12-კარატიანი მწვანე ბრილიანტის ყველა მფლობელი ძალადობრივად დაიღუპა #8
პუბლიკაციის მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ექსპროპრიაცია
51 წლის იუველირი სემიონ კამსკი გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე საიუვილერო მაღაზიას ფლობდა და თავადაც იქვე ცხოვრობდა. 1921 წლის 2 მარტს, როდესაც ბოლშევიკები ერთი კვირის მოსულები იყვნენ საქართველოს მმართველობაში, კამსკი და მისი ცოლ-შვილი ქალაქიდან გასაქცევად ემზადებოდნენ, თან თავიანთი კუთვნილი ძვირფასეულობაც მიჰქონდათ. დილის 9 საათზე აბარგებულ კამსკებს „ჩეკას“ ოპერატიული ჯგუფი ეწვია და იუველირს ძვირფასეულობის ჩაბარება მოსთხოვეს. კამსკიმ, რომელმაც ჩეკისტებს ერთი ნაბიჯით ვერ გაასწრო, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ახალი მთავრობის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს და „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტით ორი ჩეკისტი დაჭრა. თავად იუველირი კი, ჩეკისტებმა მოკლეს და მისი ქონების ექსპროპრიაცია მოახდინეს. ოქროს ფულებითა და ძვირფასი ნაკეთობებით სავსე საკვოიაჟი კი „ჩეკაში“ მიიტანეს.
საბედისწერო ქვა
კამსკის კუთვნილი საიუველირო ნაკეთობები 600 ათას მანეთად შეფასდა, რაც იმ პერიოდისთვის კოლოსალური თანხა გახლდათ. სხვადასხვა ნივთებს შორის, განსაკუთრებულად გამორჩეული იყო თორმეტკარატიანი მწვანე ბრილიანტი „ციკლოპის თვალი“. მას ნუშისებრი ფორმა ჰქონდა და მეთერთმეტე საუკუნეში აღმოაჩინეს აფრიკაში. შემდეგ ერთმა ინდოელმა ვაჭარმა იყიდა, სამშობლოში ჩაიტანა, საუკეთესო იუველირს მოაწახნაგებინა და მეუღლის ოქროს გულსაბნევში ჩაასმევინა. სახელწოდება „ციკლოპის თვალიც“ სწორედ იმ ვაჭარმა უწოდა მწვანე ბრილიანტს, განსაკუთრებული სიკაშკაშის გამო, რომელიც ღამით, უფრო აშკარა იყო ნებისმიერი, მცირე სხივის მოხვედრისასაც კი. „ციკლოპის თვალი“ საბედისწერო ქვა აღმოჩნდა და მისი არსებობის რვაასი წლის განმავლობაში, ყველა მფლობელი ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპა. სემიონ კამსკიმ ეს ქვა 1910 წელს, ამსტერდამის საიუველირო აუქციონზე შეიძინა და მიუხედავად იმისა, რომ ბრილიანტის ყიდვა ცოლმა დაუშალა, კამსკიმ მაინც თავისი გაიტანა. თუმცა, თერთმეტი წლის შემდეგ, ისიც ძალადობრივი სიკვდილით დაიღუპა და „ციკლოპის თვალი“ ამგვარად მოხვდა „ჩეკაში“.
მისტიკური ლეგენდის მიხედვით, სინამდვილეში, „ციკლოპის თვალი“ ეგრეთ წოდებული „რაინდთა საძმოს“ ორდენის მეფის გვირგვინის მთავარი ქვა იყო, რომელიც დროთა განმავლობაში იკარგებოდა. მას რაინდი ძმები იბრუნებდნენ და ის კვლავ იკარგებოდა.
„ჩეკაში“ მწვანე ბრილიანტი მხოლოდ სამი დღე იყო. 1921 წლის 5 მარტს „ციკლოპის თვალი“ 30 წლის „ჩეკას“ კომისარმა იური კესარევმა გაიტაცა სეიფიდან და ამისთვის ორი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. თავად გამტაცებელი 8 მარტს მტკვარში მოკლული აღმოაჩინეს. მას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი თავში, თავად „ციკლოპის თვალი“ კი, უგზოუკვლოდ გაქრა.
ფარული გამოძიება
კომისარი იური კესარევი ბოლო რგოლი გახლდათ მწვანე ბრილიანტის გამოძიების საქმეში და რადგან ის მკვდარი იპოვეს, ხოლო მისი მკვლელი კი ვერ აღმოაჩინეს, გამოძიება შეწყდა და საქმე არქივს გადაეცა. თუმცა, თხუთმეტი წლის შემდეგ, 1036 წლის მიწურულს, საქართველოს „ჩეკას“ ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ოთარ პაპანდოპულოსმა ძველი საქმე არქივიდან ამოიღო და მისი შესწავლის შემდეგ, ფარულ გამოძიებას შეუდგა. 1921 წელთან შედარებით, 1936 წელს გამოძიების ტექნიკური შესაძლებლობები ბევრად მეტი იყო და პაპანდოპულოსმა მოახერხა კესარევის სხეულში აღმოჩენილი ტყვიების იდენტიფიკაცია. ჩეკისტი „ნაგანის“ სისტემის რევოლვერიდან იყო მოკლული, თანაც იარაღი ტაბელური აღმოჩნდა და მართალია, თხუთმეტი წლის შემდეგ, მაგრამ მაინც დაადგინა, რომ ის ასევე ჩეკისტს, ვინმე კოტე კიღურაძეს ეკუთვნოდა, რომელიც 1935 წლის აპრილში გარდაიცვალა. პაპანდოპულოსმა იმდენი მოახერხა, რომ კოტე კიღურაძის სახლში, მალაკნების ბაზართან, წიგნების კარადის ერთ-ერთ ნიშაში, მწვანე ბრილიანტი აღმოაჩინა. ფარული მოქმედებების მიუხედავად, პაპანდოპულოსი „ციკლოპის თვალის“ ჩუმად დაუფლებიდან სამი დღის შემდეგ, მისმა ხელქვეითმა ჩეკისტებმა აიყვანეს. ქვა ჩამოართვეს და „ჩეკას“ ჯურღმულში ჩააგდეს. ყოფილი „ჩეკას“ მაღალჩინოსანი 1937 წლის თებერვალში, როგორც ხალხის მტერი, დახვრიტეს. თავად ნაპოვნი და ამოღებული ქვა კი, რომელიც დროებით ექსპერტ-კრიმინალისტ არსენ კოპალიანის კაბინეტში, ცეცხლგამძლე სეიფში ინახებოდა, გაქრა... გაუჩინარდა კოპალიანიც და ქვის გატაცება მას დაბრალდა. მაგრამ, ხუთი დღის შემდეგ ისიც მტკვარში იპოვეს მოკლული რუსთავის შესასვლელთან, „ციკლოპის თვალის“ საქმე კი, მეორედ დაიხურა და არქივს გადაეცა.
ტაბუდადებული საქმე
მწვანე ბრილიანტის, იგივე „ციკლოპის თვალის“ საქმე მისი მეორედ დახურვიდან 23 წლის შემდეგ, 1960 წელს კვლავ აქტუალური გახდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თბილისში, ვერაზე, მილიციის ოპერჯგუფმა 21 წლის ბინის ქურდი გაბო ქემოკლიძე, მეტსახელად „ბორკილა,“ დააპატიმრა. მის სპორტულ ჩანთაში კი ნაქურდალი ნივთები აღმოაჩინეს. „ბორკილა“ მანქანაში ჩააგდეს, სცემეს და გამოტეხეს, რომ სულ რაღაც ნახევარიოდე საათის წინ, ზემო ვერაზე ვინმე კაპიტონ გოგსაძის ბინა გაქურდა. გაბო ქემოკლიძე გაქურდულ ბინაში მიიყვანეს და მიუხედავად იმისა, რომ ბინის პატრონი სახლში არ იმყოფებოდა, მილიციამ მეზობლებს დაუძახა და ქურდს ოქმი იქვე შეუდგინეს. გამოიძახეს საგამოძიებო ჯგუფი და მოკვლევაც დაიწყო. ამასობაში, თავად ბინის პატრონი, 49 წლის მარტოხელა, ხელოვნებათმცოდნე კაპიტონ გოგსაძეც მოვიდა. მან თავისი ნივთები ამოიცნო და მიუხედავად იმისა, რომ მილიციას სთხოვა, ახალგაზრდა ქურდი გაეშვათ, მას ყური არავინ ათხოვა – გამომძიებლები თითის ანაბეჭდების აღებას განაგრძობდნენ. უცებ ერთმა მილიციელმა თევზებით სავსე აკვარიუმს ხელი წაჰკრა, იატაკზე გადმოაგდო და დაამსხვრია. თევზებთან ერთად, იატაკზე ფერად-ფერადი კენჭებიც გადმოცვივდა. ერთ-ერთი მათგანი კი თვალისმომჭრელად აელვარდა, რამაც ყველას ყურადღება მიიპყრო. კაპიტონ გოგსაძეს ქვის გადამალვა უნდოდა, მაგრამ არ აცადეს და გამოცდილმა მაიორმა ჯუმბერ ტუღუშმა ამ ქვის წარმომავლობის გარკვევა დაიწყო. მოგვიანებით, მოვლენები ტიპური საბჭოური სცენარით განვითარდა. შემთხვევის ადგილზე ჯერ „კაგებე“ მივიდა და მწვანე ბრილიანტი ამოიღეს, შემდეგ კი საქმეს ტაბუ დაადეს და ყველას, ვინც თუნდაც მცირედ საქმის კურსში იყო, გაუთქმელობის ხელწერილები დაადებინეს. თავად „ბორკილაც“ კი, რომელიც რიგითი ქურდი გახლდათ, უშიშროების იზოლატორში გამოამწყვდიეს.
მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 2010 წელს გახდა ცნობილი, რომ „კაგებემ“ თბილისში 11 ადამიანი დააპატიმრა. მათზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და იშვიათი მუხლით, სექტანტობისთვის გაასამართლეს. არსებობს ვერსია, რომ კაპიტონ გოგსაძე და მისი ათი მეგობარი, იმ მისტიკური ორდენის „რაინდთა საძმოს“ წევრები იყვნენ, რომელიც „ციკლოპის თვალს“ ეძებდა. გასამართლებულები, 1960 წლის დეკემბერში, როდესაც ისინი ბოლო სასამართლო სხდომიდან ბრუნდებოდნენ, ციხის უზარმაზარი ავტობუსით მტკვარში ჩაცვივდნენ და ყველანი დაიღუპნენ. ეს შემთხვევა მაშინ არავის გაუხმაურებია, ხოლო, თუ რა ბედი ეწია „ციკლობის თვალს“, დღემდე უცნობია.