ჯობია, მოვკვდე #8
ოცდაორი წელი. ჩაკეტილი სივრცე და სიმშვიდე, რომელიც არ ყოფილა ადვილად მისაღწევი. ლამის ისიც დაავიწყდა, რისთვის აღმოჩნდა ციხეში. იჯდა თავისთვის, სარკმლიდან ცის პატარა ნაგლეჯს შესცქეროდა და ფიქრობდა. ფიქრიც აქ ისწავლა. ნელ-ნელა აქაურობა მის მშობლიურ და ბუნებრივ გარემოდ იქცა. ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ისევ აღმოჩნდებოდა ადამიანების გარემოცვაში. რაც მთავარია, თავისუფალი ადამიანების, მაგრამ ეს დღე მაინც დადგა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ელოდა.
როცა უთხრეს, რომ მისი პატიმრობის ვადა დასრულდა, თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა – თითქოს ვერც მიხვდა, რას გულისხმობდნენ. ოცდაორი წლის შემდეგ კარი ფართოდ გააღეს და უთხრეს, წადიო. არც სიხარული უგრძნია. ან რა უნდა გახარებოდა. ისეთი განცდა გაუჩნდა, რომ ხელი ჰკრეს და სახლიდან ქუჩაში აგდებდნენ – ცივ, მტრულ გარემოში, სადაც არავინ ელოდა.
მკვეთრმა სინათლემ თვალი მოსჭრა. გარეთ ყველაფერი შეცვლილიყო. ფართო გზაზე უცნაური ავტომობილები დაქროდნენ. ადამიანებსაც უჩვეულოდ ეცვათ. ტაქსის მძღოლიც უჩვეულოდ გამოიყურებოდა. ფული ჰქონდა ციხეში, ოცდაორი წლის განმავლობაში დაუგროვდა. მუშაობდა და სად უნდა დაეხარჯა. არანაირი გეგმა, იმის წარმოდგენაც კი არ ჰქონია, ცხოვრება როგორ უნდა გაეგრძელებინა. რეალობა, რომელსაც პირისპირ შეეჯახა, როცა მის ზურგს უკან საპატიმროს კარი მიიხურა, შემაძრწუნებელი აღმოჩნდა, დამთრგუნველი და გამაღიზიანებელი. დიდ ხანს ვერ მიხვდა, განსაკუთრებულად რა აწუხებდა და მხოლოდ მაშინ, როცა ქუჩაში ადამიანმა ისე ჩაუქროლა, რომ მხარიც კი გაჰკრა, მიხვდა, ეს ტემპი იყო – არანორმალური, თავბრუდამხვევი ტემპი.
ერთადერთი, რაც მეტ-ნაკლებად ნაცნობი მოეჩენა, ეს ბარი იყო, სადაც ბოლოს დააკავეს. გახარებულმა შეაღო კარი და აღმოაჩინა, რომ ეს ადგილიც კი, მხოლოდ გარეგნულად იყო იერშეუცვლელი. შიგნით ყველაფერი ახალი იყო. ბარში ახალგაზრდა, თითქმის ბავშვი ყმაწვილი იდგა და ოსტატურად აზავებდა კოქტეილს. სიღრმეში ბილიარდის მაგიდა იდგა და რამდენიმე ჯეელი თავს თამაშით ირთობდა.
გაუბედავად მიუახლოვდა დახლს და არაყი ყინულით შეუკვეთა. ბარმენმა ცნობისმოყვარედ შეხედა კლიენტის უცნაურ ჩაცმულობას. როგორც ძველ, შავ-თეთრ კინოებშია ხოლმე, ისე გამოიყურებოდა და საერთოდ არ ჰგავდა მის კლიენტებს, რომლებიც ბარში დადიოდნენ.
– ინებეთ, სერ, – ჭიქა დაუდგა და თეფშით მარილიანი თხილიც მიუჩოჩა, – ათი დოლარი
– ათი დოლარი? – განცვიფრებულს აღმოხდა, – ერთი ჭიქა არაყი. თუმცა, არა უშავს, ფული მაქვს. ხომ არ იცით, პატარა ბინა ან სასტუმროს ნომერი სად შეიძლება, ვიქირავო.
– ჩამოსული ხართ? მაშინ ამ ქუჩას ბოლომდე აუყევით, შეიძლება, რამე შესაფერისი იპოვოთ.
არაყი დალია და ბარმენს გაუღიმა.
– ჰო, ჩამოვედი, მაგრამ აქ ადრეც ვყოფილვარ.
– მართლა? ალბათ, დიდი ხნის წინ, თუმცა, მე სულ ერთი წელია, რაც აქ ვმუშაობ.
– ესე იგი, „ჭაღარა ჯოს“ შემცვლელად მოგიყვანეს?
ბარმენს სახეზე განცვიფრება გამოეხატა.
– „ჭაღარა ჯო“?! ა, ეგ ის ტიპია, ოცი წლის წინ ქუჩაში რომ ჩაცხრილეს? ამბობენ, ჩუმად ნარკოტიკებს ჰყიდდა ამ ბარის კლიენტებზე და თანამზრახველები გაუსწორდნენო. ყველა ბარიგას ბოლო ხომ ეგ არის? ეტყობა, ფულში ვერ შეთანხმდნენ.
თვალები გაუფართოვდა და ცრემლებით აევსო: „ჭაღარა ჯო“ ჩაცხრილეს... როგორი სასტიკია სამყარო“.
– ძალიანაც ნუ ინერვიულებთ, ანგელოზი არ ყოფილა, ჩაიცინა ბარმენმა.
რისხვამ ერთბაშად დაიპყრო. სადღაც გაქრა ის სიმშვიდე, რომელიც წლების განმავლობაში სიამოვნებას ჰგვრიდა. ჭიქა დახლზე დაანარცხა. შუშა წვრილ ნამსხვრევებად გაიბნა გაპრიალებულ ზედაპირზე.
– სერ, ასე მოქცევა არ შეიძლება, – წარბი შეიკრა ბარმენმა, – ბარის განაწესს არღვევთ. დაცვა გარეთ გაგაძევებთ.
– არაყი ისევ დამისხი! შენ ვერ მასწავლი, როგორ მოვიქცე. ვერავინ, ვერასოდეს, ვერაფერს მასწავლიდა, მით უმეტეს, ცხვირმოუხოცავი ღლაპები.
– სერ, თავი შეიკავეთ, – ხმას აუცია ბარმენმა, – ეს წესიერი დაწესებულებაა. არ ვიცი, საიდან ჩამოხვედით, მაგრამ რადგან აქ ხართ, თავსაც ეცით პატივი და აქ მყოფებსაც.
ბარმენის ხმამაღალმა ნათქვამმა კიდევ უფრო გააღიზიანა. თვალები ჩაუსისხლიანდა, ხელები მომუშტა. ბილიარდის მაგიდასთან მოთამაშეები გაჩერდნენ და მისკენ გამოიხედეს.
– შენ ვინ ხარ, მე არც ჩამოსული ვარ და არც შენი მითითებებით მიცხოვრია. იყო დრო, როცა ამ ბარში შემოვდიოდი, ყველა ფეხზე დგებოდა და ადგილს მითმობდა. დიდ პატივად ჩათვლიდნენ, თუ მათ მაგიდასთან დავჯდებოდი. შეიძლება, რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. პრინციპები იგივე რჩება.
– ნუ მაცინებთ. რომელი პრინციპები? თავად მიბრძანდით აქედან, თორემ ჩვენ გაგაგდებთ, ანდა პოლიციას გამოვიძახებ.
– პოლიცია ასეთ დავებში არ ჩაერევა. ბარმენს კლიენტის შეურაცხყოფის უფლება არა აქვს. საერთოდ არაფრის უფლება არ გაქვს და თუ არ გაჩერდები, ჭკუასაც გასწავლი.
ბილიარდის მოთამაშეებმა ჯოხები დადეს და ნელ-ნელა მიუახლოვდნენ დახლს. ერთმა, რომელიც ყველაზე მაღალი და დაკუნთული იყო, წარბი შეიკრა.
– აბა, ენა ჩაიგდე და წადი აქედან!
შებრუნდა და არამკითხეს მტრულად მიაჩერდა.
– შენ იცი, ვინ ვარ? – თქვა ნელა და დამარცვლით.
– არ მაინტერესებს. კისერს მოგიგრეხ, სიმშვიდე რომ დაგვირღვიე.
აღშფოთება ბურთივით მოაწყვა ხელში.
– მე დაგირღვიეთ სიმშვიდე? მე... მე... რა მინდა აქ და რატომ ვითმენ ადამიანის მსგავსი არსებებისგან შეურაცხყოფას. შემიძლია, ხელის ერთი აქნევით იმქვეყნად გაგისტუმროთ, თანაც ყველა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. იმიტომ, რომ შევიცვალე, იმიტომ რომ მე ის აღარ ვარ. მაგრამ, ერთს გეტყვით: მე აქ არყის დასალევად შემოვედი და თქვენნაირი ნაბიჭვრები ხელს ვერ შემიშლიან.
ვერ დაინახა, რომელმა მოუქნია მუშტი, მაგრამ დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, თვალთ დაუბნელდა. მეორე მუშტმა ჰაერში ააგდო. ტკივილი არ უგრძნია, მაშინაც კი, როცა მაგიდას მთელი ძალით დაენარცხა. შეეძლო, წინააღმდეგობა გაეწია. იქნებ, თავისთვის ძალა დაეტანებინა კიდეც, მაგრამ სურვილი გაუქრა. მიხვდა, მისი ადგილი აქ არ იყო. ბარში კი არა, საერთოდ ამ სამყაროში, ახალ და უცხო გარემოში. სულ ბოლოს, რაც გაიფიქრა, იყო: რადგან უკან ვეღარ დავბრუნდები, აჯობებს, მოვკვდე...