რა დანაშაულისთვის ჩასვეს ციხეში კასპიის ფლოტის მეზღვაური ბადრი ბეგალიშვილი და როგორ გახდა ის „ქურდი“ #8
„მოშიაშვილი, ს ვეშჩამი!” – ცნობილი ფრაზა, რითაც ზედამხედველი მსახიობ ბადრი ბეგალიშვილის გმირს მიმართავს უკვდავ ფილმში „თეთრი ბაირაღები”. სახალხო არტისტს სინამდვილეში მართლაც ჰქონდა ციხე გამოვლილი. სამხედრო სამსახურში წასულს, ერთი უსიამოვნო შემთხვევის გამო, რუსეთის მკაცრ ციხეში მოუწია ყოფნა, სადაც 2 წელი გაატარა. მაგრამ, ბედმა გაუღიმა და იქ მეფესავით იყო. ორწლიანი პატიმრობა თვითონ კი დაივიწყა, მაგრამ სხვებმა არ დაუვიწყეს. თეატრალურ ინსტიტუტში მიღებაზე უარი მხოლოდ იმის გამო უთხრეს, რომ ნასამართლევი იყო. ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა, ბევრი იშრომა სცენაზე, კინოში და სახალხო არტისტობასაც მიაღწია. მსახიობს მაყურებლის სიყვარული არ აკლდა, თუმცა არტისტულმა სამყარომ გული დასწყვიტა. ბადრი ბეგალიშვილი 2013 წლის გაზაფხულზე, მარტში, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხოვრების შესახებ მამის მოსახელე, ბადრი ბეგალიშვილი ყვება:
„მამაჩემი 1933 წელს ქუთაისში დაიბადა. იმ პერიოდში მამამისი, ბაბუაჩემი – ალექსანდრე ბეგალიშვილი, ქუთაისის თეატრის მსახიობი გახლდათ. შემდეგ თბილისში ახალდაარსებულ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადმოვიდა. მაშინ მამა ერთი წლის იყო. თბილისში, ვორონცოვზე იზრდებოდა. 35-ე საფეხბურთო სკოლა დაამთავრა, რადგან ბავშვობიდან სპორტის ამ სახეობით იყო გატაცებული. (წყარო: mediamall.ge) ბაქოში, ჯარში რომ წავიდა, იქაც ფეხბურთს თამაშობდა. კასპიის ფლოტის მეზღვაური გახლდათ და იქ არსებულ მეორე ლიგის საფეხბურთო გუნდში ირიცხებოდა. სიცოცხლის ბოლომდე ფეხბურთის ქომაგად დარჩა. მუსკომედიის თეატრის დირექტორი აკაკი შანიძე გახლდათ, რომელიც იმდენად მკაცრი იყო, მისი ნებართვის გარეშე ბუზი ვერ გაფრინდებოდა. მამა კი ბედავდა, ბატონ აკაკისთან „დინამოს” თამაშების ცხრილი მიჰქონდა და სთხოვდა, იმ დღეებში რეპეტიცია არ დაენიშნა. ფეხბურთი სიგიჟემდე უყვარდა და როდესაც თბილისის „დინამო” თამაშობდა, რეპეტიციასაც კი აცდენდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მამას უდარდელი ცხოვრებაც დამთავრდა. სრულიად ახალგაზრდამ ნახა ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლებოდა, ცხოვრებაში ენახა. იყო საბჭოთა ჯარში, იჯდა ციხეში. როგორც უკვე გითხარით, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბაქოში იხდიდა, მეზღვაური იყო. ერთხელაც უსიამოვნო შემთხვევა მოუვიდა, რის გამოც თავი ციხეში ამოყო. გემის კაპიტანმა იოსებ სტალინს და მათ შორის ქართველებს, შეურაცხყოფა მიაყენა. მამა მიყვებოდა, ეს პირად შეურაცხყოფად მივიღე, მაგრამ მაშინ ძალიან გამხდარი ვიყავი და ძალა არ მქონდაო. ამიტომაც გაექანა და იმ კაპიტანს სახეში თავი ჩაარტყა. მამაჩემი ეგრეთ წოდებულ დისბატში მოათავსეს, რაც ციხეზე უარესია. მაგრამ, საქართველოდან ბაბუაჩემმა ვიღაცეები ჩარია და საბოლოოდ, სასჯელი ჩვეულებრივ ციხეში მოიხადა. ძალიან შორს წაიყვანეს. იხსენებდა, 18 დღე ვაგონში ვიჯექი და ისიც კი არ ვიცოდი, სად მივყავდიო. ციხეში ყოფნისას ერთი დაუჯერებელი ამბავი გადახდა თავს. მამაჩემი ნამდვილი ქალაქელი, ტრადიციების მიმდევარი კაცი გახლდათ, მაგრამ ციხეში ყოფნისას ლამის ავტორიტეტი გახდა, ქურდის მეორე კაცი იყო. სანამ დაიჭერდნენ, ერთ დღეს ის და მისი მეგობარი მეზღვაური კაფეში ისხდნენ და ყავას სვამდნენ. უცებ სამი უცნაური ტიპი შევიდა. ბადრი ააყენეს და საპირფარეშოში გაიყვანეს. ერთ-ერთმა, ძალიან გამხდარმა კაცმა, მამას მეზღვაურის ფორმა გახადა, თავისი ტანსაცმელი მისცა და უთხრა, სანამ მოვალ, აქედან ფეხი არ გაადგაო. მამა კაფეში დაელოდა. ერთი საათის შემდეგ მართლაც მივიდა ის კაცი, ფორმა დაუბრუნა, მადლობა გადაუხადა და წავიდა. ოფიციანტმა უთხრა, ეს ცნობილი აზერბაიჯანელი ქურდი აღადაიაო. მამა რომ დაიჭირეს, კამერაში შესულს იქ სწორედ ეს აღადაი დახვდა. მან მაშინვე იცნო და იმ დღიდან გვერდში დაიყენა. მამა, როგორც ნაღდი თბილისელი და ვორონცოვზე გაზრდილი კაცი, სომხურ, თათრულ, რუსულ ენებს თავისუფლად ფლობდა. აღადაის იქ საქმის გარჩევებზე თარჯიმანივით ჰყავდა. მამა სულ იხსენებდა, რომ ციხეში მეფესავით იყო. სამშობლოში რომ დაბრუნდა და იფიქრა, ყველაფერი დალაგდაო, მსახიობობა მოისურვა. თეატრალურ ინსტიტუტში მივიდა, მაგრამ იმის გამო, რომ ნასამართლევი იყო, არ მიიღეს. ასე რომ, მამაჩემს ამ სფეროში უმაღლესი განათლება არ მიუღია, მაგრამ თავდაუზოგავი შრომით, სახალხო არტისტობას მიაღწია. როგორც მსახიობი, მამაჩემი ზუგდიდის თეატრში დაიბადა, სადაც მიწვევით ჩავიდა. სპექტაკლში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” ზურიკელა ითამაშა. ეს იყო პირველი როლი და მისი სამსახიობო კარიერის დასაწყისი. შემდეგ სახელმწიფო ფილარმონიაში არსებულ სხვადასხვა ჯგუფში იუმორისტულ სკეტჩებში მონაწილეობდა. სცენაზე არა მარტო თამაშობდა, კარგად ცეკვავდა და მღეროდა. ერთხელ მამა კომპოზიტორმა გოგი ცაბაძემ შეამჩნია. იმ დროს ბატონი გოგი მუსკომედიის თეატრში ოპერეტას დგამდა და მამაჩემიც მიიწვია. იმ დღიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლო წლებამდე ამ თეატრში იყო. ხანდახან რუსთავის, მარჯანიშვილისა და თუმანიშვილის თეატრებშიც თამაშობდა, მაგრამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები მუსიკისა და დრამის თეატრს შეალია.
***
მამა 27 წლის იყო, როდესაც პირველად დაოჯახდა და ჩემი ძმები – ზურა და ალეკო ეყოლა, რომლებიც ასევე მსახიობები გახდნენ. ჩვენ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მამაჩემის დამსახურებაა, რომ ასეთი კარგი ძმობა ჩამოგვიყალიბდა. დედაჩემი, იზა ბოჭოიძე, მისი მეორე ცოლი იყო. დედა იხსენებს, სპექტაკლ „საბედისწერო ოპერაციაში” მივიღე მონაწილეობა და ეს ჩემთვის მართლაც საბედისწერო აღმოჩნდაო. ხუმრობს ხოლმე, ოპერაში უნდა მემუშავა, მაგრამ მამაშენმა მუსკომედიის თეატრიდან აღარ გამიშვა. ასე დავრჩი ამ თეატრში და მასთანო… 40 წელზე მეტი გაატარეს ერთად… მე რომ დავიბადე, თქვა, ეს ჩემი უკანასკნელი გამოშვებააო, ამიტომაც თავისი სახელი დამარქვა. პასპორტით მამას ბაადური ერქვა, მაგრამ ყველა ბადრის ეძახდა. მის მსგავსად, ფეხბურთით მეც ძალიან ვიყავი გატაცებული. გუნდში ვთამაშობდი კიდეც, მაგრამ ცოტა არეული პერიოდი დაემთხვა და თავი დავანებე. ბადრის არ უნდოდა, რომ თამაშისთვის თავი დამენებებინა. მეუბნებოდა, ფეხბურთელი თუ არ გამოხვალ, სპორტული ჟურნალისტი მაინც გახდი, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მსახიობობა გაგიჭირდებაო. რაც წლები მემატება, მით უფრო ვრწმუნდები მამაჩემის სიტყვების სისწორეში… მიუხედავად იმისა, რომ მამას არ უნდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, ჩემთვის ხელი მაინც არ შეუშლია... ფიცხი ხასიათი ჰქონდა, ცოტა ჯაჯღანა კაცი იყო. ემოციური. უცებ ანერვიულდებოდა ხოლმე. სხვა მხრივ ძალიან კეთილი, მეგობრული ადამიანი გახლდათ. ოჯახს არაფერს აკლებდა. ცხოვრებაში ძალიან გულღია და უბრალო იყო. ამქვეყნად შეუცდომელი არავინაა და გამონაკლისი არც ბადრი გახლდათ. თუმცა, ძალიან კარგი ადამიანი იყო… იმქვეყნად გულნატკენი წავიდა. ხმამაღლა შესაძლოა, არაფერს ამბობდა, მაგრამ მე შვილი ვარ და ყველაფერს ვხვდებოდი. თავის პროფესიაში დაუფასებელი იყო და ეს მათ ნამუსზეა, ვინც მამას რაღაცეები დააკლო. სიცოცხლეში მამას ამაზე ხმა არც თავად ამოუღია და არც მე მითქვამს არაფერი. ახლა ცოცხალი აღარაა და ამიტომ ვიტყვი. მსახიობებს, ვისაც ვარსკვლავები გაუხსნეს, ყველას ეკუთვნის და ვენაცვალე მათ, მაგრამ, სადაც სხვებს ჰქონდათ ვარსკვლავი, იქ ბადრი ბეგალიშვილსაც უნდა ჰქონოდა. კაცმა მთელი შეგნებული ცხოვრება მუსკომედიის თეატრს მიუძღვნა და თეატრის წინ პატარა ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ... მარტო ეგ კი არა, დიდუბის პანთეონში დასაფლავებაც ეკუთვნოდა, მაგრამ ამაზე არავის უფიქრია.
***
ორ სპექტაკლში მე, მამაჩემსა და დედაჩემს სცენაზე ერთად თამაში მოგვიწია. ერთი იყო გიგა ლორთქიფანიძის „მევიოლინე სახურავზე” და მეორე – „მეჩექმე გაბო”.. სახლში სამივე ერთად ვიყავით, სცენაზეც ერთად ვიდექით და საღამოს სახლში ერთად რომ ვბრუნდებოდით, მერე იწყებოდა სპექტაკლის განხილვა... ერთხელ თეატრიდან გასტროლზე წავიდნენ. ოდესაში „მეჩექმე გაბო” ჰქონდათ წაღებული. მაშინ ამ სპექტაკლში მე ჯერ არ ვთამაშობდი, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, მაგრამ დედამ და მამამ გასტროლზე მეც წამიყვანეს. იყო ერთი კაცი – მიხეილ ვოდიანოვი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. იქაურ სპექტაკლში მას ზუსტად იგივე როლი ჰქონდა, რაც მამას ქართულ „მეჩექმე გაბოში”. მუსკომედიის თეატრმა ოდესაში სპექტაკლი წარმატებით ითამაშა. ადგილობრივები მამას ულოცავდნენ, ეხუტებოდნენ და ეუბნებოდნენ, საოცრად შეასრულე ტევის როლიო. სპექტაკლის შემდეგ მიხეილ ვოდიანოვიც მივიდა მასთან და მიულოცა. უთხრა, ასეთი ტევი არსად მინახავსო. ბატონი მიხეილი თეატრიდან სახლში რომ დაბრუნდა, გარდაიცვალა. მას მერე მამას მეგობრები ხუმრობით ეუბნებოდნენ, ვოდიანოვი შენ მოკალი, რადგან მასზე მაგრად ითამაშე და ინერვიულაო.
***
მამას კინოკარიერა 1971 წელს დაიწყო შოთა და ნოდარ მანაგაძეების ფილმით „წუთისოფელი”, რომელშიც ეპიზოდური როლი შეასრულა. ერთი წლის შემდეგ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „ჩარი-რამა” ჭიპილია ითამაშა. ეს უკვე მისი პირველი პროფესიონალური კინოროლი გახლდათ. ამის მერე მიეწყო მისი ფილმები და ოცზე მეტი სახე შექმნა კინოში... მიუხედავად ასეთი წარმატებისა კინოში, მისთვის უპირველესი მაინც თეატრი იყო... პირველი ინსულტი რომ დაემართა, 65 წლის გახლდათ. სპექტაკლი „მეჩექმე გაბო” ითამაშა. სცენაზე, მე და დედაც მასთან ერთად ვიყავით. როცა დამთავრდა და ფარდა დაიხურა, მამა ცუდად გახდა. სცენიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ ეს ინსულტი ადვილად გადაიტანა, რადგან ჯანსაღი ორგანიზმი ჰქონდა. დაახლოებით ორ თვეში მდგომარეობიდან გამოვიდა და ცხოვრება ძველებურად გააგრძელა. გარდა იმისა, რომ ქეიფი და სმა უყვარდა, ყოველ შაბათ–კვირას მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. ამის შემდეგ სპექტაკლებში მონაწილეობდა, სამ ფილმში გადაიღეს, სერიალშიც ითამაშა. ბოლოს ინსულტი გაუმეორდა. უკვე ასაკში იყო და ასე ადვილად ვეღარ გადაიტანა. 6 თვე იავადმყოფა და გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ 80 წელი შეუსრულდა.“