კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუძლია რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენება საქართველოს მძევლად ასაყვანად #8

სულ ახლახან რუსი „ელ დე პე ერების“ უცვლელმა ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ აფხაზების მისამართით განაცხადა, რომ, თუ მათ რუსული ფული უნდათ, რუსეთის შემადგენლობაში შესვლასაც უნდა დათანხმდნენ (ჩვენებური ოსი სეპარატისტები არ უხსენებია, შესაძლოა, იმიტომ რომ, ისინი იქით იხვეწებიან, დიდ რუსეთში მიგვიღეთო). მეტიც, იქვე დასძინა, რომ, ვისაც რუსეთის იმედი აქვს, რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს და თუმცა ჩამონათვალში ქართველები არ უხსენებია (მხოლოდ –  სომხები, უკრაინელები და ბელორესები), სავარაუდოდ, ჩვენც გვიგულისხმა. ხოლო, ვინაიდან ვლადიმირ ჟირინოვსკი კრემლის რუპორადაა ცნობილი, რამაზ საყვარელიძესთან ერთად, შევეცდებით იმის გაგებას, თუ როგორ შეიძლება, გავიგოთ რუსი პოლიტიკოსის ნაუბარი.
– რა პირობა წამოგვიყენა ჟირინოვსკის პირით კრემლმა თუ გადამეტებულია ჩემი ეს შეფასება?
– საერთოდ, ჟირინოვსკის აფასებენ, როგორც ფიგურას, რომელიც ახმოვანებს. თუმცა პირადად მე, მგონია, რომ ეს ცოტა გადამეტებულია. ჟირინოვსკის ბევრი რამ უთქვამს, ოღონდ ის, რასაც ამბობდა, რეალურ პოლიტიკაში ყოველთვის არ განხორციელებულა. მაგრამ საყურადღებო ის არის, რომ ჟირინოვსკი, როგორც ნიჭიერი ადამიანი, კარგად ჩაავლებს ხოლმე თავისი თანამემამულეებისა და მათ შორის, მთავრობაში მყოფი თანამემამულეების განწყობებს და ამდენად, შეიძლება, ჩაითვალოს გამხმოვანებლად. თორემ არ მგონია, მას ჰქონდეს ინფორმაცია, რა ხდება სამთავრობო სამზარეულოში. ასეთი დონის ფიგურა ჟირინოვსკი არ არის. რაც შეეხება იმ სურვილს, რომ ყველა, ვისაც რამე უნდა რუსეთისგან, მისი ნაწილი უნდა გახდეს, არ მახსოვს, რომ თქმულიყოს. ახლა რომ ითქვა, ამას აქვს თავისი მიზეზები. კერძოდ, დღეს რუსეთს არაფერს აღარ აძლევს ეს დაპყრობილი ტერიტორიები, მხოლოდ ფულის ჩასაყრელი ორმოა და სავარაუდოა, რომ თვითონ რუსეთისთვის გახდა ეს ტვირთი მძიმე.
– თუმცა ფულის უმეტესი ნაწილი თავად რუსი ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის.
– მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისაღებია სახელმწიფო პოლიტიკისთვის. ამიტომ ვფიქრობ, ხომ არ არის მანდ ის ეშმაკობა, იციან რა, რომ აფხაზები გაიფოფრებიან, რუსებს მიეცემათ საბაბი, დაანებონ თავი აფხაზეთს.
– ასე მარტივად იქნება საქმე? თუ ჩვენთან სავაჭროდ მზადდება თემა?
– არ მესმის, რატომ მიგვაჩნია, რომ რუსეთს სჭირდება ჩვენთან ვაჭრობა?!
– იმიტომ რომ, სამხრეთ კავკასიაზე სრულ გავლენას აღადგენს ამ შემთხვევაში და დაუკეტავს გზას დასავლეთს.
– მიგაჩნიათ, რომ გავლენა არ აქვს?
– აქვს, მაგრამ საზიარო დასავლეთთან.
– მე არ მგონია, რომ ასეთი დრამატულია სიტუაცია. გავლენის ბერკეტი, რომელიც რუსეთისთვის ყველაზე მკაფიოა, არის ტანკი და ეს ტანკები რუსეთს უდგას ცხინვალის რეგიონში და ნახევარ საათში შეუძლია, გაწყვიტოს წელში მთელი საქართველო.
– მან ახლა მშვიდობის მტრედის იმიჯი მოირგო: სირიაში ებრძვის ტერორისტებს, მშვიდობიან მოლაპარაკებებს აწარმოებს ასადთან და მის ოპოზიციასთან, რაში სჭირდება გართულება? მე ის ვიგულისხმე, რომ, თუ შემოხვალ ჩემთან, მაშინ მიიღებ აფხაზეთსაც და ცხინვალსაც?
– მეჩევნება, რომ ნაწვალები ვერსიაა. მით უმეტეს, ჟირინოვსკის პირით არ გააკეთებს რუსეთი ასეთ შემოთავაზებას. მერამდენე რაუნდია, ამბობს, დამელაპარაკეთო, მაგრამ არავინ ელაპარაკება. საქართველო არ გადის რუსეთთან მოლაპარაკებაზე და ამას აქვს თავისი ლოგიკა. რუსეთს რომ რამის შემოთავაზება უნდოდეს, მას აქვს უამრავი არხი, რომ პირდაპირი გზით მოაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას: თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მე იმას გავაკეთებ.
– არის ეს რუსული პოლიტიკის სტილი?
– ყოველ შემთხვევაში, ჟირინოვსკის გამონათქვამებით მოქმედებაც არ არის რუსული პოლიტიკის სტილი. რუსული პოლიტიკა უფრო რთული მოვლენაა, ვიდრე ჟირინოვსკი.
– ამაში გეთანხმებით.
– ამაში უნდა დავეთანხმოთ ერთმანეთს, რადგან რუსული ტანკები გვაქვს თავზე დამხობილი. ქართულ ჟურნალისტიკას და ქართულ მენტალიტეტს უარესის მოლოდინი აქვს, როგორც წესი, მაგრამ, თუ ჟირინოვსკის ამ რეპლიკას ოდნავ სერიოზულად მოვექცევით, პოზიტიური ტენდენცია შეიძლება, ამოვიკითხოთ. შესაძლოა, რუსები ამზადებენ პლატფორმას საიმისოდ, თუ როგორ თქვან უარი აფხაზებისა და ოსების დაპურებაზე. და მიმართვა, თუ ჩემს შემადგენლობაში არ შემოდიხარ, მაშინ არ მინდიხაო, შესაძლოა, აღმოჩნდეს საბაბი, რომ დისტანცია გაჩნდეს რუსეთსა და ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებს შორის.
– თუ რუსეთმა მათ ფული არ მისცა, ხომ ვერ იარსებებენ? მერე უფრო რომ მიეძალონ?
– თუ იმიტომ, რომ უთხრას, წადით საქართველოსკენო?!
– ჩემი აზრით, ძალიან ოპტიმისტურ ვერსიას ამბობთ. მერე რა ხეირი რუსეთს აქედან? თავის ტანკებს დატოვებს და ტერიტორიებს მოგვცემს?
– მისი ტანკები მაინც აქ იდგება, ანუ კონტროლის ბერკეტი ხელში ექნება. ამ რეგიონების რჩენა კი მისი საქმე აღარ იქნება და მშვიდობის მტრედის გვირგვინსაც დაიდგამს.
– და მეორე კურდღელსაც დაიჭერს: არანაირი „ნატო“, როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები იდგება.
– გააფორმებს იმ ბაზებს. ეტყვი უარს ამაზე, თუ ტერიტორიებს დაგიბრუნებს?! ვერ ეტყვი! არა მგონია, საქართველოს რომელიმე ხელისუფლებამ ან მოქალაქემ თქვას, არ მინდა სეპარატისტული ტერიტორიები, ოღონდ გაიყვანე შენი ბაზებიო.
– ეს ხომ ნიშნავს, რომ რუსეთს აინტერესებს საქართველო და ისიც, რომ არ გადაიხაროს დასავლეთისკენ?
–  ახლა განვიხილოთ, რამდენად დამაჯერებელია ეს პოზიცია. რუსეთს აქ ჰყავს ტანკები და იცის როგორც მან, ისე შენ, რომ კრიტიკულ მომენტში შეუძლია, ეს ტანკები დაქოქოს.
– და კაციშვილი არაა მისი დამკავებელი. უკრაინაში აშშ-სა და ბრიტანეთს გადაახია საერთაშორისო შეთანხმება, რომ იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და ყირიმი უბრალოდ შეიერთა. ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილმა კი, თუმცა არა ოფიციალურად პოსტზე მყოფებმა, ეს რეალობა აღიარა.
– ამიტომაცაა გათავხედებული, იცის, რომ ვერ ერევიან. ამ ფონზე საქართველო მიიწევს ევროსტრუქტურებისკენ. რატომ უნდა შეუშალოს ხელი, როდესაც ხელში უჭირავს საქართველოს აფეთქების ბერკეტი?! მეორე –  ამით ძალაუნებურად შენც, ევროსტრუქტურებში მყოფს, გაიძულებს, რომ ძალიან რადიკალური არ იყო რუსეთის მიმართ. ამდენად, რუსეთის მძევლის ფუნქციას შეასრულებ ევროსტრუქტურაში მყოფი.
– ან უბრალოდ ევროსტრუქტურები აღარ მიგიღებს.
– იქამდე ჯერ შორია. ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა, რომ რუსეთისთვის არ არის ხელსაყრელი საქართველოს ან რომელიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დასავლეთთან ინტეგრაცია, თუკი იმ ყოფილ რესპუბლიკებზე კონტროლი აქვს, რთულია. გაიხსენეთ, სტალინს „გაეროში” თხუთმეტივე საბჭრთა რესპუბლიკის შეყვანა უნდოდა.
– რომ 15 ხმა ჰქონოდა.
– იმიტომ რომ, ის ოფიციალურად განაგებდა იმ რესპუბლიკებს. შესაბამისად, დღეს, ერთი მხრივ, რუსეთს საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიები აქვს მძევლად და, მეორე მხრივ, მას აქვს ბაზები აქ. ამ ფონზე შესაძლოა, არც კი იყოს წინააღმდეგი, რომ საქართველო აღმოჩნდეს ევროპულ სტრუქტურებში.
– მით უმეტეს, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია, აგიბუნტოს ოსებიც და აფხაზებიც, მაშინაც კი, თუ დაგიბრუნებს ტერიტორიებს?!
– რა თქმა უნდა. ასე რომ, ვეცადოთ სტერეოტიპებით არ შევაფასოთ პროცესები. ვერ დავიჩემებ, რომ, რასაც ვამბობ, სწორია, მაგრამ არსებობს ასეთი ლოგიკაც და მხოლოდ იმიტომ წამოვწიე ეს ვერსიები, მკითხველისთვის ცხადი გახდეს, თუ რამდენად მრავალვერსიულია პოლიტიკური რეალობა, მით უმეტეს, რუსეთთან მიმართებაში.
– განვიხილოთ მეორე ვარიანტი, თბილისმა უარი თქვა რუსული ბაზების დატოვების პირობით სეპარატისტულ რეგიონებზე. ჩვენ თეორიულად ვმსჯელობთ, თეორიაში კი ყველაფერი დასაშვებია. რაღა რჩება რუსეთს ზემოქმედებისთვის, მხოლოდ ტანკები?
– შენზე სამოქმედოდ ტანკი ყოველთვის რჩება. მაგრამ, თუ ეს ტერიტორიები შევა რუსეთის შემადგენლობაში: მათ ბედს უკვე აღარავინ მოიკითხავს. რუსეთი მათ მოექცევა, როგორც საკუთარ რეგიონებს ექცევა: მისი რეგიონები კი დიდად არ ყვავის. დღეს ის ცხინვალსა და სოხუმზე იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ანალოგიური ზომის თავის რეგიონებზე. ასე რომ, რუსეთი მათი მიერთებით შეიმცირებს ხარჯებს. მეორე მხრივ, მათ უკვე ვეღარასდროს დაიბრუნებ.
– სტრატეგიული თვალსაზრისით, რა აფხაზეთში მდგარა და რა –  სადმე სხვაგან დასავლეთ საქართველოში; რა ცხინვალთან მდგარა და რა –  რიკოთთან?!
– სირია დაბომბა კასპიის ზღვიდან. დღეს ხომ გეოგრაფია ისეთი აღარ არის, როგორიც იყო?!
–  მიერთების შემდეგ, მავთულხლართები რომ ბორჯომში გადმოიტანოს, აქ გადის „საზღვარიო“, ვინ დაუშლის? უფრო რთული სცენარისკენ წავალ.
– ანუ რა შესაძლებლობებია მის ხელში?! რუსეთის ხელში უფრო რთული თამაშია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. მას უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს და ამიტომაც აღარ ლაპარაკობს ქართულ თემაზე აგრესიულად. მშვიდადაა, ძირითადად. ერთადერთი, თუ პუტინს ნერვები მოუშალა რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა, კონკრეტულად იმ პოლიტიკოსს მიმართავს, თორემ სხვა საკითხები არ აინტერესებს.
– ქართულ მხარეს თუ აქვს საშუალება, იაქტიუროს და ამ აქტიურობამ შედეგი გამოიღოს თუ ვითარება ფატალურია: გარემოებების მსხვერპლი ვართ და რუსული ალგორიმი ისეთია, რომ საითაც უნდა გავიქცეთ, ჩვენ მაინც წავიქცევით?
– ჩავხედოთ საქართველოს ისტორიას. ძალიან ცოტა ფრაგმენტია ქართულ ისტორიაში, როდესაც სიტუაცია არ იყო ისეთი, როგორიც ახლა თქვენ აღწერეთ. გეგულებათ რომელიმე სხვა, იმპერიებს შორის მოქცეული მცირერიცხოვანი ქვეყანა, სხვანაირი ბედისწერა ჰქონოდეს?! თუმცა იყო პერიოდები, როდესაც რაღაცნაირად ვახერხებდით გამოსავლის პოვნას. მაგალითად, მეოცე საუკუნის ბოლოს, თავზე რომ დაგვამხეს რუსებმა ცხინვალი და სოხუმი, მაინც ვიპოვეთ გამოსავალი მილსადენების სახით. მილსადენი იყო ის თემა, რითაც ევროპას დაველაპარაკეთ და ევროპელები გავხდით, თორემ იქნებოდა საჯიჯგნი ტერიტორია. ამას გადავრჩით. შემდეგ „ნატოს“ ჯარებთან ერთად ვიღებდით მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში. ამ ელემენტითაც მადლობის პოზაში დავაყენეთ დასავლეთი. აი, ასეთი ელემენტები უნდა ეძებო, სხვა შენ ნაცვლად არ მოძებნის. დღეს მცირე ზომის ქვეყნებისთვის იარაღის ეპოქა არ არის, იარაღი და ჯარი დიდი ქვეყნების საქმეა. პატარა ზომის ქვეყნების საქმეა ეკონომიკური მიმზიდველობის პოვნა, რითაც დიდ ქვეყნებს დააინტერესებს. ძალიანაც დიდი ქვეყანაა ჩინეთი, მაგრამ მთელი აქცენტი გადაიტანა ეკონომიკაზე და ვერაფერს შეიძენ ისეთს, ჩინური წარმოების ნაწილი არ ერიოს, თუ მთლიანად ჩინური არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ბერკეტებიც აქვს და დემოგრაფიული პოტენციალიც, სწორედ ეკონომიკით განიზრახა ჩინეთმა მსოფლიოს დაჭერა და ჩვენც უნდა ვიფიქროთ ანალოგიურ გზაზე. მით უფრო, რომ მართლაც ხელსაყრელი ადგილმდებარეობა მოუცია მამაზეციერს და შეიძლება ამ ადგილმდებარეობის გათამაშება დიდ თუ მცირე პოლიტიკურსა თუ ეკონომიკურ პროცესებში. ამდენად, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს დღეს, როგორც მცირე ზომის ქვეყანას, ვიდრე გვქონდა შუა საუკუნეებში, როდესაც მრავალრიცხოვანი ჯარი ფიზიკურად დაგჯაბნიდა. დღეს ასეთი სიტუაცია აღარ არის და ფიზიკურად გადარჩენის პრობლემა ნელ-ნელა ქრება.
– ახალი ფუნქციაა მოსაძებნი, რითაც დავაჭირვებთ თავს დასავლეთს.
– სათევზაოდ რომ მივდივართ, ანკესს ვამაგრებთ ჭიაყელებს, იმიტომ რომ, თევზი ჭიაყელას ეტანება. ამიტომ უნდა მოვიფიქროთ, რა მოსწონს მას, ვისი წამოგებაც გვინდა ჩვენს ანკესზე და ის შევთავაზოთ.

скачать dle 11.3