ყირამალა საყვარლები #8
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-7(842)
ისტორია მეოთხე
(მოქმედი პირები: ლანა, ზურას ცოლი)
„ცოლი”, ანუ სასიყვარულო სამკუთხედში
საღამოები მიყვარს, ყველა რომ სახლშია: ბავშვები თავისთვის ზუზუნებენ, ზურა კი ტახტზეა წამოწოლილი, ვითომ ტელევიზორს უყურებს (ტელევიზორი სულ ჩართული უნდა იყოს, ასე უყვარს) და შიგადაშიგ ჩაეძინება ხოლმე. თუ თავი ცუდად უდევს, ხვრინავს, შიგადაშიგ კი, ფშვინვას გამოურევს. ძალიან მშვიდად ვარ ასეთ დროს. არაფრით იფარებს წამოწოლილი, მე კიდევ სულ მეშინია, რომ გაცივდება. ავადმყოფობის, როგორც ყველა კაცს, მასაც პანიკურად ეშინია. არც კითხულობს, რა წამალს ასმევ, შოშიასავით გიღებს პირს. ამიტომაც ვეხუმრები, საწამლავი რომ მოგაწოდო, იმასაც დალევ-მეთქი.
ასეთ ოჯახზე ვოცნებობდი ბავშვობიდან: სიმშვიდესა და დაცულობაზე, რომ მარტო არასდროს დავრჩებოდი. ზურა რომ არა, ასე მგონია, ბავშვებს ვერც კი გავზრდიდი – მისი იმედი ყოველთვის და ყველაფერში მაქვს. ძალიან კარგი მამაა, ხანდახან მგონია, ბავშვებს ის უფრო უყვართ, ვიდრე მე. უყვარდეთ, კარგიცაა. ზურამ ჩემ გარეშეც რომ გაძლოს, ამათ გარეშე ხომ მაინც ვერ იცოცხლებს?! ღმერთო, რა სისულელეებს ვამბობ – ჩემ გარეშე როგორ უნდა გაძლოს, ისიც კი არ იცის, რამდენ შაქარს იყრის ჩაიში ან სად დევს მისი წინდები?! ან მე როგორ გავძლებ მის გარეშე?! ფუი ეშმაკს – ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
რომ დავინახე, მაშინვე გავიფიქრე, აი, ასეთი კაცის ცოლი მინდა, ვიყო-მეთქი. დახვეწილი მანერები აქვს. კარგა ხანს მეგონა, რომ გინება, უბრალოდ, არ იცოდა. ისე საინტერესოდ ლაპარაკობდა, სულ მინდოდა, მესმინა მისთვის. ახლაც მიყვარს, რომ ლაპარაკობს, მისი ხმა მაწყნარებს. ხმაც ისეთი სასიამოვნო აქვს – დაბალი, ხავერდოვანი. ვერ ვიტან, კაცს რომ წკავწკავა ხმა ამოსდის პირიდან.
რაღაც არათანაბრად სუნთქავს – ძალიან ბევრს ეწევა ამ ბოლო დროს. რაღაცაზე ნერვიულობს, აშკარაა, მაგრამ მიმალავს… მიფრთხილდება, ვიცი. მაგრამ რაზე უნდა ნერვიულობდეს?! ბიზნესის საქმე კარგად მისდის, ჩემს ძმას ვერაფერს ვამჩნევ, ის კი მეტყოდა, რამე პრობლემა რომ ჰქონდეთ. მე მეტყოდა, აბა, სხვას – ვის?! უვარგისი ცოლი შეხვდა, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს და იმაზეა გამეცადინებული, ჩემს ძმას, რაც შეიძლება, მეტი ფული დასცინცლოს. კი, ვიცი, ვიცი, ჩემი ძმა მისი ქმარია… სუფთა ქუჩის ქალია – აშკარად ჯადოს უკეთებს. ჩემი ძმა თავის თავს არ ჰგავს, იმ ძუკნას რომ ხედავს. ისე დაჰკანკალებს თავზე, თითქოს ბროლის იყოს ის კახპა. ისიც რა უსირცხვილოა?! ისე დაასკუპდება ხოლმე ამდენ ხალხში მუხლებზე ქმარს, თითქოს მარტონი იყვნენ. კოცნის, ეფერება, ენას უჩლიქავს, ხელებს ისე უფათურებს, უხერხულობისგან თვალები სად წავიღო, აღარც კი ვიცი. თან, თითქმის შიშველი დადის. რომ გადაიწევა, ლამისაა საცვალი გამოუჩნდეს. სულ დაძაბული ვარ. ისევ სისულეებს ვამბობ, რამ უნდა დამძაბოს?! ან ის რამ ათქმევინა – ლანა, რამდენი ხანია, შენს ქმართან სექსი არ გქონიაო… სპეციალურად მეუბნება, რომ გამაცოფოს. ჩემს ძმას რამე უნდა მოვუხერხო, რომ იმ ქალს თავი დაანებოს და კიდევ კარგი, შვილი არ ჰყავთ!
არა, არ მომწონს მისი სუნთქვა. უნდა დავიყოლიო, ექიმთან წამომყვეს. რამე უნდა მოვახერხო! არ იღვიძებს, ნეტავ?! მისი საყვარელი კუპატი მოვუმზადე.
– რომელი საათია?
– თორმეტი დაიწყო.
– რამდენ ხანს მიძინია.
– ივახშმებ?
– ცოტა ხანში.
ასე რომ უშტერდება თვალები, რაღაცაზე ფიქრობს და არ უნდა შეაწუხო. სამზარეულოში გავედი, გაწყობილ სუფრაზე უყვარს საუზმობაც, სადილობაც და ვახშმობაც. ბებიაჩემი მასწავლიდა – კაცს ისეთი კომფორტი უნდა შეუქმნა სახლში, თავი სამოთხეში ეგონოს და არასდროს წავა შენგანო და კიდევ, სასთუმალი არ გაუყო ქმარს. მე და ბაბუაშენს ერთ ბალიშზე გვეძინაო. ისევ იმ თავის ბუღალტერს ელაპარაკება… ყველაფერი ამის გასაკეთებელი როგორაა?! აბა, ჩემი ძმა იმ საზიზღარ ქალსაა გადაყოლილი!
მგონი, დაამთავრა ლაპარაკი: ზურა, მოდი, ვახშამი მზადაა, – არ ესმის თუ რატომ არ იღებს ტელეფონს ან ვინ უნდა ურეკავდეს ასეთ დროს?! ღამით სატელეფონო ზარების მეშინია – ომის გამოცხადებასავით ჩამესმის ყურში, თითქოს საცაა კარს შემოამტვრევენ. არა, რატომ არ უპასუხებს, ხომ მშვიდობაა?!
–ზურა, შენი ტელეფონი რეკავს, – ვეძახი სამზარეულოდან.
ზურას ხმა წყვეტილად მესმის, შევალ, მერე რა მოხდა?! არა, არ მომწონს ეს სატელეფონო ზარები. მიზეზი არ მაქვს. უბრალოდ, არ მომწონს. გული მიჩქარდება ხოლმე და ჩამესმის იმ კახპის დამცინავი ხმა: „ლანა, რამდენი ხანია, შენს ქმართან სექსი არ გქონია?!“
ისტორია მეხუთე
(მოქმედი პირები: „მე“, ანუ თეო, ზურას საყვარელი და „ცოლი“, ანუ ლანა, ზურას ცოლი)
„მე“, ანუ როგორ დავადგათ საყვარელს რქები
უაზრო მდგომარეობაში ჩავიყენე საკუთარი თავი და ეს მერამდენედ?! ვითომ ზურა და მისი ცოლი არ მყოფნის, ახლა ეს დეგენერატი ავიტორღიალე. არა, საცემი ვარ, ფაქტია! ტყუილად არ მეუბნება რუსა, ყველა პრობლემა, სულ სათითაოდ და საგულდაგულოდ, საკუთარი ხელით და ენით გაქვს გაჩალიჩებულიო. ასეა. ვიცოდი, რაც უნდოდა? ვიცოდი! ვიცნობ – თან, როგორ ვიცნობ?! აბა, რა ჯანდაბამ ამატორღიალა და რამ მათქმევინა, საახალწლოდ გეგმები თუ არ გაქვს, ერთად დავიგეგმოთ-მეთქი... დავიგეგმეთ და ეგაა.
ახლა როგორღა დავარწმუნებ, რომ ეს მხოლოდ მეგობრული გეგმები იყო. ეს ნომერი აღარ გამივა და არც მისმენს, ფაქტია. თავი ქუდში ჰგონია და გამარჯვებულ მზერას ვერ მალავს. დედა! როგორი ამაზრზენი ღიმილი აქვს, როცა ფიქრობს, რომ გაჯობა. ადრეც შემინიშნავს ასეთი გამოხედვა, მაგრამ მაშინ სხვებს ათვალიერებდა და, მაინცდამაინც, არ მომხვედრია გულზე. ახლა კი. ახლა მინდა, რამე ვთხლიშო და უკვალოდ წავუშალო ეს ცინიკური ვითომ ღიმილი ისედაც წვრილი და უფერული ტუჩებიდან. სულ მაინტერესებდა, ნეტა, როგორ ახერხებდა ცოლი მის კოცნას?! თუმცა ის ისეთი ხვითოა, მოახერხებდა რამეს. ისევე, როგორც სხვა დანარჩენის მოხერხება შეძლო: ჯერ ამაზე გათხოვდა, ისე, რომ ამას მე ვუყვარდი, რომ გეკითხა; მერე წლები ატრიალა თავის ჭკუაზე, შვილიც არ გაუჩინა, ისე გაიქცა სახლიდან და როგორც ამან მოგვიანებით აღმოაჩინა – თავისივე უფროსის ვაჟს გაჰყვა. თან, ცოლად! თან, თავისზე გაცილებით უმცროსს, მდიდარსა და უცოლოს.
მოხერხება უნდა ყველაფერს, აბა, მე ვინ მომცა ბედი?! დავდევ ამ ცოლიან და წვრილშვილიან ზურას და ძვრა არ აქვს არსაითკენ. არადა, რომ გეკითხა, ჩემამდე არც იცოდა, რა იყო ნამდვილი სიგიჟე და სექსი ხომ – საერთოდ...
ტყუილია ეს ყველაფერი! კაცს არ დაეჯერება! სანამ შენ გვერდით წევს, შენს მზეს იფიცებს. ადგება და სხვის ჩრდილშიც გადასარევად დაისვენებს. მე კი, ვატყობ, შემრჩება საყვარლის სტატუსი. გაიგებს ერთხელაც მისი ცოლი, მერე რომ მომივარდეს და გამჩეჩოს?! აუფ! ეგ მაკლია მარტო!
ისე, რატომ არ უნდა გაიგოს?! უნდა გაიგოს და ისევე ინერვიულოს, როგორც მე ვასკდები გულს. კარგია, მე რომ ვიცი, სად დადის ჩემ მერე?! იმანაც იგემოს ღალატის სიმწარე და ვნახავ ერთი, თუ ისეთივე კორექტული და ნაზი იქნება, ვაჟბატონმა რომ მისაყვედურა ბოლოს, შენგან განსხვავებით, ჩემი ცოლი ნერვებს არ მიშლის და ენასაც არ ატრიალებს წაღმა– უკუღმაო!
არა, მაინც როგორი წვრილი და უსისხლოდ დახატული ტუჩები აქვს! ამან რომ მაკოცოს, გულიც შემიწუხდება. სულ სამი კაცისთვის მაქვს ნაკოცნი და აქედან ერთი ზურაა. მანამდე – პირველი სიყვარული და სულ რამდენიმე თვეს გაგრძელებული შეხვედრები, ხელიხელჩაკიდებული სიარულები და კოცნები.
დედა, როგორი კოცნა იცოდა, იმ ჩემი ცოდვით სავსემ?! მას მერე კაცს სულ ტუჩებზე ვუყურებ. ზოგი ამბობს, რომ კაცს ტრაკზე უყურებს, ზოგიც – თითებზეო და ზოგიც, ფეხსაცმელს ვათვალიერებო. მე ეგრევე ტუჩებს ვეტაკები და ზუსტად ვიცი, ეგრევე, შევძლებ, კოცნის უფლება მივცე თუ არა. მეორეჯერ რომ ვაკოცე, ახლა იმის გახსენების ხასიათზე ვერ ვარ, სხვა დროს იყოს და მესამე კი მყავს. თუ ამას ყოლა ჰქვია...
აი, ამ ჩემი ცოდვით სავსეს კი, ვერაფრით გავიკარებ. არადა თვითონ გავქექე ეს კრაზანების ბუდე! დიდი ხნის წინათ მიყუჩებული თემა ხელახლა ადუღდა და ახლა ამას რა მოიშორებს?! ნეტა, მართლა ხომ არ დავწვე და დავამშვიდო?! რა მოხდა მერე?! ზურა ვითომ არ მღალატობს ცოლთან?! ჰო, ის ცოლია და ჩემამდეც ჰყავდა. ესეც იყო ზურამდე... ყოველ შემთხვევაში, ზურასგან განსხვავებით, ჩემი ცოლად მოყვანის სურვილი ჰქონდა. ახლა ნამდვილად არ ვიცი. არა მგონია. ვფიქრობ, ხვდება ჩვენი ურთიერთობების შესახებ და დიდი ეჭვი მაქვს, უფრო შურისძიება და შელახული მამრული თავმოყვარეობა არ ასვენებს, ვიდრე ჩემი სიყვარული. რაც უნდა იყოს, ზურა კი იმსახურებს რქების დადგმას, მარა მე ეს ჯერ არ გადამიწყვიტავს. ზურას ცოლის ადგილას რომ ვიყო, ნამდვილად დავახატავდი ზედ წყვილ–წყვილად, თან!
უნდა დავურეკო იმ ქალს! ან აქამდე რატომ არ დავრეკე?! ეს კარგი იდეაა. რამდენიმე კურდღელს დავკლავ ერთდროულად. ასეც მოვიქცევი. აი, ჯერ ამასთან გავარკვევ ურთიერთობებს და ფარული ნომრით დავურეკავ, გავახარებ. მერე შორიდან დავაკვირდები, როგორ იქცევიან ნაზი და თავშეკავებული ცოლები.
„ცოლი”, ანუ როგორ შევაცდინოთ საკუთარი ქმარი
რატომღაც, ამეკვიატა იმ კახპის ნათქვამი. არა – მთლად იმიტომაც არა, რომ არ მომეწონა. მართლაც, ვეღარ ვიხსენებ, როდის გვქონდა ბოლოს სექსი, მაგრამ რა შუაშია სექსი?! შუაში არ არის?! აბა, რა არის თავში? დავალაგო, გავურეცხო, საჭმელი გავუკეთო, შვილებს მოვუარო, მის მშობლებს ფიანდაზად გავეგო, ნათესავებს გავუღიმო?! და რატომ არ შეიძლება, ეს იყოს მთავარი?! მე ხომ მისი შვილების დედა ვარ?!
ისე, ხანდახან მეც მომდომებია, ზურიკოს კალთაში ჩავუხტე, მაგრამ მერიდება. ასე მგონია, ეწყინება – კახპა რომ სდომებოდა, მე კი არ მომიყვანდა ცოლად?! არ მომიყვანდა ნამდვილად! ცოლი სხვაა, კახპა – სხვა. და კახპაც რომ ქალია, თუ ცოლი ქალი არ არის?! როგორ არ არის!!! ისევ სისულელეს ვამბობ.
ჩემს ქმარს არასდროს ეშლება, მაგრძნობინოს, რომ ქალი ვარ. სულ იმას მეკითხება, რამე ხომ არ გინდათო, პრობლემა თუ გვაქვს, ყველა საქმეს გადადებს და სახლში მორბის. ბავშვები თუ ავად ხდებიან, ხომ საერთოდ გიჟს ემსგავსება (ჩემი საყვარელი ქმარი!). სამსახურშიც მაკითხავს (აქ ცოტას ვაჭარბებ, თუ ძალიან ვთხოვ ხოლმე, მაშინ თუ მომაკითხავს, მაგრამ ხომ მაინც მოდის?!) და როგორ სკდებიან გულზე ჩემი თანამშრომლები ჩემი ზურიკოს დანახვაზე?! უჰ, როგორ მიყვარს აი, ის მომენტი, მისი მანქანა რომ ჩვენი სკოლის კიბესთან გაჩერდება. თუმცა მე ჩემი კაბინეტიდან ვხედავ, რომ მოსულია, მაგრამ მაინც ცოტას ვაგვიანებ, რომ ჯერ ყველამ კარგად შეათვალიეროს.
თან, ჩემი ზურიკო ისეთია, საყვედურსაც არ გეტყვის, ამდენ ხანს რატომ მალოდინეო, ზოგის ქმარმა რომ ჯაჯღანი იცის, დაჯექი, ქალო, დროზე. არასდროს უწოდებია ჩემთვის: „ქალო“. მოკლედ, ნება– ნება ჩავუყვები კიბეებს და ვჯდები მანქანაში. ოო, როგორი ბედნიერი ვარ ხოლმე ამ დროს და ვხვდები, როგორ გამიმართლა. ხომ შეიძლება, მეც შემხვედროდა ნათიასნაირი უვარგისი კაცი, გაამწარა გოგო და მგონი, სცემს კიდეც. საწყალი. ვერც ეყრება, იმიტომ რომ, წასასვლელიც არ აქვს. მამამისი უარესია ან როგორ უნდა არჩინოს ბავშვები?! რა უნდა ქნას მარტომ?! მარტოობას მტერსაც არ ვუსურვებ. თავსაც მოვიკლავდი, მარტო რომ ვიყო. მე რატომ უნდა ვიყო მარტო?!
ნეტავ, რომელი საათია? დღეს ბავშვები დედაჩემთან ხომ არ გავუშვა?! ეგ ამბავი ზურიკოს მოსვლამდე უნდა მოვაგვარო, ვერ იტანს, როდესაც ბავშვები არ არიან სახლში. ისე, რატომ ვერ იტანს?! ჩემთან მარტო დარჩენა არ უნდა?! არა – იმიტომ რომ კარგი მამაა. არც მამაჩემი მტოვებდა ღამით სხვაგან, ჩემი შვილების სუნთქვა უნდა მესმოდესო. სულ ამირია გონება იმ საზიზღარმა ქალმა. როგორ ვუთხრა ჩემს ძმას, თორემ საერთოდ არ შემოვუშვებდი ჩემს ოჯახში…
ჩემს ოჯახში… ჩემს ოჯახში… ჩემს ოჯახში…
– დედა, მამას უთხარი, გამოიაროს, ბავშვები თქვენთან წამოიყვანოს. შენთან დარჩნენ ამაღამ, ხვალ შაბათია მაინც. არა, არა, რა უნდა მომხდარიყო?! ზურას სამუშაო აქვს და არ მინდა, შეაწუხონ. მინდა, რომ გამოიძინოს… კარგი, გკოცნი. წავედი, სადილი მიდგას… რაც შეიძლება, სწრაფად მოვიდეს მამა.
– ბავშვებო, დღეს ბებოსთან მიდიხართ. იქ დარჩებით ამაღამ. ნუ წუწუნებთ… დროზე, მოემზადეთ, ბაბუ საცაა მოვა.
მაშ, ასე – ზურიკოს საყვარელი ხარჩოც გავაკეთე, იფ-იფ ისეთია, თითებს ჩაიკვნეტს! როგორ მიყვარს მისი ყურება, როდესაც ჭამს, ისე გემრიელად ილუკმება, თითქოს საჭმელს პირველად ხედავდეს. ჩემი სასაცილო ბიჭი! დავურეკავ და ვკითხავ, როდის მოვა, რომ ღომი ამოვზილო და ცხელ-ცხელი დავახვედრო. არა, არ დავურეკავ, სიურპრიზს მოვუმზადებ.
როგორი სიწყნარეა სახლში. რამდენი ხანია, მარტო აღარ დავრჩენილვართ. ჰო, ამიტომაც აღარ მახსოვს, ბოლოს როდის გვქონდა სექსი. იქნებ აღარ ვიზიდავ?! არა – არ მგონია, მე მისი შვილების დედა ვარ და თუ მთლად ისეთიც ვერ ვარ, როგორიც ვიყავი, მისი შვილების გამო დავკარგე ფორმა. ბავშვი ხომ არ გავუჩინო?! თორემ ესენი საცაა თავიანთ ცხოვრებას მოიწყობენ და მე?! რა მე?! ფუნქცია აღარ მექნება?! ბებია გავხდები და დამთავრდა?! არა–არა–არა!!!! კარგი იდეაა – ბავშვი უნდა გავუჩინო. მივალ ჩემს გინეკოლოგთან – საუკუნეა, არ ვყოფილვარ, ვნახავ, რას შვრებიან ჩემი მილები. ეს რა კარგი აზრი მომივიდა თავში – გენიოსი ვარ!
შვიდიც გამხდარა. საცაა მოვა… ის სანთლები სადაა, ინდოეთიდან რომ ჩამომიტანა ჩემმა ძმამ?! აქ ყოფილა. ვიცი, რომელ „სერვიზსაც“ გამოვიტან. ოოო – დიდებული საღამო გველის. საღამოს კაბა ჩავიცვა თუ?! კაბა სჯობს. აი, ის იასამნისფერი, კარგად მალავს, რის გამოჩენაც არ მიყვარს.
ყველაფერი მზადაა… იმ კახპის სახე დამანახვა – კიდევ რომ ჩამისისნებს, ბოლოს როდის გქონდა სექსიო?! ჰაჰაჰა… ვინ მირეკავს ნეტავ?
– ჰო, ზურიკო…
გაგრძელება შემდეგ ნომერში