდი.
– ამ სეზონზე გვინდა, რომ ცოტნე დაბრუნდეს და სავარაუდოდ, მალევე გამოჩნდება. ჯერ, ბუნებრივია, თავად მას უნდა მოველაპარაკოთ. ჩვენ გვაქვს მისი დაბრუნების სურვილი.
– იყო მოსაზრება, რომ ცოტნეს ხაზი იმის გამო ამოიღეთ, რომ გიორგი ბახუტაშვილი „იმედზე,“ ერთ-ერთი შოუს წამყვანი გახდა.
– ბახუტაშვილმა „იმედზე,“ სერიალში მისი ხაზის შეჩერების შემდეგ მოძებნა შემოსავლის ახალი წყარო. ეს არ არის მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით ხაზი დაბერდა. ხანდახან ხაზი თავის თავს ამოწურავს და საჭიროა, სიახლე. წელს პოლიტიკურად აქტიური წელი გახლდათ, არჩევნები ჩატარდა და პოლიტიკა ისედაც ბევრი იყო. გაგრძელებით, შეიძლებოდა, ხაზი გაფუჭებულიყო. ამიტომ, ჯობდა, დროებით დაგვეძინებინა. ეს სერიალისთვის ბუნებრივი პროცესია.
– წინა ინტერვიუში ბევრი ვისაუბრეთ არხისა და მსახიობების პოლიტიკურ პოზიციებზე. მინდა, ამაზე ახლაც გკითხოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი მსახიობის თქმით, მისი სერიალიდან წასვლა სწორედ პოლიტიკურè შეხედულებითაა გამოწვეული და ნიკა გვარამიას ბრძანებით, ის სერიალში კი არა „რუსთავი 2-ის“ ეზოშიც კი არ უნდა შეუშვან.
– სრული სისულელე უთქვამს. აქ არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა. ნიკა გვარამია საერთოდ არ ერევა შიდა საქმეში. ჩემი გადასაწყვეტია, ვის დავასაქმებ. ნიკა გვარამიამ უთხრა ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელს მსგავსი რამ, მაგრამ ის დღეს ჩვენთან მუშაობს, ოღონდ მსახიობი არ არის. თუმცა, ამას პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია, საბაბი პირადი კონფლიქტი იყო. მე მაქვს ჩემი მსოფლმხედველობა და პოლიტიკური დამოკიდებულებები, მაგრამ სერიალში ამის პროპაგანდირება არ ხდება. მილიონი მსახიობი თამაშობს ჩვენთან, გაგანია „ქოცობა“ და მიუხედავად იმისა, რომ მე სხვა პოლიტიკური გემოვნება მაქვს, ისინი აქ არიან. მსახიობების 80 პროცენტი ბიძინისტები არიან, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ამ თემებში არ ვიკვეთებით. პირად საუბრებში, შეიძლება, ვიკამათოთ ამის შესახებ, მაგრამ ეს საქმიან ურთიერთობას არ ეხება.
– მინდა, კიდევ ერთი – დეკრიმინალიზაციის თემას შევეხო, რადგან, რამდენადაც ვიცი, ამის აქტიური მომხრე ხართ.
– მე ვარ მოძრაობა „2 ივნისის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. თუმცა, ბოლო დროს, მოუცლელობის გამო, ისე აქტიურად ვეღარ ვარ პროცესებში ჩართული. ჩემი აზრით, ყველაზე სწორი ფორმა ლეგალიზაციაა. დეკრიმინალიზაცია თავისუფლების გამოხატვის ცოტა ველური ფორმაა.
– ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ამ თემაზე საუბრობს, არგუმენტად მოჰყავთ – ამერიკაა. თუმცა, ახალი პრეზიდენტი – ტრამპი, როგორც ჩანს, ლოიალური არ არის ამ საკითხისადმი.
– ტრამპი კონსერვატორია და ამ საკითხსაც კონსერვატიულად უდგება. მაგრამ პრინციპული ცვლილებები ხალხისა და შტატების ადმინისტრაციის პრეროგატივაა. მარიხუანის მოყვანა და მოხმარება ადამიანების ფუნდამენტური უფლებაა. ტრამპს აქვს მოსაზრება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ მოსაზრებაა.
– თქვენ ხართ მომხმარებელი?
– მე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დიდი ხანია, მარიხუანას აღარ მოვიხმარ, მაგრამ მომიხმარია და მშვენიერ ხასიათზეც ვყოფილვარ.
– სერიალის წინა სეზონებში მარიხუანის პროპაგანდაში გადანაშაულებდნენ, ვგულისხმობ, ბაბულიკების პერიოდს. იმ დროს საზოგადოება „2 ივნისის“ აქტიური წევრი, ანუ ლეგალიზაციისთვის აქტიური მებრძოლი იყავით. ეს არ იწვევდა ინტერესთა კონფლიქტს? მსგავსი ბრალდებები არ ყოფილა?
– მარტო ბაბულიკები არა, მარიხუანას ხურცილავაც ეწეოდა. თუმცა, სისულელეა. არანაირი პროპაგანდა არ ყოფილა. პირიქით, ერთ-ერთი მოძრაობის აქტივისტმა გვითხრა: ნარკოდამოკიდებულებას ნეგატიურ კონტექსტში აჩენთო. ეს სერიალია და როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე აქაც, ზოგი კარგი ბიჭი ეწევა და ზოგი – ცუდი. არანაირ პროპაგანდას არ აქვს ადგილი, უბრალოდ, ეს გმირი ასეთია და მისი დახასიათებისას მის ამ მხარესაც ვაჩვენებთ. მაგალითად, ბოლო სერიებში მაქსიმე და მისი ძმაკაციც ეწეოდნენ მარიხუანას და ამ დროს მაქსიმემ ეკლესიაში წასვლა გადაწყვიტა. მერე რა? რატომ იყო ეს პროპაგანდა?
– სხვათა შორის, მაქსიმესა და კატოს ლოგინის სცენებმაც აღაშფოთა საზოგადოება – ცალკე თქვენი, ცალკე ნინო გაჩეჩილაძის მისამართით.
– სერიალს აწერია +12. სინამდვილეში სხეულის ერთი ნაწილიც კი არ გამოჩენილა შიშველი და ასეც რომ ყოფილიყო, რა, ქართველებს ძუძუები არ გვაქვს? – გვაქვს, რომელიც არ ჩანდა, სამწუხაროდ (იცინის).