წმიდა სწავლებანი#8
რა სარგებლობა მოაქვს მოწყალების გაცემას
დიდი სიუხვე გამოვიჩინოთ მოწყალების გაცემისას, რათა მცირედის გაღებით დიდი ჯილდოს ღირსნი გავხდეთ. რამეთუ, მითხარი, რამხელა სარგებლობაა, თუ ცოტა ფულის გაცემით ცოდვების მიტევებას მიიღებ? ანდა მშიერის დაპურებით სამსჯავროს იმ საშინელ დღეს კადნიერება მოგეცემა და მოისმენ სიტყვებს: „მშიოდა, და მეცით მე ჭამადი“ (მთ. 25,35)? განა მას (ღმერთს), ვინც შენ ასე უხვად გიბოძა ყოველივე, თვითონ არ შეეძლო ამ მშიერის შველა? მაგრამ, უფლის დაშვებით, ის სიგლახაკეში რჩება, რათა უდიდესი ჯილდო მოიპოვოს მოთმინებით, შენ კი, კადნიერება მოიხვეჭო მოწყალების გაცემით. ხომ იცი, რომ უფალი კაცთმოყვარეა და ყოველივეს ისე განაგებს, როგორც ჩვენი ცხონების საქმისთვისაა უმჯობესი. მაშ, როდესაც ხედავ, რომ გლახაკი შიმშილით კვდება, შენივე თავისთვის, გულგრილად ნუ ჩაუვლი: იყავი კეთილი გამგე იმისა, რაც უფალმა მოგაბარა, რათა მშიერიც გააძღო და საკუთარი თავისთვისაც ღმრთის მოწყალება მოიპოვო. ადიდე ღმერთი, რომელმაც შენთვის და შენი ცხონებისთვის დაუშვა ამ ადამიანის სიღარიბეში ცხოვრება, რათა, ჯერ ერთი, იპოვო მიზეზი შენი ცოდვების აღსახოცად, მეორეც, კეთილად გამოიყენო შენთვის მონდობილი საუნჯე და დაიმსახურო ის შექება, რომელიც აღემატება ყოველგვარ სიტყვას და ყოველგვარ აზრს: „კეთილო, მონაო, სახიერო და სარწმუნოო, მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა“ (მთ. 25,23). ეს გვახსოვდეს და ვუყუროთ გლახაკებს, როგორც კეთილისმყოფელებს, როგორც ადამიანებს, რომლებსაც ძალუძთ ცხონების მოპოვების საშუალება მოგვანიჭონ. მივცეთ მათ მოწყალება უხვად და მხურვალე გულმოდგინებით, და როცა ვაძლევთ, შუბლს ნუკი შევიკრავთ, ტკბილად ველაპარაკოთ და უდიდესი კეთილგანწყობა ვუჩვენოთ.
სინანულისთვის
ოდეს სინანულს შეუდგები, მთლიანად განაგდე მზაკვრობა! როცა ებრაელებმა შესცოდეს, მოსემ ბრძანა, გველი ეცვათ ჯვარს, ანუ მოესპოთ ცოდვა (სინას უდაბნოში 40-წლიანი მოგზაურობისას აღთქმული ქვეყნისკენ, ცოდვილი ისრაელიანნი დიდად ევნებოდნენ გველთა ნაკბენებისგან. მოსემ ამის საკურნებლად სპილენძის გველი ჩამოასხმევინა და მაღალ ბოძზე მიამაგრებინა ჯვრის სახედ! ვინც რწმენით შეხედავდა მას ქვეწარმავალთაგან დაგესლილთაგან, აღარ კვდებოდა! ეს იყო ძველ აღთქმაში ჯვრის ერთ-ერთი პირველი წინა-სახე!). ეს (რვალის, ანუ სპილენძის) გველიც მან ფუტურო, ცარიელი კი არ გააკეთებინა, არამედ – ჩამოსხმული და მთლიანი. ამით შენც გიჩვენა, რომ აუცილებელია, სრულიად განეშორო მზაკვრობას. ვინც მხოლოდ გარეგნულად, მოსაჩვენებლად აღასრულებს სინანულს, ის ერთს კი არა, მრავალ ცოდვას სჩადის, იმიტომ რომ, სხვებსაც განაწყობს ოდენ გარეგანი სინანულისთვის. ასეთი ადამიანი კაცობრივი ღირსების შეურაცხმყოფელზე ბევრად უარესია, იმიტომ რომ, უტიფრად ბედავს, ღმერთს დასცინოს! ესევითარს არათუ არ მიეტევება ცოდვა, არამედ ემატება კიდეც! ის პირმოთნეა, და არა – კეთილმოშიშების მსახური. ის აბუჩად იგდებს საღმრთო მოწიწებას და უკეთურად იქცევა; თავის თავში მხოლოდ ნიღაბს ატარებს კეთილზნეობისა.
შენ მიმართ არის ჩემი სიტყვა, ჰოი, მონანულო! – შენ მტკიცე სინანული უნდა აღუვლინო უფალს! მთელის გულით უნდა შეინანო, რათა შეძლო შენდობის მიღება. როცა ცოდვებს ინანიებ, უცვლელად იგივე უნდა იყო, რაც ხარო, ხოლო თუ შეიცვლები, ამით თავადვე იმხილები იმაში, რომ შენს გონებით განსჯაში არ ყოფილა მტკიცე საფუძველი სინანულისთვის. ნუ მოიქცევი ჯამბაზისა თუ მატყუარას მსგავსად. ნუ იფიქრებ, რომ არის ჟამი, განკუთვნილი ღმერთისთვის, როცა შენ სიბრძნეში უნდა წარემატო, და არის ჟამი, განკუთვნილი ეშმაკისათვის, როცა ცოდვას უნდა მიეცე. ნუ გეგონება, თითქოსდა არსებობდეს დრო კეთილმსახურებისთვის და არის დრო – უსჯულოებისთვის. ვინც ასე ფიქრობს, მას სინანულის მსხვერპლი სკოლის მოწაფესავით მოაქვს, რომელიც, გაწკეპლილი, მხოლოდ იძულებით ტირის და არა თავისი ნებით.
ხოლო შენ მტკიცედ შეუდექი სინანულს, და არა – პირმოთნედ. ნიშანი მტკიცედ, ჭეშმარიტად მონანულისა ეს არის: მისი ცხოვრების წესი მკაცრი ხდება, ქედმაღლობა, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე უქრება; გონება და სულიერი თვალნი ყოველთვის სასურველი იესო ქრისტესკენ აქვს მიმართული და ის ერთიანად აღსავსეა ნდომით ახალ ადამიანად, ახალ კაცად გარდაიქმნას ქრისტეს მადლით – ისევე, როგორადაც მატყლი ხდება სრულიად სხვა, როცა მეწამულ თუ ცისფერ ქსოვილად გადაიქცევა.
საღმრთო მოწყალების კარი ყოველთვის ღიაა მონანულთათვის
შენ გევედრები, უფალო, და შენთა კართა ზედა ვირეკ, სახიერო! უტყუარია შენი აღთქმა, უფალო: „ირეკდით, და განგეღოს თქვენო“ (მათ. 7,7). დახშული არ არის შენი კარები; დაე, მოვიდეს ცოდვილი და ირეკდეს! ყოველთვის ღიაა იგი მართალთათვის და ცოდვილთათვის. შენ თავად მიუთითებ ცოდვილს შენს კარზე, რათა მან შემოგღაღადოს, გააღოს და შემოვიდეს. შენი სიყვარული დიდად აღძრავს მვედრებელს, გულმოდგინედ ეძიებდეს შენს საუნჯეთა მოპოვებას. და აჰა, მეც გევედრები, უფალო, როგორც შენ მასწავლე: მომმადლე მე, ღმერთო, შენი წყალობა შენი აღთქმისაებრ! აჰა, მეც ვირეკ კართა ზედა, როგორც შენ დამმოძღვრე. მაშ, განმიღე მე, უფალო, ვითარცა გითქვამს! ოქროს როდი გთხოვ, უფალო, რამეთუ უმართლობის მამონა თავად უკეთურებაა. წარმავალ სიკეთეთ როდი გევედრები, რამეთუ ისინი ვერ შემძენენ მე საუკუნო ცხოვრებას. ცოდვათა აღიარება ოქროზე უმჯობესია, თხოვნა – საუნჯეებზე უფრო ძვირფასია, სიღარიბე უცოდველობაში – სიმდიდრეს გვერჩივნოს! მდიდარი იქ (საიქიოში) სიხარულით დათმობდა მთელს თავის ოქროს გლახაკი ლაზარეს სიღარიბის გვირგვინის მისაღებად. კაცი რომ კვდება, თან ვერაფერი მიაქვს; რომ მიჰქონდეს, მაშინ მთელ თავის ქონებას მისცემდა ერთი წვეთი წყლისთვის! ჰოდა, მეც წავალ და მეზვერე ზაქეს შევუერთდები, რომელმაც გულშემუსვრილმა გაღიარა შენ, უფალო და განმართლებულ იქმნა შენ მიერ! შევუერთდები იმ არაწმიდა მეძავ ქალსაც, რომელიც ტიროდა შენ წინაშე და შეწყალებულ იქმნა.