ყურის ხშირმა წმენდამ შესაძლოა, სმენის დაქვეითება გამოიწვიოს #8
ყურის არხში ისეთი უცხო სხეული, როგორიცაა ბამბის ჩხირი, იწვევს სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სრულიად შესაძლებელია, ყურის გაწმენდამ გაზარდოს შუა ყურის დაზიანების, სუსტი ძვლების დაშლისა და ინფექციების რისკი. შეიძლება, ასევე, განვითარდეს ძლიერი ტკივილი და სმენის დაქვეითებაც.
ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ ყურის გაწმენდა უწყინარი ჰიგიენაა. პრობლემა ის არის, რომ გაწმენდის დროს გოგირდი ყურის არხის სიღრმეში ჩადის. ნებისმიერი რამ, რასაც გაწმენდის დროს ყურში ათავსებთ, შეიძლება, სერიოზული პრობლემის გაჩენის მიზეზი გახდეს.
სინამდვილეში, ჯანმრთელი ყურები ჩვენს დაუხმარებლადაც მშვენივრად იწმინდება. სასმენი მილების თვითგაწმენდის პროცესი ხორციელდება გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან მდებარე საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მოძრაობით, მაგალითად, ღეჭვის, ლაპარაკის ან ხველის დროს.
ყურის ნიჟარა უნდა გაიწმინდოს შიგნითა მხრიდან, მაგრამ სასმენ მილში შეძრომა სულაც არაა საჭირო.
რაც ყველაზე მთავარია, ბამბის ჩხირები გოგირდის საცობების ერთ-ერთი მიზეზია. მათი გამოყენება აუცილებელია ჰიგიენური მოსაზრებების გამო, მაგრამ გააკონტროლეთ, რომ ყურების გაწმენდა არ მოხდეს უხეშად. ძალიან დიდი სიფრთხილის გამოვლენაა საჭირო. ყურის ჩხირი ყურის მილში 7 მილიმეტრზე ღრმად არ უნდა შეიყოთ და არც უხეში მოქმედებებით გაიწმინდოთ. შეიძლება დაფის აპკი ერთბაშად არ გაიხეს, მაგრამ ნელ-ნელა დაზიანდეს, თუ ყურის გაწმენდის პროცედურა უხეში იქნება.
გოგირდოვანი საცობის გამოღება მხოლოდ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს შეუძლია, ამ პროცედურის შემდეგ კი, პროფილაქტიკის მიზნით, დამოუკიდებლად, სახლის პირობებში, თვეში 2-3-ჯერ კარგია მარტივი პროცედურის ჩატარება: დაწექით გვერდზე და ჩაიწვეთეთ ყურში 5 წვეთი წყალბადის ზეჟანგის 3-პროცენტიანი ხსნარი ან ვაზელინის ზეთი. იწექით 15-20 წუთი. შემდეგ გაიწმინდეთ ყური სტერილური ბამბით წრიული მოძრაობით სასმენი მილის შესავლის გარედან. არასტერილური ბამბის წკირები ყურისთვის არ გამოიყენოთ, ასევე არ შეიძლება ასანთზე დახვეული ბამბის გამოყენება – ამ დროს ყურის სტრუქტურის დაზიანების ალბათობა უფრო დიდია.
ყურის ტკივილის შემთხვევაში შეგიძლიათ, სხვადასხვა გზას მიმართოთ. თუ ყურიდან გამონადენი არ გაქვთ, მაშინ სასმენ მილში ჩაიწვეთეთ 5 წვეთი (ბავშვებს – 2-3 წვეთი) არაყი ან 3-ჯერ განზავებული 96-გრადუსიანი სპირტი. თუ ზუსტი დიაგნოზი არ იცით, კომპრესის გაკეთებას არ გირჩევთ. ჩაიწვეთეთ ცხვირში სუნთქვის გასაუმჯობესებელი წვეთები: „ნაზივინი“, „სანორინი“ და სხვა. ეს აუცილებელია შეშუპების მოსახსნელად და ვიწრო სასმენი მილის გასაფართოებლად, რათა მოხდეს დაფის ღრუდან შიგთავსის თავისუფალი გადინება. გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში ჩაიწვეთეთ იმ ნესტოში, რომელიც ქვევითაა და იწექით 7-10 წუთი. შემდეგ გადაბრუნდით და ჩაიწვეთეთ მეორე ნესტოში. მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი სიცხის დამწევი საშუალება, თუნდაც ტემპერატურა მაღალი არ გქონდეთ („პარაცეტამოლი“, „ასპირინი“, „ნუროფენი“ და სხვა).
აბზინდის
სამკურნალო თვისებები
აბზინდა არსებობს უამრავი სახეობის და მისი ყველა სახეობა ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც გარეგნულად, ისე სამკურნალო თვისებებით. ის არის ძალიან სასარგებლო მცენარე, რომელსაც სამკურნალო დანიშნულებით უძველესი დროიდან იყენებენ. იოგები მას გამოიყენებდნენ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მედიტაციის დროს, რომელიც ადამიანს ფოკუსირებაში ეხმარება.
ხალხში ძალიან პოპულარულია აბზინდის კანის წმენდისა და სხვა კოსმეტიკური შესაძლებლობები. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ღეროები, ყვავილები და ფესვებიც. საუკეთესო ეფექტი აქვს ნედლ აბზინდას, მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა ხმელ მდგომარეობაში გრილსა და ბნელ ადგილას შენახულიც – ამგვარად ის ორი წლის განმავლობაში შეგვიძლია, შევინახოთ.
აბზინდა შეიცავს ეთერზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, ფლავონებს, მინერალურ მარილებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავასა და კაროტინს.
აბზინდის პრეპარატები ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების ფუნქციას, აღვიძებენ მადას და აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, აძლიერებენ საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, ნაღვლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას.
აბზინდას აქვს სხვადასხვა დაავადების შედეგად დასუსტებული და დანგრეული ორგანიზმის აღდგენის უნარი. ის ერთ-ერთი, ყველაზე ეფექტური, ხელმისაწვდომი და ბუნებრივი საშუალებაა ჩირქოვანი ინფექციების, წვრილი ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველისა და კანის დაავადებების, ალერგიის, ჭინჭრის ციების, ეგზემის, ფსორიაზის და ასე შემდეგ, სამკურნალოდ. შეგიძლიათ, დაამატოთ მისი ნაყენი აბაზანაში წყალს და გაიწმინდოთ სხეული, რაც ძალიან სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის. ამისთვის ერთ ჩაის კოვზ აბზინდას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ ათი წუთით და შემდეგ გამოიყენეთ.
აბზინდის ნახარშსა და ნაყენს იყენებენ გამოჯანმრთელების პერიოდში. აბზინდა ტკივილგამაყუჩებელია ძარღვების დაჭიმვის, ამოვარდნილობის, მსხვილი ნაწლავის სპაზმისა და ანთების დროს. ხალხურ მედიცინაში აბზინდას იყენებენ ჭიების დასაყრელად; ნაყენს – ხმარობენ კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, ხოლო მის წვენს ბრონქიალური ასთმის, ეგზემის, რევმატიზმის, ნაღველკენჭივანი დაავადების სამკურნალოდ და უძილობისას. ნიკრისის ქარისა და რევმატიზმებისას იყენებენ აბაზანებში.
აბზინდას იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ჭრის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ანემიის დროს. აბზინდას ნაყენი ან ფხვნილი აძლიერებს კუჭის წვენს, აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან
აბზინდა დაგეხმარებათ, ასევე, ორგანიზმის ჭიებისა და პარაზიტებისგან გაწმენდაში. პარაზიტები არა მხოლოდ მოიხმარენ ჩვენს ორგანიზმში არსებულ ყველაფერ სასარგებლოს, არამედ საბოლოო ჯამში, ორგანიზმს ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებენ. იგივეს თქმა შეგვიძლია ჭიებზეც. რომელმაც ორგანიზმი შესაძლოა, ფატალურ შედეგამდეც მიიყვანოს.
არსებობს რამდენმე პოპულარული რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ აბზინდა ჭიების წინააღმდეგ სამკურნალოდ.
აიღეთ აბზინდა, მიხაკი და სელის თესლი (ფხვნილის სახით): ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს თანაბარი რაოდენობის – კონკრეტულად, ნახევარი ჩაის კოვზი. აურიეთ ის ერთ ჭიქა სტაფილოს წვენში და, მიიღეთ დღის განმავლობაში. ის ნამდვილად დაგეხმარებათ ჭიების თავიდან მოცილებაში. უფრო ეფექტური იქნება, თუ მიიღებთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ეს რეცეპტი, ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ წონის დაკლებისთვის.
აბზინდას ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 10 გრამი (ორი სადილის კოვზი) გამხმარი ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ ასე დატოვეთ 45 წუთი. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (1 ჩაის ჭიქა). შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
შესაძლებელია, აბზინდას ჩაის მომზადებაც: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთი, გადაწურეთ, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
აბზინდის წვენი ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, კარგია სისხლჩაქცევებისა და დაჭიმულობისგან გასათავისუფლებლად, ხსნის დაძაბულობას. გამოიყენება დამწვრობის, ეგზემის, რევმატიზმისა და ასთმის სამკურნალოდ. მისი ლოსიონები კი გამოიყენება თვალის ანთების სამკურნალოდ, ისევე, როგორც კომპრესები, მაშინაც, როცა სისხლჩაქცევები და რევმატიზმები გაწუხებთ.
აბზინდას უკუჩვენებები: არ შეიძლება მისი გამოყენება დიდი დოზით და ხანგრძლივი დროით. მაგალითად, რამდენიმე თვე. ამან შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე, გამოიწვიოს ჰალუცინაცია, ასევე – ინტოქსიკაცია, პირღებინება, თირკმლის უკმარისობა. მკურნალოსბის კურსი არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას. მისი გამოყენება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ორგანიზმი სხვა მხრივ ნორმალურ მდგომარეობაშია და სერიოზული პათოლოგიები არ გაწუხებთ.
კრაზანა ასამდე დაავადებას კურნავს
კრაზანა უკვე დიდი ხანია, მიიჩნევა ერთ-ერთ მთავარ, სამკურნალო მცენარედ, რომელიც ასამდე დაავადებას კურნავს.
კრაზანა იზრდება ყველგან – მდელოებში, ხეობებში, ტყეში და ასე შემდეგ. ყვავის ივნის-აგვისტოში და აყვავებული ღეროს სიგრძე დაახლოებით 25-30 სანტიმეტრია. შესაძლებელია, მისი შენახვა.
ხმელი კრაზანა, ისევე, როგორც სხვა სამკურნალო მცენარეები, სასურველია, შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას ყუთით ან ქაღალდის პაკეტებით. სასურველია, თუ ერთ წელზე მეტხანს არ შეინახავთ.
კრაზანის თვისებები ფართოდ გამოიყენება ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში. სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია მის საკმაოდ რთული ქიმიურ შემადგენლობასთან.
ტრადიციული მედიცინა კრაზანას გამოიყენებს როგორც შემკვრელ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ საშუალებად, ასევე ძლიერი ხველის, ღვიძლისა და სხვა დაავადებების დროს.
კრაზანის ასევე, აქვს ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ის გამოიყენება მძიმე დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების, სასუნთქი გზების დაავადებების (რინიტი, სინუსიტი, ფარინგიტი), ცელულიტისა და მასტიტის სამკურნალოდ.
გარდა ამისა, კრაზანა კარგი საშუალებაა წყლულების, რევმატოიდული ართრიტის, პოდაგრას და ნერვული აშლილობის სამკურნალოდ. აქვს შარდმდენი თვისებები და მკურნალობს დეპრესიულ ფსიქოზს.
კრაზანის ძლიერი ინფუზია გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. აღმოფხვრის ცუდ სუნთქვას და ასევე, ცნობილია მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
კრაზანა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (დიარეა, ქრონიკული გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება), ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და თირკმლის დაავადებების დროს. ის ასევე, ხელს უწყობს გულისცემის ზრდას, ზრდის არტერიული წნევას, ავიწროვებს სისხლძარღვებს.
როგორ მოვამზადოთ კრაზანის ინფუზია
1 სადილის კოვზ დაჭრილ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ 30 წუთი და მიიღეთ 0,25 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
1 სადილის კოვზი დაჭრილი კრაზანა ჩაყარეთ ერთ ჭიქა წყალში, ხარშეთ, დაახლოებით 15 წუთი, შემდეგ გააგრილეთ და გაფილტრეთ. ეს ყოველდღიური დოზაა, რომელიც მთელ დღეზე უნდა გადაანაწილოთ.
ხალხურ მედიცინაში, კრაზანა ძალიან პოპულარული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლის, თირკმლის დაავადების, ასევე, ნევრალგიის, უძილობის, ეპილეფსიის, დამბლის სამკურნალოდ.
კრაზანის ფესვები გამოიყენება დიზენტერიისა და ტუბერკულოზის დროს.
კრაზანის ზეთი გარე გამოყენებისთვის: 20 გრამ ახალ ყვავილებს დაასხით 200 მილილიტრი მზესუმზირის ან სელის ზეთი, გააჩერეთ, 14 დღის განმავლობაში, ხშირად შეანჯღრიეთ. ის კარგია სხვადასხვა სახის დაზიანებებისთვის, განსაკუთრებით ზურგის მიდამოებში, ჭრილობების, წყლულებისა და ჩირქოვანი ანთებების სამკურნალოდ. ასეთ შემთხვევებში, შეგიძლიათ, წაისვათ კრაზანის ლოსიონები.
კიდევ ერთი ნაყენი: 4 სადილის კოვზ კრაზანას დაასხით 100 მილილიტრი ალკოჰოლი, შეინახეთ ბნელ ადგილას დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში 15-20 წვეთი.
თუ პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი და ანთებითი პროცესები გაწუხებთ, კრაზანის ნაყენი გააზავეთ ადუღებულ წყალში (30-40 წვეთი 0,5 ჭიქა წყალში) და გამოივლეთ.
კრაზანის უკუჩვენებები: ნუ გამოიყენებთ ორსულობის, მაღალი წნევის, ჰიპერტენზიის დროს. იმის გამო, რომ კრაზანის ბალახს აქვს მცირე ტოქსიკური ეფექტი, მისი ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ღვიძლზე უსიამოვნო შეგრძნებები გაგიჩნდეთ, რაც ტოქსინების დაგროვებით იქნება გამოწვეული. ამიტომ, ნუ გამოიყენებთ მას ხანგრძლივი დროით. ინფუზიის ხანგრძლივად მიღებამ, შეიძლება, გამოიწვიოს მწვავე გასტრიტი, სპაზმები და ნაწლავის ტკივილი. თუ მას ერთი თვის განმავლობაში მიიღებთ, აუცილებლად შეისვენეთ მომდევნო ორი-სამი კვირა. მისი მიღების შემდეგ სასურველია, ცოტა ხნით თავი დაიცვათ ულტრაიისფერი სხივებისგან.